რომანი და დეტექტივი

კომბინაცია

№29

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 30.07, 2022 წელი

კომბინაცია
დაკოპირებულია

„სვაბოდაზე“ გამოსულ მეშიკს სიკვდილი აღარ უნდოდა. მას სულ სხვა გეგმები ჰქონდა და შურისძიებით სულდგმულობდა. მეშიკმა გადაწყვიტა, რომ მშობლიურ მხარეში აღარ დაბრუნებულიყო. გამგზავრებულიყო შორს, ეშოვა ფული და შემდგომ კი შურისძიების გეგმა განეხორციელებინა. ვოვას გაუმართლა და ლენინგრადში ერთი კაცი გაიცნო, რომელიც არალეგალურად მოიპოვებოდა ქარვას და მის რეალიზაციას ახორციელებდა. ეს ძალიან სარფიანი ბიზნესი იყო და 26 წლის მეშიკი საკმაოდ დიდ კაპიტალს ფლობდა. ამან კი მას საშუალება მისცა, შურისძიების გეგმა განეხორციელებინა: ვლადიმირი ქირაობდა მკვლელებს, რომლებიც სადისტურად კლავდნენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გაუპატიურებაში იყო გარეული. სისასტიკით მოაკვლევინა მეშიკმა „შამო“, კოლონიის ყოფილი უფროსი და ასევე, ყოფილი რეჟიმის უფროსი. ბოლო მსხვერპლი რომ საიქიოში გაისტუმრა, მეშიკმა შვება იგრძნო. თუმცა, წარსულის ტრავმამ მას თავისი კვალი დაუტოვა და გეიდ დარჩა. ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა და საზღვრები გაიხსნა. ქაოსი გაძლიერდა და მეშიკმა ამ მდგომარეობით დიდად იხეირა – ბიზნესი გააფართოვა და საეჭვო წარმოშობის ძვირფასი ქვებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. თანაც, საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა. ამან კი მისი შემოსავალი გეომეტრიული პროგრესიის სისწრაფით გაზარდა. ერთი სიტყვით, მეშიკმა იმდენი ფული და ქონება იშოვა, რომ კრიმინალური სამყაროს დიდ ნაწილს დაეპატრონა. მისთვის ხელის ჩამორთმევა ავტორიტეტებისთვის დიდი პატივი იყო. და, არამც თუ ორიენტაციისთვის პასუხის მოთხოვნა, არამედ მისი გეიდ მოხსენიებაც კი ამის მთქმელს შესაძლოა, სიცოცხლის ფასი დასჯდომოდა. ლევან უბილავამ ეს ყველაფერი კარგად იცოდა და როდესაც მას დეიდაშვილი ლევან ქორიძე შეუჩნდა – ეს პედერასტი გავძარცვოთო, უბილავამ მას უარი უთხრა:

– ეს საქმე რომც გამოვიდეს, ამ პედარასტს იმდენი ფული და ძალაუფლება აქვს, ვერსად გავექცევით. ამიტომ უარს ვამბობ.

მიუხედავად უარისა, „ქორი“ ისე შეუჩნდა დეიდაშვილს, რომ დაითანხმა და შეასრულეს კიდეც. ხოლო სანამ დაშორდებოდნენ, „ქორმა“ ლევან უბილავას სათადარიგო ვარიანტი გააცნო და უთხრა:

– მე ამ ქვებს ერთ-ერთ უცხოურ ბანკში შევინახავ და ფეისკონტროლისა და თითების ანაბეჭდის გარეშე მისი გამოტანა შეუძლებელი იქნება. სად შევინახავ, არ გეუბნები, რომ არ წამოგცდეს, თუ დაგიჭირეს და გაგპრესეს. მოკლედ, თუკი ჩავარდები, თავიდან ყველაფერი უარყავი, შემდგომ კი ყველაფერი მოყევი და ფეისკონტროლის შესახებ არ დაგავიწყდეს. იცოდე, მხედველობის არეალში მეყოლები და აუცილებლად გამოგიყვან, სადაც არ უნდა იყო. გაიგე?

ლევან უბილავას გაეცინა და დეიდაშვილს უთხრა:

– ბიჭო, ისე „ბაზრობ“, რომ შეიძლება, მართლა დამიჭირონ.

– ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ მასე მოხდა, მაშინ ზუსტად ისე მოიქეცი, როგორც გითხარი, – თქვა „ქორმა“, დეიდაშვილს გადაეხვია და ნაძარცვი ქვებით წავიდა.

ლევან უბილავა საწოლში იწვა, როდესაც დეიდაშვილთან გამომშვიდობების სცენა გაიხსენა. გაეღიმა, შემდეგ კედლის საათს შეხედა – ისრები დილის 5 საათს უჩვენებდა. მან დაამთქნარა, დამძიმებული ქუთუთოები დახუჭა და მაშინვე დაეძინა.

***

უბილავას რომ გაეღვიძა, დღის სამი საათი სრულდებოდა. ლევანი ადგა, წაიხემსა, შემდეგ ჯერ სახლი დაათვალიერა, შემდგომ კი – ეზო. ბოლოს სახლში შებრუნდა. ვერანდაზე, სავარძელში მოკალათდა და ფიჭვის ტყეს ათვალიერებდა. ლევან უბილავას უამრავი ფურული ვიდეოთვალი უყურებდა. მეშიკი ახლომდებარე აგარაკზე იმყოფებოდეა და ლევანს უზარმაზარ ოთახში დამონტაჟებულ მონიტორებში ადევნებდა თვალ-ყურს. მეშიკთან ერთად მისი დაცვის უფროსი, პავლე ცურიუპა იმყოფებოდა და ისიც ლევანს აკვირდებოდა. თან, მას თავის ჩასაფრებულ ხელქვეითებთან ჰქონდა რადიოკავშირი. ისინი ცურიუპას კითხვებს პასუხობდნენ, ხოლო თუკი საეჭვო ვითარება შეიქმნებოდა, ვალდებულნი იყვნენ, დაუყოვნებლივ შეეტყობინებინათ ცურიუპასთვის. დაცვის უფროსის გამოსაძახებელი მეტსახელი „არწივი“ იყო, დანარჩენ ჩასაფრებულებს კი მხოლოდ ნომრები ჰქონდათ – პირველიდან ოცდახუთამდე.

– „არწივი“, მერვე ვარ! – მოესმა ცურიუპას რაციაში.

– გისმენ, მერვე.

– ტყის გზაზე თეთრი „ნივა“ გამოჩნდა. რა ვქნა?

საუბრები ყველა ჩასაფრებულს ესმოდა და ცურიუპამ თქვა:

– ყველას გასაგონად – სანამ ჩემს მითითებას არ მიიღებთ, საფარებში დარჩით და არაფერი მოიმოქმედოთ! „ნივას“ კი თვალი მიადევნეთ, ვნახოთ, სად წავა.

მონიტორებზე გამოჩნდა, რომ „ნივა“ იმ აგარაკისკენ მიემართებოდა, სადაც უბილავა იმყოფებოდა.

– რა ვქნათ? – ჰკითხა ცურიუპამ მეშიკს.

– არაფერი. ბიჭებს უთხარი, რომ ადგილებზე დარჩნენ, მაგრამ სრულ მზადყოფნაში იყვნენ. შენს მითითებებს დაელოდონ. ვნახოთ, რა მოხდება და შემდეგ ვიმოქმედოთ, – უთხრა ცურიუპას მეშიკმა.

– მხოლოდ მზადყოფნაში იყავით და მითითებებს დაელოდეთ, – გაიმეორა ცურიუპამ.

„ნივის“ მძღოლმა დისტანციური პულტით გააღო აგარაკის კარი და ეზოში შევიდა. შემდეგ ვერანდაზე მჯდომ უბილავას დაუძახა. ლევანი დინჯად ჩავიდა ქვევით. „ნივის“ მძღოლმა კი მანქანიდან გადმოუსვლელად მისცა უბილავას კონვერტი და სანამ წავიდოდა, რუსულად უთხრა:

– ეს შენთან გამომატანეს და წაიკითხე!

„ნივა“ თავის მძღოლიანად ჩასაფრებულებმა დააკავეს და ახლომდებარე აგარაკზე მიიყვანეს, მეშიკთან და ცურიუპასთან.

– მაგას ჯერ თავი დაანებე და უბილავას დავაკვირდეთ, რას იზამს, – მონიტორებიდან თვალის მოუცილებლად უთხრა მეშიკმა ცურიუპას.

უბილავამ კი კონვერტიდან ბარათი ამოიღო და რუსული ასოებით მეგრულ ენაზე დაწერილი ტექსტი წაიკითხა: „ვერანდაზე იჯექი. ზუსტად თხუთმეტ წუთში ვერტმფრენი მოგაკითხავს. ტროსს ჩაები და გაგიტაცებთ. მაგათ კი უთხარი, რომ თითქოს აქ წერია, რომ პიტერში წაყვანა უნდა მოითხოვო. ორი საათის შემდეგ კი გზაში გაგათავისუფლებთ“. ლევანმა წერილი დაჭმუჭნა და იმიტაცია გააკეთა, ვითომ მისი შეჭმა უნდოდა. ამ დროს ოთახში დამონტაჟებული ერთ-ერთი „ჟუკის“ დინამიკიდან მეშიკის მრისხანე ხმა გაისმა, არ შეჭამო. გიყურებთ და ცოცხლად გაგიჭრით მუცელს.

ორიოდე წუთის შემდეგ უბილავა ჩასაფრებულებმა მეშიკთან და ცურიუპასთან მიიყვანეს ბარათიანად. იქვე „ნივის“ მძღოლიც იმყოფებოდა. მეშიკმა ლევანს წერილი გამოართვა, წაიკითხა და ჰკითხა:

– რა ენაზეა და რა წერია? სიმართლე თქვი, თორემ იცი ჩემი ამბავი!

უბილავამ უპასუხა:

– მეგრულ ენაზეა და წერია, რომ პიტერში წაყვანა მოვითხოვო. ორი საათის შემდეგ კი გზაში გამათავისუფლებენ. იციან, რომ მაკონტროლებთ.

მეშიკმა ტელეფონზე დარეკა და ვიღაცას უთხრა:

– სასწრაფოდ მომიძებნეთ მეგრული ენის მცოდნე, რომ ტექსტი წავაკითხო და ზუსტად მითარგმნოს.

მეშიკმა ტელეფონი გათიშა და უბილავას უთხრა:

– იცოდე, რომ მატყუებდე, ცოცხლად აგქნი!

– მასე იყოს, – მიუგო ლევანმა და დააყოლა, – გამიშვით აგარაკზე, რომ წასასვლელად მოვემზადო.

– ცოტა ხანში, – უპასუხა მეშიკმა ლევანს და „ნივის“ მძღოლს მიუბრუნდა:

– სიმართლე მითხარი, თორემ აქედან ცოცხალი ვერ წახვალ!

– ტაქსისტი ვარ. ამ დილით მგზავრი ჩამიჯდა მოსკოვის ქუჩაზე და მითხრა, რომ ხუთას დოლარს მომცემდა, თუკი ამ წერილს აქ წამოვიღებდი. მეც დავთანხმდი. მან კი „ნივა“ და დისტანციური პულტი მომცა, ფულიც ჩამითვალა და აი, სულ ესაა, – თქვა „ნივის“ მძღოლმა.

– როგორ გამოიყურებოდა ის კაცი? – იკითხა მეშიკმა.

– პიერ რიშარს ჰგავდა, მაგრამ მაღალი არ იყო, – თქვა „ნივის“ მძღოლმა. შემდეგ ჯიბიდან ხუთასი დოლარი ამოიღო, მეშიკს უჩვენა და დაამატა, – რომ მცოდნოდა ასეთ სახიფათო საქმეზე მოვდიოდი, არ დავთანხმდებოდი.

– დროებით ჩვენთან დარჩები და მერე ვნახოთ, – მიუგო მეშიკმა და ჩასაფრებულებს უთხრა:

– სარდაფში ჩაამწყვდიეთ, საჭმელი და სიგარეტი მიეცით.

„ნივის“ მძღოლი სარდაფში ჩაიყვანეს, მეშიკმა კი ლევანს უთხრა:

– წადი, მოემზადე, მაგრამ რაიმეს რომ მატყუებდე, ეს შენი სიკვდილისთვის მომზადება იქნება.

ლევანი ვერანდაზე დაბრუნდა. მეშიკი კი ისევ მონიტორებს მიუჯდა ცურიუპასთან ერთად. ამ დროს მეშიკის ტელეფონმა დარეკა და მამაკაცის ხმამ მას უთხრა:

– თქვენ რომ მეგრული ტექსტი გადმომიგზავნეთ, იქ რაც წერია, სიტყვა სიტყვით გეტყვით. ესემესითაც გადმოგიგზავნეთ.

მეშიკმა ტელეფონი ხმამაღალზე ჩართო და ცურიუპასაც მოასმენინა. დაცვის უფროსს თვალები გაუფართოვდა და კბილებში გამოსცრრა:

– ახლავე ვუბრძანებ ბიჭებს, რომ აქ მოათრიონ და სასტიკად ვაწამებ!

მეშიკმა ცურიუპას მონიტორიდან თვალის მოუშორებლად უთხრა:

– არავითარ შემთხვევაში! დაე, წაიყვყანონ. ჩვენს ოპერაციაში ესეც გავითვალისწინეთ. შენებს კი უბრძანე, რომ ვერტმფრენის გამოჩენაზე რეაქცია არ ჰქონდეთ.

ცურიუპამ რაციით აცნობა ჩასაფრებულებს, რომ ადგილებზე დარჩენილიყვნენ. ამ დროს აგარაკის თავზე სწრაფმავალი ვერტმფრენი დაეკიდა. იქიდან ტროსი ჩამოუშვეს. უბილავა მას ჩაება და ვერტმფრენი გაფრინდა. ეს ყველაფერი კი, მართლაც რომ, თვალის დახამხამებაში მოხდა – სულ რაღაც 30 წამი დასჭირდა ლევან უბილავას გატაცებას.

***

ფინეთის სრუტეში ბინდი დგებოდა, მაგრამ მაინც ძალიან ცხელოდა. ერთ-ერთი ფეშენებელური აგარაკი სრულიად ჩაბნელებული იყო და მხოლოდ პატარა, უფანჯრებო ოთახში ენთო სინათლე. იქვე ტყავის ტახტი იდგა და მასზე ლევან უბილავა მარცხენა მხარზე იწვა. მისი გატაცებიდან სულ რაღაც 2 საათი იყო გასული. ოთახში „ქორი“ შევიდა, რომელსაც კისერზე უზარმაზარი დურბინდი ჰქონდა ჩამოკიდებული. დეიდაშვილს შეხედა და ჰკითხა:

– გაგიყუჩდა?

– თითქმის, – უპასუხა უბილავამ.

– მოემზადე. როგორც კი ბოლო აკორდს ჩამოვკრავთ, გავდივართ, – უთხრა „ქორმა“ უბილავას და დაამატა, – ეს დურბინდი ყველაზე მძლავრია მთელ მსოფლიოში. ღამით ხედვაც აქვს და სულ მალე ვიკაიფებთ. ვფიქრობ, მალე მოვლენ. მოემზადე, მოემზადე.

„ქორი“ ოთახიდან გავიდა. უბილავამ კი მარჯვენა დუნდულაზე დაიხედა, სადაც მცირე ჭრილობა ჰქონდა. ჭრილობა კი მას „ჯიპიესის“ ამოღების დროს მიაყენა უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა ვერტმფრენშივე. საქმე ის იყო, რომ „შებერტყილმა“ ლევან ქორიძემ გათავისუფლების ოპერაციის დაგეგმვისას გაითვალისწინა, რომ მეშიკს შესაძლოა, ჯიპიესიანი მიკროჩიპი შეეყვანა უბილავასთვის და არც შემცდარა. სწორედ იმ უშიშროების ყოფილმა თანამშრომელმა გაუსინჯა უბილავას მთელი სხეული სპეციალური ელექტროაღმომჩენით, ჩიპი მარჯვენა დუნდულაში იპოვა და დაუზიანებლად ამოაცალა, „ქორმა“ დუნდულიდან ამოღებული ჩიპი გალიაში გამომწყვდეულ თოლიას მიამაგრა. გალია კი 800 მეტრის მოშორებით მდგომი აგარაკის სახურავზე იდგა. სწორედ ამ აგარაკისთვის სათვათლთვალოდ სჭირდებოდა „ქორს“ ღამის ხედვიანი უზარმაზარი დურბინდი. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ „ქორმა“ დეიდაშვილს დაუძახა და უთხრა:

– მოვიდნენ!

ფეშენებელური, ჩაბნელებული აგარაკის სხვენზე ჩასაფრებული დეიდაშვილები სრულ სიბნელეში უყურებდნენ იმ შოუს ბოლო სცენას, რომელიც „ქორმა“ დადგა: ნაქირავებ აგარაკზე ცურიუპა და მისი „გალავარეზები“ ფრთხილად მივიდნენ. მეორე ჯგუფი კი აგარაკზე შევიდა, რომ დეიდაშვილები მოეხელთებინა. თავად მეშიკი კი აგარაკიდან 60 მეტრის დაშორებით მდგომ დაჯავშნილ ჯიპში იჯდა და პავლე ცურიუპას ეკონტაქტებოდა, რომელსაც ხელში ნავიგაციური მოწყობილობა ეკავა და ჯიპიესისგან წამოსულ სიგნალს მიჰყვებოდა. როდესაც ცურიუპა სახურავზე გავიდა, „ქორმა“ დისტანციური პულტი მიმართა გალიისკენ, ღილაკს თითი დააჭირა, ელექტრონული კარი გახსნა და ჩიპმიმაგრებული თოლია გარეთ გამოუშვა. დაფეთებული ფრინველი ცაში აიჭრა. დეიდაშვილები კი აგარაკიდან ფინეთის ყურისკენ დაეშვნენ და ზღვაში მდგომი ფინური იახტისკენ აიღეს გეზი, ჩასხდნენ და ფინელმა კაპიტანმა დეიდაშვილები თავის სამშობლოში წაიყვანა. „ქორს“ ეს მარშრუტი წინასწარ ჰქონდა შემოწმებული და მის უსაფრთხოებაშიც დარწმუნებული იყო.

– ქვები ფინეთის ბანკში შეინახე? – ჰკითხა უბილავამ „ქორს“, როდესაც დეიდაშვილები კაიუტაში ჩაიკეტნენ.

– სულელი კი არ ვარ, რომ ბანკში შემენახა, – უთხრა „ქორმა“ უბილავას და პატარა შეკვრაზე მიუთითა – აი, თვლები.

დასასრული


მსგავსი სიახლეები

კომბინაცია
კომბინაცია

20:00 23.07, 2022 წელი

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი