რომანი და დეტექტივი

დამღუპველი ღიმილი

№1

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 17.01, 2021 წელი

დამღუპველი ღიმილი
დაკოპირებულია
  • ლოურენს ოლივიე 

 

ლედი ელისს, მას შემდეგ რაც გემბანზე ავიდა, ყველაფერი აღიზიანებდა. მასთან ერთად იყვნენ: ქმარი – სერ ჯორჯი, ქმრის ნათესავი – პამელა, მომვლელი – მის ნოუტონი და ქმრის პირადი მდივანი – ბეზილ უესტი. უესტი ერთადერთი იყო, ვისაც „ქარიშხალი“ გვერდს უვლიდა, ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ მასზე გაბრაზება შეუძლებელი იყო. მის ღიმილს წინ ვერავინ დაუდგებოდა. სხვა ყველა ლედი ელისს დაცოფილი ჰყავდა. მათ შორის, თარჯიმანი მუჰამედიც, რომელსაც ყველაზე მეტი ხვდებოდა. საკმარისი აღმოჩნდა, გემზე უცნობი შეენიშნა, რომ ლედი ელისი მაშინვე მუჰამედს ეცა.

– ოფისში მითხრეს, რომ ჩვენ აქ მარტონი ვიქნებოდით – სეზონი მთავრდება და მეტი არავინ მოემგზავრებაო.
მუჰამედი ეცადა აეხსნა, რომ დამნაშავე ამაში არავინ იყო.
– ადამიანმა ბოლო წუთს გადაწყვიტა გამომგზავრება და თანაც, უცნობი წესიერი ჯენტლმენი გახლავთ.
ლედი ელისი მაინც არ ცხრებოდა და ქმრისგან მოითხოვდა, რომ უცნობი გემიდან გაეძევებინა. სერ ჯორჯს ცოლის დანაბარები მის ნოუტონმა გადასცა. კაცი ძალიან შეწუხდა. აბა, ადამიანს გემიდან როგორ გააგდებდა? ის იყო მის ნოუტონი უკან გაბრუნდა, რომ მალე თეთრებში გამოწყობილი პამელა გამოჩნდა. ბიძამ ძმისშვილს მარგალიტის მძივები აჩვენა, რომელიც ცოლისთვის ეყიდა.
– როგორ ფიქრობ, მოეწონება?
– მას არასდროს არაფერი მოსწონს. ვერ წარმომიდგენია, მასზე საერთოდ როგორ დაქორწინდი. მასთან ერთად ცხოვრება ხომ წამებაა. დარწმუნებული ვარ, მის ნოუტონიც ფიქრობს, რომ შენი ცოლი სიმულანტია.
სერ ჯორჯი მოიღუშა. მის თვალწინ ჩაიქროლა წარსულის სურათებმა: მუდმივი წაგება დოღზე, აბეზარი კრედიტორები, მომხიბვლელი და მდიდარი, თუმცა ძალაუფლების მოყვარე ქალი...
– ვერც წარმომიდგენია, რას ვიზამდით, მის ნოუტონი რომ არ იყოს.
– კი, მან თავისი საქმე იცის, – დაეთანხმა პამელა – თუმცა, მე მისით შენსავით აღფრთოვანებული არ ვარ... შენ იგი სრულყოფილებად მიგაჩნია. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მაინც ჩუმ-ჩუმელა მგონია. ვერასდროს მიხვდები, გულში რა უდევს.
სერ ჯორჯმა მაშინვე შეცვალა თემა:
– რა ვუყოთ ამ უცნობს? ბიცოლაშენს მისი დანახვაც არ უნდა.
– არა უშავს, გადაიტანს, – ცივად უპასუხა პამელამ – ჩემი აზრით, ნორმალური ადამიანია, ვინმე მაინი. მგონი, სადღაც გამიგია ეს სახელი. ბეზილ! – ქალი შემოსწრებული მდივნისკენ შებრუნდა, – სად შეიძლებოდა, შემხვედროდა სახელი მაინი?
– „თაიმსის“ პირველ გვერდზე, საყვარელო, განცხადებების სვეტში, – არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა ახალგაზრდა კაცმა, – „ბედნიერი ხართ? – თუ არა, მიმართეთ მისტერ მაინს“. სალონში მისტერ მაინი შემოვიდა. უკვე საყელოს იხსნიდა, როდესაც სარკესთან წერილი შენიშნა. გახსნა და წაიკითხა: „ღრმად პატივცემულო სერ. ძალიან დამავალებთ, თუ აბიდოსის ტაძრის მონახულებისგან თავს შეიკავებთ და გემზე დარჩებით. თქვენი კონსულტაცია მჭირდება. მზად ვარ ასი ფუნტი გადაგიხადოთ. თქვენი არიადნა ელისი“ ..
თავიდან ლედი ელისი რაღაც გაურკვევლად ლაპარაკობდა. ვერაფრით ბედავდა საქმეზე გადასვლას. ბოლოს მაინს სთხოვა, რასაც აქ ვიტყვი, ყველაფერი ჩვენ შორის უნდა დარჩესო და დაიწყო:
– მე მინდა, ვიცოდე, ქმარი ჩემს მოწამვლას ცდილობს, თუ არა. რაღაც-რაღაცები ძალიან საეჭვოდ მეჩვენება. როგორც კი ჯორჯი მიემგზავრება, მე უკეთ ვხდები. თავს აშკარად უკეთ ვგრძნობ. ამას რაღაც ახსნა უნდა ჰქონდეს. ამიტომ, ზუსტად უნდა ვიცოდე.
– მაპატიეთ, ლედი ელის, მაგრამ მე მეჩვენება, რომ ყველაფერს არ ამბობთ, – უთხრა მაინმა. რას მთხოვთ. გინდათ, რომ მე თქვენი ეჭვები დავადასტურო თუ, პირიქით, უარვყო?
ლედი ელისი ასეთი პირდაპირობისგან დამუნჯდა. ოთახი გაცეცხლებულმა დატოვა. წუთიც არ იყო გასული, რომ კაცთან მის ნოუტონი შემოვიდა. როდესაც დარწმუნდა, რომ ლედი ელისი იქ არ იყო, მაინს უთხრა:
– რჩევა მჭირდება, რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. საერთოდ, ჩემი პაციენტების განსჯა არ მჩვევია, მაგრამ ახლა ეს აუცილებელია. ლედი ელისს მოსწონს, იფიქროს, რომ ავად არის, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ის ტანჯვა, რომელსაც ლედი ელისი ახლა განიცდის, აბსოლუტურად რეალურია. მეჩვენება, რომ მის მოწამვლას ცდილობენ.
– რამე ზომებს მიმართეთ?
– ახლა ყველაფერს ვამოწმებ, რასაც კი ჭამს, ან სვამს, – მის ნოუტონმა ამოიოხრა და წავიდა.
მისტერ მაინმა ლედი ელისი მხოლოდ საღამოს ნახა, როდესაც სალონში შევიდა. ქალი ეწეოდა და უყურებდა, როგორ იწვოდა საფერფლეში რაღაც ქაღალდი, რომელიც წერილს ჰგავდა. მაინსს ყურადღება საერთოდ არ მიაქცია. ღამით კი მაინი გააღვიძეს. ეს მუჰამედი იყო.
– ლედი ავადაა. მომვლელი ძალიან შეშინებულია, ექიმს ვერ ვპოულობ.
მისტერ მაინმა სასწრაფოდ ჩაიცვა და ლედი ელისის კაიუტასთან ბეზილ უესტთან ერთად მივიდა. სერ ჯორჯი და პამელა უკვე შიგნით იყვნენ და დამწუხრებულნი შესცქეროდნენ, როგორ ცდილობდა მის ნოუტონი თავისი პაციენტის გადარჩენას. როდესაც მისტერ მაინი კაიუტაში შევიდა, ყველაფერი დამთავრებული იყო. უბედური ქალის სხეული დაიკრუნჩხა, გაშეშდა და უკან გადავარდა. კაიუტიდან სერ ჯორჯი გამოვიდა. იფიქრებდით, ახლა წაიქცევაო. მისტერ მაინი კაიუტაში შევიდა.
– სტრიქნინია? – იკითხა მან.
– დიახ. ეს კრუნჩხვები... შეცდომა შეუძლებელია. ღმერთო, არ მჯერა! მოულოდნელად მისტერ მაინი შეკრთა, რაღაც გაახსენდა. სასწრაფოდ გამოვარდა კაიუტიდან და სალონში შევიდა. ეგრევე საფერფლეს ეცა. ხელი ჩაყო და მხოლოდ ქაღალდის მცირე ნაგლეჯი იპოვა, რაზეც რამდენიმე სიტყვას თუ გაარჩევდით: „ოცნებათა მხარ.... რომ წაიკითხავ დაწვი!“
იმავე საღამოს მისტერ მაინი ქაიროში თავისი ნაცნობი ჩინოვნიკის კაბინეტში იჯდა.
– ყველაფერი ემთხვევა, – დაფიქრებით ჩაილაპარკა ჩინოვნიკმა, – ლედი ელისი ჭიქა ლიმონათს ითხოვს. მომვლელი მას უმზადებს. ლედი ელისი ხერესის ჩამატებასაც სთხოვს. სერ ჯორჯი ხერესს აწვდის და ორ საათში ქალი კვდება. სტრიქნინის ერთ პაკეტს სერ ჯორჯის კაიუტაში ვპოულობთ, მეორეს – მისი პიჯაკის ჯიბეში. სტრიქნინის მარაგი მომვლელ ქალს ჰქონდა, რომელიც აცხადებს, რომ რამდენიმე პაკეტი მართლაც დაიკარგა. ჩემი აზრით, ისინი ერთად მოქმედებდნენ. ერთმანეთის მიმართაც გულგრილნიც არ ჩანან.
– შეიძლება, მაგრამ იმ ქალს, რომ ამაში მონაწილეობა მიეღო, უფრო პროფესიონალურად იმოქმედებდნენ, ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ექიმია? – უთხრა მისტერ მაინსმა. მინდა, რაღაც დეტალები გავარკვიო
მან ჯერ პამელა მოძებნა.
– ბიძაჩემი ამას არასდროს გააკეთებდა, – აღშფოთდა გოგო, – ვფიქრობ, ლედი ელისმა ეს თავად ჩაიდინა. ბოლო დროს საოცრად უცნაურად იქცეოდა, ათას სისულელეს ამბობდა. მიგვანიშნებდა, რომ მას და ბეზილს შორის რაღაც ხდებოდა. არადა, მე და ბეზილი ერთად ვართ. მე მგონია, რომ იგი საკუთარ ქმარზე იყო გაბრაზებული და ეს ისტორია იმიტომ მოიგონა. შემდეგ ბიძაჩემს ჯიბეში სტრიქნინი ჩაუდო და თავი მოიწამლა. ხომ მომხდარა ასეთი რამეები?
– მომხდარა, მაგრამ ეს მის სტილში არ არის. წავალ, მისტერ უესტს დაველაპარაკები.
ახალგაზრდა კაცი სიამოვნებით ალაპარაკდა:
– კარგად მესმის, რა უცნაურადაც ჟღერს, მაგრამ იმ ქალს, უბრალოდ, შევუყვარდი. ამიტომაც, ჩემსა და პამელას შესახებ ვერაფერი ვუთხარი. სერ ჯორჯს ჩემს თავს მაშინვე გააგდებინებდა.
– ვფიქრობ, აღიარება თქვენთვისვე იქნება უკეთესი, – უთხრა მაინმა.
ბეზილ უესტმა თვალები დაჭყიტა.
– მე? რას ბოდავთ! ამით რისი თქმა გსურთ?
– ძვირფასო ახალგაზრდავ, – ჩაილაპარაკა მაინმა თითქმის მამაშვილური ტონით, – მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი. ვიცი, როგორ აუბნიეთ თავგზა მდიდარ ლედის, როგორ იტანჯებოდა ის სინდისის ქენჯნით და როგორ შეგიყვარდათ მისი ლამაზი, მაგრამ ღარიბი ნათესავი. შემდეგ გადაწყვიტეთ ლედი ელისის თავიდან მოშორება და ჭიქაში სტრიქნინი ჩაუყარეთ. მის სიკვდილს მომვლელს ან სერ ჯორჯს დააბრალებდნენ. იმაზეც იზრუნეთ, რომ ქალის შეტევები ქმრის გვერდით ყოფნას დამთხვეოდა. ეს ამბავი იმიტომ დააჩქარეთ. რომ მოულოდნელად აღმოაჩინეთ, ლედიმ რაღაც იეჭვა და ეს ეჭვები მეც გამიზიარა. გეგმაც მაშინვე შეცვალეთ. მის ნოუტონის აფთიაქიდან სტრიქნინი მოიპარეთ. შემდეგ ერთი სერ ჯორჯის ჯიბეში ჩადეთ, მეორე მის კაიუტაში დააგდეთ, დანარჩენი კი განწირულ ქალს გაუგზავნეთ, თან დაარწმუნეთ, რომ ეს ფხვნილი მას „ოცნებათა მხარეში“ ამოგზაურებდა. ძალიან ცინიკურია, მაგრამ ლედი ელისს ეს რომანტიკულად მოეჩვენა და მომვლელის წასვლის შემდეგ ხსნარი დალია. ასე რომ, ვერავინ ვერაფერს მიხვდა, მაგრამ საშინელი შეცდომა დაუშვით, როცა დაიჯერეთ, რომ ლედი ელისი თქვენს სასიყვარულო წერილს დაწვავდა. იგი ამას არაფრის დიდებით არ გააკეთებდა! თქვენი წერილების მთელი შეკვრა მე მერგო, მათ შორის ბოლოც, სადაც თქვენ მას „ოცნებათა მხარეში“ გასეირნებას სთავაზობდით.
ბეზილ უესტს სახე გაუმწვანდა. მთელი მისი მომხიბვლელობა სადღაც გაქრა.
– ჯანდაბა! – იყვირა მან, – ყველაფერი იცი, დამპალო მეძებარო!
მისი თავდასხმისგან მისტერ მაინი კარს უკან წინასწარ დამალული მოწმეების გამოჩენამ იხსნა, რომლებმაც ყველაფერი გაიგონეს. მოგვიანებით, უკვე დახურულ საქმეს მისტერ მაინი თავის ნაცნობ ქაიროელ ჩინოვნიკთან ერთად განიხილავდა:
– ფაქტობრივად, მთელი ეს ისტორია გამოვიგონე და პირდაპირ მოვუყევი ბეზილს. წარმოგიდგენია? – იმუშავა! წერილებმა მას ბოლო მოუღო. ამ დროს კი ლედი ელისმა ყველაფერი დაწვა, მაგრამ მან ხომ ეს არ იცოდა.
სერ ჯორჯზე ვდარდობ, ცოლი მაინც უყვარდა. თუმცა, იმედი მაქვს, რომ მის ნოუტონი მასზე იზრუნებს.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი