რომანი და დეტექტივი

კომისრის აღსარება

№22

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 13.06, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

სახლი ისეთი იყო, როგორც მეგრეს წარმოედგინა. ზუსტად იმ კაბინეტში იმყოფებოდა მეორე სართულზე, რომელზეც ამდენს ფიქრობდა – თეთრი ჭერი, ლაქით დაფარული მძიმე მუხის კოჭები, ვეებერთელა ბუხარი, წიგნის თაროები, რომლებიც მთელ კედლებს ფარავდნენ...

როცა მეგრე მობრუნდა, თვალებით დიურსოს წააწყდა, რომელმაც ყველაფერი დაინახა.

ამ დროის განმავლობაში ბატონ პროკურორს ათი კილო მაინც დაეკლო. განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო ნაკეცები პირთან, ისინი ორჯერ უფრო ღრმა გამხდარიყო. ბატონი დიურსო უგუნებოდ იყო. სტუმარს თვალს ვერ უსწორებდა. ის თავის ჩვეულ ადგილზე დაჯდა, საქაღალდეებით გავსებულ მაგიდასთან.

მეგრემ გადაწყვიტა, ლმობიერება გამოეჩინა და ყველაფერი, რაც შეიძლება, მალე დაემთავრებინა. პროკურორმა მის მიმართ არაერთხელ გამოამჟღავნა უპატივცემულობა. კომისარმაც არა ერთხელ მიუზღო სამაგიერო. ახლა კი მეგრეს თითქმის ეცოდებოდა ის.

– ნება მიბოძეთ დავიწყოთ. ვინმე სამუელ მეიერს, რომელსაც საქმოსან-ავანტიურისტს ვუწოდებდი, პატივმოყვრული ოცნება ჰქონდა, რომ მისი შვილი დიდი კაცი გამოსულიყო... შვილი ექიმი და პროფესორ მარტელის ასისტენტი გახდა. ერთ დღეს მოხუც მეიერთან ორი თანამზრახველი ჩავიდა და დაემუქრა. მან ისინი საიქიოში გაისტუმრა. შვილის რჩევით, სიკვდილი მოიგონა: ვითომ მენინგიტით გახდა ავად და გარდაიცვალა. ის, ვინც სამუელის სახელით დამარხეს, ნამდვილად რითი იყო მკვდარი, რა თქმა უნდა, ვერასოდეს გავიგებთ.

პროკურორი არც განძრეულა. ამბის ეს ნაწილი, მას, ისევე როგორც მეგრეს, არ აინტერესებდა. გაცილებით დიდი მღელვარებით ელოდა გაგრძელებას.

– რივო მეიერმა მამამისი ამერიკაში გაამგზავრა და ცოლთან და ახალგაზრდა ცოლისდასთან გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ამბობენ, მან რომანი ახალგაზრდა ცოლისდასთანაც გააბა, – აქ მეგრემ პროკურორს შეხედა, – თქვენ ხომ თავიდანვე ჩასწვდით საქმის არსს?

დიურსომ მაშინვე უყოყმანოდ უპასუხა:

– მართალია.

– ჰო. მაგრამ რივომ პირში ბურთი ჩაგჩარათ, იმიტომ რომ მისთვის ცნობილი გახდა თქვენი საკმაოდ უწყინარი გატაცება – ეროტიკული ლიტერატურა. ამას გარდა, თქვენ მისი ცოლისდაც შეაცდინეთ... მაპატიეთ, ბატონო პროკურორო, მაგრამ სიძნელე შემდეგში მდგომარეობს – ფრანსუაზა ფეხმძიმედაა და თქვენ რომ გაეჩუმებინეთ, საჭირო იყო დაერწმუნებინეთ, რომ ბავშვი თქვენია. რივოს აღარ სურს კიდევ გაიქცეს, კიდევ შეიცვალოს სახელი, სხვა სამსახურში მოეწყოს. პაციენტები მასზე უკვე პატივისცემით ლაპარაკობენ და მშვენიერი მომავალი ელის. ცხადია, როდესაც ფრანსუაზა გესტუმრათ და გამოგიცხადათ, დედა უნდა გავხდეო, თქვენ დაიჯერეთ. მათ ხელში ხართ!

მეგრე შეგნებულად არ უყურებდა თანამოსაუბრეს.

– თავს ნებას მივცემ, მხოლოდ ერთი რამ შეგეკითხოთ. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა?

– ერთხელ!

– შემდეგ ის ყველანაირად ცდილობდა თავის დაღწევას, ხომ ასეა?

– სხვადასხვა რამეს იმიზეზებდა, მას რცხვენოდა...

– არ დაიჯეროთ! მას რივო უყვარს! მხოლოდ იმიტომ დაგნებდათ, რომ მისთვის ეშველა. დარწმუნებული ბრძანდებით, რომ ბავშვის მამა ხართ? – მეგრე კვლავ ცდილობდა, არ შეეხედა პროკურორისთვის, ის ბუხარს ჩასცქეროდა, სადაც კარგად გამომშრალ შეშას წაკიდებული ცეცხლი გიზგიზებდა, – პროკურორო, იცით, რომ ვითომ მენინგიტით გარდაცვლილი სამუელი ამერიკაში საბოლოოდ შეიშალა. სადღაც ჩიკაგოს გარეუბანში ის ორჯერ დაესხა თავს ქალებს და გულში მახათის ჩარჭობით დახოცა. მას იქ ეძებენ, ამიტომ აქ, საფრანგეთში ჩამოვიდა. ფული გაუთავდა. შვილმა ცოტაოდენი ფული მისცა... ან, იქნებ, ეს თქვენ გააკეთეთ, რათა კვლავ გაუჩინარებულიყო. მაგრამ როდესაც უნდა წასულიყო, სიგიჟის შეტევამ მოუარა და კვლავ ჩაიდინა დანაშაული. წინანდელივით – დაახრჩო, გულში მახათი ჩაარჭო... ეს მოხდა ტყეში „ახალ წისქვილთან“, სადაც ექიმის ვილიდან გზა სადგურისაკენ მიდის. ალბათ, უკვე ყველაფერს ხვდებით?

– არა, გეფიცებით, – პროკურორს ხმა წაერთვა, – მე მას ვუთხარი, ამას ბოლო უნდა მოეღოს-მეთქი.

პროკურორს სახეზე ფერი არ ედო, ხმას ვერ იღებდა და განძრევის უნარიც აღარ შესწევდა.

– მორჩა და გათავდა! რივომ მოკლა ის – მამამისი. რივო ვერავის და ვერაფერს იტანს კარიერისკენ მიმავალ გზაზე, ის თავის ცოლსაც კი ოდესმე იმქვეყნად გაისტუმრებს, რადგან ფრანსუაზა უყვარს, რომელსაც მისგან ქალიშვილი შეეძინა. ეს ის ქალიშვილია, რომელიც...

– კმარა! - ვეღარ მოითმინა პროკურორმა

მაშინ მეგრე წამოდგა, უბრალოდ, თითქოს ჩვეულებრივი ვიზიტის შემდეგ.

– მორჩა, ბატონო პროკურორო.

მეგრეს წინაშე იყო საცოდავი, დიურსო, რომელსაც არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

კომისარმა მეგრემ სკამიდან ქუდი აიღო.

– მე კი, უკვე დროა, პარიზში დავბრუნდე, ჩემი შვებულებაც მთავრდება, – ის მაგიდას მიუახლოვდა და დიურსოს ხელი გაუწოდა.

– მშვიდობით, ბატონო პროკურორო!

და ვინაიდან პროკურორმა გამოწვდილ ხელს მადლიერებით შეაგება თავისი, რასაც სამადლობელო სიტყვების ნიაღვარი შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მეგრემ მოუჭრა:

– ავად ნუ მომიხსენიებთ. მე ვცადე, თქვენი რეპუტაცია გადამერჩინა...

სახლიდან ზოლიან ჟილეტში გამოწყობილმა ლაქიამ გამოაცილა. მეგრე მზით გაჩახჩახებულ მოედანზე აღმოჩნდა, გაჭირვებით მივიდა სასტუმრო „ინგლისამდე“, სადაც სასტუმროს პატრონს უთხრა:

– დღეს, ბოლოს და ბოლოს, მომართვით თირკმელა სოკო და ღვიძლის პაშტეტი და ანგარიში. გუდა-ნაბადი უნდა ავიკრა.

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი