რომანი და დეტექტივი

ის, ვინც ხარ

№37

ავტორი: ნია დვალი 20:00 24.09, 2021 წელი

ის, ვინც ხარ
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #35-36(1080)

- ჰოდა, ვალში ყოფილხარ, დაო, ჩემთან. ერთი ვახშამი შენზეა, ოღონდ ხარისხიანი უნდა შემირჩიო, ვაჟა შენც გცოდნია, რის მაქნისი იქნებოდა.

- შეგირჩევ, გენაცვალე. შენი ნომერი მიკარნახე.

ვუკარნახე: ზარი გამოუშვი, მეც ჩავიწერო, ეს ვუთხარი და დავემშვიდობე.

ტაქსი გამოვიძახე და სახლში დავბრუნდი. გზაში ჩანთიდან ტელეფონი ამოვიღე, რომ ჩამენიშნა თეოს ნომერი. ტელეფონი დამჯდარიყო. ავფორიაქდი - ვაითუ, თეო დავკარგო-მეთქი, მაგრამ მალევე დავმშვიდდი. თეოს აწი რა დაკარგავდა, ბოლოს და ბოლოს, სპა სალონში გავიგებდი მის ნომერს.

სახლში ავედი. ისევ გავშიშვლდი (ეტყობა, ამას ჰქვია, ტანზე შემოხევა) და დივანზე წამოვწექი. ტელეფონიც, ცხადია, შევაერთე.

წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მეკეთებინა. რაღაც ახალი შთაბეჭდილებები მჭირდებოდა, შთაბეჭდილებებიც და შეგრძნებებიც.

ვხვდებოდი, რომ ახალ გამოცდილებას ვიღებდი - ისეთს, რაც აქამდე არ მქონია და ვერც მექნებოდა. იმიტომ რომ მუდამ სწორად ვცხოვრობდი: მე მეგონა, რომ სწორად ვცხოვრობდი, ნუ ისე, როგორც მასწავლეს, რაც წავიკითხე და დავიჯერე, როგორც ერთადერთი და ურყევი ჭეშმარიტება.

სიმართლე ვთქვა, სადღაც გულის კუნჭულში ვნანობდი, რაც თეოს ვთხოვე, იმიტომ რომ არავისთან ურთიერთობის სურვილი არ მქონდა, მით უფრო, უცხო მამაკაცთან. საერთოდაც, ვაჟამ ისე შემაძულა ყველაფერი, ერთ ხანს კაცთმოძულეც კი გავხდი. მადლობა ღმერთს, ამან გამიარა, მაგრამ მაინტერესებდა, როგორია, ნეტავ, უცნობთან სექსი? და მერე რომ მიცნოს სადმე?

ძველი ნანა თავის მორალურ ჩარჩოებს ეჭიდებოდა - გიცნოს და გიცნოს, ყურებზე ხახვი არ დაგაჭრას, უპასუხა ახალმა ნანამ. და უცებ გამახსენდა - ლილი, თურმე, რა ჩუმჩუმელა ყოფილა.

- ოჰ, ეს აშარი დედაკაცი, - გავიფიქრე ჩემთვის და, ჰიო, საოცრებავ, ლილიმაც დარეკა. მის მიმართ უკვე სიბრალულს ვგრძნობდი.

- სახლში ხარ? - მოკლედ მომიჭრა.

- დიახ.

- მოვიდე?

- მოდი და შორენა წამოაყოლე (შორენა დამხმარე ქალი იყო), მოხიკოს იმ ნაგვის ტანსაცმელი.

- კარგი.

დედაჩემი (რაც გავიგე, რომ ლილი ვეღარ იდგა ზნეობრივ კვარცხლბეკზე, მისადმი უფრო ადამიანური გრძნობები გამიჩნდა და აი, დედადაც კი მოვიხსენიე ფიქრებში) მალე მოვიდა, შორენაც თან ახლდა. მე ატლასის ხალათი მეცვა - სხვათა შორის, დედაჩემის ნაჩუქარი დიდი ხნის წინათ. ლილიმ ჩვეულად შემათვალიერა.

- მოგხდენია.

- რა?

- უკაცობა.

- ჰო, შენ ეს არ გესწავლება... შემოდი, - მივუტრიალდი შორენას, სანაგვე შავ პარკებში ჩააწყვე ყველაფერი, რასაც კი ამ სახლში ნახავ, მამაკაცისას.

- ასე სასტიკიც ნუ იქნები, - მითხრა დედაჩემმა.

- შენ ნუ იქნები, მე ვიქნები, იმიტომ რომ ნაგავი უნდა მოათავსო სანაგვეში, - ვუპასუხე მშვიდად, მართლა მშვიდად.

- როგორც გინდა... სანამ შორენა ჩაალაგებს, მე და შენ ხომ არ გავისეირნოთ მანქანით, ყავა დავლიოთ.

- დავლიოთ, - და გავემართე კარისკენ.

- არ ჩაიცვამ?

- არა, შენ გადადი მანქანიდან ყავის საყიდლად, მე მანქანაში ვიჯდები, - სიგარეტის კოლოფს დავწვდი და კარი გავაღე.

ლილის მანქანაში ისე ჩავსხედით, ხმა არ ამოგვიღია. ყავა ვიყიდეთ, დედაჩემმა მანქანა ოდნავ მოფარებულ ადგილას დააყენა და მომიტრიალდა.

- როდის გაიგე და ვისგან?

- რა მნიშვნელობა აქვს?

- აქვს! - ლილის ხმაში გაღიზიანება შეეტყო.

- შენ გააკეთე, რაც გითხარი და მე არასდროს გაგთქვამ.

- ვიცი, - მისგან ეს პასუხი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

- ვიცი, რომ სიტყვას ასრულებ. შენ გავიწყდება ხოლმე, რომ მე გაგაჩინე და ყველაზე კარგად გიცნობ. ჩემ გარდა არავინ იცის, შენ როგორი ხარ სინამდვილეში.

- და როგორი ვარ?

- აი, ისეთი, როგორიც ახლა ხარ. შენ მამაშენი გიყვარს ჩემზე მეტად და ყოველთვის გიყვარდა, მე მეორეხარისხოვანი ვიყავი შენთვის. იცი, რატომ?

- არა, არ ვიცი, - ვუპასუხე გულგრილად.

- იმიტომ რომ შენ ჩემნაირი ხარ! - ეს რომ თქვა, მე სარკასტ-ირონიულად ჩავიცინე: დიახ, ხარ და ამიტომაც სულ ცდილობდი, გივისნაირი ყოფილიყავი, მასავით მართალი და წესიერი. მარტო შენი ბრალი არაა, მეც ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ არ მოგწონდი, არ მიღებდი, არადა მე დედა ვარ და მე უნდა დამეთმო. ახლა შენ დიდი ხარ და ეს ზღვარი ჩვენ შორის თითქმის წაიშალა. ჩვენ ახლა ორი ქალი ვართ. ორი ერთნაირი ქალი. იმ უდღეურ ვაჟასაც ხომ ჩემს ჯინაზე გაყევი ცოლად? თავიც ხომ იმიტომ დაიბეჩავე, რომ მე გაგეღიზიანებინე? საკუთარი თავი გძულდა, იმიტომ რომ ჩემთან მსგავსებას ხედავდი, ამიტომ საპირისპიროდ იქცეოდი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ერთ დღესაც ნამდვილ სახეს გამოაჩენდი.

- კმაყოფილი ხარ ჩემი ნამდვილი სახით?

- არც ისე... - და ლილიმ თავი ჩაქინდრა.

- ვითომ რატომ? - გავიკვირვე.

- იმიტომ რომ სარკეში საკუთარი თავის დანახვა არავის მოსწონს.

- არც ისე ცუდები ვართ, ჩემო დედიკო, მაგრამ აი, მამაჩემს რქები აღარ დაადგა.

- გინდა, მოგიყვე?

- არა, გმადლობ, დეტალები არ მაინტერესებს.

- მე არ ვადგამ მამაშენს რქებს, - ლილიმ ოდნავ ქედმაღლურად გადმომხედა.

- აბა, რა სცენა დადგი? - მე იქედნურად გადავხედე.

- ასე იყო საჭირო, - ეს თქვა თუ არა დედაჩემმა, მისმა ტელეფონმაც დარეკა. შორენა ისე ხმამაღლა ლაპარაკობდა, მისი ხმა მეც კი მესმოდა: დავამთავრე, ქალბატონო ლილი.

- ჩვენც მალე მოვალთ, შალვას გაატანე ყველაფერი, იცის, სადაც უნდა მიიტანოს.

შალვა მამაჩემის მძღოლი იყო. დედაჩემს ესეც გაეთვალისწინებინა. უკანა გზაზეც კრინტი არ დაგვიძრავს. ვიცოდი, რომ ლილი ტყუოდა, ის რაღაც საიდუმლოს მალავდა, თუმცა მე ამის გაგება ამ ეტაპზე უკვე აღარ მაინტერესებდა.

ჩემს სახლს რომ მივუახლოვდით, მითხრა; მე აღარ ამოვალ, მართლა კარგად გამოიყურები და გამიღიმა.

სექსი უცნობთან

რადგან სალონში მითხრეს, რომ ჯობდა, არ გადამევლო წყალი, რომ იმ საოცარ ექსტრაქტებს ღამეც ემუშავა ჩემს სხეულსა და სახეზე, წყალი მხოლოდ ფეხებზე გადავივლე - ჩემთვის ხელებისა და ფეხების დაბანა თანაბარი მნიშვნელობის რიტუალია. გამოვიღე ჩემი დოზა საძილე აბი და ჩემს აბრეშუმის თეთრეულში შევსრიალდი. ისევ მკვდარივით დამეძინა. სიზმრები არ მინახავს, რაც სავსებით ბუნებრივი იყო, იმიტომ რომ ცხადში სიზმრების სიჭარბის გამო იყო, მგონი, თავის ბალიშზე დადებისთანავე რომ მეძინებოდა.

თითქმის შუადღემდე ვიძინე: დამავიწყდა, მეთქვა, რომ სპა სალონიდან სახისა და ტანის კრემებიც წამოვიღე - საოცარი სურნელისა და ფაქტურის. ამიტომ აბაზანაში შევვარდი - გადავივლე და ჩემი ახალშეძენილი კოსმეტიკაც შევიზილე. ამჯერად მსუბუქად ვისაუზმე იმიტომ, რომ თავსაც მსუბუქად ვგრძნობდი. დავწვდი ტელეფონს და გამოტოვებული ზარებიც ვნახე. თეოსგან...

დედაჩემთან წუხანდელი საუბრის შემდეგ ცოტა ხანს მარტო დარჩენა მინდოდა, რომ მომხდარი გამეანალიზებინა და ახალი გეგმებიც დამეწყო ან ამ ტაქტიკით როდემდე უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება? ამ ტაქტიკამ ხომ უკვე მომიტანა შედეგი? მე ჩემი თავი ვიპოვე თუ დავიბრუნე, ვაჟა გაქრა თუ გავაქრე, ლილი მოვთოკე თუ მოითოკა, გივის კი რამენაირად თავად უნდა გაერკვია თავისი ცხოვრების ამბავი, თუმცა მე ის ისევ ისე გულით მიყვარდა, როგორც მანამ, სანამ გავიგებდი, რომ ლილი რქებს ადგამდა. იქნებ არც ადგამდა, მაგრამ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ჩემი საქმე აღარ იყო.

- თუ დავიწყე, დავასრულებ კიდეც, - ვუთხარი საკუთარ თავს და თეოს გადავურეკე, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მხოლოდ ზარი გამოუშვა, იმიტომ რომ არ მჯეროდა, რომ ვინმე ამ ღატაკ ქვეყანაში ქალთან ვახშმისთვის ფულს იხდიდა და მერე რომელი პორნოვარსკვლავი მე ვიყავი, ჩემთან სექსზე გადარეულიყო.

- გოგონა, სად დამეკარგე? ხომ გაქვს შესაფერისი ტანსაცმელი? მამაშენის შვილს, აბა, არ ექნება? თმა დაიყენე, მსუბუქად დამაკიაჟდი და იყავი მზად ყველაფრისთვის.

- ყველაფრისთვის?! - დავიბენი მე.

- ჰო, მაგარი უცნაური ტიპი გაეძრო, უცნობ ქალთან უნდა სექსი და ისე, რომ ვერც შენ დაინახო მისი სახე და ვერც მან.

- ეგ როგორ? - კიდევ უფრო დაბნეულად ვიკითხე.

- კაი ახლა, ნუ მეთამაშები უბიწო გოგოს როლს. როგორ და ჭრელად. მიხვალ სასტუმროს ნომერში, ჩაიცვამ, რაც დაგხვდება, იმას და დაწვები ლოგინში. შუქი ჩააქრე. ჰო, კიდევ ერთი - თვალები უნდა აიხვიო. იქვე დაგხვდება აბრეშუმის საძილე თვალებისთვის, ამიტომ, მოდი, მაკიაჟი საერთოდ არ გაიკეთო.

ცოტა შემეშინდა და ეს ჩემს ხმასაც შეეტყო: ხომ ნორმალურია, ვინცაა?

თეომ გადაიხარხარა: ნუ გეშინია, გოგონა, არ შეგჭამს, არც გიკბენს, არც არაფერს ზედმეტს არ მოინდომებს, მხოლოდ იმას, რის უფლებასაც შენ მისცემ. ცოტა უცნაური ტიპია, ექშენი უყვარს და ახალ-ახალი ხორცი, არ გეწყინოს, დაო. თან, ხომ იცი, რომ ვერ ცნობ და არც იცი, ვინაა, უფრო თამამი და თავისუფალი ხარ. არაფერს დაგიშავებს, გპირდები. ჰოდა, გაიხსენე ახლა, ვაჟას ხელში დაგავიწყდებოდა, გაკოცე. ორ საათში მანქანა გამოგივლის. ჯერ ის წავა, შენ აიღებ ფულს და მანქანა ისევ მოგიყვანს.

- მე თვითონ მივალ, მისამართი ჩამიგდე და თვითონვე წამოვალ.

- როგორც გინდა, საყვარელო.

- პრეზერვატივები ხომ იქნება?

- ები?! ოჰო, შენ სერიოზული განზრახვები გქონია. იქნება, რა თქმა უნდა, იქნება. აბა, არ შემარცხვინო - თეომ ტელეფონი გათიშა. მე კიდევ გაშეშებული ვიჯექი: ეს რა ჯანდაბაში გავყავი თავი?! რატომ ჯანდაბაში? - შემომეპასუხა ახალი ნანა. ძალიანაც საინტერესოა. ცოტა ავღელდი: რაც იქნება, იქნება. თეომ სასტუმროს დასახელება მომწერა. მე ტაქსი გამოვიძახე დათქმულ დროს. ფოიეში არავინ იყო, გასაღები იდო „რესეფშენის“ მაგიდაზე და წერილი - რომელზეც ეწერა სართული. გასაღები ავიღე. ნომერში შევედი. წყალი წამოსვლისას გადავივლე და ამიტომ ამისთვის დრო არ დამიკარგავს, თან - ჩემი სურნელოვანი ახალი საცხებიც შეზელილი მქონდა, ნომერი მდიდრულად და გემოვნებით იყო მოწყობილი. მასზე ეფინა კორსეტი, რომელიც ქვემოდანაც იხსნებოდა და გვერდით ედო თვალებზე ასაფარებელიც. კორსეტი ჩავიცვი და მივხვდი, რომ მომიხდა, ლოგინზე დავწექი, რაც შეიძლებოდა, ლამაზად, საწოლის გვერდით სანათი ანთებული დავტოვე (ხომ უნდა დაენახა კიდეც ჩემი სხეული?!), თვალებზე ავიფარე აბრეშუმის საძილე ზონარი და თვალები დავხუჭე. გული მიცემდა, რაღაც სადისტურ-მაზოხისტური იყო ამ მდგომარეობასა და მოლოდინში. არ ვიცი, რამდენი დრო გავიდა, ალბათ, არც ისე ბევრი, რომ კარი გაიღო, შიშისგან შემაკანკალა და მამაკაცის დაბალი ხავერდოვანი ხმაც გავიგონე: ნუ გეშინიათ...

ხმამ დამამშვიდასავით. მივხვდი, რომ სააბაზანოში შევიდა, გული ისევ გამალებით მიცემდა. კარი გაიღო და სურნელით მივხვდი, რომ უცნობი მამაკაცი მომიახლოვდა. ლოგინზე ჩამოჯდა და თითი ჩემი ტუჩიდან ფრთხილად ჩამოატარა ყელისკენ. ყელს რომ ჩამოსცდა, ვიკითხე: შუქს არ გამორთავთ?

- არა, ხომ დატოვე? გინდოდა, რომ დამენახე, - ამ სიტყვების გაგონებაზე შემრცხვა, მართლაც მინდოდა და სულელურად გამომივიდა, ეტყობა, გავწითლდი.

- მომწონს მორცხვი ქალები, მაგრამ, თუ მეტს არ დაიმორცხვებ, ჩავაქრობ.

თანხმობის ნიშნად თავი დავაქნიე, იმდენი ხანია, ასე ახლოს არ მიგრძნია მამაკაცი, რომ რაღაცნაირად მოვითენთე, სრულად მივენდე მასაც და საკუთარ აქამდე აუმხდარ ფანტაზიებსაც...

... მივხვდი, რომ ფული დადო საწოლის გვერდით ტუმბოზე.

- ნახევარი აიღე. გეკუთვნის...

- რამდენ ხანსაც გინდა, დარჩი, დაისვენე, თუ რამე მოგინდა, ჩემს ხარჯზე შეუკვეთე.

- რომ არ ვიცი, ვინ ხარ?

- ამათ იციან, - მის ხმაში ღიმილი დავიჭირე, თითი ისევ ტუჩებთან მომადო, ოღონდ ამჯერად ყელს არ ჩასცდენია.

კარი რომ მიიკეტა. ლოგინზე წამოვჯექი და თვალებიდან სახვევი მოვიხსენი. თენდებოდა. კორსეტი აღარ მეცვა. აბაზანაში შევედი. სარკეში ჩავიხედე და ჩემს გამოსახულებას ხმამაღლა ვკითხე: ვინ ხარ?!

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი