რომანი და დეტექტივი

და

№19

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 13.05, 2023 წელი

და
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #17 (1165)

ლევან გოკიელის გამოჯანმრთელების პროცესი ჩვეულებრივზე წარმოუდგენლად სწრაფად მიმდინარეობდა, მეხსიერებაც სწრაფად უბრუნდებოდა და როგორც ზურაბი ვარაუდობდა, მას მერე, რაც ლევანს ავარიის ეპიზოდი გაახსენდა, მანქანაში მსხდომი მეგობრები მოიკითხა.

– ბატონო ზურაბ, ბიჭები როგორ არიან, ხომ არაფერი დაუშავდათ?

ექიმი წინასწარ იყო მზად ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად და ყველაფერი კარგად გააზრებული ჰქონდა. რომ მოეტყუებინა და ეთქვა, გადარჩნენო, ლევანი ბოლოს მაინც შეიტყობდა სიმართლეს და უკვე გამოჯანმრთელებულს, სტრესის ნიადაგზე, დიდი ალბათობით, შეუქცევადი პროცესები განუვითარდებოდა და შესაძლოა, მომკვდარიყო კიდეც. ამიტომ, ზურაბის აზრით, სჯობდა, რომ ეს ცუდი ინფორმაცია პაციენტისთვის მკურნალობის შემდეგ მიეწოდებინა.

ექიმმა მშვიდი მზერა მიაპყრო პაციენტს და სანამ სიმართლეს ეტყოდა, ჰკითხა:

– შენ თვითონ როგორ გრძნობ თავს?

– კარგად, ექიმო. ვგრძნობ, რომ დღითიდღე ვჯანმრთელდები და ალბათ, სულ მალე დავდგები ფეხზე.

– ერთი სიტყვით, შენი მკურნალობის შედეგებით ძალიან კმაყოფილი ვარ.

– ბატონო ზურაბ, ჩემს კითხვაზე არ გიპასუხიათ. ბიჭები როგორ არიან, ჩემს მეგობრებს ვგულისხმობ, ვისთან ერთადაც ავარიაში მოვყევი.

– ბიჭებიც მძიმე მდომარეობაში არიან, სიკვდილს ებრძვიან.

ლევანს არც მკვეთრი რეაქცია გამოუხატავს და საერთოდ, ხმაც კი არ ამოუღია.

ლევანის ჯანმრთელობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ერთ დღეს ლევანმა ელენეს ჰკითხა:

– ნუნუკა სადაა, რატომ არ მოდის?

ზურაბს და ელენეს ეს პასუხიც წინასწარ ჰქონდათ დამუშავებული. მათ მართლა არ იცოდნენ, სად გაქრა ეს ლამაზი, ნატიფი შესახედაობის გოგონა, რომელსაც რკინის ხასიათი ჰქონდა და რომ არა მისი ძალისხმევა, ლევანი უკვე ოთხი თვის გარდაცვლილი იქნებოდა. ელენე და ზურაბი ფიქრობდნენ, რომ გოგონამ დიდი ვალი დაიდო ძმის გადასარჩენად და რომ ამ ვალის გასასტუმრებლად გაემგზავრა საზღვარგარეთ სამუშაოდ. ეს ვარაუდი ოდნავ მიახლოებული იყო სიმართლესთან. თუმცა, სინამდვილეში სულ სხვა რამ მოხდა... ზურაბს და ელენეს შეთანხმებული ჰქონდათ, რომ ის ეთქვათ, როგორც იყო და როგორც მათ ეგონათ, ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე.

ელენემ თბილი, მომხიბვლელი მზერა მიაპყრო ლევანს და უთხრა:

– რომ არა თქვენი და ნუნუკა, თქვენ ახლა ცოცხალი არ იქნებოდით. მე და ბატონ ზურაბსაც გვაინტერესებს, სადაა ნუნუკა, მაგრამ არ ვიცით. სწორედ თქვენმა დამ იძალავა და გერმანიაში წაგიყვანათ საოპერაციოდ და ორი თვე თავზე გედგათ. აქ რომ ჩამოგიყვანათ, ყველაფრის ფული წინასწარ გადაიხადა, ბარათზე კი საჭირო თანხა დადო და მე დამიტოვა. თვითონ კი უცებ გაქრა. ჩვენი აზრით, ფული ნასესხები აქვს და ვალის დასაფარად საზღვარგარეთ წავიდა სამუშაოდ.

– არც დაურეკავს, არც „ფეისბუქით“ შეგხმიანებიათ და არც არავის პირით დაუბარებია რამე? – იკითხა ლევანმა.

– სამწუხაროდ, არა, – მიუგო ელენემ.

***

ლევან გოკიელი გაუჩინარებულ ნუნუკაზე ფიქრმა ისეთ ტონუსში მოიყვანა, რომ მომდევნო ორ კვირაში ზურაბმა მას ადგომის უფლება მისცა. კიდევ ორი კვირა რომ გავიდა, პაციენტს ყოველმხრივი გამოკვლევა ჩაუტარეს. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ლევანი ელენემ მიაცილა სახლამდე. სადარბაზოსთან მომხიბვლელად გაუღიმა და უთხრა:

– აბა, ლევან, კიდევ ერთხელ გილოცავ გამოჯანმრთელებას და წარმატებებს გისურვებ. მე კი წავედი.

– გეჩქარება?

– არა.

– მაშინ სტუმრად მეწვიე.

– უხერხულია. სხვა დროს იყოს.

ლევანს გაეცინა. თავი დააქნია და ელენეს უთხრა:

– რა არის უხერხული?! სახლში მარტო ვარ. სამი თვე თავზე მედექი და ჩემი გეუხერხულება?

– შენი არა, მაგრამ...

– არაფერი, მაგრამ. ავედით! მეხუთეზე ვცხოვრობ და ფეხით ავიდეთ, – უთხრა ლევანმა ელენეს. ხელკავი გამოსდო და კიბეებისკენ დაიძრნენ.

ბინის გასაღები ლევანს ძველ ადგილზე დენის მრიცხველის ბუდეში დახვდა. ბინა მოწესრიგებული იყო, მაგრამ ყველაფერს მტვერი ედო და სახლში დახუთული ჰაერი იდგა. ფანჯრები გამოაღეს. ელენემ ყურადღებით დაათვალიერა ბინა და ლევანს უთხრა:

– მოდი, მე აქაურობას დავალაგებ, შენ კი წამოწექი და დაისვენე. კარგი იქნება, თუ დაიძინებ.

– არ მეძინება. ბინას კი ვინმეს დავალაგებინებ. მოდი, მაღაზიაში ჩავალ და ყველაფერს ამოვიტან. შემდეგ ვისადილოთ და საქმეზეც ვილაპარაკოთ.

– რომელ საქმეზე?

– ხომ შევთანხმდით, რომ ნუნუკას მოძებნაში დამეხმარებოდი?

– კარგი.

ლევანი სუპერმარკეტში ჩავიდა და ნაირ-ნაირ პროდუქტებთან ერთად ელენეს წითელი ვარდების უზარმაზარი თაიგული ამოუტანა. მიართვა და უთხრა:

– აი, ეს შენ...

თაიგული ლარნაკში მოათავსეს. ელენემ მალევე დააწკრიალა ბინა. ჭურჭელი გაავლო, სადილი მოამზადა, სუფრა გააწყო და ისინი მაგიდას მიუსხდნენ. ლევანმა საკუჭნაოდან გამოტანილი წითელი ღვინო ჩამოასხა ბოკლებში, ასწია და თქვა:

– შენ და ჩემს დას გაგიმარჯოთ, ელენიკო. რომ არა თქვენ, მე ახლა მიწაში ვიდებოდი.

– ნუნუკას გაუმარჯოს! მე მხოლოდ თავზე გადექი. მან კი შენი თავი სიკვდილს გამოჰგლიჯა, – თქვა ელენემ და წითელი ღვინო ბოლომდე დალია.

ლევანმა ბოკლები აღარ შეავსო და თქვა:

– ამ ჯერზე თითო ჭიქა გვეყოფა. ახლა კი შენ შესახებ მომიყევი ყველაფერი, რის მოყოლასაც შენ ჩათვლი საჭიროდ.

– მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს. მამა შარშან გარდამეცვალა. დედაჩემი პენსიონერია. ჩემი ძმა თხუთმეტი წლისაა და ათოსანია, ოქროს მედლის კანდიდატი. მე სამედიცინოზე ვსწავლობდი და მესამე კურსზე მივატოვე. პედიატრობა მინდოდა, მაგრამ მამა რომ გარდამეცვალა, ძალიან განვიცადე, თან, ინსტიტუტში გადასახადი გაგვიორმაგეს და ვეღარ გავქაჩე. დედაც მისახედი მყავდა და ძმასაც ხომ უნდოდა პატრონობა. აი, სულ ესაა.

– ნეიროქირურგიაში როდის დაიწყე მუშაობა.

– ნეიროქირურგიაში არც ვმუშაობ.

– აბა, როგორ? სულ იქ არ იყავი?

– ნუნუკამ დამიქირავა. ინტერნეტში განცხადება მქონდა დადებული.

– რამდენი გადაგიხადა?

– ერთი მორიგეობა, მაქსიმუმ, 50 ლარი ღირს, მე კი 50 დოლარს მიხდიდა. ბევრია-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ დაიჟინა. თან მითხრა, თუ ლევანს მეტი მოვლა დასჭირდა, კიდევ ჩაგირიცხავო.

– ესე იგი, მასთან კომუნიკაცია გაქვს? – თვალები გაუბრწყინდა ლევანს.

– არა. მას ჩემი „ფეისბუქის“ მისამართი აქვს და ასე მითხრა, – მე თვითონ დაგიკავშირდებიო. მაგრამ; უკვე მესამე თვე გადის და კავშირზე ჯერჯერობით არ გამოსულა.

– ელენიკო, ჩემო კარგო, ჩვენი ამ სამთვიანი ურთიერთობის განმავლობაში დავრწმუნდი, რომ სწორედ ის ქალი ხარ, ვინც ჩემი ცხოვრების მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს. თუ ოდნავი სიმპათია გაქვს ჩემ მიმართ და ჩემნაირი ადამიანის ცოლობას შეძლებ, მაშინ გულსა და ხელს გთხოვ, მაგრამ იცოდე, თუკი ჩემს გრძნობას გაიზიარებ, ჯვრისწერამდე ისეთივე ურთიერთობა გვექნება, როგორიც ახლა გვაქვს. პასუხის გაცემას არ გაჩქარებ. ყველაფერი კარგად გაიაზრე და აწონ-დაწონე. მხოლოდ ერთს გთხოვ, ჩემ გვერდით იყავი. თუ გეუხერხულება, მაინცდამაინც ღამით ნუ დარჩები. თუმცა, ჩემთვის ასე უკეთესი იქნება, ცალკე საძინებელში მოთავსდები, ჩემი ნუნუკას საძინებლის გვერდით.

გოგონას სახე წამოუწითლდა და გაეღიმა. თავი ჩაღუნა, ჩაფიქრდა. შემდეგ თავი ასწია და ძალიან მშვიდი, სერიოზული სახით მიუგო:

– კარგი, ვიფიქრებ ამაზე. ჩემებსაც დაველაპარაკები და ორ-სამ დღეში პასუხს გეტყვი. თუ საჭირო იქნა, ღამითაც დავრჩები შენთან. ახლა კი წავალ, ჩემებს დავხედავ და საღამოს ისევ მოვალ. ღამით აქ ვიქნები.

ელენესაც მოსწონდა ლევანი და მაშინვე უნდოდა ცოლობაზე თანხმობა ეთქვა, მაგრამ თავი შეიკავა. ელენეს წუთითაც არ მოუხუჭავს თვალი, რამდენიმეჯერ ლევანის საძინებელშიც შეიხედა და დახედა. დილით კი მთელი ღამის ნათევ გოგონას ჩათვლიმა. ლევანს უკვე ეღვიძა და ელენეს საძინებელთან რომ გაიარა, კარი ნახევრად გაღებული დახვდა, ლევანმა ფრთხილად ბოლომდე გამოხურა და სააბაზანოში შევიდა. უკან რომ გამოვიდა, ელენეს საუზმე უკვე გაეწყო და ლევანს ელოდებოდა.

– ასე უცებ როგორ მოასწარი ყველაფერი, – უთხრა ლევანმა გოგონას. თავზე ხელი გადაუსვა და მის წინ დაჯდა.

– ლევან, თანახმა ვარ, – თქვა ელენემ და გაიღიმა.

***

ქალ-ვაჟმა სამი დღის შემდეგ ჯვარი დაიწერა. იმავე დღეს ოფიციალური ქორწინებაც გააფორმეს და ლევანის სახლში პატარა სუფრაც გაშალეს, რომელსაც ცოლ-ქმრის გარდა ელენეს დედა და ძმა დაესწრნენ. შემდეგ ახალშეუღლებულებმა სტუმრები სახლში გააცილეს და ბინაში დაბრუნდნენ..

ცოლ-ქმარმა ჯერ კიდევ დაქორწინებამდე შეიმუშავა ნუნუკას ძებნის გეგმა. ეჭვი არ იყო, რომ გოგონა საზღვარგარეთ იყო და პირველ რიგში უნდა გაეგოთ, როდის და რა მიმართულებით გადაკვეთა საზღვარი ნუნუკა გოკიელმა. შესაბამისი მოთხოვნა შეტანილი ჰქონდათ და ერთი კვირის შემდეგ მიიღეს პასუხი, რომ ნუნუკამ საქართველო+თურქეთის საზღვარი სამი თვის წინ გადაკვეთა. ცნობაში აღნიშნული იყო, რომ ერთ-ერთ სამოდელო სააგენტოს ეგიდით, გოგონა სამუშაოდ თურქულ სამოდელო სააგენტოში უნდა მისულიყო. ეს ინფორმაცია ელენემ სახლში მიიტანა.

თურქეთში უნდა ჩავაკითხოთ ნუნუკას და წამოვიყვანოთ, – უთხრა მეუღლეს ელენემ.

– კი. ასე უნდა ვქნათ. გაემზადე. ზეგ სტამბოლში მივემგზავრებით.

***

სტამბოლში ჩასულ ცოლ-ქმარს სამოდელო სააგანტოს მისამართი ინტერნეტში ჰქონდა მოძიებული და ადვილად მიაგნეს, მაგრამ შენობა რომ შეათვალიერეს, შესაბამისი აბრა ვერ აღმოაჩინეს. ხუთსართულიანი ფეშენებელური შენობა სასტუმრო აღმოჩნდა და ელენემ ლევანს უთხრა:

– რაღაც საეჭვოდ მეჩვენება ეს ყველაფერი და მოდი, ასე ვქნათ: მე შევალ და ყველაფერს გავარკვევ, შენ კი აი, ამ სკვერში დამელოდე და მოვალ.

– მაინც, რაზე ეჭვობ?

– მოდი, ამაზე – მერე. წადი და დამელოდე.

ლევანი სკვერისკენ გაემართა. ელენე კი სასტუმროში შევიდა. იქიდან ოც წუთში უკან დაბრუნდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ძალიან შეშფოთებული იყო. გოგონა ქმრის გვერდით ჩამოჯდა. ცოტა სული მოითქვა და მეუღლეს უთხრა:

– ლევან, მშვიდად მომისმინე და ეცადე, არ აღელდე. კარგი?

– კარგი. თქვი, რა ხდება.

– ამ სამოდელო სააგენტოს ოფისი პირველ სართულზეა და ნუნუკა იქაა.

– მადლობა ღმერთს. ვიფიქრე, ჩემს დას რაღაც უბედურება შეემთხვა-მეთქი, – თქვა ლევანმა.

– ლევან, ეს სააგენტო შირმაა. სინამდვილეში, როგორც ჩანს, აქ გოგონები მოტყუებით ჩამოჰყავთ და შემდეგ მეძავობას აიძულებენ.

– მიდი, ბოლომდე თქვი!

– მოკლედ, მე ვუთხარი, რომ აქ მეგობარმა ჩამომიყვანა და მისი ნახვა მინდა-მეთქი. მკითხეს, რისთვის ჩამოხვედიო და ვუპასუხე, სამუშაოდ-მეთქი. უკვე აზრზე ვიყავი, რაში იყო საქმე და წავიკეკლუცე. მეგობრის სახელი რომ მკითხეს, რაღაც მოვბოდე, სხვა ვინაობა ვთქვი. ჟურნალში მოძებნეს, მაგრამ რომ ვერ იპოვეს და მე კი დაჟინებით ვუმტკიცებდი, აქ არის-მეთქი, ფოტოალბომი მანახვეს, სადაც ელიტური მეძავებია გადაღებული და ნომერი მეშვიდე, ელინას სახელით, სწორედ, ნუნუკას ფოტოა.

– გეგმა მაქვს და შენ უნდა შეასრულო.

– რა გეგმა?

– მოეწყობი ამ სასტუმროში. მე ვერ შემოგყვები, რადგან ვუთხარი, ამ ფოტოებში ჩემი მეგობარი არაა-მეთქი და რომ დამინახონ, დაეჭვდებიან. საღამოს კი მეძავთან დროსტარებას მოითხოვ და სურათებს რომ გაჩვენებენ, ¹7-ს, ელინას მოითხოვ. ნუნუკას ამოგიყვანენ და დაელაპარაკები.

– შენ? შენ სად იქნები.

– რამდენიმე დღით ბინას ვიქირავებ. ჩემზე ნუ იდარდებ. მიდი და როგორც ვთქვი, ისე მოიქეცი. კავშირი ტელეფონებით გვექნება, – თქვა ელენემ.

***

და-ძმის შეხვედრა სტამბოლის სასტუმროში მეძავისა და კლიენტის რანგში შუაღამეს შედგა. ლევანი ზურგით იჯდა სავარძელში და როცა შეტრიალდა და დას შეხედა, გოგონა ჯერ დაიბნა და „კლიენტს“ მიაჩერდა.

– რას აპირებ?

– აქედან წაგიყვან.

– როგორ?

– გაგაპარებ. ამისთვის ორი დღე დამჭირდება. ყველაფერს რომ მოვამზადებ, მოგაკითხავ. ისევ გამოგიძახებ, აქ სხვა სამოსში გამოგაწყობ და გავიქცევით.

– გამოგვივა?

– აუცილებლად! – თქვა ლევანმა და დაამატა, – ახლა ის მითხარი, ასეთ დღეში როგორ აღმოჩნდი?

– გერმანე გერმაზაშვილს გამოვართვი ფული სესხად და მითხრა, ვალის დასაბრუნებლად სამოდელო სააგენტოში უნდა იმუშაოო. მე დავთანხმდი და აქ აღმოვჩნდი.

– კარგი. გერმაზაშვილს მერე მივხედავ. ზეგ ღამით გავდივართ, – უთხრა ლევანმა ნუნუკას და სუტინიორმაც დააკაკუნა კარზე – პაემნის დრო ამოიწურა.

ნუნუკას გაქცევა წარმატებით განხორციელდა და სამივენი მშვიდობიანად დაბრუნდნენ თბილისში. ნატანჯ-ნაწვალები გოგონა სახლში მიიყვანეს და ცოლ-ქმარი მთელს ენერგიას მის გამოჯანმრთელებას ახმარდა. ამასობაში ერთი თვეც გავიდა და ნუნუკა ნელ-ნელა უბრუნდებოდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

ერთ დღეს, გერმაზაშვილის ოფისში მისულმა ლევანმა მისაღებში მდივანს უთხრა:

– გერმანესთან შემაერთეთ, უთხარით, რომ ლევან გოკიელი გკითხულობსო.

– გისმენ, – თქვა გერმანემ, რომელიც ყველა საუბარში ერთვებოდა და მდივანს რომ არ მოესმინა, ტელეფონის პარალელური ხაზი გაუთიშა.

– მიხვდი, ვინ ვარ?

– რა გნებავს?

– თუ ვაჟკაცი ხარ, შემხვდი. კაცურად დავილაპარაკოთ.

გერმაზაშვილმა ნუნუკას გაქცევის ამბავიც იცოდა და არც იმის მიხვედრა გასჭირვებია, რომ ლევანი რისთვის იყო მისული და უთხრა:

– ათ წუთში ამოგიყვანენ, – შემდეგ დაცვის ექვსი თანამშრომელი იხმო და კაბინეტში განალაგა, თან გააფრთხილა, რომ როგორც კი ლევანი ზღურბლს გადააბიჯებდა, გაეკოჭათ და პოლიცია გამოეძახათ.

როგორც კი ლევანმა კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯა, ის გაკოჭეს და გაჩხრიკეს. ხოლო, როცა ვერაფერი აღმოუჩინეს და საპატრულო ეკიპაჟიც მოვიდა, ბინძურ საქმეში გამოწრთობილმა გერმანემ პოლიციელებს განუცხადა: კაბინეტში შემოიჭრა, მაგინებდა და ათკილოგრამიანი ბიუსტი ჩემთვის თავში რომ უნდა ჩაერტყა, დაცვამ გაანეიტრალაო. გერმანეს მისი გოშიებიც დაემოწმნენ.

ლევანი ჯერ განყოფილებაში წაიყვანეს და საქმე აღუძრეს. შემდეგ სასამართლოში გადაიყვანეს და მოსყიდულმა მოსამართლემ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

***

გერმაზაშვილის ძალისხმევით, ძიებაში მყოფ ლევანს არც ახლობლებთან პაემნის უფლებას აძლევდნენ და არც ტელეფონზე ლაპარაკისას. საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ მას მაქსიმალურ „სროკს“ აჰკიდებდნენ ცინიკური, ბოროტი ხულიგნობის მუხლით, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯებოდა. იმავდროულად, ლევანი ისე ჰყავდათ ჩაკეტილი, რომ გარეთ რა ხდებოდა, არ იცოდა. ადვოკატსაც ეტყობოდა, რომ ისიც გერმაზაშვილმა მოისყიდა. ერთი სიტყვით, სავარაუდოდ, ლევანს რომ ორთვიანი პატიმრობა გაუვიდოდა, მას სასამართლოზე გაიყვანდნენ და „გასროკავდნენ“. ორი თვე რომ გავიდა და ლევანი ყველაზე ცუდისთვის იყო მზად, ზედამხედველმა ის საკნიდან გაიყვანა და უთხრა:

– თავისუფალი ხარ! საპროცესო შეთანხმება გაგიფორმეს და გადიხარ.

ლევანს ეგონა, რომ დასცინოდნენ, მაგრამ, როდესაც გათავისუფლების საბუთები გაუფორმეს, ვახტაზე მიიყვანეს და ციხის კარი გაუღეს, მხოლოდ მაშინღა დაიჯერა ზედამხედველის სიტყვები.

გარეთ კი ელენე, ნუნუკა, ექიმი ზურაბი და მისი ვაჟი, ნოდარი ელოდებოდნენ. ძმას პირველი ნუნუკა შეეგება. კისერზე მოეხვია და ჩაეხუტა.

– ელენიკო, საპროცესოს ფული ვინ გადაიხადა? – იკითხა ლევანმა.

– ჩემმა სამამამთილომ – ზურაბს ხომ იცნობ, შენს მკურნალ ექიმს? მის გვერდით კი ნოდარია, ჩემი საქმრო, – მიუგო ძმას დამ და ნოდართან ხელჩაკიდებული მიიყვანა.

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი