რომანი და დეტექტივი

ეშმაკის ფეხი

№36

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 19.09, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #35(1079)

მორტიმერ ტრიჯენისს მღვდლის სახლში კუთხის ორი ოთახი ეჭირა, ერთიმეორის თავზე. პირველ სართულზე სასტუმრო ოთახი იყო, მეორეზე – საძინებელი. შემთხვევის ადგილზე ყველაფერი მართლაც ხელუხლებელი დაგვხვდა.

ოთახში დახუთული, გამგუდავი ჰაერი იდგა. მაგიდის შუაში იდგა და ჯერ კიდევ ხრჩოლავდა ნავთის ლამპა. გარდაცვლილი მორტიმერი მაგიდასთან მდგარი სავარძლის საზურგეზე მიყრდნობილი იჯდა. თხელი წვერი აბურძგნოდა, სათვალე შუბლზე ჰქონდა აწეული, ხოლო ფანჯრისკენ მიქცეულ შავგვრემან, გამხდარ სახეზე ისეთივე შიშის დაღი შეჰყინოდა, მისი განსვენებული დის სახეზე რომ ვიხილეთ. დაკრუნჩხული ხელ-ფეხითა და დაგრეხილი თითებით იოლად გამოიცნობდით, რომ შიშის პაროქსიზმით დაღუპულიყო. შეინიშნებოდა, რომ ტანსაცმელი აჩქარებით ჩაეცვა. რაკი ვიცოდით, რომ საღამოს დასაძინებლად დაწვა, უნდა გვევარაუდა, რომ დილაუთენია დაიღუპა.

ჰოლმსი მწევარივით ირჯებოდა, რომელმაც ნადირის სიახლოვე იგრძნო და გეში აიღო. სწრაფად შეათვალიერა საწოლი ოთახი და ფანჯარა გამოაღო. ფანჯარაში თავი გაყო და სიხარულის ხმამაღალი შეძახილი აღმოხდა. განსაკუთრებით დაინტერესდა ლამპით, რომელიც, ერთი შეხედვით, სრულიად ჩვეულებრივი იყო. გაზომა მისი რეზერვუარი, შემდეგ ლინზის მეშვეობით გასინჯა შუქფარი, რომელიც ლამპის შუშაზე ჩამოეცვათ, გარეთა ზედაპირიდან ცოტა ჭვარტლი ჩამოფხიკა, კონვერტში ჩაყარა, კონვერტი კი საფულეში შეინახა.

ბოლოს, პოლიციისა და ექიმის გამოცხადების შემდეგ, მღვდელს ანიშნა და მოლზე გავედით.

– მოხარული ვარ შეგატყობინოთ, რომ ჩემმა ძიებამ უქმად არ ჩაიარა, - მისტერ რაუნდჰეი, გთხოვთ, ინსპექტორის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა სიტყვიერად დამიდასტუროთ და გადასცეთ, რომ საწოლი ოთახის ფანჯარასა და სასადილო მაგიდაზე მდგარ ლამპებს მიაქციოს ყურადღება. თუ ინსპექტორს რაიმე ცნობები დასჭირდება, მოხარული ვიქნები მისი ხილვით.

მეორე დღეს ჰოლმსმა ისეთივე ლამპა იყიდა, როგორიც მორტიმერ ტრიჯენისის ოთახში ტრაგედიის ღამეს ენთო. ლამპაში ნავთი ჩაასხა და ზუსტად გამოთვალა, რამდენ ხანს გაძლებდა ანთებული. მისი მეორე ცდა, ერთი შეხედვით, ბევრად მარტივი იყო, მაგრამ არცთუ უწყინარი.

ერთ საღამოს ჰოლმსი ალაპარაკდა.

– ალბათ გახსოვთ, უოტსონ, ყველა ჩვენებაში, რომელსაც ვისმენდით, იყო რაღაც საერთო ხაზი. მხედველობაში მაქვს, როგორ მოქმედებდა ოთახში დაგუბებული ჰაერი ყველაზე, ვინც იქ პირველი შედიოდა. თუ გაგონდებათ, როცა მორტიმერ ტრიჯენისი აღწერდა თავის უკანასკნელ მისვლას ძმების სახლში, თქვა, ექიმმა ოთახში შესვლისთანავე კინაღამ გონება დაკარგა და სკამზე მიცვალებულივით დავარდაო, მერე გახსოვთ, მნე მისის პორტერი რომ გვეუბნებოდა, შევედი ოთახში და ცუდად გავხდი, ფანჯარა გამოვაღე, თორემ გავიგუდებოდიო! მორტიმერ ტრიჯენისის სიკვდილის შემდეგაც ოთახში საშინელი შეხუთული ჰაერი იდგა, თუმცა მოსამსახურე გოგოს უკვე მოესწრო ფანჯრების გაღება. ეს ძალიან საეჭვო ამბავია. ორსავე შემთხვევაში ერთი და იგივე მოვლენაა: ჰაერის მოწამვლა. ორსავე შემთხვევაში რაღაც ენთო. პირველ შემთხვევაში – ბუხარი, მეორედ – ლამპა. ცეცხლი ჯერ კიდევ სჭირდებოდათ, მაგრამ ლამპა მხოლოდ მაშინ აანთეს, როცა ინათა, – ამაზე ნავთის დონე მეტყველებს.

პირველ შემთხვევაში მხოლოდ ქალი მოკვდა, როგორც უფრო სუსტი არსება, მამაკაცები კი გაგიჟდნენ, რაც მოწამვლის პირველი ნიშანია. მეორე შემთხვევაში სასურველი შედეგი სავსებით მიღწეულია. ამრიგად, ფაქტები ადასტურებს რაღაც ნივთიერების წვით გამოწვეულ მოწამვლას.

ყველაზე მოსალოდნელი იყო ამ ნივთიერების დანალექის პოვნა ლამპის ჭვარტლში, კიდეებზე მიხაკისფერი ფხვნილი აღმოვაჩინე, რომელმაც დაწვა ვერ მოასწრო.

ახლა კი, უოტსონ, ავანთოთ ლამპა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ორი ღირსეული წევრი რომ არ დავუღუპოთ, ფანჯრები გამოვაღოთ. როგორც ვხედავ, უკან დახევას არ აპირებთ! თუ სიმპტომები საგანგაშო იქნება, ექსპერიმენტი მაშინვე უნდა შეწყდეს. ვიღებ კონვერტიდან ფხვნილს, უფრო სწორად, რაც მისგან დარჩა და ლამპის ცეცხლის ალზე ვყრი. დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას.

ძლივს მოვასწარი დაჯდომა, რომ მძიმე, მსუყე, გულის ამრევი სუნი ვიგრძენი. პირველივე ჩასუნთქვის შემდეგ გონება თითქოს დამიბნელდა, თავს ვეღარ ვერეოდი. თვალწინ ხშირი, შავი ღრუბელი ჩამომეფარა და უეცრად ვიგრძენი, რომ მასში იმალებოდა ყველაფერი საშინელი, ჯოჯოხეთური, ბოროტი, რაც კი ქვეყნად არსებობს, და ეს უჩინარი ძალა მზად იყო ჩემს მოსაკლავად. მარტო ამის გაფიქრებაზეც გული ორად გამეპო. შიშისაგან ვიყვირე. თმა ყალყზე დამიდგა, თვალები გადმომეკარკლა, პირი ფართოდ გავაღე და ენა აბედივით გამიხმა. დაყვირება ვცადე, მაგრამ ხრინწიანი ხავილიღა თვალწინ წარმომიდგა თეთრი ნიღაბი, შიშისგან დაღმეჭილი სიფათი, ტრიჯენისების სახლთან რომ ვიხილე. ახლა მას ჰოლმსის სახეზე ვხედავდი. წამით გონება გამინათდა. სავარძლიდან წამოვხტი, ჰოლმსს ხელები შემოვხვიე და ბარბაცით გასასვლელისკენ გავემართე. მერე ბალახზე ვიწექით და ვგრძნობდით, როგორ გვიფანტავდა მზე შიშის ზარს, რამაც ასე შეგვბოჭა. ბოლოს გონიც დაგვიბრუნდა და მასთან – სულიერი სიმშვიდეც. ბალახზე წამოვჯექით, ცივ ოფლს ვიწმენდდით და შიშით შევყურებდით ჩვენი სახიფათო ექსპერიმენტის ნაკვალევს ერთიმეორის სახეზე.

ჰოლმსი ნახევრად სკეპტიკური ხმით ამეტყველდა:

– ძვირფასო უოტსონ, მაინც ზედმეტი იყო ასეთ ხიფათში თავის ჩაგდება: უნდა ვაღიარო, არ ველოდი, რომ ფხვნილის მოქმედება ასეთი უეცარი და ძლიერი იქნებოდა. ალბათ; ეჭვი აღარ გეპარებათ, როგორ მოხდა ორივე ტრაგედია. ყველა ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ბოროტმოქმედი პირველ შემთხვევაში მორტიმერ ტრიჯენისი იყო. მეორედ კი იგი თვითონ აღმოჩნდა მსხვერპლი. ოჯახში ჯერ იჩხუბეს და მერე შერიგდნენ. მორტიმერ ტრიჯენისი, ის ნამდვილი კაცუნა, მელიის ნიკაპი რომ ჰქონდა და ეშმაკივით აელვებდა თვალებს სათვალის ქვემოდან, საკმაოდ ბოროტ და გულღრძო ადამიანად მეჩვენებოდა.

– გამოდის, მან თავი მოიკლა?

– დიახ, უოტსონ, ძალაუნებურად ასე უნდა ვთქვათ. დანაშაულის სიმძიმეს, რომელმაც მისი დედმამიშვილები დაღუპა, იოლად შეეძლო თვითმკვლელობამდე მიეყვანა. მაგრამ ინგლისში არის ადამიანი, რომელმაც ამ საქმის ირგვლივ ყველა წვრილმანი იცის, აგერ ისიც!

ბილიკზე აფრიკის ცნობილი მკვლევარი გამოჩნდა. მან ოდნავ გაოცებულმა მოაშურა ფანჩატურს, სადაც ჩვენ ვისხედით.

სტერნდეილი დაჯდა. იგი მძიმედ ქშენდა.

– თავი უნდა ვიმართლო?

– დიახ, მორტიმერ ტრიჯენისის მკვლელობაში უნდა იმართლოთ თავი.

– საიდან იცით?

– თვალს გადევნებდით. სხვათა შორის, იგივე, ტენისის დაღარულძირიანი ფეხსაცმელი გეცვათ, ახლა რომ გაცვიათ. იქ ბაღი გადაკვეთეთ, პირდაპირ ტრიჯენისის ფანჯარასთან გაჩერდით. ჯიბიდან კენჭები ამოიღეთ და მეორე სართულის ფანჯარას ესროლეთ.

ტრიჯენისი ფანჯარასთან მოვიდა. თქვენ ანიშნეთ, ძირს ჩამოდიო. სასტუმრო ოთახში ჩამოვიდა. ფანჯარაში გადაძვერით და ცოტა ხანს ისაუბრეთ, თან ბოლთას სცემდით. ბოლოს ისევ გადმოძვერით ფანჯრიდან, მოლზე დადექით, კარგა ხანს დაჰყავით, სიგარას ეწეოდით და თვალს ადევნებდით, რა ხდებოდა სასტუმრო ოთახში. როცა მორტიმერ ტრიჯენისი მოკვდა, იმავე გზით გამობრუნდით უკან.

სტუმარს სახეზე ნაცრისფერმა გადაჰკრა. სახე ხელებით დაიფარა და ღრმა ფიქრს მიეცა. შემდეგ სწრაფი მოძრაობით შიდა ჯიბიდან ფოტოსურათი ამოიღო და გაურანდავ მაგიდაზე დააგდო.

– აი, ამის გამო ჩავიდინე ეს ამბავი.

ეს იყო ძალიან ლამაზი ქალის სურათი. ჰოლმსმა დიდხანს უყურა და მერე წყნარად თქვა, – ბრენდა ტრიჯენისია.

სტერნდეილის გიგანტური სხეული უცნაურად შეირხა და მან კრუნჩხვით იტაცა ყელზე ხელი, რომ ქვითინი არ წასკდომოდა. როგორც იქნა, შეიკავა თავი და განაგრძო, – მღვდელმა იცოდა ეს ამბავი. ჩვენი საიდუმლო გავანდეთ. აი, რატომ გამომიგზავნა დეპეშა მღვდელმა პლიმუტში და მეც აქეთ გამოვეშურე. რა ჯანდაბად მინდოდა ბარგი და აფრიკა, როცა შევიტყვე, ჩემს საყვარელ ადამიანს რა ბედიც ეწია? აი, საქციელის გამართლება, მისტერ ჰოლმს!

დოქტორმა სტერნდეილმა ჯიბიდან ამოიღო ქაღალდის შეკვრა და მაგიდაზე დადო. მასზე გარკვევით ეწერა: „ეშმაკის ფეხის ფესვი“.

– ქონების გაყოფისას რომ იჩხუბეს, იმის შემდეგ მორტიმერი ცალკე გავიდა და მარტო ცხოვრობდა. ცბიერი, პირფერი ინტრიგანი იყო.

ორი კვირის წინ მან კოტეჯში შემომიარა, ჩემი აფრიკული იშვიათი ნივთების სანახავად. როცა საქმე ამ ფხვნილამდე მივიდა, მოვუყევი მისი უცნაური თვისების შესახებ, როგორ აღაგზნებს ფხვნილი ნერვულ სისტემას, შიშის მაკონტროლებელ ცენტრებს და როგორ იხოცებიან ან გიჟდებიან საცოდავი ველურები, რომელთაც ჯადოქარი ამ წამალს უნიშნავს. ვერ გამიგია, როგორ ამწაპნა ფხვნილის ნაწილი. თურმე, რა განზრახვა ჰქონდა გულში. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა პლიმუტში მღვდლის დეპეშამ მომისწრო.

ისარგებლა ეშმაკის ფეხის შხამით, გააგიჟა ძმები და მოკლა ბრენდა, ერთადერთი, ვინც მიყვარდა და ვისაც ვუყვარდი.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი