რომანი და დეტექტივი

ქურდი მინისტრი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 11.07, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჯერემი სტეისი

– სულ უბრალო საქმეა და, რაღა თქმა უნდა, თავადაც კარგად მოვუვლით, მაგრამ იქნებ დაინტერესდეთ. მეტისმეტად უცნაური საქმე კია, – დაიწყო პოლიციის პრეფექტმა.

– უბრალო და უცნაური?! – გაიკვირვა გადამდგარმა დეტექტივმა დიუპონმა.

– დიახ... მართალი თუ გინდათ, ყველა გაოგნებული ვართ, ასეთი მარტივი საქმეა და თავგზა კი აგვიბნია. გიამბობთ, – თქვა პრეფექტმა, კარგა ღრმა ნაფაზი დაარტყა და სავარძელში მოხერხებულად ჩაჯდა. – ფრიად მაღალი წრეებიდან მაცნობეს, რომ სამეფო პალატში დაიკარგა უდიდესი მნიშვნელობის საბუთი. ქურდი ცნობილია – ხელმრუდობის დროს დაუნახავთ, ისიც ცნობილია, რომ საბუთი კვლავ მის ხელთაა.

– საიდან იცით? – ჰკითხა დიუპონმა.

– ეს საბუთი განსაკუთრებული შინაარსისაა, – მიუგო პრეფექტმა, – ქურდობას ჯერჯერობით ცუდი შედეგი არ მოჰყოლია და არც არაფერი იქნება მანამ, ვიდრე ქურდი ნაპარავისგან ხელს არ დაიცლის ან, უფრო სწორად, დასახული მიზნისთვის არ გამოიყენებს. საუბედუროდ, ამ შედეგს სულ მალე ვიხილავთ.

– ცოტა უფრო ნათლად გვიამბეთ, – ვთხოვე პრეფექტს.

– პირდაპირ გეტყვით: ეს საბუთი მის მფლობელს გარკვეულ ძალას ანიჭებს გარკვეულ საქმეში, სადაც ამ ძალის მნიშვნელობა დიდია, – დიპლომატიური გამოთქმები უყვარდა პრეფექტს. თუ ამ საბუთს გადასცემენ მესამე პირს, ვისი სახელიც, გთხოვთ, არ მკითხოთ, მაშინ მეტად წარჩინებული პიროვნების ღირსება შეილახება და უსათუოდ დამატოვებინებენ სამსახურს. საქმე ისაა, რომ ეს საბუთი განსაკუთრებული შინაარსისაა. ჰო, კიდევ... ქურდი მინისტრია.

– ქურდმა იცის, რომ დაზარალებულმაც იცის, ვინ არის ქურდი? – შეიჭმუხნა დიუპონი.

– დიახ. და უკვე რამდენიმე თვეა, ქურდი ბოროტად იყენებს ამ ძალაუფლებას ფრიად საშიში პოლიტიკური მიზნებისთვის. დაზარალებული ქალი დღითი დღე რწმუნდება, რომ წერილი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს.

– გაჩხრიკეთ მინისტრის სახლი, როცა ის შინ არ იქნება.

– თქვენ კარგად იცით, რომ გასაღების მთელი დასტა მაქვს და პარიზში ყველა ოთახის თუ კარადის გაღება შემიძლია. სამი თვე თითქმის ყოველღამე ვჩხრეკდი მის სახლს. ჩემი ღირსება აქ სასწორზეა დადებული. კუთხე და კუნჭული არ დამიტოვებია მოუჩხრეკავი. ყველგან ვნახე, სადაც კი წერილის დამალვა შეიძლებოდა. არ არის.

– იქნებ მინისტრმა წერილი სხვაგან შეინახა? – შეეკითხა დუპონი, - ცხადია, მინისტრს წერილი თან არ დააქვს.

– ვითომ გაძარცვის მიზნით ორჯერ ჩავუსაფრე ხალხი, თავით ფეხამდე გაჩხრიკეს ჩემი მეთვალყურეობით. მთელ ავეჯს ხომ ვერ დავშლით სამალავის მოსაძებნად. ხომ შეიძლება საქსოვი ჩხირივით წვრილად დაეხვიათ წერილი და ასე დაემალათ, ვთქვათ, სავარძლის ფეხში. მთელი ავეჯი გამადიდებელი შუშით მოვჩხრიკეთ. სულ მცირეოდენ ნაკვალევსაც კი შევამჩნევდით. პატარა ნაკაწრიც კი მომსხო ჯოხის ოდენად გამოჩნდებოდა. ხელის თითების პატარა ანაბეჭდიც კი ვერსად შევნიშნეთ.

დიუპონი ჩაფიქრებული უსმენდა.

– რაღა თქმა უნდა, ქაღალდებიც მოიძიეთ, ბიბლიოთეკაშიც შეიხედავდით...

– დიახ, ყველა საქაღალდე გავხსენით, წიგნები ზერელედ კი არა, ფურცელ-ფურცელ ვნახეთ. ასევე, შევამოწმეთ ყოველი წიგნის გარეკანის სისქე და მერე ლუპით გავსინჯეთ. საეჭვო რამეს უთუოდ შევამჩნევდით.

– ერთი კვირის მერე მობრძანდით, – უთხრა ცოტა ხნის ფიქრის შემდეგ დიუპონმა.

ერთი კვირის შემდეგ დიუპონი მშვენიერ გუნებაზე დაუხვდა პრეფექტს.

– როგორ ბრძანეთ, გასამრჯელო რამდენიაო? – ჰკითხა ღიმილით.

– ძალიან დიდი, მეტისმეტად დიდიც. ვინც წერილს მაპოვნინებს, იმას, ჩემდათავად, ორმოცდაათ ათას ფრანკს მივცემ. საქმე ისაა, რომ ეს წერილი დღითიდღე მნიშვნელოვანი ხდება.

– რადგან ასეა, – თქვა დიუპონმა, უჯრა გამოაღო და თავისი ჩეკის წიგნაკი ამოიღო, – შეავსეთ მაგ თანხაზე ჩეკი, ხელი მოაწერეთ და თქვენი იყოს ის წერილი.

პრეფექტი მეხნაკრავივით იჯდა. მერე გონს მოვიდა, კალამს ეცა, როგორც იყო, ორმოცდაათი ათას ფრანკზე შეავსო ჩეკი და ხელიც მოაწერა. მასპინძელმა გააღო მაგიდის საწერი მოწყობილობის ყუთი, წერილი ამოიღო და პრეფექტს უჩვენა. სიხარულით აღფრთოვანებულმა პრეფექტმა წერილი გამოსტაცა, ხელის კანკალით გახსნა, ნაჩქარევად გადაათვალიერა და დიუპონს მუდარით შეხედა..

– მითხარით ჯადოქარი ხართ? სად იპოვეთ?

– წერილი ხომ ისე არ იყო დამალული, როგორც თქვენ ეძებდით – ლუპით გასინჯვა, მთელი შენობის კვადრატებად დაყოფა და დანომვრა – ყველაფერი ეს უკიდურესობამდე დაყვანილი ერთი სამოქმედო წესია. თუ დამნაშავე ჭკუით გჯობნით, მაშინ, რაღა თქმა უნდა, დამარცხება არ აგცდებათ. სულ ასეა ხოლმე, როცა ბოროტმოქმედი პოლიციელზე უფრო ჭკვიანია ან უფრო სულელი. ჰოდა, მისი უნარისა და მისი გარემო პირობების გათვალისწინებით ვიმოქმედე. ისიც ვიცოდი, სასახლის გაბედული ინტრიგანი გახლავთ, ასეთ კაცს კი პოლიციის ჩვეულებრივი ხერხები მშვენივრად ეცოდინებოდა. ვფიქრობ, იმასაც მიხვდა, რომ სახლს მალულად გაუჩხრეკდნენ.

ყოველივე ამან მიმახვედრა, მინისტრი სრულიად მარტივ გზას მიმართავს და წერილის დასამალად თავს სულაც არ შეიწუხებს-მეთქი. ამგვარად განწყობილმა ერთ მშვენიერ დილას მოვირგე მწვანე სათვალე და ვითომ ისე, შემთხვევით ვეწვიე მინისტრს. შინ დამხვდა, წარამარა ამთქნარებდა, სრულიად უსაქმური კაცის სახე მიეღო და თითქოს შეწუხებულიც ჩანდა. მეც არ ჩამოვრჩი და თავადაც შევჩივლე, თვალები მტკივა და სათვალე დამჭირდა-მეთქი. თანაც სათვალიდან ამასობაში ყურადღებითა და წვრილად მოვათვალიერე მთელი ოთახი, თუმცა ჩანდა, თითქოს ჩემს მასპინძელთან საუბრით ვიყავი გართული. განსაკუთრებული გულისყურით შევათვალიერე დიდი საწერი მაგიდა. მაგიდაზე აუარება წერილი და სხვა ქაღალდი ეყარა, რამდენიმე მუსიკალური საკრავი და წიგნიც იდო. იფიქრებდით, რომ მინისტრი ქვეყნის თვალწინ დადებდა წერილს?! ბოლოს, თვალი რამდენიმეჯერ რომ მოვავლე ოთახს, დავინახე, ბუხრის თაროს ქვემოთ, პატარა ბრინჯაოს კოპზე ცისფერი, ჭუჭყიანი ზონრით ეკიდა მუყაოს ჩანთა-საქაღალდე. ამ ჩანთას ოთხი განყოფილება ჰქონდა და შიგ ხუთი-ექვსი სავიზიტო ბარათი და ერთი წერილი იდო, დასვრილ-დაჭმუჭნილი და შუაში ორ ადგილას განახევი, თითქოსდა ამ გამოუსადეგარი წერილის ჯერ დახევა მოუნდომებიათ, მაგრამ მერე გადაუფიქრებიათო. წერილზე დიდი შავი ბეჭედი ჩანდა.

თვალი მოვკარი თუ არა ბარათს, მივხვდი, რასაც ვეძებ, ვიპოვე-მეთქი. რაღა თქმა უნდა, ეს წერილი სრულიად განსხვავდებოდა იმისგან, ასე გამოწვლილვით რომ ამიწერეთ, პრეფექტო.

დავემშვიდობე მინისტრს და წამოვედი. მაგიდაზე კი ოქროს სათუთუნე დავუტოვე. მეორე დილით ისევ მივაკითხე სათუთუნის წამოსაღებად და ის იყო იმავე თემაზე საუბარმა გაგვიტაცა, რომ უცებ გაისმა ჭახანი, თითქოს სწორედ იმ დარბაზის ფანჯრებიდან გაისროლეს თოფი. შემდეგ ვიღაცამ შემზარავად იკივლა და ბრბოს ღრიანცელიც მოისმა. ჩემი მასპინძელი ფანჯარასთან მიიჭრა, გამოაღო და გადაიხედა, მე კი მუყაოს ჩანთა-საქაღალდეს მივუახლოვდი, წერილი ავიღე, ხოლო მის ადგილას მოვათავსე წინასწარ დამზადებული მისი ზუსტი ასლი.

ქუჩის სცენა ერთ ახალგაზრდა კაცს მე გავათამაშებინე. აბა, რას იტყვით, კმაყოფილი ხართ?

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი