რომანი და დეტექტივი

მოჯადოებულ ტყეში

№52

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 09.01, 2022 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ბუალო ნერსეჟაკი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #49-51(1095)

– ვერ ვიტყოდი, რომ ახლა ჩემთვის ყველაფერი აშკარა გახდა, – იქედნურად ჩაილაპარაკა ალენმა.

– დიახ, – დაეთანხმა ელიანი, – ჯერ კიდევ არ არის აშკარა, მაგრამ რაღაცის გაგებას ვიწყებ. მისმინეთ. თავში ერთი აზრი მომივიდა. ჩათვალეთ, რომ საიდუმლო უკვე ამოხსნილია. მაშ ასე, სასახლე ბარონი ერბოს საკუთრება გახდა, საიმპერატორო თავადის. ეს ხალხი საკუთარ თავს ირიბ დამნაშავედ გრძნობდა. მათ ეშინოდათ მტრული დამოკიდებულების მეზობლების მხრიდან, რადგან მსგავს პრეცედენტებზე სმენიათ. თავიანთი ორი წინამორბედის ტრაგიკული ბედის შესახებაც გაუგონიათ! მერლენისა და დე დერფის. გესმით?

– რასაკვირველია.

– ანტუანი კი, მათი მსახური, ჩანს, დახვეწილი თაღლითი იყო. გარდა ამისა, დაბასთან კავშირს მხოლოდ ის ახორციელებდა და ჩემი აზრით, სწორედ, ის უამბობდა სახლის პატრონებს საშინელ ამბებს. გამუდმებულ შიშში რომ ჰყოლოდა და საქონლის მიმწოდებლებსა და სასახლის პატრონებს შორის ნებისმიერი კონტაქტი აღეკვეთა. ალბათ, ფასებს მკვეთრად აბუქებდა და ამით დიდი სარგებელი რჩებოდა. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ერბოებმა ვერც ერთხელ ვერ გაბედეს ხალხში გამოჩენა. არავის უნახავს მათი სახეები. მანუსკრიპტს დახედეთ. რას ამბობს მეტრი მენიანი.

– და რა მერე?

– ერთ დილას თქვენმა წინაპარმა მას წერილი გადასცა – გახსოვთ?.. ანტუანმა ეს წერილი გახსნა და გრაფ დე მიუზიაკის წინადადების შესახებ შეიტყო, სასახლის შესყიდვის თაობაზე. შეთავაზებული თანხა საკმაოდ სოლიდური გახლდათ. ნუთუ ბუნებრივი არ არის, რომ ხარბი მსახური სიტუაციით ისარგებლებდა? ის იცნობს იმავე ასაკის ქალსა და მამაკაცს, როგორიც ბარონი და ბარონესა არიან და გოგონას, ან ქალს, რომელიც აშკარად არ არის მათი ქალიშვილი. ვინ არის ეს ხალხი? შეიძლება, ანტუანის მეგობრები. ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.

მაშ ასე, ანტუანი სასახლეს ტოვებს რაღაც მიზეზით და თანამოაზრეებთან გარბის. მათ საქმის არსს უხსნის. ისინი ვითომ გრაფს დაპატიჟებენ, მანამდე კი ნამდვილ ერბოებს შეცვლიან, რომლებსაც წინასწარ მოიშორებენ თავიდან. კომედია სულ ცოტა ხანს გაგრძელდება, რამდენიმე წუთიც საკმარისი იქნება, რომ ფული ჩაიჯიბონ.

– აშკარად შესაშური ცივსისხლიანობაა!

– არც ისე შესაშური. გაიხსენეთ, რას ამბობს ორელიენი თავის აღსარებაში. ის ამტკიცებს, რომ გოგონას შეშინებული გამომეტყველება ჰქონდა. იმავე საღამოს სასახლის სამივე მფლობელს კლავენ, უფრო სწორად, წამლავენ. როცა ყველაფერი დასრულებულია, ანტუანი ზარის რეკვით უხმობს თანამზრახველებს, რომლებიც სადღაც ახლოს იმალებიან.

– ეს ახლა მოიფიქრე, თუ ლოგიკურად მსჯელობთ?

– ვცდილობ, შეთქმულების შესაძლო სურათი დავხატო. ახლა სხეულების მოშორებაა საჭირო. გაუფრთხილებლობის გამო ორმოები ჯერ კიდევ არ არის ამოთხრილი და გადაწყვეტენ, მიცვალებულები აკლდამაში ჩაიყვანონ – ეს იდეალური სამალავია. პირველს ერბოს ქალიშვილის გვამს ჩაიტანენ – არსებითად არც ისე მნიშვნელოვანი დეტალია, მაგრამ სწორედ ის იქცევა მთავარ მომენტად, რომელსაც მოვლენების განვითარება მოჰყვება. ორივე მამაკაცს მიაქვს გვამი, ქალი კი გზას უნათებს. ცრუ კლერი სასტუმრო ოთახში მარტო რჩება, დარაჯად. ის ნაკლებად გამოწრთობილია, ვიდრე მისი თანამზრახველები და გონებას კარგავს. სწორედ იმ მომენტში ჩნდება გრაფი. წაიკითხეთ მანუსკრიპტი. ორივე მკვდარს ის მხოლოდ ზურგიდან ხედავს და ისიც სუსტად განათებული კანდელაბრით.

მიუზიაკი მხოლოდ კლერს უყურებს, მისკენ სახით მჯდარს. ის ერბოს ქალიშვილად მიაჩნია. შესაბამისად, დანარჩენი მკვდრები მხოლოდ ბარონი და ბარონესა შეიძლება იყვნენ.

– დიახ, ეს ჭეშმარიტებაა. რაკი ეს ორი აშკარად მკვდარია, გრაფი დაასკვნის, რომ კლერიც, რომელსაც უძრავს ხედავს და ფერმიხდილს, ასევე მკვდარია. მე ეს სავსებით ლოგიკური მეჩვენება. თქვენ?

– ჯერჯერობით კი.

– მაშ ასე, ბანდიტები ბრუნდებიან. ხმაურის გაგონებისთანავე გრაფი ფრთხება და გარბის, თან ცვილის წვეთებს ტოვებს ხალიჩაზე.

– ახლა ბანდიტების დაფრთხობის დრო დადგა.

– სავსებით მართალია. და ისინი ორჭოფობენ, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს იდუმალი სტუმარი და რა შეეძლო აღმოეჩინა ოთახში, რომელშიც მხოლოდ რამდენიმე წამი დაჰყო. დაუყოვნებლივ მოქმედებენ. ანტუანი ცხენს კაზმავს, სანამ მისი თანამზრახველები კლერს გონს მოიყვანენ და სამივე კარეტაში ჯდება. ხეების ჩრდილში შესვლას გამოაშკარავების საფრთხე არ ემუქრება.

ქალი ბარონესას მარაოს ტრიალს არ წყვეტს, იმ დროს, როცა მამაკაცი სიგარას ეწევა. გარდა ამისა, მთვარის შუქზე თავის ბეჭედს ააელვარებს, რომელიც მკვდარს მოხსნა თითიდან... გრაფი საკმაოდ განათლებული ადამიანი იყო და მიხვდა, რომ თუ მის მიერ ნანახ სცენას ვინმეს უამბობდა, არავინ დაუჯერებდა.

– დიახ... დიახ... ეს სავსებით ლოგიკურია. განაგრძეთ.

– ისინი სასტუმრო ოთახში ბრუნდებიან და იქ უბედური კლერი, რომელსაც ძალა არ ეყო, ეს ყველაფერი გადაეტანა, ისევ გონებას კარგავს. ეცემა, ამ დროს კი მოახლოებული ნაბიჯების ხმა ისმის. სამივე თანამზრახველი სასწრაფოდ სხდება მკვდრების პოზაში. გრაფს სცნობენ, რომელიც კლერმა აღუწერა. ეს უკანასკნელი, რომლის უმცირეს მოძრაობასაც კი ყურადღებით აკვირდებოდნენ, არც კი ფიქრობს, ორივე მკვდარს ყურადღებით მიაჩერდეს. ორელიენი მხოლოდ ბარონს დაჭრის თითში და ილუზიებით შეშინებული, რომლებმაც საკუთარ გონიერებაში ეჭვი შეატანინეს, იქიდან გარბის... ვფიქრობ, არაფერი გამომიტოვებია.

– არა, ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, მშვენივრად მოყევით.

– ო, მაპატიეთ! აი, ახლა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ჭეშმარიტებამდე მივედი.

მიზანთან ასე ახლოს მყოფი ბანდიტები უკან არ დაიხევდნენ. ასე ტყუილად ხომ არ დახოცავდნენ სამ ადამიანს. მათი ჩანაფიქრი რომ საფრთხის ქვეშ დამდგარიყო, ყოველთვის ჰქონდათ საკმარისი დრო, აუცილებელი ზომები მიეღოთ... ამიტომ ცრუ ერბომ თითი გადაიხვია. გაიხსენეთ მეორე დღის ვიზიტი და ეგრეთ წოდებული სასახლის მფლობელთა ერთგვარი შებოჭილობა, მათი შიში, როდესაც გრაფმა მოულოდნელად აკლდამაში ჩასვლა მოინდომა, სადაც, ალბათ, სამივე გვამი იყო. ნოტარიუსმაც კი რაღაც იგრძნო. თუმცა ეს გოგონა... ალბათ სულაც არ იყო ისეთი არსება, ამგვარი რამისთვის მზადმყოფი. ჩანს, ის აიძულეს, ეს როლი ეთამაშა და იმ დროისთვის გრაფის შეყვარებაც მოასწრო... ალბათ, საკმაოდ მომხიბვლელი მამაკაცი იყო.

– რასაკვირველია, როგორც ყველა მიუზიაკი!

– ნუ მაწყვეტინებთ, თორემ ჩემი მსჯელობების ძაფს დავკარგავ. გრაფმა ამცნო, რომ სასახლის გადაწყობას აპირებდა, აუზის ამოშრობას, პარკის კეთილმოწყობას. ამგვარად, ჩნდებოდა საშიშროება, რომ ყველა კუთხე-კუნჭული გადაითხრებოდა. იმის შესახებ, რომ გვამები სასახლისა და პარკის ტერიტორიაზე დაეტოვებინათ, ლაპარაკიც აღარ შეიძლებოდა. აუცილებელი იყო მათი წაღება და სადმე, მიუზიაკისგან შორს დამარხვა. ამგვარად, იმავე საღამოს ჩატვირთეს გვამები ლანდოში, მეეტლე კი კოფოზე შემოჯდა. საუბედუროდ, იქაც გამოჩნდა თქვენი წინაპარი და კარეტის კარი გამოაღო. ანტუანს სხვა გზა არ დარჩენოდა, იძულებული გახდა, გრაფი კარეტაში შეეგდო და... დანარჩენი თქვენც იცით. გრაფმა გონება დაკარგა. ანტუანმა ლანდო თანამზრახველებთან შეხვედრის ადგილას წაიყვანა. რა უნდა ექნათ? მოეკლათ გრაფი? მეეტლე და ყალბი ცოლ-ქმარი ერბოები, ალბათ, ასეც მოიქცეოდნენ, მარტონი რომ ყოფილიყვნენ. მაგრამ კლერი შეეწინააღმდეგა ამ გეგმას. ის ხომ უკვე ორელიენზე იყო შეყვარებული. მის გვერდით დარჩა, თავისი საოცნებო რომანი რომ ბოლომდე მიეყვანა. მაგრამ მისი განცდები წარმოიდგინეთ, როდესაც გრაფინია დე მიუზიაკი გახდა და ისევ აღმოჩნდა სასახლეში. გამუდმებით შიში თრგუნავდა, შეიძლება, სინდისიც ქენჯნიდა. არ იყო დარწმუნებული, რომ გამოცდას გაუძლებდა... გაიხსენეთ თუნდაც დოკუმენტებთან დაკავშირებული ეპიზოდი. იქ შესანიშნავად ჩანს, რომ კლერი არ იცნობს სასახლეს, რომელშიც არც არასდროს უცხოვრია.

– ვაღიარებ, ამ ყოველივემ ძალიან ამაღელვა. თქვენ მართლაც შეგიძლიათ ახსნა. მოდი, ცოტა გავიაროთ.

ალენი ელიანს წამოდგომაში დაეხმარა. ბინდი იასამნისფერი შუქით ფარავდა სასახლის ნანგრევებს, ტბორში კი ბაყაყები ყიყინებდნენ. ჩამონგრეული კედლების გასწვრივ ჩაიარეს. ბუჩქებს გამოზრდილი ტოტები ფანჯარაში შეეჩხირათ. მათ თავზე რამდენიმე ღამურა დაფრინავდა. ისინი ყურადღებით უყურებდნენ ნანგრევებს, სადაც სასტუმრო ოთახის ნაშთი ჩანდა. უცებ რაღაც ყრუ ხმები შემოესმათ, ნაბიჯების ხმის მსგავსი, ეზოს მეორე ბოლოდან.

– რა არის ეს? – ჩაიჩურჩულა ელიანმა.

– ალბათ, ცხენია, – უპასუხა ალენმა. მოულოდნელად ის მათ წინაშე წარდგა: შავი, თავაწეული, ძლიერი და მარტოსული, აყვავილებული მინდვრის შუაში... ცხენი ჩაფიქრებული აკვირდებოდა მათ შორიდან. მერე გზა განაგრძო, ჯერ ჩორთით წავიდა, ცოტა ხანში კი მისი ფლოქვების რიტმული ხმა გაისმა მიწაზე. და მალე თვალსაც მიეფარა..

– დროა, დავბრუნდეთ, – თქვა ელიანმა.

მათ მიერ გაშლილ კარავს გადახედეს და სასწრაფოდ შეუდგნენ ბარგის ჩალაგებას.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი