რომანი და დეტექტივი

მტაცებელი

№47

ავტორი: ბაია თაბაგარი 16:18 23.11, 2020 წელი

რომანი მტაცებელი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #44-46(1037)

***
ნანა და თათული ლამის აგენტებად იქცნენ. მორიგეობით დაჰყვებოდნენ სალომეს და ხან ფეხით, ხან ტაქსით და ტელეფონით იღებდნენ მის ყოველ ნაბიჯს. ორივე გრძნობდა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი, მაგრამ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს. იცოდნენ, რომ სალომე, ზოგადად, არაპროგნოზირებადი ბავშვი იყო და, ვერც დედა, ვერც ბებია, ვერც ფსიქოლოგი და ვერც ვერავინ სხვა, ვერ გათვლიდა, როდის რას მოიმოქმედებდა, თავისი გაგებით, შეურაცხყოფილი და სასიყვარულო დებიუტშივე დამარცხებული მოზარდი.
ერთხელ კი სალომემ შენიშნა, რომ დედა და ბებია უთვალთვალებდნენ და ჯერ გადაირია, მერე კი გადაწყვიტა, მათთვის სამაგიერო იმით გადაეხადა, რომ გაემასხრებინა და ამით დაეცინა. მაგრამ მერე გადაიფიქრა და თავიანთ ნებაზე მიუშვა – ერთხელ მაინც გაიხარონო. თვითონ კი მათი გვერდის ავლით, მაინც ყველაფერს ისე აკეთებდა, როგორც ჩაფიქრებული ჰქონდა.
პირველად რომ მოჰკრა თვალი დედას, მაშინვე მიხვდა, რომ ბებომ „ჩაუშვა“, მაგრამ არ გაბრაზებულა. გულის სიღრმეში უნდოდა კიდეც, რომ დედა მისი ამბების საქმის კურსში ყოფილიყო. მაგრამ სახლში ისე იქცეოდა, თითქოს არაფერი იცოდა დევნისა და თვალთვალის შესახებ. ასე აწყობდა – ასე უფრო თავისუფლად ახორციელებდა თავის გეგმას: ისევ დაუახლოვდა ცოლ-ქმარს, განსაკუთრებით კი სესილის, თანაც იმ დონეზე, რომ, როცა შვილი შეეძინათ, ლამის ყოველდღე მიდიოდა მათთან საჩუქრებით დატვირთული. მერე და მერე კი, როცა სესილისა და მიკას სადმე წასვლა მოუნდებოდათ რამდენიმე საათით, თავიანთ დედებს კი არ უტოვებდნენ ბავშვს, სალომეს ურეკავდნენ, მოდიო და ისიც სიხარულით გარბოდა. 
ეს თვითონ პატარა გოგო ისე უვლიდა პაწაწინა ელენეს, როგორც გამოცდილი ძიძა. თან, არ არსებობდა, ელენიკოსთან საჩუქრის გარეშე მისულიყო. როცა იტოვებდა, სულ ხელში ეჭირა, ეთამაშებოდა, ხელით არწევდა და აძინებდა. ერთი სიტყვით, ბავშვი ისე შეიჩვია და ისე შეაყვარა თავი, ამ პატარა არსებას დედ-მამაზე მეტად სალომეს დანახვა უხაროდა.
სესილი მეგობრობდა სალომესთან, ასაკის მიუხედავად, ერთადერთ შვილსაც კი ანდობდა, მაგრამ ყოველთვის, როცა თუნდაც შემთხვევით, თვალებში შეხედავდა, მაშინვე „წითელი ენთებოდა“ და უცნაური შიში იპყრობდა, თუმცა საკუთარ თავსაც ვერ უხსნიდა, რისი ეშინოდა.
ერთ დღეს კი მიხვდა, რა საშიშროება იყო მოსალოდნელი ამ პატარა თვალთმაქცისგან: ბავშვთან ისევ სალომე ჰყავდათ დატოვებული. სესილი ექიმთან იყო წასული, მიკა კი, წესით, სამსახურში უნდა ყოფილიყო. ისე მოხდა, რომ სესილის ექიმი არ დახვდა და ძალიან მალე დაბრუნდა უკან, სახლში შესვლისას კი ასეთ სურათს წააწყდა: მიკა აღფრთოვანებით შესცქეროდა მკერდსავსე სალომეს, რომელსაც ხელში ელენიკო ეჭირა და, თან ბავშვს არწევდა, თან მიკას შესციცინებდა ბედნიერი სახით.
– ბავშვით ხელში ღვთისმშობელს ჰგავხარ, – უთხრა მიკამ ისეთი ალერსიანი ხმით, სესილის შეაჟრჟოლა. უცებ კინაღამ ხმამაღლა ატირდა: ამდენი წელი ხვდებოდნენ და უყვარდათ ერთმანეთი, შვილიც გაუჩინა, მაგრამ ასეთი თვალებით მიკას არასდროს შეუხედავს და არც ასეთი ფრაზა არ უთქვამს მისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა ქმრის სიყვარულში.
უცებ მიხვდა, რატომაც შეუსრიალდა ოჯახში გველივით ეს პატარა, მაგრამ უკვე ხელიდან წასული გოგო და ისიც იგრძნო, რომ მის ბრიყვ ქმარს (სესილი მაშინ დარწმუნდა, რომ ქალებთან (და არა ცოლებთან) მიმართებაში ყველა ცოლიანი კაცი ბრიყვი იყო) უკვე ლაყუჩებში ჰქონდა გაყრილი ამ უზნეო თინეიჯერის მიერ გადაგდებული ანკესი, მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ დაიჯერა თუ ვერ წარმოიდგინა, რომ სინამდვილეში საქმე გაცილებით უფრო რთულად იყო, ვიდრე მას ეგონა.
გულნატკენმა სესილიმ სახეზე ჩვეული ღიმილი გადაიფინა და ოთახში ისე შევიდა, ვითომ არაფერი დაუნახავს; მერე ქმარი მოიკითხა, გადაკოცნა და სალომეს ბავშვი ჩამოართვა.
– მეც ამ წამს შემოვედი, – ისე სწრაფად თქვა მიკამ ეს სიტყვები, თვითონაც იგრძნო, რომ უმწეოდ იმართლა თავი და გაწითლდა. სესილის ირონიულად ჩაეღიმა – მიხვდა ქმრის აწრიალების მიზეზს, მაგრამ არ უცდია მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და საკმაოდ ბოროტულად გაერთო მისი გასაჭირის ცქერით. მერე ჩაძინებული ბავშვი საწოლში ჩააწვინა და სალომე ვახშამზე მიიპატიჟა, მაგრამ ეს მიპატიჟება საკმაოდ ცივად და ოფიციალურად გამოუვიდა.
– არა, დიდი მადლობა, მეჩქარება. აუცილებლად უნდა წავიდე.
– ასე ძალიან სად გეჩქარება? – ისეთი ინტერესით ჰკითხა მიკამ, ეჭვიანმა ქმრებმა რომ იციან.
სალომემ იგრძნო, რომ სესილი რაღაცას მიხვდა, თავისი ჭკუით, სიტუაცია გამოასწორა:
– ერთი კარგი ბიჭი გავიცანი და დღეს პირველი პაემანი გვაქვს.
– მართლა? – აჰყვა მიკა, – მე... ანუ ჩვენ არ გაგვაცნობ? 
– ჯერ თვითონაც არ ვიცნობ წესიერად, – ვითომ დაიმორცხვა სალომემ, – მოგვიანებით კი აუცილებლად გაგაცნობთ ორივეს.
– კარგი, სალომე, აღარ გაგაჩერებ, წადი, პირველივე პაემანზე რომ არ დაგაგვიანდეს. დიდი მადლობა, ელენიკოზე რომ მეხმარები.
– რას ამბობ, მე თვითონაც მსიამოვნებს. ხვალაც მოვიდე?
– არა, ამ კვირაში არსად აღარ ვაპირებ წასვლას. თუ ძალიან გამიჭირდა, თვითონ დაგირეკავ, შენ ნუ შეწუხდები ამ სიშორეზე სიარულით.
„პირდაპირ მეუბნება, არ მოხვიდეო, მაგრამ არ იცის, ვისთან აქვს საქმე“, – გაიფიქრა სალომემ, თუმცა არაფერი შეიმჩნია, ცოლ-ქმარს კეკლუცად გაუღიმა და, კარისკენ მიმავალმა, ვითომ სხვათა შორის, ერთი ფრაზა ისროლა: – „მაშინ დროს ვიხელთებ და დაქალთან ერთად ბათუმში წავალ.
– მერე, შენი ახალი კავალერი? – ცოტა არ იყოს ნიშნის მოგებით ჰკითხა სესილიმ.
– თვითონ ჩამომაკითხავს, – უპასუხა სალომემ და მზერა მისი ქმრისკენ გააპარა.
– კი მაგრამ, მშობლები მარტოს გაგიშვებენ? – ისევ არაბუნებრივად ეჭვიანი ქმარივით დაინტერესდა მიკა.
– გამიბედავენ კიდეც წინააღმდეგობის გაწევას! – თვალები დააკვესა სალომემ და კარი გაიკეტა.
მიკას კინაღამ წამოსცდა, მანქანით გაგაცილებო, მაგრამ დროზე დააჭირა ენას კბილი და გოგოს ხელის დაქნევით დაემშვიდობა. მაშინვე მიხვდა, ვისთვის იყო გაგზავნილი „მესიჯი“ ბათუმში წასვლის შესახებ და იმავე წამიდან დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ გაპარულიყო ბათუმში ორიოდე დღით.
– ამ გოგოსთან ფრთხილად უნდა იყოს კაცი. ვერ დაინახე, რა კლანჭები გამოაჩინა? ცოტა საშიში ვინმე მგონია, – თქვა სესილიმ დაფიქრებით.
– რას ერჩი, ერთი ჩვეულებრივი თინეიჯერია, – დაიცვასავით მიკამ.
– შენ, რა, გული ხომ არ შეგივარდა? რაღაც სხვანაირად შესცქეროდით ერთმანეთს, – მაინც ვერ მოითმინა სესილიმ.
– ვისზე, ამ პატარა და მსუქან ბავშვზე? გაგიჟდი? – გადაირია მიკა. სიტყვები „პატარა“ და „მსუქანი“ კი სპეციალურად თქვა, ვითომ ასეთი გოგო რა შესაყვარებელიაო.
– ისე ძალიან იტკიცე, მგონი, ნამდვილად გავარტყი, – წარბის აწევით გაეცინა ცოლს და სამზარეულოში გავიდა.
***
შეზლონგზე ნებივრად გაწოლილმა და თვალებდახუჭულმა სალომემ იგრძნო, რომ მზეზე ვიღაც ჩამოეფარა, მაგრამ თვალი არ გაუხელია, ისე დაიჩურჩულა გაღიმებულმა:
– ვიცოდი, რომ მეორე დღესვე ჩამოხვიდოდი!
– ჰო, ვეღარ მოვითმინე, – ხმამაღლა უთხრა მიკამ და შეზლონგის გვერდით, ქვებზე გაწვა, – გახდილი ისე ძალიან აღარ ჰგავხარ პატარა ბავშვს.
– არ მოგწონვარ? – გაეკეკლუცა გოგო.
– მე, საერთოდ, ძალიან მომწონს, თეთრი, ფუმფულა, ლამაზი და ცოტათი უზნეო პატარა გოგოები, – ყურში ჩასჩურჩულა მიკამ, – ავიდეთ ნომერში?
– მე უზნეო ვარ? – იწყინა სალომემ.
– ყველა ქალი მეტ-ნაკლებად უზნეოა და არც შენ ხარ გამონაკლისი. ისე კი, ცნობისათვის, გეტყვი, რომ ზედმეტად ზნეობრივი ქალი საინტერესო აღარ არის და კაცებს ასეთი ქალები არ უყვართ.
– შენი ცოლი?
– რა შუაშია ჩემი ცოლი? – ცოტა არ იყოს, გაბრაზდა მიკა.
– შენი ცოლი უზნეოა თუ ზნეობრივი? – სალომემ ბოროტად დააკვესა ლამაზი თვალები.
– ეგ შენ არ გეხება, – უცებ გაღიზიანდა მიკა, – ცოლის საკითხი სხვებთან არ განიხილება.
– მე სხვა ვარ? – აშკარად ეწყინა გოგოს.
– ყველა სხვაა, აბსოლუტურად ყველა.
– აბა, ვის ეხება? – მართლა დაინტერესდა სალომე.
– მხოლოდ ცოლსა და ქმარს.
– ანუ ცოლს უზნეობის უფლება არ აქვს, იმიტომ, რომ ცოლია. ლოგიკურად, გამოდის, რომ ის ზნეობრივია და, შენი სიტყვებიდან გამომდინარე, არ გიყვარს.
– არა, მიყვარს.
– აკი ზნეობრივები არ უყვართო?
– ცოლს მარტო ქმართან აქვს უზნეობის უფლება, ისიც მხოლოდ ლოგინში. გაიგე?
– ეგ კი გავიგე, მაგრამ, ის ვერ გამიგია, თუ ასე ძალიან გიყვარს, ასე ადვილად როგორ ღალატობ.
– შენთან? ეს ღალატი არ არის, ეს ერთგვარი რაზმინკაა.
– რაზმინკა რა არის?
– ასე ვთქვათ, „მოთელვა“ მთავარი ვარჯიშის წინ.
– ანუ, ჩემთან ყოფნა მოთელვაა, შენს ცოლთან ყოფნა კი – მთავარი ვარჯიში? ამის სათქმელად ჩამობრძანდი ამ სიშორეზე?
– კარგი, ჰო, ნუ გადაირიე. შენ რა პირდაპირ გესმის ყველაფერი?
– როგორც მეუბნები, ისე მესმის. იცი, რას გეტყვი? ჩათვალე, რომ შენი რაზმინკაა თუ რაღაც, დამთავრებულია და, აბა, ააცვი ახლა აქედან!
– გიხდება ძველბიჭობა, – გაეცინა ბიჭს.
– ააცვი-მეთქი! – უთხრა სალომემ.
– მაგდებ?
– ჰო. წაბრძანდი და მოთელვის გარეშე ატარე ყოველღამე ის შენი მთავარი ვარჯიშები.
– შენ რა მაგარი ტიპი ყოფილხარ! დედას გაფიცებ, მართალი მითხარი, ნამდვილად 15 წლის ხარ?
– ჰო. რა, მეტისას ვგავარ? – „გაუტყდა“ გოგოს.
– გარეგნობით არა, ფრაზები და აზრები გაქვს ოცდაათს გადაცილებული გამოცდილი ქალის. კაცთან ხარ ნამყოფი?
– არა.
– არა მჯერა.
– ფეხებზე მკიდია. გითხარი, არა-მეთქი.
– გინდა, მე ვიყო შენი პირველი მამაკაცი?
– სიმართლე გითხრა?
– ჰო.
– მინდა. მაგრამ ძალიან მაწყენინე და არ ვიცი, ოდესმე გაპატიებ თუ არა.
– მაპატიებ. ქალები ჩემ მიმართ კეთილები არიან ხოლმე და არც შენ იქნები გამონაკლისი.
– საწყალი სესილი! გულწრფელად მეცოდება, შენნაირი მოღალატე ქმარი რომ ჰყავს, – სალომეს იმ წუთებში მართლა შეეცოდა მიკას ცოლი.
– დაწვები ჩემთან? – სიტყვა ბანზე აუგდო მიკამ. მან ზუსტად იცოდა, რომ გოგომ, სინამდვილეში, მხოლოდ ამისთვის დაიბარა შეფარვით ბათუმში, მაგრამ მაინც ჰკითხა.
– ვნახოთ, როგორ მოიქცევი, – გაეცინა სალომეს.
– შენმა მშობლებმა რომ გაიგონ, რას იზამენ?
– არ გაუხარდებათ, მაგრამ ჩემი ცხოვრება პირადად მე მეკუთვნის. სესილიმ რომ გაიგოს, რას იზამს? გაპატიებს?
– არ ვიცი, ალბათ, არა, მაგრამ მე უკან ასე მაინც არ დავბრუნდები.
– ანუ, ჩემთან სექსის გარეშე?
– ჰო.
– რა გარანტია გაქვს, რომ ჩემთან სექსის შემდეგ ან მე გაგიშვა და ან თავად მოგინდეს დაბრუნება?
– გარანტია ჩემი ცოლ-შვილია. მეც და შენც აქ კარგი გართობა გვინდა.
– ცდები, ჩემო საყვარელო, მე უფრო დიადი გეგმები მაქვს.
– რა გეგმები?
– ამას სექსის შემდეგ გეტყვი, – ისევ გაეცინა გოგოს.
– მე კი, იცი, რას გეტყვი? მომბეზრდა სიტყვებით პინგ-პონგის თამაში, ავიდეთ ნომერში!
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი