რომანი და დეტექტივი

დედის მსხვერპლი

№16

ავტორი: ნია დვალი 20:00 28.04, 2023 წელი

დედის მსხვერპლი
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #13-15 (1163)

***

ერთი ასეთი ისტორია უკვე ირიცხებოდა ეკას ანგარიშზე და ის ეკას პირველ ქორწინებას ეხებოდა.

ერთ დღესაც ეკამ მშობლებს გამოუცხადა, რომ საქმრო ჰყავდა და მათთვის გაცნობას აპირებდა. იამ და ნოდომ ერთმანეთს გაკვირვებულებმა გადახედეს, მაგრამ ეკამ ხმის ამოღებაც არ აცალა:

– მინდა, რომ ყველაფერი წესიერად იყოს, ოჯახთან ერთად მოვა და...

იამ და ნოდომ ისევ გადახედეს ერთმანეთს. იას გულმა რეჩხი იყო – რომ გაახსენდა, რამდენი ნიშნობა ჰქონდათ გადახდილი ამ სახლში და რამდენჯერ იტირა ხელის თხოვნის ცერემონიალით გულაჩუყებულმა დედამისმა, მაგრამ ამას სხვა დროს გიამბობთ.

მოკლედ, ეკას საქმრო (შემდგომში ნუმერაციით პირველი ქმარი), დედამისი, ბებია-ბაბუა და სასიძოს და ამ ამბიდან მესამე დღეს ესტუმრნენ იასა და ნოდოს. იამ თადარიგი დაიჭირა, ამიტომ არც თავისი მშობლები დაუპატიჟებია და არც დედამთილ–მამამთილი (ზედმეტი დრამატიზმის თავიდან ასაცილებლად). იას ახლაც ახსოვდა, როგორ დაუარა ელდამ, სასიძოს რომ შეხედა: ამას შეუხედავი არ ერქვა, იმის იქით იყო. არ ახსოვს, რას ლაპარაკობდა, მაგრამ ახსოვს, რომ უაზროდ იღიმებოდა. ნოდოც თავაზიანად იქცეოდა, საერთოდაც, ნოდო ძალიან უპრობლემო ქმარი და მამა იყო: ცოლ-შვილს ყველა სურვილს უსრულებდა და ზედმეტი კონტროლით არ ბოჭავდა. ჯერ გაცნობის სუფრა არ დამთავრებულიყო, როდესაც ეკამ დედამისი სამზარეულოში დაიმარტოხელა და აზრი ჰკითხა:

– მოგეწონა?

ია თავად ამ შეკითხვამ გააოცა და ცივმა ოფლმა დაასხა: როგორ შეიძლებოდა, ის ვიღაც მოგწონებოდა?! და შემდეგ შვილის მორიგმა ფრაზამ:

– თუ არ მოგწონს, არ გავყვები ცოლად. მართლა.

ამ სიტყვებმა იას გული მოულბო: შენ უნდა იცხოვრო, მე კი არა. თუ შენ მოგწონს, ესე იგი, ყველაფერი რიგზეა, – უთხრა შვილს.

ეკამ იას აკოცა და სამზარეულოდან გავიდა.

მხოლოდ თვეების შემდეგ გაიგო იამ, რომ ეკამ, არც მეტი, არც ნაკლები, მოატყუა: იმ თავის ნუმერაციით პირველ ქმართან სიღნაღში უკვე ჰქონდა მოწერილი ხელი, მაგრამ გაბრაზებას უკვე აზრი აღარ ჰქონდა, იმიტომ რომ წაგებული ბრძოლის შემდეგ მუშტების ქნევა სასაცილოა, თუმცა მაინც ვერ მოითმინა და შვილს უსაყვედურა:

– ასეთი რამ როგორ მომატყუე? – მაგრამ ეკა არ შეეპუა:

– რომ გეთქვა, არ მომწონსო, როგორც მოვაწერე ხელი, ისევე გავაწერდი.

და იას უკვე აღარაფერი ჰქონდა სათქმელი შვილისთვის. ამ ამბავმა იას წამში ჩაუარა თვალწინ, სანამ დიკა მისთვის რაღაცის თქმას ცდილობდა.

***

დიკა კი ცოდვილობდა:

– ხომ იცი, რომ მე სადაზღვევოში ვმუშაობ?

– ვიცი, – თავი დაუქნია იამ, „აშკარად მეოთხედ გათხოვდა ეს გოგო“, – ია ამაში დარწმუნებული იყო.

– ჰოდა, ვამოწმებდით საბუთებს და აღმოვაჩინე, რომ... აღმოვაჩინე, რომ... – დიკას ენა დაება.

– რა აღმოაჩინე? – შეეშველა ია.

– რომ ნოდოს ცოლ-შვილი ჰყავს.

– ვინ ჰყავს? – ია ყურებს არ უჯერებდა.

– ჰო, – დიკამ ამოისუნთქა, რაკი მთავარი სათქმელი ამოთქვა, – დაზღვეული ჰყავს ჩვენთან; საოჯახო დაზღვევა აქვს. ანუ ორი დაზღვევა აქვს საოჯახო, ერთში თვითონ, შენ, ეკა და დაჩია, მეორეში – თვითონ, ის ქალი და ბავშვები.

იას ხარხარი აუტყდა:

– ასეთი რამ შეიძლება?

– შეიძლება, იმიტომ რომ ხუთვარსკვლავიანი დაზღვევა აქვს და შეუძლია.

– და რა იცი, რომ ცოლია? – მაინც დააზუსტა.

– არ ვიცი, იქნებ ხელი არც აქვთ მოწერილი, მაგრამ ბავშვებს მისი გვარი აქვთ.

– სამი, კაცო?! – გაიკვირვა იამ, თითქოს ამ ამბავში ბავშვების ოდენობის გარდა არაფერი იყო გასაოცარი.

– ჰო, გოგო, სამი. – დიკამ გული ამოაყოლა ამ ფრაზას.

– ყოჩაღ, კი ყოფილა მრავალშვილიანი მამა. და სად ცხოვრობენ? – ჰკითხა იამ დიკას.

– ამოვწერე მისამართი, დიკამ იას ქაღალდის ნაგლეჯი გაუწოდა.

„დღეს რა ყველა ქაღალდის ნაგლეჯებზე მიწერს რაღაცებს?“ – გაიფიქრა იამ.

– რას იზამ? – დიკამ მეგობარს თვალებში შეხედა.

– წარმოდგენა არ მაქვს. სამი ბავშვი სერიოზული ამბავია. პირველი, რასაც ვიზამ, ახლა დედაჩემთან წავალ და ისეთს მოვუწყობ, ამ ნოდოს რომ შემატენა ცოლად, ინფარქტი მიიღოს! – ია ბრაზდებოდა.

– ცოდვაა, დაანებე თავი, ასაკი აქვს, შენთვის ხომ სიკეთე უნდოდა?! – არ დაეთანხმა დიკა.

– სიკეთე?! ეგ სულ სიკეთის სახელით უფუჭებს ყველას ცხოვრებას და ერთი ჩვეულებრივი მანიპულატორია, რაც თავი მახსოვს, სულ იმას ამბობს, რომ მალე მოკვდება და ამიტომ ყველამ ის უნდა გააკეთოს, რაც მას უნდა, სინამდვილეში კი ყველას მოინელებს და აქედანაც ისეთ ამბავს შექმნის, რომ თავადაა უბედური და არა ისინი, ვინც მოინელა.

დალი რომ იმ ოთახში მჯდარიყო, ია დარწმუნებული იყო, რომ შემოაკვდებოდა, იმიტომ რომ ნათლად გაახსენდა სცენა, როგორ დავარდა დედამისი, ვითომ გული შეუწუხდა, როდესაც იას უცხოეთში უნდოდა სასწავლებლად წასვლა და შესტიროდა, ნოდარს გაჰყოლოდა ცოლად, თორემ მოკვდებოდა. როგორი თვალებით უყურებდა და ცხოვრებას ყოველდღე უწამლავდა. როცა ია სახლში იყო, სულ უკან დაჰყვებოდა და ევედრებოდა: ჩემი ხათრით, გაჰყევი ცოლად ნოდოს, ნახე, რა ბედნიერი იქნებიო და იამ ვერ გაუძლო ამ ზეწოლას.

მიუხედავად იმისა, რომ თავად ვერ გაუძლო, საკუთარ თავზე გაბრაზებას დედამის დალიზე გაბრაზება ერჩივნა.

– ოღონდ დალი დეიდას არ უთხრა, რომ მე გითხარი, გთხოვ, – დიკა მუდარით სავსე თვალებით უყურებდა მეგობარს.

– არ ვეტყვი, თორემ ცოცხლად შეგჭამს, – დაჰპირდა ია, სულ მივლინებაში იმიტომ იყო...

– როგორ ვერ შეამჩნიე? – გაუკვირდა დიკას.

– არ ვიცი, ვერ შევამჩნიე, არ მაინტერესებდა. შეიძლება, დედამისმაც ისევე შეჭამა, ია მოიყვანე ცოლადო, როგორც მე – დალიმ. – და იას უცებ ნოდო შეეცოდა.

– რას აპირებ? – ისევ ჰკითხა დიკამ.

– არ ვიცი, ჯერ გამოვიძინებ. მერე... მოვიფიქრებ... წავართმევ, რაც შეიძლება, ბევრ ფულს. ამ სახლსაც და დალისაც სიცოცხლის ბოლომდე არ ვნახავ, – ია დალიზე უფრო იყო გაბრაზებული და ახლაღა აღმოაჩინა, ვის ჰგავდა ეკა.

– მარტო შეძლებ დარჩენას? ეკა სადაა?

– არ ვიცი, სადაა. კი, შევძლებ. მართლა კარგად ვარ. ბედნიერიც, იმიტომ რომ ეს ფარსი დასრულდა. ეკაც იმიტომ თხოვდება ასე დაუსრულებლად, რომ მე და ნოდოს ურთიერთობა ცარიელია. ფასადია. იმედია, ეკამ ამის შესახებ არ იცის, მაგრამ ეს მაინც არაფერს ცვლის.

– წავალ მაშინ მე, მოვიდოდა უკევ ვახო, – დიკა წამოდგა.

– არ ურეკავ? ქუჩაში ხომ არ დაელოდები?

– არც წასულა არსად, გარეთ მელოდება, – გაუღიმა დიკამ.

– ეს კაცი მონაპოვარია, – ღიმილი დაუბრუნა იამ.

– მართლა ასე მშვიდად ხარ თუ კარგად თამაშობ? – ჩაეძია დიკა.

– მშვიდად ვარ, თუმცა რატომ და როგორ, არ ვიცი, – ია წამოდგა, – არ ვალოდინოთ ვახო, კარგი კაცი.

მეგობარი კარამდე მიაცილა და გადაკოცნა.

– გამაგებინე, რას გადაწყვეტ, – უთხრა დიკამ დამშვიდობებისას. იამ თავი დაუქნია. კარი დაკეტა და იქვე, ბალახში ჩაჯდა. სასიამოვნო თბილი საღამო იდგა, მიწაც გამთბარიყო და გაზაფხულის სურნელი იგრძნობოდა. იამ თვალები დახუჭა, უნდოდა, გამქრალიყო, დაკარგულიყო ამ სიბნელეში და აღარასდროს გამოჩენილიყო.

მანქანის ხმა გაიგონა. მიხვდა, რომ ეკა მოვიდა. ადგომა დაეზარა, ისე კომფორტულად იჯდა მიწაზე, უფრო კი, იმიტომ, რომ ფეხები დაუბუჟდა.

– რატომ არ შეიყვანა მანქანა მეორე მხრიდან? – გაუკვირდა იას და ეკას ხმაც გაიგონა:

– არ მაინტერესებს, ხვალ მჭირდება 5 000 დოლარი, ან მირიცხავ, ან იას ყველაფერს ვეუბნები გაწყობს – გაწყობს, არ გაწყობს – არ გაწყობს.

იას ელდა ეცა, თუმცა არ უნდოდა იმის დაჯერება, რომ ყველა ატყუებდა, ყოველ შემთხვევაში, სულ მცირე, ორი ადამიანი, რომლებთანაც ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა.

ეკამ ზარი დარეკა. იამ ადგილიდანვე უპასუხა:

– ღიაა!

– შენ აქ იყავი? – ჰკითხა შეცბუნებულმა ეკამ.

იამ თავი დაუქნია.

– და რატომ ზიხარ აქ?

– დიკა გავაცილე, მითხრა, რომ ნოდოს სხვა ოჯახიც ჰქონია.

ეკა დედამისს გვერდით მიუჯდა:

– ხომ არ გეწყინა, მეც რომ ვიცოდი და არ გითხარი?

– არა, იმედი მაქვს, ბევრი ფული გამოართვი.

– ბლომად და შევინახე, – ეკამ გაიცინა.

– მოდი, ცარიელ-ტარიელი გავუშვათ სახლიდან, – შესთავაზა დედამისს.

– შენთვის არაფერი დაუშავებია, არასწორად ამბობ და შენ უყვარხარ, ყველაფერს გპატიობს.

– სწორად ვამბობ. ისეთი კვერცხია, მე ვეკიდე, ოღონდ თვითონ ჰქონოდა კომფორტი. ვუყვარვარ არა ის, თავისი ჟიმჟიმი ჰქონდა. ნანახი გყავს ის ქალი?

– ვინ ქალი?

– აი, ვინც ჰყავს... უნდა ნახო, მწველავს ჰგავს, იმიტომ რომ შენნაირი ქალის ზიდვის თავი არ აქვს და მონახა უსახური, დააყრევინა ბავშვები და თავი კაცი ჰგონია.

– მაინც არ უნდა ილაპარაკო ასე, – არ შეიძლება, – სთხოვა ეკამ.

– კარგი, რა, დედა, რა არ უნდა ვილაპარაკო?! რატომ არ უნდა ვილაპარაკო? ისეთი უტრაკოა, შვილებს მალავს, თავის შვილებს.

– ჰო, არის, მაგრამ ეს ჩვენთვის შეღავათი არ არის. მეზარება მასთან ლაპარაკი, რამის ახსნა. ადგეს და წავიდეს თავის გზაზე. არც ბებიაშენის ნახვა არ მინდა, დაურეკე ხვალ და უთხარი, რომ აქ აღარასდროს მოვიდეს.

– დალის რაღაც ერჩი? – გაუკვირდა ეკას.

– არაფერს, უბრალოდ, აღარ მინდა მასთან ურთიერთობა. ფულს გავუგზავნი. ისე, ყველაფერი ჩემს სახელზეა, სად დაერხა ნოდოს?! – იას გაეცინა.

– დამპირდი, რომ ცარიელი ჯიბეებით გაუშვებ. – სთხოვა ეკამ.

– რა თქმა უნდა. გპირდები. თავის ტანსაცმელსაც არ გავატან. თუ გინდა, ახლავე დავწვათ ეზოში – შესთავაზა იამ.

– ხვალ დავწვათ, ახლა სახლში შევიდეთ. განიცდი? – ეკამ დედამისს ხელი გადახვია.

– არა, უბრალოდ, შემეზიზღა, ასე პარალელურად ხან ჩემთან თუ იწვა და ხან – ვიღაცასთან. ხვალ გინეკოლოგთან წავალ, უნდა გამოვირეცხო ყველაფერი. ან შენთან რატომ ვლაპარაკობ ამაზე?!

– აბა, ვისთან უნდა ილაპარაკო?! მე ამ საქმის ექსპერტი ვარ – სამი ქმარი მყავდა, სამი, დაგავიწყდა?! – იამ შვილს თმა ჩამოქაჩა.

– რა უსირცხვილო გოგო ხარ! – ეკამ დედამისს ხელი გაუწოდა და სახლში შევიდნენ.

***

დილით ნოდო, დალი და იოსები (იას მამა) კართან იდგნენ და გამალებით რეკავდნენ ზარს. კარს არავინ აღებდა. თან, შიგნიდან ურდულით იყო დაკეტილი.

ია ამ ბრახუნის ხმამ გამოაღვიძა და ნამძინარევი შევიდა ეკას ოთახში.

– რა ამბავია?

– უკვე მოქანდნენ? მე მივწერე დილის 6 საათზე. აბა, მშვიდად რატომ უნდა დაეძინათ? რა უცებ ჩამოქანდა „მივლინებიდან“, – ეკა უსინდისოდ ახარხარდა.

– რატომ გააკეთე ეს? – თავი გადააქნია იამ.

– ვერ გამოიჭიმნენ დილაადრიანად? არგოთ წამალმა?

– როგორ მოვიშორო ახლა მე ესენი თავიდან? – იას უკმაყოფილო სახე ჰქონდა.

– მე გავყრი, გინდა?! – შესთავაზა ეკამ.

– არა... მაგრამ, თუ შემოვუშვებ, ესენი, მგონი, არასდროს წავლენ, არადა მათი დანახვა არ მინდა... მიდი, გაუღე კარი, მაინტერესებს, რას იტყვიან.

– მაცადე 5 წუთი, გამოვფხიზლდე და გავალ.

– ჩამოიღებენ კარს. ადექი.

ეკა ბურდღუნით ადგა, ხალათი მოისხა და გავიდა. ია კი ისევ თავის ოთახში შებრუნდა და დაწვა. წარმოდგენა არ ჰქონდა, რა უნდა ეთქვა ან ექნა. საერთოდ, როგორ შეეხედა თვალებში დედამისისა და ნოდოსთვის. მამამისს არაფერს ერჩოდა, იმიტომ რომ დამოუკიდებლად ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა და ცოლს უკან დასდევდა, იმის შიშით, დალის რამე არ მოსვლოდა. არადა, მოსვლით იოსებს უფრო მოუვიდოდა რამე, იმიტომ რომ დალი ბოლომდე სწოვდა მას სასიცოცხლო ენერგიას და ამიტომ იოსებს აწუხებდა ყველაფერი, ექიმიდან ექიმთან დადიოდა დაუსრულებლად და თან, დალის ევლებოდა თავზე.

დალიმ ისე შემოალაჯა სახლში, იამ საძინებელში გაიგონა მისი ფეხის ხმა:

– სად არის? სად? – ისტერიულად კიოდა.

იამ საბანი თავზე გადაიფარა, მაგრამ დედამისის გამკივანი ხმა იქაც აღწევდა. „ნეტავ, რა მისწერა ასეთი ეკამ? – გაიფიქრა იამ, – ამას კიდევ გადარევა უნდოდა? კანდაბას, რაც იქნება, იქნება. გავალ“.

ია ოთახიდან გავიდა.

– რა გაყვირებს, აქ ვარ. მოხდა რამე?

დალიმ შვილი რომ დაინახა, დივანზე მიესვენა და ამოილუღლუღა: წყალი მომიტანეთ.

იოსები სამზარეულოსკენ გაიქცა. ია კი მშვიდად ჩაჯდა სავარძელში.

– შენ გინდა, რომ მე მოვკვდე, გინდა, რომ მოვკვდე, – დალიმ ქვითინი დაიწყო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა