რომანი და დეტექტივი

იდუმალი შემთხვევა

№25

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 04.07, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • რეიმერ რიჩი

ერთ ზაფხულს ბატონი ბარნაბას უგოთი, შეძლებული და პატივცემული კაცი, რამდენიმე დღე აღარ გამოჩენილა და ამ ამბავმა ხალხი საგონებელში ჩააგდო. შაბათს დილით გავიდა ცხენზე ამხედრებული. იმ საღამოსვე აპირებდა, თურმე, მობრუნებას. მისი გამგზავრებიდან ორი საათის შემდეგ ცხენი უმხედროდ დაბრუნდა, ლაფში ამოვლებული, დაჭრილი, ის ჩანთებიც არ ჩანდა, პატრონს რომ თან წაეღო მთელი დაბა დაირაზმა მის საძებნელად.

ძებნის სულისჩამდგმელი გახლდათ უგოთის გულითადი მეგობარი ჩარლი იკოუ.

ექვსი თვე იქნებოდა გასული, რაც ის გამოჩნდა და თუმცა აქაურთაგან არავინ იცნობდა, ადვილად გაიჩინა დაბის დარბაისელ ხალხში უამრავი ნაცნობი. ქალები მისთვის სულსაც არ იშურებდნენ.

დაბის მაცხოვრებელთა უმრავლესობა თანახმა იყო, ვიდრე „რაიმე გაირკვეოდა“, აღარაფერი მოემოქმედათ. მაგრამ ფრიად საეჭვოდ არ ჩაერია დაკარგულის დისწული, ერთი მეტად უწესო, ნაგიჟარი ყმაწვილი კაცი – რის ლოდინი, რა ლოდინი, ახლავე უნდა ვეძებოთ გვამიო. ბოლოს გადაწყვიტეს, დაკარგული ბატონის მოსაძებნად დაბის შემოგარენში გასულიყვნენ და თავად „ძია ჩარლის“ წინამძღოლობით გულდასმით დაეთვალიერებინათ ის მიდამოები.

ხალხი უცნობი ბილიკებით სად არ ატარა და რა გადაკარგული ორმოები და კუნჭულები არ მოაჩხრეკინა. და მიუხედავად იმისა, რომ თითქმის მთელი ერთი კვირა დღე და ღამე ეძებდნენ, ბატონ უგოთის ნაკვალევს მაინც ვერსად მიაგნეს. მისი ცხენის ნაფეხურებმა კი, რომელიც საგანგებო ნალებით იყო დაჭედილი, ხალხი დაბის აღმოსავლეთით მიიყვანა, მერე ნაკვალევმა გადაუხვია და მაყვლის ბუჩქებში სანახევროდ ჩამალულ ტბორთან მივიდა. ტბორის ფსკერი საგულდაგულოდ ორგზის მოჩხრიკეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს. ბევრს ნიჩბები წამოეღო, ეგებ გვამის ამოთხრა დაგვჭირდესო. ასე რომ, წყლის ამოხაპვა არ გაძნელებიათ; ჯერ კიდევ ხეირიანად არც გამოჩენილიყო ფსკერი, რომ შლამში შავი ხავერდის ჟილეტი იპოვეს, რომელიც თითქმის ყველამ შეიცნო. ჟილეტი სულ დაგლეჯილი და სისხლით მოთხვრილი იყო. საქმე ვერ იყო კარგად. ჟილეტი ყველამ იცნო, ის დაკარგულის ძმისშვილს ეკუთვნოდა. როცა ჩაეკითხნენ, თავს რით იმართლებო, მკვდრისფერი დაედო, ხმა ვეღარ ამოიღო. ამ ამბავმა ხალხი უფრო დააეჭვა.

იქაურობა აიკლეს, ახლავე უნდა დავიჭიროთო. ჩარლიმ გამოიდო თავი მის დასაცავად. ფრიად გულიანი და მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა, მაგრამ ხალხს მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ბიძამისი, რომელსაც დისწულის გარდა სხვა ნათესავი არ ჰყავდა, ერთხელ დაემუქრა, მემკვიდრეობას გაგიუქმებო. ეს ნათქვამი კი აშკარად ბრალს სდებდა მას, მით უმეტეს, რომ დაკარგულს მუქარა არ შეუსრულებია, ხელიც არ უხლია პირვანდელი საბუთისთვის. ანდერძი რომ შეეცვალა, მაშინ მკვლელობის ერთადერთი მიზეზი ყმაწვილის ჩვეულებრივი შურისძიების წყურვილი იქნებოდა. ასე რომ, ყმაწვილი იქვე დააპატიმრეს. უცებ ბატონი იკოუ, ცოტათი რომ უსწრებდა დანარჩენთ, დაიხარა და აიღო ბალახიდან პატარა საგანი. პალტოს ჯიბეში მოინდომა ჩაჩურთვა, მაგრამ ვეღარ მოასწრო, ესპანურ დანას მალავდა თურმე. ათიოდემ მაშინვე განაცხადა, რომ ეს იარაღი ყმაწვილს ეკუთვნოდა. ტარზე ამოჭრილი ინიციალებიც ამას ადასტურებდა. დანა სისხლიანი და ბუდის გარეშე ეგდო მიწაზე.

გამომძიებელმა ორ კონსტებლს უბრძანა იმ ოთახის გაჩხრეკა, დისწულს რომ ეკავა ბიძამისის სახლში. გაგზავნილები მალე მობრუნდნენ და ყველასთვის კარგად ნაცნობი, ფოლადის წვრილი სალტით შემოვლებული შინდისფერი ტყავის ქისა მოიტანეს, მრავალი წელიწადი რომ თან დაჰქონდა მოხუც ჯენტლმენს, მაგრამ ქისა ცარიელი იყო, ამაოდ ჩაეკითხა გამომძიებელი ტუსაღს, აბა, მითხარი, სად დახარჯე ან სად გადამალე ფულიო, ყმაწვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ფულზე არაფერი ვიციო.

გამომძიებელმა აღარ მოისურვა ჩვენების ჩამორთმევა და პატიმრის საქმე მაშინვე გადასცა სასამართლოს. არაპირდაპირი სამხილები ისეთი ნათელი გამოდგა, რომ მსაჯულებმაც იმწუთას, მოუთათბირებლად გამოიტანეს ვერდიქტი: „განზრახ მოუკლავს, დამნაშავეა“. ამ უბედურს სასიკვდილო განაჩენი დაუდგინეს და საოლქო საპყრობილეში გადაიყვანეს, სადაც კანონის აღსრულებას უნდა დალოდებოდა.

ყმაწვილი განწირული იყო, რომ არა ერთი შემთხვევა – „კეთილმა ბიძია ჩარლიმ“ გადაწყვიტა, გამაოგნებელი აღსარება გაეკეთებინა და საპოლიციო უბანზე გამოცხადდა.

იმას, რაც ამის მერე მოხდა, ენა ვერ აღწერს: ცოტა ხნის წინ კმაყოფილი და გაღაჟღაჟებული სახე კაცს სულთმობრძავივით საზარლად დაღმეჭოდა და საშინელი სანახავი იყო. რამდენიმე წუთს მარმარილოს ქანდაკებასავით გაქვავებული იჯდა, ყოველგვარი გრძნობისგან დაცლილი თვალებით იყურებოდა და თითქოს ჭკუარეული ყვებოდა იმ შემზარავი დანაშაულის შესახებ, რის გამოც საცოდავი ყმაწვილი გამოამწყვდიეს და სიკვდილი მიუსაჯეს.

თითქმის გუბემდე თავად მიჰყოლია მსხვერპლს, ცხენისთვის დამბაჩა დაუხლია, ტარის დარტყმით მხედარი გაუთავებია, ცხენი, რომელიც მკვდარი ეგონა, ვაივაგლახით წყლისპირას, მაყვლის ბუჩქებში გადაუთრევია, მერე საკუთარ ბედაურზე ბატონ უგოთის გვამი დაუკრავს, ტყე-ტყე წამოუღია და ერთ მივარდნილ ადგილას დაუმალავს. ჟილეტი, დანა, საფულე და ტყვია კი შურის საძიებლად მიუგდო მსხვერპლს. ისიც მოაწყო, რომ სისხლიანი ცხვირსახოცი და ყელსახვევი ამ ყმაწვილის ოთახში ეპოვათ.

შესაზარელი აღსარების დასასრულს „ძია ჩარლი“ ენას ძლივს აბრუნებდა, ხმაც დაჰკარგოდა, ლაპარაკი რომ მოათავა, მოსწყდა მაგიდას, გადმოქანდა და იქვე უსულოდ დაეცა.

ამ ფრიად დროული აღსარების ძალად ამოგლეჯის ხერხი გვამი იყო, რომელიც იქაურმა კონსტაბელმა იპოვნა. რომლის ქალიშვილიც უიმედოდ იყო შეყვარებული ყმაწვილზე. ამდენმა სამხილმა ეჭვი გაუჩინა და სრულიად საიდუმლოდ დაიწყო ბატონ უგოთის ნეშტის ძებნა. ეძებდა, იმ ადგილებიდან შორს, სადაც ბატონ იკოუს ხალხი დაჰყავდა. რამდენიმე დღის შემდეგ გადააწყდა კიდეც მაყვლის ბუჩქებში ჩამალულ ძველ გამშრალ ჭას, რომლის ფსკერზე იპოვა ის, რასაც ეძებდა.

მერე კი იშოვა ვეშაპის ულვაში, ყელში გაუყარა ბატონ უგოთის ნეშტს და ასე ჩადო ძველ საღვინე ყუთში. ვეშაპის ულვაშის გამართვისას გვამიც უნდა გამართულიყო. ყუთის სახურავი ძლივძლივობით დახურა და სანამ ლურსმანს აჭედებდა ხელი არ აუშვია, ანუ, როგორც კი ყუთი აიხდებოდა, გვამიც წამოიწეოდა. ეს ყუთი წვეულებაზე გაუგზავნა.

ნაცნობი ღვინის მოვაჭრეების სახელით წერილი დაწერა და მსახურიც დაარიგა, რომ ეს ყუთი ბატონ იკოუს კარის წინ დაედო. როგორც კი ღვინის მოყვარულმა ჩარლიმ ყუთის თავსახურის ახდა დააპირა, მიცვალებულიც მაშინვე „წამოხტა“.

მეტი აღარაფერია სათქმელი. ყმაწვილი იმავე ღამით გაათავისუფლეს, მემკვიდრეობად მიიღო ბიძამისის სარჩო-საბადებელი, ამ მწარე გაკვეთილის შემდეგ ახალ ცხოვრებას მიჰყო ხელი და მას შემდეგ ბედი არასოდეს შემოსწყრომია.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი