რომანი და დეტექტივი

მისია

№1

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 14.01, 2023 წელი

მისია
დაკოპირებულია

– გისმენთ, ბატონო კოტე, – უთხრა კოტე გორდელაძეს ოცდაათიოდე წლის ახალგაზრდამ, რომელიც დაძახებისთანავე შევიდა კაბინეტში და მაგიდასთან შედგა.

– პალიკო, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. პატრონს ჯერ არ დასჭირდები და თავისუფალი დრო გაქვს. ნახევარ საათში ჩემი ძმა უნდა ჩამოფრინდეს სტამბოლიდან და დახვდი. მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. ჩაიწერე მისი მობილურის ნომერი და რომ მიხვალ, დაურეკე. აი, ჩემი „ჯიპის“ გასაღები და სახლში მიიყვანე, – უთხრა კოტე გორდელაძემ პავლე კახიანს. შემდეგ მანქანის გასაღები მისცა და კაბინეტიდან გაისტუმრა.

პალიკო კახიანი ვალიკო ბუთხუზის პირადი მძღოლი იყო. ვალიკო ბუთხუზი კი – ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, მეტსახელად „გოჭო“, მაგრამ ეს წარსულში იყო. ორმოცდაათს მიტანებული „გოჭო“ გაბიზნესმენდა. რესპექტაბელური გახდა. საჭირო ნაცნობობის ფართო ქსელი გააბა. ყველგან ყოფდა ცხვირს. ცოტ-ცოტას მეცენატობდა – ცნობილი მწერლების წიგნებს ბეჭდავდა, უფულო რეჟისორებს ფილმებს უფინანსებდა, ნიჭიერ ახალგაზრდებს საზღვარგარეთ აგზავნიდა სასწავლებლად. არც პოლიტიკოსები ავიწყდებოდა და „გრევებს“ მათაც უკეთებდა. ერთი სიტყვით, „მაყუთს“ ხარჯავდა, მაგრამ ქურდულ „ობშჩიაკში“ ერთი ცენტიც არ შეჰქონდა და ყოფილი ძმები ძალიან განაწყენებული ჰყავდა. ოფიციალურად „გოჭო“ ისევ „კანონიერი ქურდის“ სტატუსს ატარებდა და ეს წოდება მისთვის არავის აუყრია. რამდენიმეჯერ ქურდებმა „სხოდკაზე“ დაიბარეს „გოჭო“, მაგრამ არამც თუ მივიდა, არანაირი პასუხი არ გასცა მათ. ვალიკო ბუთხუზმა შესანიშნავად იცოდა, რომ პირველივე ქურდულ „სხოდკაზე“ მას არაქურდად დატოვებდნენ, ყურებსა და კეფაში წაარტყამ-წამოარტყამდნენ, პანღურსაც უთავაზებდნენ და შესაძლოა, უარესიც ექნათ. ამიტომ, „გოჭო“ მსგავსი კონტაქტებისგან შორს იდგა. ხოლო ზედმეტად რომ არავის შეეწუხებინა, დაცვის სამსახური დაიქირავა, მათთვის ფულს არ იშურებდა და საიმედოდ იყო დაცული. სწორედ „გოჭოს“ უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო კოტე გორდელაძე. ის „პატრონის“ თანატოლი, 50 წელს მიღწეული, ყოფილი სპეცრაზმელი და უშიშროების თანამშრომელი იყო. ფიზიკურად კარგად მომზადებულს გონებაც საკმაოდ უჭრიდა. რაც მთავარია, კოტე გორდელაძეს უამრავი ნაცნობი ჰყავდა პოსტსაბჭოური ქვეყნების როგორც სერიოზულ კრიმინალურ წრეებში, ასევე ძალოვან სტრუქტურებში. კოტე მათგან საჭირო ინფორმაციებს იღებდა, რაც უადვილებდა „გოჭოს“ დაცვის ღონისძიებებს. სწორედ ასეთი ინფორმაცია მიიღო კოტემ აეროპორტში გამგზავრებამდე. ამიტომ გაგზავნა ძმის, ვაჟას დასახვედრად პალიკო. თავად კი ინფორმაციის შინაარსზე ფიქრობდა და კონტრზომების გეგმას ალაგებდა. ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტი, რომელიც კოტეს კომპრომატით ჰყავდა გამოჭერილი და ფულსაც უხდიდა მას, „ფეისბუქზე“ დაშიფრულად წერდა: „მოსკოვში შედგა „სხოდკა“ ვესწრებოდით ოცნი. ერთხმად გადაწყდა „გოჭოს“ „დაბრედვა“. შემსრულებელი მაღალი კლასის პროფესიონალია. ნახევარი „მაყუთი“ უკვე „გაუმაზეს“ დღედღეზე თბილისში ჩამოვა. სამწუხაროდ, მისი არც ვინაობაა ცნობილი და არც აღწერილობა. ასეთ საქმეებს აქ „პლატინა“ აგვარებს და კითხვა არ „მოსულა“. თუმცა შესაძლოა, რომ სახით და ვინაობით არც ის იცნობდეს შემსრულებელს. სულ ესაა. თუკი ახალი რამ შევიტყვე, მოგწერ“.

კოტე გორდელაძე ბოლთას სცემდა ოთახში. თანმიმდევრული, კომპლექსური ღონისძიებების გეგმას ადგენდა. ვერ გადაეწყვიტა, თუ როდის ეთქვა ეს ამბავი „გოჭოსთვის“. კარგა ხანს ორჭოფობდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ დაუყოვნებლივ უნდა მოეყოლა ყველაფერი „პატრონისთვის“ და მისი კაბინეტისკენ გაემართა.

– შემოდი, კოტიკ! – გამოსძახა „გოჭომ“ კოტეს, რომელიც დაკაკუნების მანერით იცნო.

– ბატონო ვალიკო, თქვენთან გადაუდებელი საქმე მაქვს და თუ გცალიათ? – იკითხა ოთახში შესულმა კოტე გორდელაძემ.

– დაჯექი და თქვი, რა ხდება – მიუგო კოტეს „გოჭომ“.

კოტე დაწვრილებით მოუყვა ყველაფერს „პატრონს“ და უთხრა:

– გადაუდებელი ღონისძიებების გეგმა უკვე შევადგინე და მალე განხორციელებას დავიწყებთ.

„გოჭოს“ ცინიკურად ჩაეცინა, თავი გააქნია და თქვა:

– ესე იგი, „სხოდკაზე“ ჩემი „დაბრედვა“ გადაწყვიტეს. ბოზად გამომაცხადეს. ვინ მოგაწოდა ეს ინფორმაცია, თუ საიდუმლო არ არის?

– ვასილ კოშკინმა, – თქვა კოტემ.

– ესე იგი, „კალოდამ“. თვითონ ბოზია. მასეთი ბოზები „სხოდკაზე“ ბევრნი იქნებოდნენ. მე ბოზად მაცხადებენ ეგ თვითონ ბოზები და „დაბრედვას“ მიპირებენ? არ ჩაუვათ ფეხი. მე იქით ვინადირებ მათზე, – თქვა „გოჭომ“. ცოტა ხანს გაჩუმდა და დაამატა, – რას აპირებ, კოტიკ?

კოტე გორდელაძემ მაშინვე არ უპასუხა „პატრონს“, თითქოს ფიქრობსო, მერე კი უთხრა:

– პირველ რიგში, დაცვის ხაზს გავაძლიერებ. პერიმეტრს გავზრდი. თქვენ კი მაქსიმალურად უნდა შეზღუდოთ გადაადგილება. უშიშროებაში ჩემს ახლობლებს დავუკავშირდები და ვთხოვ, ინფორმაცია მომაწოდონ ყველა ჩამოსულ საეჭვო პირზე. მათ სპეციალური კარტოთეკა აქვთ და იქნებ ჩავავლოთ ვინმეს. მთავარი კი, ჩემი აზრით, „პლატინას“ დათრევა და ალაპარაკებაა. თუმცა, ეს არც თუ ისე იოლი საქმეა. მან შეიძლება, მართლაც არ იცოდეს შემსრულებლის ვინაობა. თუმცა, „პლატინა“ ყველა შემთხვევაში უნდა გაქრეს. ძალიან სუფთად გასაკეთებელი საქმეა. პროფესიონალები გვჭირდება, თანაც სასწრაფოდ.

– იმოქმედე, კოტიკ და ფულს არ დავზოგავ. რამდენიც საჭირო იქნება, იმდენს მოგცემ. შენ მხოლოდ ამ ბოზების განადგურებაში დამეხმარე, – ზიზღნარევი ხმით თქვა ვალიკო ბუთხუზმა და დაამატა, – ფული კი არ მენანება. ორჯერ მეტს გამოვალ, რასაც მთხოვენ, მაგრამ ამ ვირთხებს რატომ ვაძლიო? შენ გგონია, მართლა ლაგერებსა და ციხეებში გზავნიან და პატიოსან ხალხს ეხმარებიან? წამითაც არ დაიჯერო ეს. წამალსა და სიმდიდრის დაგროვებაში, გულაობაში ხარჯავენ „ობშჩიაკს“ და ერთ ცენტსაც კი არ მივცემ. „გოჭო“ რატომ შემარქვეს, თუ იცი?

– არ ვიცი, – მიუგო კოტემ.

– იმიტომ, ძმაო, რომ ბავშვობიდანვე ვიცოდი კაპიკის ფასი და ვუფრთხილდებოდი. ტყუილად არ ვფანტავდი. „ობშჩიაკისთვის“ კი არასოდეს დამნანებია და პატიოსნად შემქონდა მანამდე, სანამ ეს „კრისები“ ახლოს არ გავიცანი. გაიგე ახლა? – იკითხა ბუთხუზმა.

– დიახ, – მიუგო კოტემ.

„გოჭო“ სავარძლიდან წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა და თქვა:

– მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია. არ მეშინია. უბრალოდ, სიფრთხილეს თავი არ სტკივა. ამ ბოზების ჯინაზე ას წელს ვიცოცხლებ და ყველას საიქიოში გავისტუმრებ. დალევის მუღამზე მოვედი. ნათიას უთხარი, მაგარი სუფრა გაშალოს სათათბიროში. სახლში ნაღდი „ოჯალეში“ მაქვს და პალიკოს უთხარი, რომ წავიდეს და მოიტანოს.

– პალიკოს აეროპორტში წასვლა ვთხოვე და ვინმე სხვას გავგზავნი, – მორიდებით თქვა კოტემ.

– გაგზავნე, – თქვა „გოჭომ“ და იკითხა, – აეროპორტში რა უნდა?

– ჩემი ძმა ჩამოფრინდა სტამბოლიდან და დახვედრა ვთხოვე. მე უნდა წავსულიყავი, მაგრამ ეს ამბავი რომ შევიტყვე, პალიკო გავგზავნე.

– ჰოდა, ძალიან კარგი. პალიკოს დაურეკე და უთხარი, რომ შენი ძმა აქ მოიყვანოს. გავიცნობ, თან, კარგადაც ვაქეიფებ, – თქვა „გოჭომ“.

– იქნებ არ ღირდეს? – ჩუმად თქვა კოტემ.

– ღირს, კოტიკ, ღირს. კაი ხალხთან ქეიფს რა სჯობია. დაურეკე, რომ მოიყვანოს! – თქვა „გოჭომ“.

კოტე გორდელაძემ ჯერ პალიკოს დაურეკა და „გოჭოს“ სიტყვები გადასცა, შემდეგ ერთ-ერთ ხელქვეითს „ოჯალეშის“ მოტანა დაავალა. მცველებს სიფრთხილისკენ მოუწოდა. თავის კაბინეტში დაბრუნდა და ფიქრებს მიეცა...

***

ვაჟა გორდელაძე თავის უფროს ძმაზე 20 წლით უმცროსი იყო. კოტესგან განსხვავებით, 29 წლის ვაჟა მხიარული და ქარაფშუტაც კი ჩანდა. ერთ ადგილზე გაჩერება უჭირდა და მუდმივ მოძრაობაში იყო. კოტესგან განსხვავებით, ცოლ-შვილი მას არ აწუხებდა და საითაც ქარი გადააგდებდა, იქ ამოყოფდა ხოლმე თავს. ვაჟა პროფესიით თარჯიმანი იყო და რამდენიმე ენას სრულფასოვნად ფლობდა. მუდმივი სამუშაო არ ჰქონდა, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის გამო კარგად უხდიდნენ და ახალი საქმის გამოჩენამდე ყოფნიდა. ძირითადად, დიპლომატებთან უწევდა მუშაობა და ასე ხშირად ამიტომაც მოგზაურობდა ევროპაში. პალიკომ რომ „გოჭოს“ სიტყვები გადასცა, ვაჟას გამეორება არ დასჭირვებია და მოწვევას უმალვე დათანხმდა. მეფური ვახშმითა და საუკეთესო „ოჯალეშით“ დიდებულად მოილხინა „გოჭოსთან“ ერთად. გიტარაზეც დაუკრა, იმღერა, ანეკდოტები მოყვა და ვალიკო ბუთხუზზე შესანიშნავი შთაბეჭდილება მოახდინა; გამომშვიდობებისას „გოჭომ“ ისიც უთხრა, – ხშირად გამოიარეო. ვაჟა სახლში პალიკომ წაიყვანა. „გოჭო“ ოფისში დარჩა. კოტემ კი ყველაფერი საგულდაგულოდ შეამოწმა. მცველები პირადად განალაგა ადგილებზე, დავალებები მისცა და შემდეგ კაბინეტში დაბრუნდა, სადაც მას ძველი კოლეგა და მეგობარი ბადრი ჟორჟიკაშვილი ელოდებოდა. ის, ეგრეთ წოდებული, „ნაიომნიკი“ იყო. ანუ, გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ სხვადასხვა დავალებას ასრულებდა. მას თავისი ჯგუფი ჰყავდა და საქმის სირთულიდან გამომდინარე, წყვეტდა, მარტო ემუშავა თუ სხვებთან ერთად. დავალებები სხვადასხვა ხასიათის იყო – თვალთვალი, გატაცება, ლიკვიდაციაც კი. ერთი სიტყვით, „ჟორჟიკა“ და მისი ჯგუფი „მაყუთის“ გამო ყველაფერზე ხელს მოაწერდნენ. კოტე კაბინეტში შევიდა, სავარძელში მოკალათდა და სტუმარს უთხრა:

– ერთი ძალიან დელიკატური საქმეა და სუფთად უნდა გაკეთდეს. მოსკოვში იქნებით წასასვლელი და არ უნდა გაიშიფროთ.

– როდესმე გავშიფრულვარ ან სუფთად არ გამიკეთებია საქმე? – წყენით მიუგო „ჟორჟიკამ“ კოტეს.

– ბაზარი არაა, – ხელები გაშალა კოტემ და დააყოლა, – ერთი ქურდია მოსკოვში, სახელად „პლატინა“. უნდა დაითრიოთ; დააკაჩავოთ და ინფორმაცია ამოაძროთ. გამორიცხული არაა, რომ მას ეს ინფორმაცია არც ჰქონდას, ამას თვითონ მიხვდები. ბოლოს კი ყველა შემთხვევაში უნდა გაარასხოდო ისე, რომ მისი კვალი არსად დარჩეს.

– გასაგებია. გავაკეთებთ. როდის უნდა გავემგზავროთ? – იკითხა ბადრი ჟორჟიკაშვილმა.

– მაქსიმუმ, ზეგ და რაც შეიძლება მალე მჭირდება პასუხი, – უთხრა კოტემ „ჟორჟიკას“.

– ხვალვე გავემგზავრებით და ყველაფერს ხუთიანზე ვიზამთ. თუ მეტი არაფერია, წავედი. ბიჭები უნდა ვნახო. მოვეთათბირო და ყველაფერი დავალაგოთ, – თქვა „ჟორჟიკამ“ და წამოდგა.

კოტემ მას ასდოლარიანების ორი დასტა მისცა და უთხრა:

– აქ ოცი ნაჭერია და საქმეზე გეყოფათ. კონტრაქტის თანხას კი ბოლოს მიიღებთ. აბა, თქვენ იცით.

„ჟორჟიკა“ რომ გაისტუმრა, კოტემ კიდევ ერთხელ შეამოწმა ყველაფერი და რომ დარწმუნდა, სახიფათო არაფერი იყო, კაბინეტში დაბრუნდა. სავარძელში მოკალათდა და ჩათვლიმა. მას უკვე 48 საათის განმავლობაში თვალი არ მოეხუჭა და დასვენება სჭირდებოდა.

***

თბილისში გამოგზავნილი ქილერი კომპიუტერს მიუჯდა, ჩართო და ჯერ ანტონ პავლოვი ჩაწერა, რადგან ამ ვინაობით იყო დარეგისტრირებული „ფეისბუქში“, შემდეგ კი პაროლი – სუდოპლატოვი. ქილერი „სტალინის ტერმინატორად“ წოდებული, ლიკვიდატორი გენერლის, პავლე სუდოპლატოვის ფანი იყო და ეს პაროლიც ამიტომ შეარჩია. ფოსტაში დაშიფრული წერილი დახვდა, რომელიც ასე იკითხებოდა: „როგორაა საქმე, კვალზე გახვედი?“ ქილერმა ასევე დაშიფრულად მისწერა: „ვარჩევ ხელსაყრელ პოზიციას და მაქსიმუმ, ათ დღეში ყველაფერი მზად იქნება“. ქილერს „პლატინა“ წერდა. ის მას არც ვინაობით და არც გარეგნობით იცნობდა და შეკვეთებს მხოლოდ „ფეისბუქით“, დაშიფრულად აძლევდა. „პლატინა“ ქილერთან ერთმა ძველმა ქურდმა დააკავშირა, ქილერს მხოლოდ ის იცნობდა ვინაობითაც და გარეგნულადაც. ის ქურდი სამი წლის წინ გარდაიცვალა. „პლატინამ“ კი ქილერთან საქმიანი ურთიერთობა შეინარჩუნა და ქილერს ქურდების ოთხი შეკვეთა ჰქონდა შესრულებული. ურთიერთობის მექანიზმი კი ასეთი იყო: ქილერი დაშიფრული ტექსტით იღებდა შეკვეთას. შემდეგ ასევე დაშიფრული ტექსტით გზავნიდა თანხმობას და ასახელებდა შეკვეთის თანხას. აქვე ატყობინებდა საბანკო ანგარიშს ნახევარი თანხის ჩასარიცხად და ფულიც უმალვე ერიცხებოდა. ხოლო საქმის შესრულების მერე კი ქილერი ბანკის სხვა ანგარიშს ასახელებდა და თანხაც დაუყოვნებლივ ერიცხებოდა. ამ სქემაში გადაგდება გამორიცხული იყო. ქილერს შეუბღალავი რეპუტაცია ჰქონდა. შემკვეთს კი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, ორი თავი ხომ არ ჰქონდა, რომ მოუხელთებელი ქილერი გადაეგდო?

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი