რომანი და დეტექტივი

ექიმი

№26

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.07, 2021 წელი

ექიმი
დაკოპირებულია

– ბაქარ ექიმო, გაიღვიძეთ, მძიმედ დაჭრილი გვყავს, ახლახან შემოიყვანეს, გესმით? გაიღვიძეთ? საწყალი ბიჭი ქუჩაში უპოვიათ, ძლიერი სისხლდენით მიმღებში მოათავსეს. გველოდებიან...

– დაჭრილი? ხო, ახლავე, – ექიმი წამოჯდა, საათს დახედა, ორი ხდებოდა, შემდეგ სახეზე ხელები მიისვ-მოისვა და ექთანს ჰკითხა:

– რა ხდება, ვინ არის, რითია დაჭრილი?

– დანით, მარცხენა მხარეს, გულის ქვემოთ, სავარაუდოდ, ელენთაა ან ელენთის სიახლოვეს, ოცი წლისაა. მიმღები განყოფილებიდან დარეკეს. ჩავიდეთ, სასწრაფო საოპერაციოა.

– კარგი, რიტა, გენაცვალე, ჩადი და მოვდივარ.

ექთანი გატრიალდა და ოთახიდან გავიდა. ექიმმა დაამთქნარა, ხელები კეფის უკან შემოიწყო და კედელს მიეყრდნო, – მხოლოდ ორი წუთი და...

მეორე დღეა, თვალი არ მოუხუჭავს. მეგობარი კოლეგის თხოვნით, ზედიზედ მოუწია მორიგეობა, თითქოს ჯიბრზე, პაციენტი პაციენტზე შემოჰყავთ. გაივსო განყოფილება, ავადმყოფის დასაწოლი ადგილი აღარ არის, ხან დაჭრილი, ხან ნაცემი თუ ავტოკატასტროფაში მოყოლილი, ყველა აქ როგორ მოჰყავთ?!

ქირურგიული განყოფილების სამორიგეო ოთახში დოცენტ ბაქარ ნადიბაიძის მშვიდი ფშვინვა ისმოდა.

– ბაქარ ექიმო, გამოფხიზლდით. პაციენტს ვკარგავთ, დავუჩქაროთ! – უკან დაბრუნებული ექთანი კვლავ ევედრებოდა ექიმს. ქირურგი საბოლოოდ გამოფხიზლდა, წამოდგა, პირზე წყალი შეისხა, თეთრი ხალათი ჩაიცვა და ჩქარი ნაბიჯით მიმღებისკენ მიმავალ ექთანს უკან გაჰყვა.

– მომეცით ავადმყოფის ისტორიის ბარათი, – შესვლისთანავე მოითხოვა მიმღებში ჩასულმა ქირურგმა.

– თქვენი მოგვარეა, ნუკრი ნადიბაიძე, ოცი წლის, – შიშნარევი ხმით უთხრა მიმღების ექთანმა და ფურცელი აკანკალებული ხელით მიაწოდა. ბაქარი გველნაკბენივით შეხტა.

– ნუკრი... – ამოიხავლა და საკაცეზე მწოლიარე დაჭრილთან მიიჭრა.

– ნუკო, შენ? სულ სისხლში ცურავ, რა დღეში ხარ, მა?

– მტკივა, მამა, – შესჩივლა ბიჭმა.

– სასწრაფოდ საოპერაციოში! – იღრიალა ბაქარმა და სანიტრის მაგივრად თვითონ მოექცა საკაცის თავთან.

– სად, როდის, რანაირად, შვილო? ვინ გაგიმეტა, იმ ძაღლიშვილმა, მამა?

– მაპატიე, მა, ჯგუფური ჩხუბი გვქონდა ბიჭებს, ვერ დავინახე, სიბნელეში ვინ დამჭრა. ორჯერ ჩამარტყა დანა იმ ნაბიჭვარმა, კარგა ხანს ვეგდე ქუჩაში. ვიღაც გამვლელმა მიშველა. სასწრაფო დახმარების ცენტრში დარეკა. თვითონ მოვითხოვე შენს კლინიკაში მოსვლა, სად იყავი აქამდე, გელოდებოდი, მა?

სიმწრის ოფლი ასხამდა ბაქარს. დროზე მაინც აეთრია გვამად ქცეული სხეული.

„მოგიკვდეს მამა, შვილო, ჩემს თავს როგორ უნდა ვაპატიო?“ – მოსთქვამდა გუნებაში და საოპერაციოსკენ მიაქროლებდა საკაცეზე დაწვენილ თავის ერთადერთ ძეს.

– არასდროს მითქვამს შენთვის, მიყვარხარ, მამა!

ბაქარს შიგნეული დაეწვა, ხმა აუკანკალდა.

– გპირდები, ამის მერე ხშირად ვეტყვით ამ სიტყვას ერთმანეთს, ნუკრი.

– ნუცა, საოპერაციოში ყველაფერი მზად არის?

– დიახ, ბაქარი ექიმო.

– ერითროციტული მასა? ჩემი სისხლი აქვს, მეორე ჯგუფის უარყოფითი.

– უკვე დავადგინეთ, ექიმო. საკმარისი რაოდენობა გვაქვს. აშკარად ეტყობა, ბევრი სისხლი აქვს დაკარგული. ყოველი შემთხვევისთვის, სისხლის ბანკშიც გადავრეკეთ. მოგვარებულია.

ბაქარმა მადლობის თვალით გადახედა:

„ყოჩაღ, გოგონებო, სანამ მე ძილქუში მაწვა, ამათ სამყარო შეუძრიათ. დასახვრეტი ხარ, ბაქარ ნადიბაიძე, დასახვრეტი!“

საოპერაციო ბლოკის კარი გააღეს და დაჭრილი პაციენტი შიგნით შეიყვანეს. ბლოკში უკვე ელოდებოდნენ რეანიმატოლოგი, ანესთეზიოლოგი, დამხმარე ექიმები და ექთნები. პაციენტი საოპერაციო მაგიდაზე გადააწვინეს, სასწრაფოდ დაუმუშავეს მუცლის გარშემო ჭრილობა, შეაერთეს და მონიტორით სრულ კონტროლზე აიყვანეს ყველა არსებული მდგომარეობა, იქვე ეწყოთ ოპერაციისათვის გამზადებული იარაღები. ექიმი ხელების დასაბანად გავიდა. უკან დაბრუნებულმა კოლეგებს კითხვით შეხედა და მათაც თვალით სრული მზადყოფნა ანიშნეს.

– ჩართეთ განათება! – ბაქარმა მონიტორს შეხედა და ბრძანა:

– ვიწყებთ, მზად ხართ? – იკითხა ბაქარმა და კიდევ ერთხელ დახედა უკვე მძინარე პაციენტს.

– მზად ვართ, – იყო ერთხმად პასუხი.

უკლებლივ კლინიკის ყველა მედპერსონალს მოეყარა თავი საოპერაციო განყოფილების დერეფანში. ექიმ ბაქარ ნადიბაიძის გასამხნევებლად. დადუმებულები თვალებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. ბევრი პირადად იცნობდა ნუკრის – ექიმს ხშირად დაჰყავდა ბიჭი სამსახურში. მათ ხელში გაიზარდა, დავაჟკაცდა. დღეს კი? სიკვდილ-სიცოცხლის სასწორზე დადებული ჭაბუკის ბედზე თვალები უცრემლიანდებოდათ. ზოგადად, ბლოკიდან ოპერაციის დროს არანაირი ხმები არ ისმოდა, ახლა კი გარკვევით ესმოდათ შიგადაშიგ ნერვიული ხმამაღალი შეძახილი.

– სკალპელი!

– ინებეთ.

მუხლები უკანკალებდა ექიმს, თითქოს დღეს პირველად უნდა შეხებოდა ადამიანის სხეულს ბასრი იარაღით.

– მაკრატელი!

– აქ არის.

ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს საკუთარ აპონევროზს ჭრიდა.

– ტამპონი, ტამპონი! – კვლავ გაისმა მოთხოვნა.

– ხელში გიჭირავთ, ბატონო ბაქარ.

– ლიგატურა!

უმალ მიაწოდეს. კი არ დადიოდნენ, დაფრინავდნენ.

– წნევა?

– ოთხმოცი სამოცზე, პულსი სამოცდაათი.

– ოფლი მოიწმინდეთ საფეთქლებთან.

– უნდა გაუძლო, ნუკრი, ყოჩაღი ბიჭი ხარ, ძლიერი, ბევრი ჭირ-ვარამი გაქვს გადატანილი. როგორ დაუფლეთია, გულ-მუცელი იმ ეშმაკის ნაშიერს.

– პულსი? – იკითხა ისე, არც გაუხედავს მონიტორისკენ.

– სამოცდახუთი.

– საქაჩი! – მუცლის ღრუში ჩაღვრილ სისხლს ასუფთავებდა, ყველა საქმეს თვითონ აკეთებდა, პირადად ებრძოდა თავისი ვაჟის თავზე დამცინავად ჩამომდგარ სიკვდილს.

– ლიგატურა!

მიაწოდეს. ძლივს შეაჩერა სისხლდენა.

– კოაგულაცია!

შვილის მომწვარი სისხლის სუნმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა. მთელ თავის ძალას და გამოცდილებას ანდობდა ინსტინქტს ჰიპოკრატეს მიმდევარი.

„არ მიღალატო, ბიჭო, სიბერე არ გამიმწარო, ერთი დღე ვერ ვიცოცხლებ უშენოდ, ვერ ვაპატიებ ჩემს თავს, იცოდე, ნუკო!“

– წნევა ვარდება, სამოცდაათი ორმოცდაათზე. პულსი ორმოცი!

მონიტორზე უკვე ხშირ-ხშირად იცვლებოდა არასასურველი ციფრები. ხელები მექანიკურად მუშაობდნენ, სწრაფად კერავდა ნაჭრილობევს, მაგრამ დღეს ყველაფერი მის საწინააღმდეგოდ ბრუნავდა.

– წნევა დაეცა, ექიმო, პულსი აღარ ჩანს, პაციენტს ვკარგავთ!

– გული, გული გაჩერდა...

– დეფიბრილატორი! – განწირული ხმით დაიყვირა უბედურმა მამამ, მაგრამ უშედეგოდ.

– ძაბვა მოუმატე!

მონიტორზე კვლავ დუმილი.

– კიდევ, კიდევ სცადეთ, მიშველეთ ვინმემ! – უკანასკნელ ხმაზე ღრიალებდა ბაქარი, – მომეცით, მე თვითონ, – ექიმს ხელიდან გამოგლიჯა დეფიბრილატორი, გულზე მჭიდროდ მიიდო და ყვიროდა, ევედრებოდა ყველას, – ყველაზე მაღალზე ჩართეთ ეგ წყეული ელექტროშოკი! სიკვდილის ღირსი ვარ, გთხოვთ, გემუდარებით, მიმიფურთხებია ასეთი დამპალი სიცოცხლისთვის!

– სიკვდილის დრო სამი საათი და ორმოცდაშვიდი წუთი... – ჩაიდუდუნა თანაშემწემ, რეანიმაციის ექიმმა ბერდია ხმალაძემ ხელიდან ძლივს წაართვა დეფიბრილატორი ბაქარს, მეგობარი მკერდზე მიიკრა და მასთან ერთად უკანასკნელ ხმაზე აქვითინდა.

***

სამგლოვიარო პროცესზე ნუკრი ნადიბაიძის მეგობრებისა და ნათესავების გარდა თითქმის მთელი ჯანმრთელობის სამინისტროს თანამშრომლები მოსულიყვნენ. ოცდაათი წლის განმავლობაში ერთსა და იმავე კლინიკაში მომუშავე ქირურგს უამრავი ნაცნობ-მეგობარი ჰყავდა, ყველა იცნობდა, დიდ პატივს სცემდნენ, უყვარდათ. ბევრი მისი სიკვდილს გადარჩენილი ყოფილი პაციენტიც ესწრებოდა მისი შვილის დაკრძალვას. პროცესიას მიუყვებოდა დამწუხრებული ჭირისუფალი. ამ დღეებში ხომ მთელი ქალაქი მის თავზე მომხდარ უბედურებაზე საუბროდა, თანაუგრძნობდნენ საბრალო მამას.

– საწყალი ნათელა, კიდევ კარგი, ვერ შეესწრო ამ დღეს, არადა, ბედი არ გინდა, რაღა მამას ჩააკვდა ხელებში, ერთი პაციენტის სიკვდილიც არავის ახსოვს მის პრაქტიკაში, საოპერაციო მაგიდაზე არავინ დარჩენია და მაინცდამაინც პირველი მსხვერპლი შვილი არ შერჩა?! – იძახდა ჭაღარათმიანი ქალბატონი და სახეზე განცდით ისვამდა ხელებს.

– ღმერთმა მაპატიოს, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას, ყოფილიყო ცოტა ფხიზლად და გადაარჩენდა ბიჭს. თურმე, ნახევარი საათი კიდევ გაუგრძელებია ძილი, – ირონიულად გააჟღერა წითურმა ქალბატონმა.

– კარგი რა, მაგული, ასე რატომ სჯი? – ჩაერია მესამე ქალბატონი საუბარში, – ორი ღამე ზედიზედ გაათია, სხვის მაგივრად დარჩენილა ღამის ცვლაში, ორმოცდათხუთმეტი წლის კაცია, ოცდაათი წლის ახალგაზრდა ხომ არ არის, რომ გაუძლოს. ეგეც რომ არ იყოს, რა იცოდა, თუ მისი ძე იყო.

– საქმეც მაგაშია, ასმათ. მაინცდამაინც საკუთარი შვილი უნდა იყოს, რომ წამოფრენილიყო, ღმერთმა გვაშოროს და ჩვენს შვილებს არ უნდა შველა? შენი ვაჟი რომ ყოფილიყო, არ უნდა ეშველა? – ქალები დადუმდნენ და სასაფლაოსკენ მიმავალ აღმართს შეუდგნენ.

***

ლამაზად თოვდა, ქალაქი თეთრად იმოსებოდა. ფიფქები ნაძვის ტოტებს ეხებოდნენ და იქვე იდებდნენ ბინას. ბუხარში ცეცხლი გიზგიზებდა. სასიამოვნოდ ტკაცუნობდა შეშა. მხიარული ცეცხლის ალი კი პერიოდულად სახეს უნათებდა ფიქრებში წასულ უიმედოდ დარჩენილ მამას. ბაქარმა საფერფლე აიღო, სიგარეტს მოუკიდა და ბუხრის თავზე ნუკრის სურათთან დადო. სიგარეტის კვამლი მძიმე-მძიმედ მიიწევდა ზევით და ზედ ბიჭის ბაგესთან იკარგებოდა, თითქოს სურათიდან მოღიმარი ნუკრი ხარბად ისუნთქავდა ნიკოტინის სურნელებას.

– მოწიე, მა, ვიცი, რომ ეწეოდი, თუმცა ჩემთან გერიდებოდა. ნათელამ გაგყიდა, არ იცოდი? ჯიბეში პირველად რომ გიპოვა, მითხრა და თან შენი თავი დამაფიცა, არაფერი უთხრა ბავშვს, ველოდებოდი იმ დღეს, როცა გაბედავდი და მეტყოდი, მამა, სიგარეტის ფული მომეციო. როგორი კარგი ბიჭი მყავდი, მორიდებული, დარბაისელი, ხათრიანი, ჭკვიანი. ვამაყობდი შენით, ბიჭო, ვამაყობდი, – ძაღლის წკმუტუნმა ფიქრებიდან გამოიყვანა.

– რაო, ჯეკო, დაგტოვე ნუკოს გარეშე? შე საცოდავო შენა, მოდი ჩემთან, მოდი, – ნუკრის სახელის ხსენებაზე ძაღლი მის ოთახში გაიქცა და ბიჭის ცალი ბოტასი მოიტანა. ბაქარმა გამოართვა, ცხვირთან ახლოს მიიტანა ბოტასი, რომელსაც ჯერ კიდევ შვილის ფეხის სუნი ასდიოდა, ხარბად შეისუნთქა. შემდეგ ძაღლს თავზე მოეფერა, აიყვანა და გულზე მიიხუტა.

გახსოვს, ჯეკო, პირველად რომ მოგიყვანეთ, მაგიდის ქვეშ როგორ დავძვრებოდით, გამწარებული გვიყეფდი, ჩვენც ვითომ შენსავით ვყეფდით. გაჯავრებდით. შენ კი გვიღრენდი და საკბენად იწევდი. ბრაზობდი ჩვენზე, ყეფა არ იცით და ნუ მარცხვენთო. ნათელა კი სიცილს ვერ იკავებდა, დაგვცინოდა – მამა-შვილს ერთი კარგი კინოლოგი უნდა აგიყვანოთო. ეჰ, რა დრო იყო, ბედნიერები ვიყავით, არა? ეს რა უცებ დაგვენგრა სამყარო თავზე. ძაღლმა ბაქარის ხელიდან თავი გაითავისუფლა, შემოსასვლელისკენ გაიქცა და კარს თათით ფხაჭნა დაუწყო.

– ხო, ხო, მოვდივარ. წავიდეთ, ვესტუმროთ, აბა, აქ ვინ ან რაღა დაგვრჩენია. მხრებში მოხრილმა მამაკაცმა ქურთუკი მოიცვა და ძაღლთან ერთად სადარბაზოდან გავიდა.

გაუვალ თოვლში ერთმანეთის კვალდაკვალ თავჩაღუნული მიუყვებოდნენ სასაფლაოსკენ მიმავალ გზას ადამიანი და ძაღლი. თოვლის ნამქერი სახეზე ეყრებოდათ, სუსხიანი ნიავი კაცის თმას, ხოლო ძაღლს კი ბალანს უწეწავდა. თოვამ იმატა, სევდიანად ზუზუნებდა საფლავებს შორის ქარი. თოვლის ფანტელი ეცემოდა აგორებულ მიწაზე თავის უკანასკნელ პაციენტზე სხეულით გადაფარებულ უიღბლო ექიმს, მის თავთან მდგარი საცოდავად მობუზული, უპატრონოდ დარჩენილი ძაღლი კი გაყინულ სახეს ულოკავდა და შესაბრალისად ყმუოდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი