რომანი და დეტექტივი

მოპარული ბედნიერება

№40

ავტორი: ანა ბარამიძე 20:00 15.10, 2021 წელი

მოპარული ბედნიერება
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38-39(1083)

თანაშემწე გავაფრთხილე: მე და ბატონ დავითს საიდუმლო დეტალები დაგვრჩა განსახილველი, არავინ შეგვაწუხოს.

– შენსავით მოხდენილი კაბინეტი გაქვს, – დათომ ისე გამიღიმა, თითქოს 25 წელი არც კი გასულიყოს.

– დიახ, ვეცადე. საქმეზე გადავიდეთ – რა გინდა, საიდან გაჩნდი?

– დაკითხვაზე ვარ?

– რაც გინდა, ის დაარქვი, – ძალიან მაღიზიანებდა მისი დანახვა და ისიც მიკვირდა, თუ რატომ მაღიზიანებდა. დათოსადმი არაფერს ვგრძნობდი ან რა უნდა მეგრძნო კაცისადმი, რომელიც ერთ დღესაც ისე გაქრა ჩემი ცხოვრებიდან, რომ მის კვალსაც ვერ მივაგენი. უბრალოდ, ზუზას პირით შემომითვალა, რომ ცოლს ახლახან გაეყარა და სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, მით უმეტეს, შვილისთვის. თუმცა ამ გაღიზიანებამ გამიარა, ბოლოს და ბოლოს, ეს მისი არჩევანი იყო და ამჯერად არც მე ვიყავი 19 წლის.

– რამდენი წლისაც ხარ, ვიცი. ცოლი გყავს? – და მართლა გულწრფელად გავუღიმე.

– არა, რამდენიმე თვის წინათ გარდამეცვალა, – მიპასუხა და უხერხულად გამიღიმა.

– ძალიან ვწუხვარ, მაპატიე...

– შენ ხომ არ იცოდი...

– ესე იგი, მაინც შერიგდით?

– არა... სხვა ცოლი მოვიყვანე, – თითქოს დამნაშავესავით გამიღიმა.

– შვილებიც გყავთ?

– არა... ნინოს, ასე ერქვა ჩემს ცოლს, არ შეეძლო ბავშვის გაჩენა.

„ესე იგი სამართლიანად დაისაჯე“, – გავიფიქრე. ხმამაღლა კი ვუთხარი: – მაგრამ შენ ხომ გყავს პირველი ცოლისგან?

– კი, მაგრამ ურთიერთობა არ მაქვს, ნინო ბევრს ეცადა, რომ დავეახლოვებინეთ, მაგრამ არ გამოვიდა, დედამისმა თავის ჭკუაზე გადაიყვანა, – დათომ ეს თქვა და თვალწინ კინოკადრივით გამიცოცხლდა, როგორ მიყვებოდა 25 წლის წინათ მცხეთის ერთ–ერთ რესტორანში თავისი პირველი ქორწინებისა და სიდედრის ამბებს, რაც მე არ მსიამოვნებდა, მაგრამ მაინც გულდასმით ვუსმენდი.

– მაპატიე, ეს ჩემი საქმე არ არის, არ უნდა მეკითხა. მიხარია, რომ ვითანამშრომლებთ. თუ სწორად მახსოვს, შენ კარგი ადამიანი ხარ.

– შენ როგორ ხარ? – შემომიბრუნა კითხვა.

– როგორც ხედავ, საკმოდ კარგად.

– ქმარი? შვილები?

– დიახ, ქმარიც, შვილიც, სანდრო. ახლა უცხოეთშია, სწავლობს. უხერხულია, გავიდეთ.

– გავიდეთ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით შევხვდეთ. ყავა დავლიოთ, – შემომთავაზა დათომ.

– კარგი, – დავთანხმდი, იმიტომ რომ ის ჩემთვის, სულაც, არ იყო უცხო, პირიქით, ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს შეადგენდა და იმის გარკვევაც მაინტერესებდა, რატომ გაქრა ასე უცებ. არაფერი ისე არ თრგუნავს ადამიანს, როგორც დაუსრულებელი ისტორია, რაოდენ უსიამოვნოც უნდა იყოს იმ ისტორიის შინაარსი და დასასრული.

ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ჩემი ქმარი იყო, ჟესტით მოვუბოდიშე დათოს და აივანზე გავედი: არაჩვეულებრივად ჩაიარა, საყვარელო. მიყვარხარ, ლაშასთან არ გამოვივლი, პირდაპირ ზუზასთან ავალ.

ამასობაში დათო გასულიყო და მესიჯიც მომივიდა: 7–ზე „თბილისი მარიოტში“.

საათს დავხედე. სახლში გავლას ვერ მოვასწრებდი. ზუზასთან დავრეკე, რომ დათოს ამბავი მომეყოლა, მაგრამ თანაშემწე შემოვიდა: რაღაც პრობლემაა, ქალბატონო ნინო.

– ზუზ, ამოვალ 9-სკენ, გიორგიც მერე შემოგვიერთდება. წავედი.

საქმეები რომ მოვილიე, შვიდიც ხდებოდა. „მარიოტისკენ“ დავიძარი, გზიდან ჩემს ქმარს დავურეკე: საქმიანი შეხვედრა მაქვს, ცოტა მეც შემაგვიანდება ასვლა. მგონი, ერთდროულად მივალთ. თან, ცოტა სინდისიც მქენჯნიდა, გიორგი ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, ჩემს სანდროს ნამდვილ მამობას უწევდა და საერთო შვილის ყოლაც არასდროს დაუძალებია, მაგრამ სინდისი მშვიდად მქონდა, იმიტომ რომ მხოლოდ ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა.

დათო უკვე მელოდებოდა:

– ისევ ნალექიანი ყავა გიყვარს?

თავი დავუქნიე.

– რას მიაყოლებ?

– კონიაკს.

დათომ გაოცებულმა შემომხედა.

– მანქანა?

– არაფერსაც არ მივაყოლებ, თუმცა არა, რამე ტკბილს.

– მომიყევი შენზე. იცი, „ფეისბუქზე“ გიპოვე და შენს სტატუსებს ვკითხულობდი.

– და რატომ არ მომწერე? კი არ შეგჭამდი? – გამიკვირდა.

– გიორგის გაყევი ცოლად? აბა, ჩემი მეგობარიაო? – გამომცდელად შემომხედა.

– შენთან უნდა შემეთანხმებინა ეს საკითხი?

– არა, უბრალოდ, გამიკვირდა.

სიტყვის ბანზე აგდება ვცადე:

– კიდევ რა გაარკვიე ჩემი სტატუსებით?

– ის, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ, გონიერი... და ლამაზი... – მომეჩვენა, რომ სევდიანად თქვა.

მოკლედ მოვუჭერი:

– მე ყოველთვის ჭკვინი, გონიერი და ლამაზი ვიყავი. შენს ცოლს რა დაემართა?

– აღმოჩნდა, რომ ავად იყო. აი, ასე მოწმენდილ ცაზე. სად არ ვატარე, ორ წელს ვაცოცხლე, მაგრამ...

– ცუდია. სულ მარტო ხარ?

– ჰო, იმ სახლში აღარ შემეძლო ცხოვრება და გავაქირავე, მე სხვაგან გადავედი.

– შენს ცოლზე მომიყევი, – რატომღაც დამაინტერესა.

– შენ რომ შეგხვდი, ჩემს პირველ ცოლთან ახალი გაყრილი ვიყავი...

– ეს ვიცი, თან, იმდენად დაწვრილებით, რომ თავიდან მოსმენა არ მინდა, გამოვტოვოთ, – ვთქვი და ყავა მოვწრუპე.

– ჩემს ცოლს, ნინოს ანუ, მანამდე ვიცნობდი, სანამ პირველ ცოლს მოვიყვანდი. ჩემი საცოლე იყო, – ყურები დავცქვიტე, ეს რაღაც ახალი იყო, რაც მე არ ვიცოდი. – ჰოდა, რაღაცნაირად მოხდა, რომ... არც ვიცი, როგორ ერთ საწოლში აღმოვჩნდით...

– არ იცი, როგორ? – ვთქვი და წარბები თეატრალურად ავზიდე მაღლა.

– მართლა არ ვიცი, თან, უმცროსი იყო ჩემზე, შენი ასაკის, აი, რომ გაგიცანი.

– მოიცა, ერთდროულად გაგვიცანი?! – ახლა უკვე თვალებით გავიოცე.

– არა. 19 წლის იყო დაბადების დღეზე გავიცანი, შენც ხომ 19 წლის იყავი, რომ გაგიცანი? – თავი დავუქნიე, გულში კი გავიფიქრე, „ჩემი ასაკი კარგად დაუმახსოვრებია“: ნინოსთან იმ პერიოდში ნაჩხუბარი ვიყავი და აი, ასე მოხდა. პატარა გოგო იყო და ცოლად მოვიყვანე. რამდენიმე წელიწადში გავეყარე. მერე შენ შეგხვდი.

– ეგ ამბავიც ვიცი, გამოვტოვოთ...

– მერე შენ გაუჩინარდი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ გაუჩინარდი, – დათომ ისევ გამომცდელად შემომხედა.

– ესე იგი. მე გავუჩინარდი?!

– აბა, მე?! – ისევ შემომიტრიალა კითხვა დათომ.

– დიახ, შენ. ზუზას შეხვდი და უთხარი, რომ ჩემთან აღარ გინდოდა ურთიერთობა, იმიტომ რომ სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყავი და არც ჩემი წყენინება გინდოდა, – ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე.

– მსგავსი არაფერი მითქვამს ზუზასთვის.

– როგორ არ გითქვამს?! შენ დაურეკე ზუზას, უთხარი, რომ მასთან საქმე გქონდა, შეხვდი, უთხარი, რაც უთხარი და დაამატე, რომ შენს სახლში მიმეტანა შენი ბავშვობისდროინდელი ფოტოები, რომლებიც მომეცი. მე გიორგის ვთხოვე, წამომყოლოდა და გიორგიმ მისცა დედაშენს ის ფოტოები, – საუბრის ასე შეტრიალებას არ ველოდი.

– ეს ტყუილია, ზუზამ დამირეკა, შენ ექსკურსიაზე იყავი, შეხვედრა მთხოვა, ნინომ რაღაცის გადმოცემა მთხოვაო და მითხრა, რომ შენ გიორგი გიყვარდა და მე მის საეჭვიანოდ მხვდებოდი.

– და შენ დაუჯერე? – არ ვბრაზდებოდი, კითხვებს ცნობისმოყვარეობის გამო უფრო ვსვამდი.

– ზუზა შენი სააუკეთესო მეგობარი არ იყო?

– იყო და ახლაც არის, შენი შვილის ნათლიაც არის, – საკუთარი სიმშვიდე მევე მიკვირდა.

– ჩემი შვილი ვინ არის? – ჩამეძია დათო.

– ასე ვთქვი?! ჩემი შვილის, ჩემი სანდროს ნათლიაა. გამორიცხულია, ზუზას ეს შენთვის ეთქვა, მე სულ სხვა რამის სათქმელად ვთხოვე, შეგხვედროდა, – ეს ვთქვი და ენაზე ვიკბინე.

– რის სათქმელად?

– ახლა ამას უკვე აზრიც არ აქვს და ხეირიანად არც კი მახსოვს. მაგრამ მახსოვს, რომ ზუზასთან დადიოდი სტუმრად, შენი შვილიც მიგყავდა.

– მე შენ მართლა მიყვარდი. – მომეჩვენა, რომ დათო არ ცრუობდა, – ისეთი თავნება და საყვარელი იყავი. ლამაზი, თვალებში მზის სხივები გითამაშებდა, თითქოს ანათებდი. ახლაც ანათებ...

– იმიტომ რომ კარგი ქმარი მყავს და უკეთესი შვილი და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს, – მომინდა, რომ მტკივნეულ ადგილას მოხვედროდა ჩემი ნათქვამი.

– რამდენი წლისაა?

– 20–ის, – მოვიტყუე სანდროს ასაკი, – მგონი, ამოვწურეთ დღეს საუბარი და იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ, – ამჯერად დაყენებული ღიმილით შევხედე დათოს, ახლა კი უნდა წავიდე, სასიამოვნო იყო შენი ნახვა.

– ჩემთვისაც, მაგრამ რაღაც ვერ გავიგე... – დათოს კიდევ უნდოდა საუბრის გაგრძელება, ოღონდ აღარ დავაცადე: ამის გასარკვევი დრო კიდევ გვექნება.

წამოვდექი, ისიც ადგა, ხელი გავუწოდე, ჩამომართვა, თავი დავუკარი და გამოვედი. მანქანაში ჩავჯექი. დავქოქე დ მთაწმინდისკენ ავუხვიე. დრო მჭირდებოდა იმის დასალაგებლად, რაც დათომ მითხრა. საათსაც დავხედე და გადავთვალე, რომელი საათი იქნებოდა ახლა სანდროსთან. მაგრამ მასთან დარეკვა გადავიფიქრე, იმიტომ რომ ჯერ საკუთარ თავთან, ზუზასთან და გიორგისთან უნდა გამერკვია, რა მოხდა.

ტელეფონს დავხედე, გიორგისგან უკვე 10 გამოტოვებული ზარი იყო, მანქანის საათს შევხედე, შუაღამეს გადასცდენოდა. ტელეფონი გამოვრთე. დიდი ნაძვის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი... რაც ნაღდი მეგონა, თურმე, ტყუილი ყოფილა. მთელი ეს წლები მარიონეტივით მათამაშებდნენ, მე კი მეგონა, რომ სიტუაციას ვმართავდი და დიდსულოვნად ვაბედნიერებდი ზუზას და გიორგის ჩემი არსებობით. მეტიც, ცხოვრების ბოლომდე ვალში ვიყავი მათთან... უეცრად აღმოვაჩინე, რომ სრულიად მარტო ვარ, აი, იმ ვარსკვლავების ამარა, რომლებიც ციდან მითანაგრძნობდნენ, მაგრამ მე აღარ ვიყავი პატარა გოგო. რატომღაც, ზუზა და გიორგი შემეცოდნენ, იმიტომ რომ სხვის ცხოვრებას იპარავდნენ, რადგან საკუთარი არასდროს ჰქონიათ. უცნაური ის იყო, რომ მე არც დათო მჭირდებოდა. ისიც შემეცოდა, ვიგრძენი, როგორ ნანობდა და ისიც ვიცოდი, არასდროს ვეტყოდი, რომ სანდრო მისი შვილი იყო ან იქნებ ვეტყოდი კიდეც – იმიტომ რომ ჩემს შვილს მისი ქონება არ აწყენდა.

ტელეფონი ჩავრთე და გიორგის დავურეკე: ვიცი, საყვარელო, რომ ღელავთ, შენც და ზუზაც. ტელეფონი დამიჯდა. ხომ ერთად ხართ? შესანიშნავია! თქვენთვის არაჩვეულებრივი ახალი ამბავი მაქვს. არ გაბედოთ დაძინება, დამელოდეთ. გკოცნით ორივეს. ტელეფონი ისევ გამოვრთე, მანქანა დავქოქე და წავკისისკენ გადავუხვიე, იმიტომ რომ, მართალია, კლასიკოსს არ უთქვამს, მაგრამ შურისძიება ის კერძია, რომელიც ცივად უნდა მიირთვა. თან, გიორგის რქები ნამდვილად არ აწყენდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი