რომანი და დეტექტივი

მისია

№2

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.01, 2023 წელი

მისია
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #1 (1149)

„გოჭოს“ ლიკვიდაცია ქილერისთვის ქურდებისგან მიღებული მეხუთე შეკვეთა იყო. წინა ოთხშიც ქურდები დახოცა სხვადასხვა ქვეყანაში. თბილისში კი პირველად უწევდა შეკვეთის განხორციელება და ადგილობრივი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ფრთხილობდა. ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან გამოცდილმა ქილერმა კარგად იცოდა სპეცსამსახურების მუშაობის მეთოდები. ისიც უწყოდა, რომ ყველა ჩამოსულს ფარულად ამოწმებდნენ კარტოთეკებში და თბილისს ისე „სუფთად“ ეწვია, რომ ყველაზე ეჭვიანი მაძებარიც კი ვერ აიღებდა მასზე ეჭვს. ამიტომ თავისი შეკვეთის შესრულებას ფრთხილად, მაგრამ თამამად შეუდგა.

სანამ ქილერი „გოჭოს“ მოსახელთებელ საშუალებებს ეძებდა, კოტე გორდელაძე ქილერის ძებნა-გაშიფვრით იყო დაკავებული. უშიშროებიდან მიღებულმა ინფორმაციებმა ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. „ჟორჟიკამ“ და მისმა ბიჭებმა მართალია, „პლატინა“ დაითრიეს და მაგრად „დააკაჩავეს“, მაგრამ მან ქილერის არც ვინაობა იცოდა, არც გარეგნობა. რომ მიხვდნენ, არაფერი გამოდიოდა, კანონიერი ქურდი პოდმოსკოვიეს ერთ-ერთ ტყეში წაიყვანეს, ტყვია პირდაპირ შუბლში ესროლეს და ღრმად ჩამარხეს მიწაში. ამ წარუმატებლობებმა კოტე გორდელაძე, ცოტა არ იყოს, დაძაბა. მას ისღა დარჩენოდა, რომ პირველ რიგში, „გოჭოს“ დაცვა უფრო მეტად გაეძლიერებინა და მისი გადაადგილება კი უფრო მეტად შეეზღუდა. მერე კი ქილერის გამოჩენას უნდა დალოდებოდა, რადგან თუკი ის „გოჭოს“ ვერსად მოიხელთებდა, მაშინ იძულებული გახდებოდა, რომ ან სახლში, ან ოფისში სწვეოდა მას. ორივე ადგილზე კი კოტეს ხაფანგები ჰქონდა მოწყობილი, რომლებშიც ქილერი აუცილებლად გაებმებოდა. კოტეს აზრით, ქილერის სახლში გამოჩენა ნაკლებად სავარაუდო იყო. ის ფიქრობდა რომ მკვლელი ოფისში მოვიდოდა. „გოჭოს“ ოფისი კი სამსართულიანი ბიზნესცენტრი იყო. მართალია, იქ დღის განმავლობაში საკმაო რაოდენობის ხალხი მიდიოდა, მაგრამ თითოეული მათგანი საგულდაგულოდ მოწმდებოდა და კონტროლდებოდა. ხოლო ვალიკო ბუთხუზთან მოხვედრა სპეცგამცილებლის გარეშე შეუძლებელი იყო. „გოჭოს“ მთელი მესამე სართული ეკავა, სწორედ, იქ იყო განთავსებული მისი კაბინეტი, აპარტამენტები და სათათბირო ოთახი. ყველა შუშა ბოლო მოდელის დაჯავშნილი ნივთიერებისგან იყო დამზადებული, მას ვერც ტყვია ერეოდა და ვერც ყუმბარმტყორცნი. ასე რომ, გარედან ვერც ვიზუალურად ნახავდით ვალიკო ბუთხუზს და ვერც იარაღით მიუდგებოდით. გაძლიერებული დაცვა კი 24 საათის განმავლობაში აკონტროლებდა საკმაოდ დიდ პერიმეტრს და დაცულ ზონაში კოღოც კი ვერ შეაღწევდა. ასეთი ატმოსფერო კოტე გორდელაძემ ქილერის შესახებ მიღებული ინფორმაციის მეორე დღესვე შექმნა და „გოჭოს“ ყველა დეტალი გააცნო. ბუთხუზმა კი მას უთხრა:

– გამოდის, რომ ფეხი არსად უნდა მოვიცვალო, კოტიკ, ხომ?

– დიახ. ასე ჯობია, ბატონო ვალიკო. ყველაფერი მზად გვაქვს. მის დასახვედრად, როგორც თქვენს სახლში, ასევე აქ. რომ ვერსად მოგიხელთებთ, იძულებული გახდება, მოგაკითხოთ და სწორედ მაშინ ჩავავლებთ, – მიუგო კოტემ.

– „პლატინასთან“ დაკავშირებით რა სიახლეა? – დაინტერესდა „გოჭო“.

– არაფერი იცოდა და ბიჭებმა ის გააქრეს, – უპასუხა კოტემ.

– ფული ხომ გადაუხადეთ? – იკითხა ბუხუზმა.

– დიახ. გადავუხადეთ. მართალია, ვერაფერი შევიტყვეთ, მაგრამ ასეთია წესი, – მორიდებით თქვა კოტემ.

– ეგ არაფერი. ფული საქმისთვის არ მენანება. მთავარია, ყველაფერი კარგად იყოს, – თქვა „გოჭომ“ და დააყოლა, – „პლატინას“ ქურდები ძებნას დაუწყებენ.

– ეძებენ უკვე. „კალოდამ“ მომწერა, ერთი ამბავია ატეხილი. „პლატინა“ გაუჩინარდა, ყველგან ეძებენ და შენ ხომ არ გააქრეო, – თქვა კოტემ.

– შენ რა უპასუხე? – იკითხა ბუთხუზმა.

– რა და ყველამ თავის საქმეს მიხედოს. „პლატინასთან“ რა მესაქმება-მეთქი, – მიუგო კოტემ.

– მაგარი ჩათლახი ვინმეა ეგ ვასკა კოშკინი. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, თუ ნასედკა იყო. მაინც, რითი გყავს გამოჭერილი, თუ საიდუმლო არაა? – ჰკითხა „გოჭომ“.

კოტეს ჩაეცინა და მიუგო:

– „პლატინას“ ცოლს ჟიმავდა და ამის ვიდეოკადრები მაქვს. ერთ-ერთ ხატაზე გადავუღე პირადად მე, როდესაც მოსკოვში ვმუშაობდი.

– რა გნიდაა, – თავი გააქნია „გოჭომ“ და დაამატა, – ახლა იმ ბოზებს ხელ-ფეხი გაეხსნათ. „პლატინა“ დაბრედილია და ხელს ვერ შეუშლის.

– ჰო, მასეა, – თავი დააქნია კოტემ, შემდეგ წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა.

***

შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო. ქილერმა სწრაფად აიარა ვერის აღმართი და ერთ-ერთი იტალიური ეზოს წინ გაჩერდა. ჯერ იქაურობა დაათვალიერა და საეჭვო რომ ვერაფერი შეამჩნია, პირველ სართულზე მდებარე ოროთახიან ბინაში შევიდა, რომლის კარიც საკეტით არ იყო ჩაკეტილი. ბინაში სიჩუმე იდგა, რასაც მხოლოდ წყვეტილი ხვრინვა არღვევდა. ქილერი საძინებელში შევიდა. მხვრინავ მოხუც მამაკაცს დახედა, შემდეგ ბალიში სახეზე დააფარა და დაელოდა, მძინარემ სული განუტევა. ქილერი კი ფრთხილად გამოვიდა ბინიდან. ეზო სწრაფად გაიარა და ვერის დაღმართზე დაეშვა.

ქილერის მსხვერპლი 84 წლის დიმიტრი ლაღიძე იყო. უხუცესი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „დუშკა“. მეზობლები მას დროგამოშვებით აკითხეავდნენ. საჭმელსა და წამალს აძლევდნენ და სწორედ მეზობელმა ქალმა აღმოაჩინა მისი გაცივებული სხეული დილით. უხუცესი ქურდის სიკვდილის მიზეზად ექიმმა გულის გაჩერება დაასახელა და გარდაცვალების ცნობაც ამ დიაგნოზით გაიცა. „დუშკა“ იყო ერთადერთი იმ კანონიერ ქურდთაგან, ვისაც „გოჭო“ გულწრფელად სცემდა პატივს. დიმიტრი ლაღიძე პატრონობდა ჯერ კიდევ ნორჩ ვალიკო ბუთხუზს, რომელიც კრიმინალის გზაზე ახალი შემდგარი იყო და „დუშკამ“ გააკვლევინა გზა. ერთადერთი ადამიანი იყო დიმიტრი ლაღიძე, რომელმაც ურჩია ვალიკოს, რომ ქურდი არ გამხდარიყო და სხვა გზა აერჩია.

– ქურდობა ტანჯვა-წამებაა, შვილო და შხამიანი ეკლებით მოფენილ გზაზე მოგიწევს სიარული. გირჩევ, გადაიფიქრო და სწავლა-განათლებას მოჰკიდო ხელი. დამიჯერე, – ასე დამოძღვრა „დუშკამ“ რუსთავის კოლონიაში გამწესებული 19 წლის ვალიკო ბუთხუზი, რომელიც 4-წლიან „სროკზე“ ბინის ქურდობისთვის გაუშვეს.

– დიმა ბიძია, სწავლა-განათლება რომ მინდა, სწორედ ამიტომ ვარ ახლა მე აქ, – უპასუხა „დუშკას“ ვალიკომ.

– ვერ გავიგე. აბა, ერთი კარგად ამიხსენი, – ტონი გაამკაცრა „დუშკამ“, რადგან ახალგაზრდა პატიმრის ტრაფარეტული, დაზუთხული ფრაზა არ მოეწონა.

– ლაგერში იმიტომ მოვხვდი, რომ ქურდული სწავლა-განათლება მივიღო, ქურდულ გაგებას კარგად ჩავწვდე, ქურდულ გზაზე ვიარო. ქურდული გზა კაცური გზაა. ქურდული კაცურია და კაცურად მინდა ვიცხოვრო, – ჩააბულბულა მომავალმა „გოჭომ“.

– მოკლედ ასე, ჯიგარო: შენ ისე გაქვს თავი გამოტენილი ამ ნაგვით, რომ ვატყობ, ასე იოლად ვერ გაგაგებინებ, ამიტომ ყურადღებით მომისმინე, მე შენ ქურდობას არ გირჩევ, მაგრამ იცოდე, თუკი მაინც არ დამიჯერებ, მაშინ მგლებით სავსე უღრან ტყეში მოგიწევს გავლა და თუკი სწორად ვერ გაიკვლევ გზას, მშიერი მგელი ან მგლების ხროვა შეგჭამს. გასაგებია? – თქვა „დუშკამ“.

– კი. გასაგებია, დიმა ბიძია, – უპასუხა ვალიკომ.

– რაც ახლა აქ გითხარი, არავისთან თქვა და კარგად გაიაზრე. ახლა კი წავიდეთ, – თქვა „დუშკამ“. ბიჭს ხელი გადახვია და ბარაკისკენ დაიძრნენ.

„გოჭომ“ რომ „დუშკას“ სიკვდილის ამბავი გაიგო, ძალიან ეწყინა. შემდეგ მოგონებებში ჩაეფლო და რუსთავის ზონაში მომხდარი დიალოგი გაახსენდა. მართალია, პატარა ვალიკო ბოლომდე ვერ ხვდებოდა „დუშკას“ სიტყვების აზრს, მაგრამ წლების მერე დარწმუნდა მათ სისწორეში და „დუშკა“ კიდევ უფრო მეტად დააფასა.

– გასვენება როდისაა? – ჰკითხა „გოჭომ“ კოტეს.

– შაბათს, ბატონო ვალიკო, – მიუგო კოტემ.

– აუცილებლად უნდა დავესწრო და უსაფრთხოებაზე შენ უნდა იზრუნო, – თქვა „გოჭომ“.

კოტე დაეთანხმა ვალიკო ბუთხუზს, რადგან იცოდა, რომ ის თავის გადაწყვეტილებას აღარ შეცვლიდა და უსაფრთხოების ღონისძიებების შედგენაზე დაიწყო ფიქრი.

***

მოხუცი ქურდის დაკრძალვას ზღვა ხალხი დაესწრო. „გოჭო“, გამოსვენების წინ მივიდა. ოთახში შევიდა, მოხუცს შუბლზე ეამბორა და გასასვლელისკენ გაემართა. იქვე მდგომმა „ლიჩნიკებმა“ ვალიკო ბუთხუზი წრეში მოაქციეს და მანქანისკენ აიღეს გეზი. „გოჭო“ ისე ჰყავდათ „ამოქოლილი“ მცველებს, რომ არც კი ჩანდა, თუმცა მას ამან არ უშველა. 800 მეტრში ჩასაფრებულმა ქილერმა მიზანში ამოიღო, ტყვია შიგ შუბლში დააჭედა და ადგილზევე მოკლა. შემდეგ სნაიპერული შაშხანა იქვე დააგდო, მრავალსართულიანი შენობის სახურავი სწრაფად დატოვა და ჯერ ფეხით გააკეთა მანევრი, შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და სახლისკენ გაემართა. ბინაში რომ შევიდა, კარი გადარაზა, კომპიუტერი ჩართო და შემკვეთს საქმის შესრულება აუწყა და დანარჩენი თანხის გადასარიცხი საბანკო ანგარიში გაუგზავნა. ამ პროცედურებს რომ მორჩა, ტელეფონს დასწვდა და დარეკა. რამდენიმე ზარის მერე, ადრესატმა უპასუხა:

–„ჩეპე“ მაქვს და არ მცალია, ვაჟიკო, მე თვითონ გადმოგირეკავ.

– კარგი, კოტე, – მიუგო ვაჟამ ძმას და ტელეფონი გათიშა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი