რომანი და დეტექტივი

ქალწული – საყვარელი

№43

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 07.11, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • ჟორჟ სიმენონი

მეგრე წიგნებით მოვაჭრეს უყურებდა და ფიქრობდა: „აი, ხომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიფათშიც ვერ შემოჰკრავ, იმიტომ. რომ შეგეშინდება, ხელი არ გაგესვაროს“. არადა, აშკარად დიდი სურვილი ჰქონდა, მისთვის ცხვირ-პირი გაელამაზებინა. როცა სენ-დენის ქუჩის 27 ნომერში მივიდა, უკვე იცოდა, ვისთანაც ჰქონდა საქმე, მას ეჟენ ლაბრი ერქვა. არცთუ გამორჩეული ან განსაკუთრებული გარეგნობის ფრანგი იყო, მაგრამ მსუქანი, უფრო სწორად – გასივებული. მეგრე აიმრიზა. ერთი შეხედვით, თითქოს ლამაზი სახის ნაკვთები ჰქონდა, მაგრამ მუქი თვალები ისე საზიზღრად უბრწყინავდა, კომისარს შეაჟრჟოლა. თან მეგრეს აშკარად, მოურიდებლად „ეტენებოდა“.

მეგრემ იცოდა, რომ ლაბრი პოლიციის „სპეციალური“ აგენტიც იყო ანუ „ჩამშვების“ „საპატიო“ საქმესაც არ თაკილობდა. თითქოს საჭირო კაციც იყო სამართალდამცველებისთვის, მაგრამ კომისარს ასეთებზე ყოველთვის გული ერეოდა. ბინძური ტიპიაო, – ბურტყუნებდა თავისთვის. თან უკან მიჰყვებოდა. გაცილებით ერჩივნა, ყაჩაღებისთვის ედევნა, ან ყალბი ფულის მჭრელები აღმოეჩინა, ვიდრე ამ არარაობასთან ჰქონოდა საქმე. მაგრამ ვერაფერს შეცვლიდა, რადგან იმ წიგნის მაღაზიის მფლობელი, სადაც ტრაგედია მოხდა, სწორედ ლაბრი იყო და სხვა არავინ.

ლაბრის მაღაზია ძეხვეულის მაღაზიასა და საპარიკმახეროს შორის მდებარეობდა. ლაბრიმ რკინის ჟალუზი გახსნა და კარი გააღო. ოთახი საკმაოდ ვიწრო და ღრმა იყო, კორიდორივით. ერთი მეტრი სიგანის ვიტრინა მეპატრონეს ბოლომდე ჰქონდა ათვისებული. იქ გამოეფინა წიგნები მაცდუნებელი სათაურებით, ბევრ საინტერესოს რომ გპირდება ხოლმე, ისეთები. ცელოფანში გახვეულები, პრიალაყდებიანი, თვალსაც რომ მოგტაცებს და ცნობისმოყვარეობასაც გაგიღვივებს.

საღამოს ხუთი საათი იქნებოდა... წინა საღამოს, ზუსტად ამ დროს მოხდა ტრაგედია. ყოველ შემთხვევაში, სასამართლო ექსპერტმა გარდაცვალების ეს დრო დააფიქსირა.

მეგრემ კარი შიგნიდან ჩაკეტა ჯაჭვზე...

– შენი კაბინეტი მიჩვენე...

კაცუნამ საწყლად გაიღიმა და ხელი უნიათოდ გაიშვირა.

ოთახის სიღრმეში, სავაჭრო დახლს მიღმა, ვიწრო კიბე გამოჩნდა, რომელსაც საკმაოდ უცნაური, პაწაწინა ოთახისკენ მიჰყავდით. ბუდუარს ჰგავდა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ კედლებზე წიგნები იყო მოთავსებული. ამავე დროს, იდგა წითელი დივანი, ეკიდა უზარმაზარი სარკე და წითელი ფარდაც კი იყო ჩამოფარებული. ამ ფარდის მიღმა მდებარეობდა კარი, რომელზეც კლიენტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ და რომელსაც მაღაზიის მეპატრონის ერთ ციდა კაბინეტში გაჰყავდით. ოთახში იდგა უბრალო, კანტორის ტიპის მაგიდა, ზედ დაწყობილი ქაღალდებით. ერთი სკამი... მარცხნივ პატარა გაზქურა, ზედ ჩაიდანი, ფინჯნები... პატარა ტაშტი ხელების დასაბანად.

მეგრემ ლაბრის ზიზღით შეხედა.

– ახლა ის მაჩვენე, საიდან უყურებდი, რა ხდებოდა მეორე ოთახში.

ლაბრიმ კედელზე დაკიდებული კალენდარი გადასწია და მონეტის ზომის სათვალთვალოში მეგრემ ბუდუარი დაინახა. ისევ აექავა ხელები და ისევ არანორმალურად მოუნდა, ამ ნაძირალისთვის ცხვირიდან სისხლი ედინებინა... დიახ, ლაბრი არამზადა იყო. თანაც, ფრთხილი და სისხლის სამართლის კოდექსით შეიარაღებული არამზადა... მას კლიენტის მიზიდვის საკუთარი ხერხი ჰქონდა: „მადმუაზელ ემილენა თავად გიჩვენებთ განსაკუთრებულ ეგზემპლარს“, – შემპარავი ჩურჩულით ეტყოდა ხოლმე კლიენტს და მართლაც, მადმუაზელ ემილენას კლიენტი ბუდუარში ჩაჰყავდა... ლაბრი კი ამ დროს თავისი სათვალთვალოთი სარგებლობდა...

მეგრეს ზიზღით შეაჟრჟოლა. ორი დღის წინ ლაბრიმ თავისი საქმე გაყიდა. რვა დღის შემდეგ წიგნების მაღაზია გამყიდველიანად, ახალ მფლობელს უნდა გადასცემოდა. წინა ღამეს, თერთმეტ საათზე პოლიციელმა, რომელიც ქუჩაში პატრულირებდა, შეამჩნია, რომ მაღაზიაში სინათლე ენთო. ეს საეჭვოდ მოეჩვენა. შიგნით შევიდა. პირველ სართულზე არავინ დახვდა. ბუდუარში ჩასულმა კი იატაკზე გართხმული მადმუაზელ ემილენა აღმოაჩინა, რა თქმა უნდა, მკვდარი.

ლაბრი ჯერ კიდევ დილით დაჰკითხა ოლქის გამომძიებელმა... თუმცა ფორმალურად, რადგან მასზე ეჭვი არ მიუტანია.

მაგრამ მეგრე განსხვავებული აზრის იყო. მან ლაბრის მოსთხოვა, წინა დღე დეტალურად გაეხსენებინა. ლაბრიმ ამოიოხრა და თვალები მოჭუტა.

– რა ვთქვა, ჩვეულებრივი დღე იყო. საღამოს ხუთზე ჩაი ავადუღეთ. ემილენამაც დალია... მე ქალაქში საქმეები მქონდა და ადრე წავედი. მაღაზიის დაკეტვა მადმუაზელ ემილენას მივანდე. მე ხომ მას აბსოლუტურად ვენდობოდი.

– ანუ, როცა მიდიოდით, მადმუაზელი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

– ჰო. რომ მომკვდარიყო, ამას როგორმე შევნიშნავდი... ასე რომ, აშკარად ცოცხალი იყო.

მისმა ირონიამ მეგრე გააცოფა და იფეთქა.

– შენ, ეი, ნაძირალავ! აბა, მოყევი, რა და როგორ იყო სინამდვილეში! არ გაბედო და წინააღმდეგობა არ გამიწიო, თორემ მერე სხვანაირად დაგელაპარაკები.

– მეც დაგეხმარებით, – სწრაფად წამოიძახა ოლქის გამომძიებელმა, რომელიც შეუმჩნევლად შემოსულიყო ოთახში.

დაფეთებულმა ლაბრიმ თვალები დააცეცა.

– მე... მე... არაფერ შუაში ვარ. ის ბუდუარში ვიპოვე... გაუნძრევლად იწვა. ვიფიქრე, დაიღალა და წამოწვა-მეთქი. საქმეზე გავედი, უკან დაბრუნებას ვაპირებდი...

– კრეტინო, რატომ ექიმს არ დაუძახე?

– ჩვენს საქმეში ხმაურს უნდა ერიდო. თანაც, არ მეგონა, საქმე ასე სერიოზულად თუ იქნებოდა. გეფიცებით, მისთვის არაფერი დამიშავებია. მას რომ ცუდად მოვპყრობოდი, ამდენი წლის განმავლობაში იმუშავებდა ჩემთან?.. მადმუაზელი ისეთი კარგი თანამშრომელი იყო. ძალიან კარგად იცნობდა კლიენტის ფსიქოლოგიას. ბუდუარში ცუდი არაფერი ხდებოდა, გეფიცებით. ზოგიერთი კი ცდილობდა თავისას, მაგრამ ემილენამ იცოდა, როგორ გაეცა ამისთანებისთვის საკადრისი პასუხი და ძვირად ღირებული წიგნიც მიეყიდა.

მეგრემ ისე მომუშტა ხელი, რომ თითები ეტკინა... ბუტიკის საზიზღარი მფლობელი კი განაგრძობდა:

– მე ვიცი, ახლა რასაც ფიქრობთ, მაგრამ ლოგიკურად განსაჯეთ – რატომ უნდა მნდომებოდა მისი სიკვდილი, რისთვის?! მე ხომ საკუთარი თავის მტერი არა ვარ. საქმე გავყიდე, კარგი ფული გადამიხადეს... უკვე შევიძინე სახლი ნიცაში, სადაც ცხოვრების დარჩენილი დღეების მშვიდად გატარებას ვაპირებ.

– ასე, არა?! – მეგრე ხვდებოდა, რომ ეს ნაძირალა რაღაცას მალავდა. ეჭვით შეხედა. მერე მაგიდასთან მივიდა და უჯრა გამოსწია. იპოვა კიდეც, რასაც ეძებდა: საგულდაგულოდ მიმალული სასიყვარულო ბარათები. ერთ-ერთი აიღო და წაიკითხა: „ძვირფასო, უკვე სამი დღეა, არ მინახავხარ... ჩემო საყვარელო, არ შემიძლია უშენობა... ვგრძნობ, როგორ მეკვრება სუნთქვა და ვიხრჩობი...“

მეგრემ ბარათი ლაბრის ცხვირწინ აუფრიალა.

– აჰა, აბა, ეს რა არის? სასიყვარულო დრამა?

ლაბრიმ მხრები აიჩეჩა.

– იმის თქმა გინდათ, რომ მასთან რაღაც მქონდა? რატომაც არა?! მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. მე ის არ მომიკლავს.

– სტყუი. საყვარლები იყავით...

– კომისარო, გააჩნია, რა აზრს ჩადებთ მაგ სიტყვაში. მე ცოლიანი კაცი ვარ... წესიერი... კი, ვუყვარდი... მაგრამ მე უარს ვეუბნებოდი..

– შენ ის მოიშორე...

– რაც მეტს ვფიქრობ ამ საქმეზე, – კბილების ღრჭიალით თქვა მეგრემ, – მით უფრო მინდა, ცხვირ-პირი დაგინაყო.

– უფლება არ გაქვთ...

მეგრემ ვეღარ მოითმინა. მუშტი მთელი ძალით ჩასცხო ცხვირში და ფურთხიც მიაყოლა.

– აი, ასე... ახლა შეგიძლია თქვა, რომ კიბეზე დაგორდი. მოწმეც გვყავს.

– ჰო, ნამდვილად ასე იყო, დაგორდა, – ღიმილით დაუდასტურა ოლქის გამომძიებელმა. მერე კომისრისკენ დაიხარა და ჩასჩურჩულა: – ბატონო კომისარო, პატარა პრობლემა გვაქვს, სასამართლო ექსპერტმა თქვა, რომ მადმუაზელი ქალწული იყო.

მეგრე ცარცივით გათეთრდა.

– ნაძირალა! ასეც ვიცოდი. ლაბრი, შე ნაბიჭვარო, შენ დაარწმუნე ის საცოდავი არსება, რომ სიყვარული ფიზიკური სიახლოვის გარეშეც შეიძლება. მას შენ სისტემატურად აძლევდი ტრანკვილიზატორებს. აქ, ამ ნახევარსარდაფში გყავდა გამოკეტილი. იმიტომაც იყო ასეთი ფერმკრთალი და მელანქოლიური. შენს გარყვნილ კლიენტებსაც ეს იზიდავდა... ყველაფერი ზუსტად გათვალე. ისეთი არამზადა ხარ, რომ რისკზე არ წახვედი. მინიმალური რისკიც კი არ დაუშვი... აღიარე, რომ წამლის მაგივრად, შხამი მიეცი... ჩაიში შეურიე... მაგრამ ძალიან დიდხანს კვდებოდა და შენც წახვედი, უპატრონოდ მიაგდე... ბინძურო ნაძირალავ!

ლაბრი დაფეთებით აცეცებდა თვალებს.

– მან თავი მოიწამლა, გეუბნებით, თავი მოიწამლა...

– აჰაა.. ნელ-ნელა აღიარებ... ჰო, შეიძლება შხამი თვითონ დალია, როცა უთხარი, რომ გააჩუქე, როგორც უსარგებლო ნივთი... მაღაზიასთან ერთად გადაულოცე ახალ მეპატრონეს... რაღაში გჭირდებოდა?!. ხომ მართალია?! მისი უმანკოებით ვაჭრობდი... არაკაცო! ქალმა მწუხარებისგან გონი დაკარგა და სიკვდილი ამჯობინა სიცოცხლეს. შენ დარწმუნებული ხარ, რომ კარგად იცი სისხლის სამართლის კოდექსი. მე საპირისპიროს დაგიმტკიცებ... დაპატიმრებული ხარ!

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი