რომანი და დეტექტივი

მოპარული ბედნიერება

№38

ავტორი: ნია დვალი 20:00 01.10, 2021 წელი

მოპარული ბედნიერება
დაკოპირებულია

ზამთარი არ მიყვარდა, იმიტომ რომ ფეხსაცმელებში ვითოშებოდი, მაგრამ მაინც ჯიუტად ვიცვამდი. ოჰოჰო, როგორ მციოდა ხოლმე ყელზე, მაგრამ ცოცხალი თავით არ ვიკრავდი პალტოს. აი, ასე გამოწყობილი ვიდექი გაჩერებაზე ჩემს მეგობარ ზუზასთან ერთად (ბავშვობის დროინდელი მეტსახელია, თორემ სინამდვილეში მანანა ჰქვია) და უშედეგოდ ვცდილობდით ტაქსის გაჩერებას. ბინდდებოდა, სიცივეც, საცაა, ჩემს საწყალ ძვალ–რბილამდე ჩამოატანდა და, სავარაუდოდ, ყინულის ლოლუად (იქნებ დედოფლად?!) მაქცევდა. ამიტომ უკვე მერამდენედ მივეცი საკუთარ თავს პირობა, რომ ზამთარში ფეხსაცმელს აღარ ჩავიცვამდი. ბედად მანქანა გაჩერდა. აშკარად ჩვენ გაგვიჩერა. ტაქსი მერჩივნა, მაგრამ ორნი ვიყავით და ამიტომ ბევრი არ მიფიქრია, ისე დავიხარე უკანა კარის გასაღებად. ამასობაში კი წინა კარი გაიღო, საჭესთან ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, შეთვალიერებაც ვერ მოვასწარი, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებდა მისი გარეგნობა, ისე ვიყავი გათოშილი.

– ავიარე, იდექით, ჩამოვიარე, იდექით, ასე გაიყინებით, გოგოებო, გაგიყვანთ, – შემოგვცინა მანქანის პატრონმა.

მე და ზუზამ ერთმანეთს გადავხედეთ, მასაც სციოდა. ხმის ამოუღებლად მოვკალათდი უკანა სავარძელზე. ზუზას წინ მივუთითე, უხერხულია, მართლა ტაქსისტი ხომ არ არის–მეთქი, ჩავუჩურჩულე. თან, მე უფრო ადრე უნდა ჩამოვსულიყავი. ისიც მიუსკუპდა გვერდით ჩვენს სიცივისგან მხსნელს. გზაში საუბრის გაბმას ცდილობდა, მეც ვტლიკინებდი გაუჩერებლად (მაშინ ლაპარაკი ჩემი სისუსტე იყო). მანქანიდან გადმოსვლამდე ტელეფონის ნომერი მთხოვა. რადგან ჩავთვალე, რომ უზრდელობა იქნებოდა უარის თქმა, იმხანად კი თაღლითობის გამოცდილება არ მქონდა (თქვი, რა, ნებისმიერი რიცხვები, ვინ გამოწმებს?!). იმ ბინის ტელეფონის ნომერი ვუთხარი, სადაც ძალიან იშვიათად მივდიოდი და ახლა ჩვენი ნათესავი ცხოვრობდა დროებით. ზრდილობიანად დავემშვიდობე. ზუზას თვალი ჩავუკარი და მანქანიდან გადმოვედი.

გივი ბიძია (ასე ერქვა ჩვენს ნათესავს) მკაცრად მყავდა გაფრთხილებული, რომ არავისთვის მიეცა ჩემი სახლის ტელეფონის ნომერი, ვისაც უნდა დაერეკა, ქალი იქნებოდა თუ მამაკაცი. იმ ღამით იქ ვრჩებოდი, იმიტომ რომ დილით ექსკურსიაზე მივდიოდით, აქედან კი უფრო გვიან მომიწევდა ადგომა (დილის ძილიც ჩემი მორიგი სისუსტე იყო იმ ცხოვრებაში).

რა თქმა უნდა, გავთვალე, ზუზა როდის მივიდოდა სახლში და დავურეკე, იმ ამბის გაგრძელება მაინტერესებდა, თუმცა გულდაწყვეტით მითხრა (იქნებ მომეჩვენა?!), რომ სიცივის დამმარცხებელ რაინდს ტელეფონის ნომერი მისთვის არ გამოურთმევია.

ეს ისტორია დილას უკვე აღარც მახსოვდა. ადამიანებს ადვილად ვივიწყებდი და დიდად არც იმას ვიმახსოვრებდი, რას ველაპარაკებოდი ან თავად რას მელაპარაკებოდნენ. მე ჩემი ადამიანები მყავდნენ, დანარჩენებს, უბრალოდ, არ ვაღიარებდი, არც მაინტერესებდნენ. ამის მიუხედავადაც, ნამდვილ ბრაზილიურ სერიალში ამოვყავი თავი, თუმცა მაშინ საერთოდაც არ ვიცოდი, რომ ბრაზილიური სერიალები არსებობდა.

ექსკურსიაზე მშვენიერი დრო გავატარე და სახლში გვიან დავბრუნდი, გივი ბიძიამ დამირეკა და მითხრა, მთელი დღის განმავლობაში რეკავდა ვიღაც ახალგაზრდა და გკითხულობდაო. რაკი დავაზუსტე, რომ ჩემი ნომერი არ მიუცია, ამბავიც მალევე გადავივიწყე. ბებიაჩემი (ახლა უკვე, როდესაც აღარ არის ამქვეყნად, ვხვდები, რომ ჩემი ქალური საწყისის გზამკვლევი იყო ამ ცხოვრებაში) მარიგებდა, რომ არასაჭირო ადამიანებზე არასდროს მეფიქრა, არავისზე მედარდა, ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავი, საწოლიდან უცებ არ წამოვმხტარიყავი, აუცილებლად მომესხა რამე (კანი გაგიფიჭდებაო), თუ ბალიშს ვერ ველეოდი, გულაღმა დამეძინა, არ გამეცინა (ნაოჭები გაგიჩნდებაო) და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხანდახან ეს იმდენად მაღიზიანებდა, რომ ბებიაჩემი ყველაზე საძაგელი ქალი მეგონა დედამიწაზე, იმიტომ რომ ჩემს თითოეულ მოქმედებას აკონტროლებდა – სახლიდან გასვლის წინაც აუცილებლად დამიძახებდა, დამენახვეო, რაც ჭირის დღესავით მეჯავრებოდა. შემათვალიერებდა და ტაქსის ფულს გამომიწოდებდა: ავტობუსში ასვლა არ გაბედოო. მერე და მერე მივხვდი, რომ მის მიერ მოცემული ყველა რჩევა გამომადგა და ახლა უკვე უზომოდ მადლიერი ვარ მისი, მაგრამ გვიანია, ეს მე მისთვის არათუ არასდროს მითქვამს, მადლიერების გრძნობაც კი არ გამომიხატავს მისადმი.

თავისუფლების ფასი

ისე მოხდა, რომ გივი ბიძია სოფელში დაბრუნდა, სახლში ეს ამბავი, ცხადია, არ ვთქვი (დედაჩემი არასდროს მტოვებდა არავისთან ღამით, გივი ბიძია ერთადერთი გამონაკლისი იყო), ისევ ექსკურსია მოვიმიზეზე, დაქალებს დავურეკე და მიხვდებოდით, სადაც შევყარე.

იმ ღამით კარგად მოვილხინეთ, იმდენი მოვწიეთ და დავლიეთ, ერთმანეთს კი არადა, საკუთარ გამოსახულებასაც კი ვერ ვცნობდით სარკეში.

დილით პირის სიმშრალემ გამაღვიძა, თავი მიბზუოდა და თავბრუ მესხმოდა. რატომღაც, ჩემ გარდა არავინ იყო, წასულან–მეთქი, გავიფიქრე და, თან, გავბრაზდი, ესე იგი, მარტოს მომიწევდა წუხანდელი მოღორებულის დალაგება. აბაზანაში შევედი, წყალი შევისხი სახეზე და კბილები გამოვიხეხე – ეს წმიდათაწმიდა რიტუალია (ბებიაჩემის დარიგებებიდან: დილით სხვებისთვის გამოიხეხე კბილები, ღამით – შენთვისო, მერე უკვე ჩემით მივხვდი, რომ ღამე მთლად შენთვისაც არ იხეხავ, თურმე, კბილებს). იქიდან გამოსულმაღა შევნიშნე, რომ სახლიც დალაგებული იყო და ჭურჭელიც დარეცხილი. კმაყოფილებით გავიზმორე – იმდენად მესიამოვნა, რომ არაფერი მქონდა დასალაგებელი, თავის ტკივილმაც გამიარა და თავბრუსხვევამაც, სიმშრალესაც კი არ ვგრძნობდი. ყავა მოვიდუღე, სავარძელში მოვკალათდი და ის-ის იყო, უნდა გამეკრა ასანთისთვის და გამებოლებინა (ხომ წარმოგიდგენიათ, რა ნეტარებაა, ხარ 19 წლის, ზედამხედველი მშობლებით გარშემორტყმული, „კლუჩნიკად“ ბებია გყავს და შენ ამ დროს ტიტლიკანა ზიხარ სავარძელში, ყავას სვამ და სიგარეტს აყოლებ, თან – უზმოზე), რომ თვალი წავკარი ტელეფონის მავთულს – ეტყობა, წუხელ გამოვაძრე და ტანში გამცრა.

– დამთავრდა, მე ამათ ვეღარ გადავურჩები! – წარმოვიდგინე, რამდენჯერ დარეკავდა დედაჩემი, ხოლო, რაკი ტელეფონი გამორთული იყო, ახლა, ალბათ, ვულკანივით ფეთქავდა. შიშს ხომ დიდი თვალები აქვს და, ვინაიდან აქვს, გონებასაც ბინდავს, ვეღარ გავთვალე, რომ „ვულკანი“, რამე დამამშვიდებელი რომ არ გაეგო, უკვე აქ იქნებოდა და მისგან ამოფრქვეული ლავისგან კაი ხნის დაფუფქული ვიქნებოდი. ტელეფონი ისევ შევაერთე.

შეერთება და მისი აწკრიალება ერთი იყო. ცხადია, მაშინვე ვეცი ყურმილს: დედა, მე...

– მაინც დაგიჭირეთ თუ არა, პატარა მატყუარა ქალბატონო ნინო, – მხიარულად მითხრა უცნობმა ხმამ.

– უკაცრავად? – ხმაში სიცივე გავურიე.

– ნინოობას გილოცავ, მშვენიერო, – ხმის ტონალობა არ იცვლებოდა ტელეფონის მეორე მხარეს.

– აშკარად სხვაგან მოხვდით, ახალგაზრდავ!

– ზუსტად იქ მოვხვდი, დათო ვარ, ვერ მიცანი? აი, სიცივეში რომ იდექი მეგობართან ერთად და სახლში მიგიყვანე...

როგორც იქნა, მივხვდი, ვინც იყო (პირველი ივნისი იყო და იმ შემთხვევითი დამგზავრებიდან ნახევარი წელი მაინც იქნებოდა გასული): მოიცა, შენ ამდენი ხანია, რეკავ და რეკავ?! – გულწრფელად გამიკვირდა.

– დიახ, პატარა ქალბატონო, ვრეკავ და ვრეკავ.

– უსაქმური ხარ? – ესეც გულწრფელად ვკითხე.

– არა, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. შენ მომეწონე და ვინანე, რომ იმ შენს მეგობარს ტელეფონის ნომერი არ გამოვართვი, უფრო მალე გიპოვიდი.

– ვერ მიპოვიდი! – დაჯერებულმა ვუთხარი, იმიტომ რომ ზუზას საკუთარი თავივით ვენდობოდი.

– კარგი, ვერ გიპოვიდი. არ ისაუზმო, გამოგივლი და კარგ ადგილას წაგიყვან.

– ერთი წუთით, კარზეა ვიღაც, – ვუთხარი და, რა თქმა უნდა, სარკისკენ გავიქეცი, იმიტომ რომ ჩემი პასუხი მხოლოდ იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ გამოვიყურებოდი.

– უკაცრავად... რას მეუბნებოდი? – ვითომ არ მახსოვდა.

– რამდენ ხანში გამოგიარო? – გონებაში უცებ ჩამოვყარე არგუმენტები: პატარა ბიჭი არ არის, ნახევარ წელზე მეტია, რეკავს, ერთხელ შეხვედრას აშკარად იმსახურებს. პასუხი გამეწელა, მაგრამ არ ვჩქარობდი, თან, იმხანად მოემით ვიყავი გატაცებული და მახსოვდა, შეგონება, შეეცადე, საუბარში პაუზა არ გაჩნდეს, ხოლო, თუ მაინც გაჩნდა, გაწელე, რაც შეიძლება, დიდხანს.

– ალო, გაითიშა? – მოთმინებამ პირველს დათოს უღალატა (აი, რატომაა სასარგებლო კლასიკოსების კითხვა).

– არა, ვფიქრობ, იმსახურებ თუ არა, – ახლა უკვე მე ვიცინოდი: კარგი, გამომიარე ერთ-ორ საათში.

– ერთ თუ ორ საათში? – დააზუსტა.

– ერთ-ორ საათში, – ვუთხარი და ყურმილი დავკიდე.

მართალია, ამასობაში ყავა გამიცივდა, მაგრამ მაინც დიდი სიამოვნებით გეახელით ღერ პაპიროსთან ერთად. ზუზას დავურეკე (ის ხომ სულ სახლში იჯდა ბაიყუშივით): შენ მოთაფლე, არა, თამრო? – თამარი დედაჩემი გახლდათ, აი, თავგადაკლული დედებიო, ისეთი.

– გიჟს ჰგავდა, დავამშვიდე, რომ ტელეფონი გაფუჭდა და გივი ბიძიას სარდაფში რაღაცების გადარჩევაში ეხმარებოდი, – ჩამიკაკლა ზუზამ.

– შენ ხარ ჩემი განძი, – გულაჩუყებულმა ვუთხარი: იცი, როგორ მოყვარხარ?! შენ გარეშე დავიღუპებოდი! რა უნდა გითხრა, აი, იმ ტიპმა დამირეკა, იმ დღეს რომ გავიცანით და დღეს უნდა შევხვდე. შენც ხომ წამოხვალ? – ზუზას ყველგან დავატარებდი, იმიტომ რომ სულ მარტო იყო.

– ვერა, დედაჩემს მივყვები დეიდაჩემებთან.

– კარგი, გაკოცე და გავიქეცი, უნდა მოვემზადო სიცივის რაინდთან შესახვედრად.

ალბათ, გაინტერესებთ, რატომ არ დავაზუსტე ერთი თუ ორი საათი? თუ ერთ საათში მოვიდოდა ჩემი რაინდობის პრეტენდენტი (რომელთა ნაკლებობს მე არ ვუჩიოდი), მე მას კიდევ ერთ საათს ვალოდინებდი (აივნიდან დავინახავდი მის მანქანას) და, თუ დამელოდებოდა (აბა, მაშინ სად იყო მობილური ტელეფონები, რომ მანქანიდან დაერეკა და ეთქვა, მოვედიო?!), მაშინ... ნუ – მაშინ რამეთი დავაჯილდოებდი. თავისუფლება ისე გამიტკბა, რომ შემოეთავაზებინათ, მგონი, ორგიაშიც მივიღებდი მონაწილეობას, მე, ფრიად პურიტანულ ოჯხში აღზრდილი, უწესიერესი და წარჩინებული მოსწავლე-სტუდენტი. ჰო, თავისუფლება ნარკოტიკზე ძლიერი ბანგია, როდესაც ამისთვის საერთოდ არ ხარ მზად (ოღონდ ეს ცოდნა ჩემთან გვიან მოვიდა, მაგრამ ბედს მაინც არ ვუჩივი, იმიტომ რომ, ხომ, მაინც მოვიდა?!).

აბაზანა ავავსე, ჩავწექი და კაი ხანს ვინებივრე. შემდეგ წამოვწექი, ცოტა ტელეფონზე ვიჭორავე, გავსკდი სიგარეტის მოწევით და ერთი საათიც გავიდა (მაღვიძარა დავაყენე!). ხუთიოდე წუთი დავიცადე და აივნიდან გადავიჭყიტე: სიცივის რაინდის მანქანა უკვე იდგა. თავის მოწესრიგებას შევუდექი. არსად მეჩქარებოდა, დღეს იმდენ პირობით „დათოს“ ავაგდებდი – ოღონდ კი შემხვედროდნენ, რომ ტყუილად გარჯა მაინც არ გამომივიდოდა. თან – ყველაფერი მქონდა, რაც იმ წამს მაბედნიერებდა: თვალწინ არ დამიდიოდნენ ჩემი ოჯახის წევრები, არ მარიგებდნენ ჭკუას, საჭმელიც იყო, ყავაც, სიგარეტიც და ცარიელი სახლიც. მოკლედ, ძრავიანი ცოცხიღა მაკლდა და კუდიანივითაც შემოვუფრენდი თბილისს.

დაკითხვა

მომდევნო ერთი საათი უცებ გავლიე. საკუთრი თავი ბოლოჯერ შევათვალიერე სარკეში (მე ხომ მაშინ არ ვიცოდი, რომ ჩემი ხიბლი ის იყო, რაც იმ სარკეში არ ჩანდა?!), კმაყოფილების ნიშნად ჩავიღიმე და კარი გამოვიკეტე. გულახდილად რომ ვთქვა, ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, დამხვდებოდა თუ არა ის ვიღაც დათო.

მაგრამ დათო დამხვდა. როგორც ჩანს, მანქანის სარკეში დამინახა და წინა კარი გააღო. მე დავჯექი და თავი მისკენ არც კი მიმიტრიალებია (არ დაგიმალვთ, სახეზეც კი არ მახსოვდა).

– გამომცადე?

– აჰა, – ვუთხარი და შევხედე. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა და მივხვდი, რომ ეს უცნობი კაცი მომეწონა.

– რამდენი წლის ხარ? – ვკითხე.

– 30-ის.

– ცოლი გყავს?

– არა. დაკითხვაზე ვარ? – მკითხა სიცილით.

– დაახლოებით, – მეც გავუცინე: იმედია, არ მატყუებ, იმიტომ რომ ძვირად დაგიჯდება.

– კარგი. არც შენ მომატყუო არასდროს, – თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი