რომანი და დეტექტივი

გასაგიჟებელი ღიმილი

№53

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 08.01, 2021 წელი

გასაგიჟებელი ღიმილი
დაკოპირებულია
  • ჯესი  დეგნანი 

  მსახიობ ჯინ მილერის ლამაზი სახე ბავშვურმა ღიმილმა გაანათა. ამ ღიმილზე გიჟდებოდა ლონდონური პუბლიკა და დნებოდნენ ფოტოგრაფები. 

– ერთი ამბავი გამახსენდა, – დაიწყო მან, – ეს ორი წლის წინ მდინარის პირას, ლონდონთან ახლოს მოხდა. მოდი, ამ ადგილს რივერბერი ვუწოდოთ. მე იქ ჩემს დასთან ერთად ვიმყოფებოდი, როდესაც პოლიციაში გამომიძახეს. აღმოჩნდა, რომ მდინარის პირას რომელიღაც ბუნგალო გაძარცვეს. ამასთან დაკავშირებით ერთი ახალგაზრდა კაცი დააკავეს, რომელიც ძალიან უცნაურ ისტორიას ყვებოდა. მე ავუხსენი, რომ იმ დროს რეპეტიციაზე ვიყავი და მისტერ დონერის შესახებ საერთოდ არაფერი მსმენოდა. მათ იგი ოთახში შემოიყვანეს და ჰკითხეს:
– ეს არის მის მილერი?
საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა მამაკაცი იყო. რომ დამინახა, პირიც კი დააღო:
– არა, რა თქმა უნდა არა, ეს ის ქალი არ არის!
მე გავუღიმე და ვაგრძნობინე, რომ ნაწყენი არ ვიყავი. როგორც გაირკვა, ამ ახალგაზრდამ, მას დევიდ დონერი ერქვა, – პიესა დაწერა. საერთოდ, მანამდეც ჰქონდა რამდენიმე დაწერილი, მაგრამ ისინი არც ერთმა თეატრმა არ დადგა. პიესა მან მე გამომიგზავნა. ასეთ პიესებს ასეულობით მიგზავნიან და მხოლოდ იმას ვკითხულობ, რომელთა ავტორებზე რაღაც მაინც გამიგია. დონერზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ, მოხდა ისე, რომ მან ჩემგან წერილი მიიღო. თუმცა, მერე გაირკვა, რომ სინამდვილეში, წერილი ჩემგან სულაც არ იყო. წერილში ეწერა, რომ მე პიესა წავიკითხე, ძალიან მომეწონა და ავტორი ჩემთან მის განსახილველად უნდა ჩამოსულიყო. გახარებული მისტერ დონერი ჩამოვიდა და ბუნგალოც იპოვა. კარი მოახლემ გაუღო და სასტუმრო ოთახში გაიყვანა. მალე ქალიც გამოვიდა. მას მე სწორედ ის ქალი ვეგონე, აღწერილობით, თურმე, მგავდა. მასპინძელი მას პიესის შესახებ ელაპარაკა. უთხრა, რომ მისი დადგმა სურდა. ვიდრე ისინი საუბრობდნენ, კოქტეილი მოიტანეს. დონერმა დალია, ჭიქა დადგა და ამის მერე აღარაფერი ახსოვს. გონს რომ მოვიდა, გზის პირას ეგდო. თავბრუ ეხვეოდა და ისე ცუდად იყო, რომ, როდესაც ადგა, თავადაც ვერ ხვდებოდა, სად მიდიოდა. ვიდრე ბოლომდე გამოფხიზლდა, დააკავეს კიდეც, ბრალად კი ბუნგალოს გაძარცვა წაუყენეს. ის ბუნგალო, სადაც ის მივიდა, ერთ მდიდარ კაცს, სერ გერმან ოჰენს ეკუთვნოდა. ბუნგალო მან ერთი მსახიობი ქალისთვის იქირავა, რომელსაც ქმარიც მსახიობი ჰყავდა. სერ გერმანს ქალაქგარეთ ჰქონდა სახლი, სადაც ამ ქალს ეპატიჟებოდა ხოლმე. მისმა ცოლმა ამ ურთიერთობის შესახებ, რა თქმა უნდა, არაფერი იცოდა. კაცმა საყვარელს უამრავი ძვირფასეულობა აჩუქა, მათ შორის ზურმუხტები. სპეციალურ ზარდახშაში ჩაკეტილი ეს ძვირფასეულობა ბუნგალოში ინახებოდა. მძარცველმა იქ ყველაფერი თავდაყირა დააყენა და ბოლოს ეს ძვირფასეულობაც იპოვა. პოლიციაში კი დარეკა ქალმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის მის მერი კერი იყო. მისი თქმით, ბუნგალო გაძარცვეს და აღწერა ახალგაზრდა კაცი, რომელიც მასთან დილით მივიდა. ისიც აღნიშნა, რომ მოახლეს იგი უცნაურად მოეჩვენა და არ შეუშვა. ქალმა ახალგაზრდა კაცი ისე ზუსტად აღწერა, რომ პოლიციამ იგი მაშინვე დააკავა. დაკითხვაზე მან ჩემი წერილი წარადგინა და სწორედ ამიტომ გამომიძახეს პოლიციაში. როდესაც დონერმა დამინახა, განაცხადა, რომ მე ის ქალი არ ვიყავი. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ, როდესაც პოლიციელები დანაშაულის ადგილზე მივიდნენ, ზუსტად ამ დროს მივიდა იქ მერი კერიც და განაცხადა, რომ მხოლოდ ახლა გაიგო ძარცვის შესახებ და, ბუნებრივია, არც არსად დაურეკავს. მან დილით მენეჯერისგან დეპეშა მიიღო, რომელიც მას მთავარ როლს სთავაზობდა. ქალიც მაშინვე ქალაქში გაემგზავრა, თუმცა, სულ ტყუილად – აღმოჩნდა, რომ მენეჯერს არაფერი დაუწერია და, მით უმეტეს, არც გაუგზავნია. სახლში მხოლოდ მოახლე იყო. მასაც ვიღაცამ მერი კერის სახელით დაურეკა და კლუბში ჩანთის მიტანა სთხოვა. როდესაც მოახლე კლუბში მივიდა, მის კერი იქ არ აღმოჩნდა. სერ გერმანმა საქმის ჩაფარცხვა სცადა, მაგრამ მას ეს არ გამოუვიდა. ვფიქრობ, მისმა ცოლმა ყველაფერი გაიგო. დონერი გაათავისუფლეს, რადგან მის წინააღმდეგ სამხილები არ აღმოჩნდა. რას იტყვით ამ ყველაფერზე?
– მოდი, სიტუაცია გავაანალიზოთ, – შესთავაზა დამსწრეებს სერ დენიმ, – დამეთანხმეთ, რომ მისტერ დონერს თავისუფლად შეეძლო, მთელი ეს ისტორია მოეგონებინა. წერილიც თავად დაეწერა და საქმის წარმატებით დასრულების შემდეგ რამე საძილე საშუალებაც დაელია. თუმცა, ამას მხოლოდ მაშინ იზამდა, თუ დაინახავდა, რომ ძარცვის დროს რომელიმე მეზობელმა შეამჩნია.
– თუ დონერს მანამდე მის მერი კერი არასდროს უნახავს, ვფიქრობ, ამოცანა ამოხსნილია, – თქვა მისის ანტრიმ, – დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ვერსია სწორია. იმაზე მარტივი არაფერია, მოიფიქრო, ვითომ ქალაქში გამოგიძახეს, შემდეგ რომელიმე ვაგზლიდან მოახლეს დაურეკო და, ვიდრე იგი შენკენ მოდის, შენ ბუნგალოში დაბრუნდე. იქ დანიშნულ დროს წერილით გამოძახებული ახალგაზრდა კაცი მოვა და მხოლოდ სახლის არევა და ძარცვის ინსცენირებაღა რჩება. შემდეგ დარეკავ პოლიციაში, ხაფანგში გაბმული მსხვერპლის გარეგნულ ნიშნებს შეატყობინებ და ისევ ქალაქში დაბრუნდები, რომ მერე ჩამოხვიდე და კომედია გაითამაშო, თითქოს არაფერი იცოდი.
– კი, მაგრამ, რაში სჭირდებოდა ამ ქალს საკუთარი ძვირფასეულობის მოპარვა? – მხრები აიჩეჩა მშვენიერმა ჯინმა.
– მიზეზი ბევრი შეიძლება, არსებობდეს, შესაძლოა, მას სასწრაფოდ დასჭირდა ფული, სერ გერმანი კი არ აძლევდა.შეიძლება, ვინმე აშანტაჟებდა. იქნებ, ქალს ძვირფასეულობა უკვე გაყიდული ჰქონდა. სერ გერმანმა კი მათი წარმოდგენა მოსთხოვა და ისიც იძულებელი გახდა, ამ გზით დაეძვრინა თავი..
– მე უფრო სერ გერმანზე მაქვს ეჭვი, – შენიშნა პოლკოვნიკმა ანტრიმ, – დეპეშა შეეძლო თავად გამოეგზავნა, რათა ქალი სახლიდან გამოეტყუებინა. დანარჩენის მოწყობაც არ გაუჭირდებოდა. აქვს ალიბი?
– შეიძლება, ჩემი აზრი მცდარია, – საუბარში ჩაერთო დოქტორი ლიდი, – მაგრამ, გამორიცხული არაა, ამ ამბავში სერ გერმანის ცოლი იყოს გარეული. თქვენ არ იცით, რისი გაკეთება შეუძლია შეურაცხყოფილ ქალს.
– თქვენ რას ფიქრობთ, მისტერ სეიმონ? – დაინტერესდა ჯინი.
– არც ვიცი, რა გითხრათ. უცნაური ისტორიაა. ბევრი კითხვა ჩნდება, მაგალითად, მოახლესთან დაკავშირებით. იმას ვგულისხმობ, რომ, წესიერი გოგო ასეთ სახლში სამუშაოდ არ წავა. ანუ, ჩვენ თამამად შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მოახლე ანგელოზი არ იქნებოდა. შესაძლოა, მძარცველებთან შეკრულიც ყოფილიყო. მას შეეძლო, ლონდონში წასვლისას კარი ღია დაეტოვებინა. თუმცა, თუ საქმე ჩვეულებრივ ქურდებს ეხება, მთელი ეს ისტორია ძალიან უცნაურად გამოიყურება. თანაც, არ მშორდება იმის განცდა, რომ აქ რაღაც პირადულია. შეიძლება, ვიღაცას ბოღმა ჰქონდა, მაგრამ, ვის? დამწყებ მსახიობს, ვისაც ცუდად მოექცნენ? თუმცა, მთლად დამაჯერებელი ვერსია არც ეს არის.
– გნებდებით, მის მილერ, – წარმოთქვა სერ დენიმ, – ვერ გამოვიცანით. გვითხარით, რა მოხდა სინამდვილეში?
– ყველანი ნებდებით? – იკითხა ჯინმა – მაგრამ, მეც რომ არ ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა? მეგონა, თქვენ დამეხმარებოდით.
– მაშინ, ამ ამბავში მონაწილე ადამიანების ნამდვილი სახელები მაინც გვითხარით, ეს საქმეს გაგვიადვილებს, – შესთავაზა მას ანტრიმ.
– ამის გაკეთება ჯინს არ შეუძლია, – გამოექომაგა მსახიობს მისტერ სეიმონი – თქვენ ბოლოს რომელ პიესაში თამაშობდით? – ჰო, ეს ხომ სომერსეტ მოემია, არა? მისი თითქმის ყველა პიესა მინახავს. დროა, სახლში წავიდე, და ვიდრე გავიდოდა, ჯინთან მივიდა. ყურში რაღაც ჩასჩურჩულა. ჯინს ხმამაღალი ოხვრა აღმოხდა, თუმცა, მალე გამოერკვა და ანტრისთან ერთად მეორე სართულზე დასაძინებლად ავიდა.
– იცით, მან ყურში რა მიჩურჩულა? მითხრა: თქვენს ადგილზე მე ამას არ გავაკეთებდი. არასდროს გახდეთ სხვაზე დამოკიდებული, მაშინაც კი, თუ ფიქრობთ, რომ ის სხვა თქვენი საუკეთესო მეგობარიაო. საოცარია, როგორ მიხვდა?
– რას მიხვდა? – საქმე ისაა, რომ მე ჩემს დუბლიორზე – ჰეტა გრინზე დამოკიდებული გავხდი. თქვენ ხომ იცით, რომ სწორედ მან წამართვა ქმარი – კლოდმა იგი ცოლად მოიყვანა. ჰეტა დასვენების დღეებს სერ ჯოზეფ სალმანის ბუნგალოში ატარებდა, მაგრამ კლოდი ვერაფერს ხვდებოდა... მინდოდა, ჰეტა მემხილებინა, რომ ყველას გაეგო, სინამდვილეში როგორია. ჰოდა, ამ ძარცვის შესახებ მალე ყველაფერი ცნობილი გახდება.
– ჯინ! – კინაღამ დაიხრჩო ანტრი. – ეს ყველაფერი თქვენ მოაწყვეთ?!
– დიახ. აი, რატომ ავირჩიე „სმიტი“ – ამ სპექტაკლში მოახლის როლს ვთამაშობ. როდესაც მე პოლიციის განყოფილებაში გამომიძახეს, მარტივი იქნებოდა, მეთქვა, რომ სასტუმროში დუბლიორთან ერთად როლს ვიმეორებდი. სინამდვილეში ჩვენ ორივენი ბუნგალოში ვიყავით. მე გავაღე კარი და კოქტეილი მოვიტანე, ჰეტა კი მე მასახიერებდა. ჩვენ ძვირფასეულობის ზარდახშა ავიღეთ და სასტუმროში დავრეკეთ. არ მინდოდა, ახალგაზრდა კაცი დიდხანს დატანჯულიყო. იმედი მაქვს, ჰეტა გრინის სახელი გაზეთებში გამოჩნდება და ყველაფერი გაირკვევა. მაშინ კლოდი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდება, რას წარმოდგენს მისი ცოლუკა.
– ჩემო გოგო, ხვდები, რომ ნამდვილი დანაშაული ჩაიდინეთ და შეიძლება, დაგიჭირონ?
– მე მართლაც ჰეტაზე დამოკიდებული გავხდი. მას შეეძლო, ნებისმიერ დროს დავეშანტაჟებინე. რა თქმა უნდა, დეტალების მოფიქრებაში თავად დამეხმარა და ერთგულებას მიმტკიცებდა, მაგრამ, ვინ იცის, თავში რა უდევს. ქალი მაინც ქალია. ჯობია, არ გავრისკო.
– ჰო, მაგრამ, ახლა უკვე ძალიან გვიანია!
– ო, არა! – ჯინმა ოდნავ მოწკურა თავისი დამატყვევებელი ცისფერი თვალები, – თქვენ ვერ მიხვდით? ჯერ ხომ არაფერი მომხდარა! მე, უბრალოდ, წინასწარ მოვყევი მთელი სიუჟეტი, ასე ვთქვათ, პუბლიკაზე მოვსინჯე. მის განხორციელებას შემოდგომაზე ვაპირებდი. ახლა კი, ალბათ, აღარ გავრისკავ. ხომ შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს ვინმე მიხვედრილი...
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი