რომანი და დეტექტივი

დერეფანი

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 21.05, 2022 წელი

დერეფანი
დაკოპირებულია

ქართველმა პარტიზანებმა რუსი ოკუპანტების ჯგუფი, თანაც გამოწვრთნილი პროფესიონალები ისე ოსტატურად აიყვანეს, რომ პოდპოლკოვნიკი სემიონ კოზლოვი შოკში იყო. ხოლო როდესაც გონზე მოვიდა და მეტყველების უნარი დაუბრუნდა, ქორიძეს უთხრა:

– ძმებო, ქართველები ხართ?

ქორიძემ რუს ოკუპანტს უთხრა:

– თქვენთვის ძმები არ ვართ, ქართველები კი ნამდვილად ვართ.

– ჰოდა, ღმერთმა აგაშენოთ, ქართველებო. თუკი არ დამხვრეტთ, ისეთ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ თქვენც იხეირებთ და ცოტას მეც თუ შემახვედრებთ, მადლობელი ვიქნები.

ქორიძეს აზრადაც არ მოსვლია რუსი ტყვეების დახვრეტა, რადგან ეს მისი პრინციპი არ იყო. თუმცა მიხვდა, რომ რუსი მართლაც მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა და ეშმაკობა იხმარა. ვახტანგმა ავტომატი გადატენა, კოზლოვს მიუშვირა და უთხრა:

– რა თქმა უნდა, აქვე აგაორთქლებთ, რადგან ჩვენ ტყვეები არ აგვყავს. თუმცა შენთვის გამონაკლისის დაშვება შეგვიძლია, გააჩნია, რა ინფორმაციას მოგვაწვდი.

კოზლოვი მუხლებზე ხოხვით მიუახლოვდა ქორიძეს, ჩექმაზე შემოეხვია და უთხრა:

– ოღონდ სიცოცხლე არ წამართვა და იმდენ ქონებას გაშოვნინებ, რომ ათასი წელი გეყოფა.

ქორიძემ რუსი ჩექმიდან მოიშორა და უთხრა:

– მიდი, თქვი!

– ჩვენ აქ ჩასასაფრებლად მოვედით. კიევიდან ხუთი ტონა ოქრო მოაქვთ დასავლეთში გადასატანად და წართმევა გვინდოდა. ახლა კი ეს ოქრო შეგიძლიათ, თქვენ წაიღოთ. მხოლოდ გევედრებით, სიცოცხლე შემინარჩუნეთ, – უთხრა ქორიძეს მუხლებზე მხოხავმა პოდპოლკოვნიკმა სემიონ კოზლოვმა.

რუსი ოკუპანტის სიტყვები იმდენად არარეალურად ჟღერდა, რომ ქორიძემ იფიქრა, ალბათ, გაგიჟდაო და უთხრა:

– შენი დედაც... შენ, რა, გააფრინე?

– არა! სიმართლეს გეუბნები. კიევიდან ოქრო სულ რაღაც საათში ან საათ-ნახევარში იქნება აქ და ისინი „წითელი ჯვრის“ ეგიდით მოდიან. გეფიცები, რომ სიმართლეს ვამბობ. ჩემს სიცოცხლეს გეფიცები, – იცრემლებოდა რუსი ოკუპანტი პოდპოლკოვნიკი.

ქორიძემ მაინც ვერ დაიჯერა რუსის სიტყვები და უთხრა:

– ეს ინფორმაცია საიდან გაქვს? თუ ეს სიმართლეა, მაშინ ოქროს საიდუმლოდ წამოიღებდნენ და შენ ამას ვინ შეგატყობინებდა?

– ამან, აი, ამან მომაწოდა ეს ინფორმაცია, – კოზლოვმა ვოვა კრილოვისკენ გაიშვირა ხელი და დააყოლა, – ეს მაიორი კრილოვია, მისი ბიძაშვილი მონაწილეობს ოქროს ტრანსპორტირებაში და მან მოგვაწოდა ეს ინფორმაცია.

ქორიძემ დაჩოქილი კრილოვი ხელით მოიხმო და ჰკითხა:

– მართალია, რასაც ეს ამბობს?

– დიახ. მართალია, – მიუგო კრილოვმა.

– რა ჰქვია შენს ბიძაშვილს?

– იური ლავრიკი, – თქვა კრილოვმა.

ვახტანგ ქორიძემ თავის რაზმელებს უთხრა, რომ რუსი ტყვეებისთვის ხელები შეებორკათ და პირი აეკრათ. შემდგომ კი ისინი ძველ, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს აშენებულ საველე ბუნკერში გამოამწყვდიეს. როდესაც ყველა ბრძანება შესრულდა, ქორიძემ საათს დახედა და თანამშრომლებს უთხრა:

– ბიჭებო, ქარავნის შესახვედრად მოემზადეთ! იცოდეთ, ჩვეული ოსტატობით უნდა ვიმოქმედოთ. მით უმეტეს, რომ უკრაინის უშიშროების სპეცრაზმი ყველაზე ძლიერია მათ შორის, ვისაც აქამდე გადავყრივართ...

ქართველი პარტიზანები ჩასაფრებაში ჩაწვნენ და ჰორიზონტზე „წითელი ჯვრის“ მანქანების კოლონაც გამოჩნდა.

***

„წითელი ჯვრის“ ლოგოებით შენიღბული კოლონა ბუჩას მიუახლოვდა, დილის შვიდი საათი სრულდებოდა. პოლკოვნიკი პეტრო პროკოპენკო პირველ მანქანაში იჯდა და სწორედ, მან შეამჩნია კომუფლაჟში გამოწყობილი მამაკაცი, რომელსაც იარაღი არ ჰქონდა. ის მხოლოდ ხელს იქნევდა და მანქანას გაჩერებისკენ მოუწოდებდა. გამჩერებელს განმასხვავებელი ნიშნები არ ჰქონდა და პოლკოვნიკს ეს საეჭვოდ მოეჩვენა. თუმცა, მძღოლს გაჩერება უბრძანა. საბარგულში მყოფ ჯარისკაცებს კი სრული მზადყოფნისკენ მოუწოდა. მანქანა გაჩერდა. პროკოპენკო კაბინიდან გადავიდა და უიარაღო კომუფლაჟიანს რუსულ ენაზე უთხრა:

– გამარჯობა. რატომ გაგვაჩერეთ, რაშია საქმე!

გამჩერებელი ვახტანგ ქორიძე იყო. მან, ჩვეულებისამებრ, ეშმაკობა იხმარა, რომ დარწმუნებულიყო, თუ ვისთან ჰქონდა საქმე და პროკოპენკოს რუსულადვე მიუგო:

– ვინ ხართ, საით გაგიწევიათ და რა ტვირთი მიგაქვთ?

– ჩვენ მებრძოლები არ გეგონოთ. „წითელი ჯვრიდან“ ვართ და კიევის ოლქის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარება მიგვაქვს – საკვები და მედიკამენტები. ბოდიში, მაგრამ თქვენ ვინ ბრძანდებით?

– მე რუსეთის სამშვიდობო დერეფნის პატრულირების ჯგუფის მორიგი ოფიცერი ვარ. რუსლან ხაჯიევი. ჩეჩენი, – მიუგო ქორიძემ და დაამატა, – თქვენი ტვირთი უნდა შევამოწმო და წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?

– თქვენ მარტომ უნდა შეამოწმოთ, ბატონო რუსლან? ეს ხომ უამრავ დროს წაიღებს და ადგილზე კი მშიერი და ავადმყოფი ადამიანები გველოდებიან, – თქვა პროკოპენკომ და ხელი კომუფლაჟის მარჯვენა ჯიბისკენ წაიღო, სადაც მაყუჩიანი ავტომატური პისტოლეტი ეგულებოდა.

უკრაინის უშიშროების პოლკოვნიკის მახვილმა თვალმა ოციოდე მეტრით მოშორებული ტყის მასივში, უზარმაზარ ფიჭვთან შეიარაღებული მებრძოლი შენიშნა და გეგმის მიხედვით, ჯერ მის წინ მდგომი უნდა მოეშორებინა, შემდგომ კი გაჩერებულ მანქანაში შემხტარიყო და იქაურობას გაცლოდა. ვახტანგ ქორიძეს პროკოპენკოს მოძრაობა არ გამოჰპარვია და მას უკვე უკრაინულად უთხრა:

– მშვიდად, მამაკაცო! მტერი არ ვარ. გამოგცადე და შენთან სერიოზული საქმე მაქვს.

– ბრძანეთ, – ეჭვით მიუგო პროკოპენკომ ქორიძეს.

– თქვენ, ალბათ, მისიის უფროსი ხართ. მითხარით, თქვენს ჯგუფში კაპიტანი იური ლავრიკი თუ ირიცხება და ახლა სადაა.

ამ სიტყვების მიუხედავად, პოლკოვნიკი მაინც ვერ ენდო უცნობს და მას ღიმილით უთხრა:

– ძვირფასო მეგობარო, ბატონო რუსლან, რის კაპიტანი, ჩვენ „წითელი ჯვრიდან“ ვართ და არა სამხედროები.

– მე რუსლანი კი არა, ვახტანგ ქორიძე ვარ, ქართველ პარტიზანთა ჯგუფის მეთაური და ალბათ, გსმენია ჩემ შესახებ, – თქვა ქორიძემ.

პროკოპენკო მაინც არ „გატყდა“ და ქორიძეს უთხრა:

– არა, ბატონო, თქვენზე არაფერი მსმენია. თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ხართ. რაც მთავარია, ჩვენ მშვიდობიანი ადამიანები ვართ. არავის ვერჩით და მხოლოდ გაჭირვებულ ადამიანებს ვეხმარებით. გთხოვთ, შეამოწმოთ ჩვენი ტვირთი და გაგვიშვათ.

ვახტანგ ქორიძემ ირონიით შეათვალიერა პეტრო პროკოპენკო და უთხრა:

– კარგი, ბატონო, პრინციპში მართალი ხარ და ისე იქცევი, როგორც უნდა მოიქცე. თუმცა, ახლა მთელ კარტს გაგიხსნი და არ იცქმუტო. ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთო, თორემ ჩემი ბიჭები შენც და შენს რაინდებსაც წამში გაგანადგურებენ. ნაღმმტყორცნები გვაქვს და თქვენზეა დამიზნებული, – ქორიძემ ამოისუნთქა და დაამატა, – თქვენ ხუთი ტონა ოქრო მიგაქვთ დასავლეთში და „წითელი ჯვრით“ შეინიღბეთ. ისიც ვიცი, რომ უკრაინის უშიშროების სპეცრაზმი ხართ, სავარაუდოდ, შენ – მეთაური. თუმცა შენი ვინაობა არ ვიცი, მაგრამ ამას ახლა არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარი ახლა კაპიტანი იური ლავრიკია და ის თქვენთანაა?

– ლავრიკმა გათქვა ეს ინფორმაცია? – იკითხა პროკოპენკომ.

– სწორედაც რომ, მაგრამ ღმერთს უმადლოდეთ, რომ დღეს ჩვენ ჩასაფრებაში გამოვედით და რუსი ბანდიტები ავყარეთ. აი, სწორედ, ისინი აპირებდნენ თქვენთვის ოქროს წართმევას, – განმარტა ქორიძემ.

– სად ლავრიკი და სად რუსი ბანდიტები? – გაოცებული იყო პოლკოვნიკი.

– მოკლედ, მეგობარო, ახლა ამის დრო არაა და მოგვიანებით გეტყვი. სულ ცოტა ხანში აქ შავები უნდა მოვიდნენ ორი „ჯიპით“ და ისინიც გასანეიტრალებელი გვყავს. ხოლო გაუთვალისწინებელი რამ რომ არ მოხდეს, შენი მოღალატე კაპიტანი გაანეიტრალე. გასაგებია? – თქვა ქორიძემ.

პეტრო პროკოპენკომ საბოლოოდ ირწმუნა ქორიძის სიტყვები. შეტრიალდა და თავის მეომრებს მოუწოდა:

– მეგობრებო, მანქანებიდან გადმოდით. ბატონმა ოფიცერმა ჩვენი ტვირთი უნდა შეამოწმოს და იმედია, მალე გაგვიშვებს.

მანქანებიდან ოცივე მებრძოლი გადმოვიდა. პოლკოვნიკი მათკენ დაიძრა, ვითომ მათთან ერთად უნდა დამდგარიყო და როდესაც კაპიტან იური ლავრიკს მიუახლოვდა, მას ჯერ ყელში უთავაზა, შემდგომ კისერში და მიწაზე უგონოდ დასცა. უმალვე განაიარაღა და იქვე, ზურგსუკან ხელბორკილი დაადო. ამ სანახაობას დანარჩენი მებრძოლები გაოცებულები უყურებდნენ და ვერ გაეგოთ, რაში იყო საქმე. პროკოპენკომ კი ლავრიკის იარაღი აიღო და ხელქვეითებს უთხრა:

– ძმებო, ჩვენ შორის მოღალატე აღმოჩნდა, ის უკვე განეიტრალებულია და რომ არა ჩვენი ქართველი პარტიზანები, ალბათ, ჩვენს მისიას ვერ შევასრულებდით. ახლა კი დერეფანი გახსნილია და შეგვიძლია, გზა გავაგრძელოთ.

„ოქროს მისიის“ წევრები მანქანებს დაუბრუნდნენ და გზა გააგრძელეს, რადგან უკვე სამშვიდობოზე იყვნენ და დიდი ხიფათი აღარ ემუქრებოდათ. ვახტანგ ქორიძის ქართველმა პარტიზანებმა კი მოღალატე ლავრიკი ბუნკერში დატყვევებულ რუს ოკუპანტებთან ერთად მოათავსეს. შემდგომ კი პოზიციები დაიკავეს და „შავებს“ დაელოდნენ, რომლებსაც ოქრო საიმედოდ უნდა გადაემალათ.

***

იმავე დღეს ქართველ პარტიზანთა ყველაზე ახალგაზრდა მებრძოლმა – დემნა კაკაბაძემ და სამმა მისმა მეგობარმა მოღალატე ლავრიკის, დატყვევებული რუსებისა და აყრილი „შავების“ თვრამეტკაციანი „შაიკა“ გაკოჭილები კიევში ჩაიყვანეს და უკრაინის უშიშროების სამსახურს ჩააბარეს. შემდგომ კი უკან დაბრუნდნენ, რათა ისევ თავდაუზოგავად ებრძოლათ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ

P.S. ქართველ პარტიზანთა რაზმი დღესაც დიდი წარმატებით მუსრავს მტერს.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი