რომანი და დეტექტივი

განძი

№25

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 03.07, 2021 წელი

განძი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #24(1068)

ნაგანმომარჯვებული, „პახმელიაზე“ მყოფი ტიტე ყორღანაშვილი პირველი გავარდა ოთახიდან. ნახევარი წუთის შემდეგ ის „ენკავედეს“ დახურულ ეზოში იდგა და ცოლ-ქმარი ჩოხელების ამოყვანას ელოდა. სამმა ჯალათმა საშინლად ნაწამები, ტანსაცმელშემოხეული და სხეულდასისხლიანებული ზეზვა და ლონდა მოიყვანა. ცოლ-ქმარი კედელთან მიაყენეს და ყორღანაშვილმა კბილებში გამოსცრა:

– ან ყველაფერს აღიარებთ, ან აქვე ამოგართმევთ სულს. აბა, როგორ ეხმარებოდით ფაშისტებს და სადაა მენშევიკების განძი?

ცოლ-ქმარმა ერთმანეთს ხელები მოხვიეს და ერთხმად უპასუხეს:

– ჩვენ არაფერი დაგვიშავებია.

თვალებჩასისხლიანებულმა ტიტე ყორღანაშვილმა „ნაგანი“ „მოწკიპა“ და სათითაოდ თითო ტყვია კეფაში დაახალა.

– ეს მოღალატეები მორგში წაათრიეთ და პროტოკოლი გააფორმეთ სამხედრო მდგომარეობიდან გამომდინარე. შემდეგ შემომიტანეთ და ხელს მოვაწერ.

მაიორი შეტრიალდა და კაბინეტში დაბრუნდა. მოკლული ჩოხელების გვამები კი ჯალათებმა „ენკავედეს“ პროზექტურაში წაიღეს.

***

თორნიკე ჩოხელს მშობლების დახვრეტის ამბავი შეატყობინეს. თოკამ კიდევ 5 თვე გაატარა „ენკავედეს“ ციხეში. მართალია, ყმაწვილი თითქმის ყოველდღიურ დაკითხვებზე დაჰყავდათ, მაგრამ წამებას არ მიმართავდნენ და „ჩეკისტებმა“ დაიჯერეს, რომ თორნიკემ არაფერი იცოდა. თოკა მისსავე დაბადების დღეს, ფერისცვალებაზე, 1943 წლის 19 აგვისტოს გაათავისუფლეს. 16 წლის ყმაწვილი ფეხით დაბრუნდა ბინაში. თუმცა, იქ უკვე სხვები სახლობდნენ და ერთი ღამე მან მეზობელთან გაათენა. მეორე დღეს კი მილიციის უბნის ინსპექტორმა თორნიკე უდედმამო ბავშვთა სახლში წაიყვანა და იქ მან სრულწლოვანებამდე, 1946 წლის აგვისტომდე დაჰყო. როდესაც თოკა ბავშვთა სახლიდან გამოვიდა, მთაწმინდაზე არც კი ასულა, იქიდან გამოტანებული 100 მანეთი ჰქონდა და მატარებლით ბათუმში გაემგზავრა. ერთ პატარა გემზე მეზღვაურად მოეწყო და 2 წელიწადი იმუშავა. იქვე შეიტყო ტიტე ყორღანაშვილის საშინელი სიკვდილის ამბავიც. გემზე ახალი ექიმი გაამწესეს, რომელიც მანამდე თბილისში მუშაობდა სანეპიდემიოლოგად. სწორედ, მან მოუყვა, რომ ერთ დღეს ეპიდემიოლოგები სოლოლაკში, ერთ ძველ სახლში გამოიძახეს, სადაც ზამთრის მიუხედავად, საშინელი სუნი იდგა. კარი რომ შეამტვრიეს და ბინაში შევიდნენ დანაწევრებული ადამიანის ცხედარს წააწყდნენ. ბინა მაიორ ტიტე ყორღანაშვილის იყო და დანაწევრებული ცხედარიც მას ეკუთვნოდა. როგორც ეტყობა, ვიღაცამ შური იძია ყორღანაშვილზე, თუმცა მკვლელი ვერ აღმოუჩენიათ. თორნიკემ უხმოდ მოისმინა ექიმის მონაყოლი და მისთვის არაფერი უკითხავს. ღმერთს კი მადლობა შესწირა „ჩეკას“ ჯალათი მაიორის განადგურებისთვის. ორიოდე დღის შემდეგ, წინასაახალწლო დღეებში თორნიკეს გემი თურქეთის საზღვრის სიახლოვეს დაცურავდა და თევზს იჭერდა. მოულოდნელად საშინელი შტორმი ამოვარდა და პატარა გემი ტალღებმა გაიტაცეს. ღამის წყვდიადში გემი ბეტონის წინაღობას შეასკდა, რომელიც თურქებს ჰქონდათ აღმართული და ნაფოტებად იქცა. თორნიკე წყალში აღმოჩნდა და სანამ ძალები ჰყოფნიდა, ცდილობდა, განსაცდელს დასხლტომოდა. ძალები რომ გამოელია, გონება დაკარგა. თვალი რომ გაახილა, უკაცრიელ სანაპიროზე ეგდო და არც გემი ჩანდა და არც მისი ეკიპაჟი. 1948 წლის 30 დეკემბერი იყო. თორნიკემ ძალები მოიკრიბა და ახლომდებარე დასახლებულ პუნქტამდე რის ვაივაგლახით მივიდა. თურქ მასპინძლებს ყველაფერი მოუყვა, რომლებმაც სამი დღის შემდეგ თოკა სტამბოლში ჩაიყვანეს. თოკამ იქ თავისი მონაყოლი გაიმეორა და საფრანგეთში გამგზავრება ითხოვა. თურქებმა დააკმაყოფილეს ბიჭის თხოვნა და ერთი კვირის შემდეგ თორნიკე ჩოხელი ლევილში, ქართველთა სათვისტომოში დასახლდა. იქვე დაოჯახდა და იქიდან ადევნებდა თვალ-ყურს საქართველოს ამბებს. ხოლო როდესაც ეროვნული მოძრაობა დაიწყო, მხურვალედ გულშემატკივრობდა თანამემამულეებს და სამშობლოსკენ მოუწევდა გული. თუმცა ავადმყოფი მეუღლე ჰყავდა და პარიზში ის აკავებდა. თორნიკეს მეუღლე 1991 წლის ივლისში გარდაიცვალა. მან ღირსეულად იგლოვა ცოლი. შემდეგ შვილებს გამოუცხადა, რომ საქართველოში ბრუნდებოდა და ოქტომბერში უკვე თბილისში იყო. ამ ყველაფერმა ცივ აივანზე მდგომი თოკა პაპას თავში კალეიდოსკოპური სისწრაფით გაიელვა. შემდეგ მან „კაგებეს“ ალმოდებულ შენობას შეავლო თვალი და ოთახში შებრუნდა.

***

ელექტროფარნით შეიარაღებული თორნიკე ჩოხელი ფრთხილად მიიკვლევდა გზას ალმოდებული და ჩაბნელებული „კაგებეს“ ჯურღმულებში. მას იმ ჯვრის პოვნა უნდოდა, რომელიც სიკვდილმისჯილთა საკნის საწოლში დამალა თითქმის ნახევარი საუკუნის წინ. თორნიკეს დიდი იმედი არ ჰქონდა, რომ ჯვარს მიაგნებდა. მისი აზრით, საკნებში საწოლები არაერთხელ იქნებოდა გამოცვლილი. თუმცა, მოვალეობის მოხდა ბოლომდე უნდოდა. თოკა პაპამ ჯერ ის საკანი იპოვა, სადაც პირველად მოათავსეს. შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ საწოლიც იგივე იყო და ჯვარიც ადგილზე აღმოჩნდა. თოკა პაპამ ჯვარი კისერზე ჩამოიკიდა და სახლში დაბრუნდა. ცოტა სული მოითქვა. შემდეგ ჯვარი კისრიდან მოიხსნა და ხელისგულზე დაიდო. კარგა ხანს ათვალიერა და ბოლოს გახსნა. წინასწარ მომარაგებული გამადიდებლით ჯვრიდან ამოღებული ბარათი გულდასმით დაათვალიერა. ნუსხა-ხუცურად დაწერილი ტექსტიც წაიკითხა, მაგრამ ვერ მიხვდა, სად მდებარეობდა „მენშევიკების ოქრო“, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან საქართველოს დედაქალაქი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ძალიან შეცვლილი იყო და სპეციფიკურ ტერმინებს კი თოკა პაპა ვერ არჩევდა. ამიტომ ბარათი შეინახა და დაფიქრდა, რა ეღონა. თორნიკე ჩოხელი პუტჩისტებს, რა თქმა უნდა, არაფერს ეტყოდა. კანონიერი პრეზიდენტი კი უკვე დევნილობაში იყო და მას გაურკვეველი ვადით უნდა მოეცადა. თუმცა ცნობისმოყვარეობა არ ასვენებდა და ერთი კვირის შემდეგ, როდესაც ამინდიც ოდნავ ჩაცხრა და პოლიტიკური მღელვარებაც, თორნიკე ჩოხელი თბილისის უნივერსიტეტისკენ გაემართა და არქეოლოგიის კათედრაზე ვახტანგ ბარამიძე იკითხა. თორნიკეს ის ერთმა მეზობელმა ურჩია, უთხრა: 50 წლის ბარამიძე თბილისის საუკეთესო მცოდნეა, მან მრავალ გათხრაზე იმუშავია და მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვსო. თორნიკე ჯერ ბარამიძეს წარუდგა, შემდეგ შორიდან მოუარა, ბოლოს კი საიდუმლო ბარათი მიაწოდა და უთხრა:

– აი, გაეცანით და თქვენი აზრი ბრძანეთ.

ბარამიძემ გამადიდებელი შუშით გულდასმით წაიკითხა ბარათზე დაწერილი ტექსტი. ბოლოს ჩაიცინა და ჩოხელს უთხრა:

– 40 წლის წინ მეორე კურსზე ვსწავლობდი. ზაფხულში ჩვენმა დეკანმა აბანოების მიდამოებში გათხრებზე წაგვიყვანა. მე ერთ საღამოს, ახლა რომ ¹5 აბანოა, ღრმა სამალავს მივაგენი, სადაც 350 კილოგრამი ძვირფასეულობა იყო დამალული. ზოდებს ქართული გერბი ერტყათ და ამ ბარათში, სწორედ, მათზეა საუბარი.

თორნიკე ჩოხელს ოფლმა დაასხა და ბარამიძეს ჰკითხა:

– შემდეგ, შემდეგ რა მოხდა?

ბარამიძემ მხრები აიჩეჩა და თორნიკეს მიუგო:

– რაც უნდა მომხდარიყო, ბატონო ჩემო. მოვიდა „კაგებე“ და ის ადგილი დალუქეს. მე და ჩემს კოლეგებს გაუთქმელობის ხელწერილი დაგვადებინეს. ძვირფასეულობა ამოიღეს და მოსკოვში წაიღეს.

– ესე იგი, რუსეთმა წაგვართვა, წაგვგლიჯა? – თქვა ჩოხელმა. ბარამიძემ კი მხრები აიჩეჩა და მიუგო:

– დიახ. ასე გამოდის.

– რუსეთი, ისევ რუსეთი... არ გვეშვება ეს ოხერი, – თქვა თორნიკემ შემდეგ კისრიდან ჯვარი მოიხსნა და გახსნა. სამალავში ბარათი დააბრუნა. ბარამიძეს მიაწოდა და უთხრა:

– აი, აიღეთ. შეგიძლიათ, თქვენს მუზეუმში შეინახოთ. ამის გამო ჩემი მშობლები დახვრიტეს და მეც უამრავი ტანჯვა-წამება გამოვიარე. წარმატებებს გისურვებ, მეგობარო. მე კი პარიზში ვბრუნდები. საქართველო ისევ წითლებმა დაიპყრეს...

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი