რომანი და დეტექტივი

მოპარული ბედნიერება

№39

ავტორი: ნია დვალი 20:00 08.10, 2021 წელი

მოპარული ბედნიერება
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #38(1082)

ორმა თვემ უცებ გაიარა, ჩემს სიცივის რაინდს ისე შევეჩვიე, რომ ჩემთვის მზესავით იქცა. თვალებს გავახელდი თუ არა, მაშინვე ჩემი საძინებლის ფანჯარასთან მივრბოდი. მისი მანქანა უკვე იდგა, მე ფართხაფურთხით ვიცვამდი და მივრბოდი. ერთად ვსაუზმობდით, შემდეგ მე უნივერსიტეტში მივყავდი, თავად სამსახურში მიდიოდა... ზუზაც საქმეში იყო, თავისი დროის უმეტეს ნაწილს ჩვენთან ერთად ატარებდა და მეც მეტი რა მინდოდა: დათოც ჩემ გვერდით იყო და ჩემი ზუზაც.

დათო არასდროს მკოცნიდა ტუჩებში, სადღაც მარჯვენა ტუჩს და ცხვირს შორის, მაგრამ სულ მეხუტებოდა. გუმანით ვგრძნობდი, იმიტომ რომ მე მასზე უმცროსი და გამოუცდელი ვიყავი. მოკლედ, მის გვერდით თავს უსაფრთხოდ და დაცულად ვგრძნობდი და სულ გული მიფრთხიალებდა. ღამით ჩუმად შემქონდა ტელეფონი საძინებელში და დილამდე ვლაპარაკობდით (ახლა ვეღარც კი ვიხსენებ, რა გვქონდა ამდენი სალაპარაკო, როდესაც ჩვენ შორის საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა იყო). რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ჩემი ნახევრად გადარეული და პურიტანული ოჯახიც არ მეწინააღმდეგებოდა, იმიტომ რომ ჩემი სიცივის რაინდი საკმაოდ სიმპათიური გახლდათ, მაღალი, კარგი აღნაგობის, სავარაუდოდ, მისი შეძლებული მდგომარეობაც აკმაყოფილებდა ჩემი ოჯახის წევრებს (თუმცა, მე მაშინ ასეთ წვრილმანებს ვერც ვამჩნევდი – შეძლებას ვგულისხმობ), ვინაიდან მიჩვეული ვიყავი, რომ ყველა თავს მევლებოდა.

იმ საღამოს ზუზასთან ვიყავი, დათოს უნდა გამოევლო და სახლში წავეყვანე. ჩემი სიცივის რაინდი იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ზოგჯერ ეჭვის ჭია მღრღნიდა, ამიტომ ჩემს მეგობარ გიორგის (ერთად გავიზარდეთ) ვთხოვე, მის შესახებ გაეკითხა (სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა). გიორგის, სხვათა შორის, დათო არ ეპიტნავებოდა. იმიტომ რომ ჩემი ყველა ღამე დათოსი იყო და მასთან ღამის საუბრებისთვის დრო აღარ მქონდა. მოულოდნელად გიორგიმ დარეკა. ზუზამ ყურმილი გამომიწოდა: შენთან აქვს საქმე.

– ნინო, რასაც გეტყვი, არ მოგეწონება, ვიცი, ტელეფონით არ უნდა გითხრა, მაგრამ გამოსვლას ვერ ვახერხებ, – გიორგი სათქმელს ტკეპნიდა, რაც მისთვის უჩვეულო იყო.

– ამოღერღე დროზე, რომელი სუსტგულიანი მე მნახე? – გავამხნევე, ჩემი ჭკუით.

– ნინო, დათოს ცოლიც ჰყავს და შვილიც...

ყელში მართლაც ბურთი გამეჩხირა (ასეთი რამ ადრე მხოლოდ რომანებში წამეკითხა) და ვიგრძენი, გულისცემა როგორ შემინელდა:

– დარწმუნებული ხარ? – ხავსს მოვეჭიდე.

– კი. დარწმუნებული ვარ. თუ ცუდად ხარ, მოვალ და მე წაგიყვან სახლში, – ყურმილი ზუზას მივაწოდე და ტირილი დავიწყე, გული ამომიჯდა. ზუზას ხმა არც მესმოდა. გული რომ ვიჯერე. ზუზას ვუთხარი, დათოსთვის ეთქვა, რომ ყველაფერი ვიცი და ჩემთვის აღარ დაერეკა.

– ასეთ მდგომარეობაში ვერ გაგიშვებ, დარჩი ცოტა ხანს, გთხოვ, – მემუდარებოდა ზუზა.

– არა, მარტო ყოფნა მინდა, – ჩანთა ავიღე და ქუჩაში გავედი. ჯერ ერთი, საერთოდ არ მომწონდა, რომ ზუზამ დაინახა, როგორ ვბღაოდი, გიორგისთან კიდევ არა უშავდა, მაგრამ ზუზა ხომ ეტყოდა, რაც დამემართა?! ერთი მხრიდან ჩემი ამპარტავნება მიტევდა – რომ, თუნდაც, ჩემმა მეგობრებმა მნახეს ასეთი გასაცოდავებული და მოტყუებული და მეორე მხრიდან იმის წარმოდგენა მზარავდა, რომ დათოს ვეღარასდროს ვნახავდი. ამის გააზრება იმდენად მტკივნეული იყო, რომ გულთან ჭვალმაც კი გამკრა. არა, მაინც როდის მოვასწარი მისი ასე შეყვარება?! რატომ ვენდე?! მე როგორ მომივიდა ეს?! იმის გარჩევაც მიჭირდა: რომელი ნინო იყო უფრო ნაწყენი: რომელიც გააცურეს თუ რომელმაც საყვარელი ადამიანი დაკარგა?! მართალი ყოფილა ეგზიუპერი, არ გამოსცადოთ მეგობრები და საყვარელი ადამიანები, რადგან ისინი ამ გამოცდას ვერ გაუძლებენო (საბოლოოდ, თუ დამღუპავენ, კლასიკოსები დამღუპავენ)... მაგრამ მე? მე გავუძლებდი?! ცრემლები დაუსრულებლად მოედინებოდნენ და იმ ღამით ყველაზე უბედური ადამიანი მეგონა თავი დედამიწაზე. დიდხანს ვიბოდიალე, ბოლოს, ტაქსი გავაჩერე და სახლში მივედი. სახლის ტელეფონი ჩუმად გამოვრთე, ბებიაჩემის ოთახში შევიპარე, უჯრიდან „დიმედროლის“ ერთი აბი ამოვაცალე, დავლიე და დავიძინე.

დილით მექანიკურად წამოვხტი საწოლიდან და ფანჯარას მივვარდი – ადგილი, სადაც დათო მელოდა, ცარიელი იყო. ბურთი ისევ გამეჩხირა ყელში, მაგრამ, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ სახლში ტირილი არ შეიძლებოდა (ბებიაჩემი შუაზე გააპობდა დათოს – ამის წარმოდგენამ ცოტათი ნამდვილად გამამხიარულა), გავიღიმე და სამზარეულოში გავედი. ტელეფონი ისევ შევაერთე და გამოვაცხადე, რომ, ვისაც უნდა დაერეკა, ეპასუხათ, რომ ქალაქიდან გავედი. უწონადობის გრძნობა მქონდა: ვიყავი და არც ვიყავი და უკვე არც ჩემს ადამიანებთან მინდოდა ლაპარაკი.

– სამეცადინო მაქვს, – გამოვაცხადე და ჩემს ოთახში შევიკეტე. ზუსტად ნახევარ საათში კარი გაიღო და ზუზა და გიორგი შემოლაგდნენ. ხმა არ ამოუღიათ. ისე ისხდნენ, გეგონებოდა, პანაშვიდზე არიანო.

– იცი, მოწვევა მოგვივიდა და პეტერბურგში მივდივართ, მე და შენ აგვარჩიეს, – ხმადაბლა მითხრა ზუზამ.

– მართლა? – სიხარული ვერ დავფარე: როდის?

– ზეგ, – გამიღიმა ზუზამ.

ეს ის იყო, რაც მჭირდებოდა. უცებ გავმხიარულდი და ითახიდან გავვარდი: დედა, დედა, ზეგ მივდივართ, ჩამილაგე, რა, ჩანთა!

მშობლებმა დიდის ამბით გაგვაცილეს. იქ დათო თითქმის არ გამხსენებია, მხოლოდ ხანდახან გამკრავდა გულზე ჭვალი და უცებ გამდიოდა. ერთ კვირაში უკან დავბრუნდით. საღამოს რეისს ჩამოვყევით. მე მამაჩემი დამხვდა, ზუზას – დედამისი. ყველანი მამაჩემის მანქანაში ჩავსხედით. მე და ზუზა – უკან, ზუზას დედა – წინ. ჩვენმა მშობლებმა ერთმანეთთან გააბეს საუბარი, მე კი ისევ სევდა მომეძალა, გამახსენდა, რომ ისევ იქ დავბრუნდი, სადაც მომატყუეს და სადაც ჩემი დიდი ტკივილი ცხოვრობდა და იღვიძებდა. გზას მივშტერებოდი, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. უცებ მამაჩემმა თქვა: ნორმალური სიჩქარით მოძრაობს და რატომ უნთია ავარიულები?!

წინ გავიხედე და გული შემიფართხალდა: მამაჩემის მანქანის წინ დათოს მანქანა მიდიოდა... ზუზას შეთქმულივით გავხედე. თითქოს მძიმე ტვირთი ჩამომხსნეს მხრებიდან: დარწმუნებული ვიყავი, რომ დათოს, უბრალოდ, აღარ ვახსოვდი. მაგრამ შევმცდარვარ და უცებ მივხვდი, რომ მე მას ყველაფერი ვაპატიე, ათი ცოლიც რომ ჰყოლოდა და ერთი ბატალიონი შვილები, იმასაც კი ვაპატიებდი.

რაც შემდეგ მოხდა, ბუნდოვნად მახსოვს, სახლში გამოვაცხადე, რომ დაღლილი ვიყავი, ტელეფონი ოთახში შევიტანე, ლოგინის გვერდით დავიდგი, ხმას ჩავუწიე, ოთახის კარი გადავკეტე და ლოგინში დავწექი. თან, საათს ვუყურებდი, ვანგარიშობდი, რამდენ ხანში მივიდოდა სახლში დათო. გათვლაში არ შევმცდარვარ. ტელეფონმა დარეკა. რა თქმა უნდა, დათო იყო: ხვალ, დილით, გამოგივლი და ყველაფერს აგიხსნი. მე ვდუმდი და არა იმიტომ რომ ისევ მოემის რჩევას ვითვალისწინებდი, უბრალოდ არაფრის თქმა არ შემეძლო. ისეც ხომ ხდება, რომ უსიტყვოდ ხვდები ყველაფერს. როგორც იქნა, ამოვთქვი: კარგი.

– ოფიციალურად არ გამიფორმებია, მე და ჩემი ცოლი ერთად აღარ ვცხოვრობთ და არც მაშინ ვცხოვრობდით, როდესაც შენ გაგიცანი. შვილი მყავს, სამი წლის და მე შენ არ მომიტყუებიხარ. გეტყოდი. აუცილებლად გეტყოდი. ხომ გჯერა ჩემი?! გთხოვ, ისე ჩამოდი, როგორც სახლში გაცვია, ვითომ ჩვენს სახლში ხარ, სადაც მეც ვარ.

– ხვალ მომიყევი. ახლა დავიძინებ, – ჩემმა ამპარტავნებამ ღირსეულად დაიკავა თავისი ადგილი ჩემი გულის კვარცხლბეკზე, ვინაიდან აღმოაჩინა, რომ საყვარელი ადამიანი არ დაუკარგავს.

მთელი ღამე არ მიძინია, გათენებას ველოდებოდი და ზუსტად გამთენიისას ჩამეძინა. დათო დამესიზმრა: მის მანქანაში ვიჯექი, თმაზე მეფერებოდაა და მეუბნებოდა, მე და შენ ხომ ამ მანქანის ხელა სახლიც გვეყოფა, რომ ბედნიერები ვიყოთ...

25 წლის შემდეგ

ტელეფონის ზარმა გამაღვიძა: ისევ დამავიწყდა ხმის გამორთვა, – ჩავილაპარაკე უკმაყოფილოდ, ნომერს დავხედე, ზუზა იყო და გავიბადრე: საყვარელო გოგო, რამ გაგღვიძა ამ დილადრიანად?

– დღეს ბაზალეთზე ავდივარ, ჩემთან, ამოდით თქვენც, ბუხართან დავსხდეთ, ახალგაზრდობა გავიხსენოთ. ნათლიის ბიჭი, სანდროც, რომ იყოს, რა კარგი იქნებოდა.

– მეც ძალიან მომენატრა სანდრო. აუცილებლად, საყვარელო, მე მაინც აუცილებლად ამოვალ. გაკოცე, გავიქეცი, დღეს დიდი დღე მაქვს.

– აბა, წარმატებები და გელოდებით!

გავთიშე და ნესტოებში ჩემი საყვარელი კრუასანების სურნელიც მეცა.

ამდენი წელია, ერთად ვცხოვრობდით და სულ მიკვირდა, როგორ არ ეზარებოდა და ბეზრდებოდა, დილით ადრე ამდგარიყო და ჩემთვის ახლად გამომცხვარი, თბილ–თბილი კრუასანები მოეტანა.

ხალათი მოვისხი, ფეხები სახლის ლამაზ ფეხსაცმელში გავუყარე, საძინებლის სარკეში თმა ოდნავ ისე ავიჩეჩე, როგორც ჩემს ქმარს უყვარდა (მანამდე სააბაზანოში შევიარე – კბილები გამოვიხეხე, ხომ გვახსოვს, რომ დილით კბილებს სხვებისთვის ვიხეხავთ). დამხმარე ქალს საუზმის სუფრა უკვე გაეწყო და სანამ მე ჩემი ქმარუკა ხანგრძლივი და ვნებიანი კოცნით დავაჯილდოვე, ყავაც ჩამოესხა ჭიქებში.

ბებიაჩემის დარიგებები უკვე ზედმიწევნით მქონდა ათვისებული და სხვების აზრი არათუ აღარ მაინტერესებდა, მათ არც კი ვამჩნევდი.

– დღეს რა საქმეები აქვს ჩემს დედოფალს? – მკითხა ჩემმა ქმარმა.

– ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ვაწერთ ხელს და ცოტა ადრე უნდა გავიდე, რომ მოვემზადოთ. თანახმანი არიან, მაგრამ მაინც ვემზადებით. ხომ იცი, სანამ ხელი არ მოეწერება, მოდუნება არ ღირს, – ვუპასუხე და კრუასანი ჩავკბიჩე, რომელიც პირში ჩამადნა: საღამოს გვიან იქნები? ზუზამ დაგვპატიჟა ბაზალეთზე.

– შეიძლება, შემაგვიანდეს, დაგირეკავ და ძალიან დაღლილი თუ არ იქნები, შენც მოდი ლაშასთან, ბილიარდი უნდა ვითამაშოთ და მერე ერთად ავიდეთ ზუზასთან

– ხომ იცი, რომ ლაშას კეკელკა ცოლი მაღიზიანებს, მასეც ნუ დამსჯი.

– კარგი, როგორც გინდა. თუ მოგენატრები, იცი, სადაც უნდა მიპოვო, თუ არადა მე გიპოვი, – გადმოიხარა და მაკოცა. ვიცი, რომ უყვარს ყავის გემო, ამიტომ ერთი ყლუპი პირში ჩავიტოვე და საპასუხო კოცნას შევურიე.

ჩემი ქმარი მიყვარდა, იმიტომ რომ დიდი ხნია, ვიცნობდი და ზუსტად ვიცოდი, რა მოსწონდა და რა – არა, ვიცოდი, როგორ მემართა, ისე, რომ ვერც მიმხვდარიყო. მიყვარდა, როგორც ადამიანი, ჩემი მეგობარი და მისთვის იდეალური ცოლის როლსაც ვთამაშობდი, თუმცა სათამაშოც არაფერი მქონია. ის იმსახურებდა, ჰყოლოდა იდეალური ცოლი. რაც მთავარია, მე ის მიყვარდა მშვიდად, ყოველგვრი ეჭვისა და შფოთის გარეშე.

საქმიანად და ოდნავ სექსუალურად გამოვეწყვე, იმიტომ რომ პარტნიორ ფირმას, ძირითადად, მამაკაცები წარმოადგენდნენ და არასდროსაა ურიგო ზედმეტი შიშველი ხორცის გამოჩენა, ოღონდ ზომიერების დაცვით.

საკონფერენციო დარბაზში ყველაფერი მზად იყო. ჩემი თანამშრომლები თავ–თავიანთ ადგილებზე განვალაგე, რომ სტუმრებს დახვედროდნენ და დაებინავებინათ. მე, ჩვეულებისამებრ, გვიან შევდიოდი, ერთი–ორი წუთით, იმიტომ რომ ოდნავ ვაბნევდი პოტენციურ პარტნიორებს, ჯერ ბრაზობდნენ, რომ ადგილზე არ ვიყავი, შემდეგ კი აი, იმ ზემოთ ნახსენები ზედმეტი ხორცით ვანელებდი, ანუ სიბრაზეს სულ სხვა მიმართულებას ვაძლევდი. ამ ილეთმა ამჯერადაც გაჭრა. საკონფერენციო დარბაზიდან კაბინეტში გადავინაცვლეთ, სადაც მსუბუქად უნდა აღგვენიშნა საქმის წარმატებით დაგვირგვინება. უცებ ვიღაცამ ყურში ჩამჩურჩულა: მაინც გიპოვეთ პატარა, მატყუარა ქალბატონო ნინო?

თითქოს ცივი წყალი გადამასხეს. მოულოდნელობისგან წავფორთხილდი, მაგრამ დათომ დამიჭირა: შენ აქ რა გინდა? – ხმადაბლა, მაგრამ საკმაოდ უხეშად ვკითხე.

– თქვენმა ფირმამ ახლახან ჩემსასთან გააფორმა ხელშეკრულება, ასე რომ, ჩვენ უკვე პარტნიორები ვართ. გთავაზობთ, საღამოს სადმე აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი ამბავი ერთად. ჩემი გვარიც აღარ გახსოვს, არა?! – მისი სითავხედით ისე ვიყავი გაოგნებული, თავის ფლობა მიჭირდა. მაგრამ მალევე მოვთოკე ნერვები და ღიმილით ვანიშნე, გამომყოლოდა. მისი გვარი კი მართლაც აღარ მახსოვდა (კაი ხანია, ზედმეტი ადამიანების სიაში მყავდა ჩაწერილი).

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი