რომანი და დეტექტივი

ჩინური აფიორა

№21

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 06.06, 2021 წელი

ჩინური აფიორა
დაკოპირებულია
  • ჯეკი ჰრისონი

„ბირმის საბადოები“ ბირმის შუაგულში მდებარეობს. მათ თავიდან, ვიდრე მუსლიმანების აჯანყება მოხდებოდა, ჩინელები ამუშავებდნენ. 1816 წლისთვის საბადოები მიტოვებული აღმოჩნდა. ჩინელები ვერცხლსა და ტყვიას მოიპოვებდნენ. იმის გამო, რომ ძველი მაღაროები წყლითა და გადამუშავებული ქანებით იყო სავსე, ტყვიის საბადოს პოვნის ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. ბოლოს ერთ-ერთი სინდიკატის წარმომადგენელი ერთ-ერთი ჩინური კლანის კვალზე გავიდა, რომელსაც სავარაუდოდ, შემორჩენილი ჰქონდა ჩანაწერები საბადოს ადგილმდებარეობის შესახებ. კლანის მეთაური იმ დროს ვინმე ვუ ლინგი იყო. მან დაადასტურა, რომ მართლაც ფლობდა ასეთ დოკუმენტს და თანახმა იყო გაეყიდა. მაგრამ მოითხოვა, მოლაპარაკებები ხელმძღვანელობასთან ეწარმოებინა. ასეთ შემთხვევაში, თავადვე წავიდოდა ინგლისში და კომპანიის დირექტორებს შეხვდებოდა.

ვუ ლინგის გემი „ესანტა“ ნოემბრის ცივ და ნისლიან დღეს საუთჰემპტონის პორტში შევიდა. „ესანტას“ დასახვედრად კომპანიის ერთ-ერთი დირექტორი მისტერ პირსონი გაემგზავრა, მაგრამ ნისლის გამო მისმა მატარებელმა დააგვიანა და, როდესაც მისტერ პირსონი პორტში მივიდა, ვუ ლინგი უკვე ლონდონისკენ მიმავალ ექსპრესში იჯდა.

დირექტორთა საბჭო დილის თერთმეტ საათზე შეიკრიბა. ვუ ლინგი თორმეტის ნახევარზეც არ გამოჩნდა. მდივანმა სასტუმროში დარეკა. გაირკვა, რომ იგი ერთი საათის წინ მეგობართან ერთად წასულიყო. ვუ ლინგი არც შეხვედრაზე მივიდა და ღამით სასტუმროშიც აღარ დაბრუნდა. ჩინელის გვამი ორი დღის შემდეგ იპოვეს ტემზაში, მაგრამ საბადოებთან დაკავშირებული დოკუმენტები არც გვამთან აღმოჩნდა და არც სასტუმროს ნომერში.

მისტერ პირსონმა ცნობილი დეტექტივი მიიწვია. დადგინდა, რომ მგზავრობისას ვუ ლინგს მხოლოდ ორ ადამიანთან ჰქონდა ურთიერთობა – ვინმე დეიერთან, რომელსაც არასახარბიელო რეპუტაცია ჰქონდა და ბანკის ახალგაზრდა თანამშრომელთან, ჩარლზ ლესტერთან. ლესტერი ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ, აი, დეიერის საქმე კი სხვანაირად იყო.

სასტუმროს მომსახურე პერსონალმა ფოტოზე ვუ ლინგი უცებ იცნო. შემდეგ დეიერის სურათი აჩვენეს, მაგრამ პორტიე დარწმუნებით ამბობდა, რომ იგი არ იყო ის ადამიანი, რომელმაც იმ დილით ჩინელს სასტუმროში მოაკითხა. უფრო ფორმალობის დასაცავად, მას ლესტერის ფოტო უჩვენეს და პორტიემ მაშინვე იცნო. დილის თერთმეტ საათზე მოვიდა, ვუ ლინგი იკითხა და მასთან ერთად წავიდაო.

ჩარლზ ლესტერის მონათხრობი მოკლე აღმოჩნდა: ათ საათსა და ოცდაათ წუთზე, როგორც „ესანტაზე“ შეთანხმდნენ, მან სასტუმროში ვუ ლინგს მიაკითხა, თუმცა მის მაგივრად მისი მსახური ჩამოვიდა და აუხსნა, რომ პატრონი სადღაც გავიდა. მერე იქ გაყოლა შესთავაზა, სადაც მისი ნახვა შეიძლებოდა. ლესტერი დათანხმდა და მსახურმა ტაქსი გამოიძახა. როცა ცხადი გახდა, რომ ისინი პორტის დოკებისკენ მიემართებოდნენ, ლესტერმა რაღაც ცუდი იგუმანა, ტაქსი გააჩერა და გადმოვიდა. ირწმუნებოდა, ამის მეტი არაფერი ვიციო. მალევე გაირკვა, რომ მისი მონათხრობი მთლად ზუსტი არ იყო. ჯერ ერთი, ვუ ლინგს არანაირი მსახური არ ჰყავდა. მეორეც – პოლიციამ იპოვა ტაქსის მძღოლი, რომელმაც იმ დილით ორი კაცი წაიყვანა. ლესტერი შუა გზაზეც არ ჩამოსულა. მან ჩინელი ჯენტლმენი ჩინური კვარტლის ცენტრში ლაიმ-ჰაუსის რაიონში, მეტად საეჭვო დაწესებულებაში წაიყვანა. ლონდონის პოლიციამ იცოდა, რომ ეს დაწესებულება ოპიუმის მწეველთა თავშესაფარი იყო. ორივე კაცი შიგნით შევიდა, ერთი საათის შემდეგ კი მხოლოდ ერთი გამოვიდა. ტაქსისტმა ფოტოდან, იმ ერთში ჩარლზ ლესტერი იცნო. ლესტერი აზარტული თამაშების მოყვარული იყო და ვალებიც ბლომად ჰქონდა. დაწესებულების მეპატრონე, ბუნებრივია, ყველაფერს უარყოფდა: არც ვუ ლინგი მინახავს ოდესმე და არც ლესტერი და ჩვენთან ოპიუმსაც არავინ ეწევაო. ლესტერს მისმა ჩვენებამ ვერ უშევლა. იგი მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის სახლში კი ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ საბადოებთან დაკავშირებული ვერანაირი დოკუმენტი ვერ აღმოაჩინეს. საეჭვო დაწესებულების მეპატრონეც დაიჭირეს, ჩხრეკამ შედეგი ვერც იქ გამოიღო. ოპიუმის ნამცეციც კი ვერ იპოვეს.

პირსონი ძალიან აღელვებული იყო. იგი ოთახში წინ და უკან დადიოდა და ცხოვრების უსამართლობაზე მოსთქვამდა.

– ნუთუ არც თქვენ გაქვთ რაიმე იდეა? – ჰკითხა დეტექტივს.

დეტექტივმა თვალები მოჭუტა

– ბევრი იდეა მაქვს. რაღაც ვერსიაც. ორი დღე მჭირდება და ყველაფერს ზუსტად გეტყვით.

დეტექტივის აგენტებმა მეორე დღის გაარკვიეს, რომ ორი მამაკაცი, მართლაც შევიდა იმ საეჭვო სახლში, მაგრამ იქიდან მდინარესთან არსებულ პატარა სასაუზმეში გავიდნენ. დაინახეს, როგორ შევიდნენ ისინი იქ და შემდეგ იქიდან ლესტერი როგორ გამოვიდა მარტო.

აქ დეტექტივს თავში გაუგონარი იდეა მოუვიდა. წასულიყო იმ სასაუზმეში და ადგილზე ეწარმოებინა გამოძიება. საღამოს თვითონ მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი მივიდა და საუბარი რაღაც გაურკვეველ, მეზღვაურებისთვის ნაცნობ ენაზე დაიწყო. ეს ყველაფერი პატარა დაწესებულებაში ხდებოდა, სადაც უამრავი ჩინელი იყო. კაფეს მეპატრონემ ეშმაკური ღიმილით ქვევით, სარდაფში ჩაიყვანა, ბოლოს ერთ ოთახში აღმოჩნდნენ. პატარა ბიჭმა მოსაწევი მოიტანა. ... დეტექტივმა თავი ისე მოაჩვენა, ვითომ მოსაწევმა გააბრუა და თვალები მილულა. რაღაც დროის შემდეგ, ორი მამაკაცის ხმა გაიგონა და ყურები დაცქვიტა. საუბარი ვუ ლინგს შეეხებოდა.

– რა მოუვიდა დოკუმენტებს? – იკითხა ერთმა.

– მისტერ, მან ყველაფერი წაიღო, – უპასუხა მეორემ, რომელიც აშკარად ჩინელი იყო, – მან თქვა, რომ საიმედო ადგილზე შეინახავდა, სადაც პოლიცია ვერ ნახავდა.

– ჰო, მაგრამ ის ხომ დააკავეს, – თქვა ისევ პირველმა ხმამ.

– უკვე გამოუშვეს. პოლიცია დარწმუნებული არ არის, რომ მისი ბრალია.

იქიდან მშვიდობიანად გამოაღწია და მეორე დღეს პირსონს ესტუმრა.

- მე უკვე ვიცი სადაა დოკუმენტები – განაცხადა მოზეიმე ხმით.

პირსონმა ამოისუნთქა:

– კარგია, რომ ყველაფერი დამთავრდა, – განაცხადა მან. – ვფიქრობ, ახლა ადვილად შეძლებთ იმის პოვნას, რასაც ვეძებდით...

– აუცილებლად, იმიტომ რომ ეს დოკუმენტები თქვენ გაქვთ. – გაიცინა დეტექტივმა.

P.S. მისტერ პირსონი, ისევე როგორც ჩარლზ ლესტერი ყელამდე ვალებში იყო ჩაფლული. მან ჩინელისთვის დოკუმენტების მოპარვა გადაწყვიტა. სინამდვილეში, მას საუთჰემტონში შეხვდა. ლონდონში ერთად ჩამოვიდნენ და პირდაპირ ლაიმ-ჰაუზში წაიყვანა. მისტერ პირსონი იმ დაწესებულებას ხშირად სტუმრობდა და კარგი ნაცნობობაც ჰქონდა. მისი იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ რომელიმე ჩინელს დირექტორთა საბჭოს წინაშე თავი ვუ ლინგად გაესაღებინა და დოკუმენტების სანაცვლოდ ფული აეღო. მაგრამ სინამდვილეში გაცილებით ცუდი რამ მოხდა. აღმოსავლური აზროვნებისთვის უფრო მარტივი აღმოჩნდა ვუ ლინგის მოკვლა, ვიდრე მისი სადმე დამალვა. პირსონის ჩინელი თანამზრახველები სწორედ ასე მოიქცნენ. წამოიდგინეთ, მისტერ პირსონის მდგომარეობა. შეიძლებოდა, ვიღაცას იგი მატარებელში ვუ ლინგთან ერთად დაენახა. ჩინელი, რომელიც სასტუმროში ვუ ლინგის განსახიერებას განაგრძობდა, მისი ხსნა იყო. გვამი ძალიან სწრაფად იპოვეს. როგორც ჩანს, ვუ ლინგმა პირსონთან მისი და ლესტერის შეთანხმება ახსენა, რომლის თანახმადაც ისინი ერთმანეთს სასტუმროში უნდა შეხვედროდნენ. პირსონი მშვენიერ შანსს ჩაეჭიდა, რომელითაც მას შეეძლო ეჭვი სხვისკენ მიემართა. უკანასკნელი ადამიანი, ვინც ვუ ლინგთან ერთად ნახეს, ლესტერი უნდა გამხდარიყო. ორეულს უბრძანა, ლესტერს ვუ ლინგის მსახურად გასცნობოდა და რაც შეიძლებოდა, სწრაფად წაეყვანა ლაიმ-ჰაუზში. იქ, როგორც ჩანს, ლესტერი დაათვრეს, სასმელში რაღაც შეურიეს და როდესაც ერთ საათში გარეთ გამოვიდა, აღარაფერი ახსოვდა. ვუ ლინგის სიკვდილის შესახებ რომ გაიგო, პანიკაში ჩავარდა. საერთოდ უარყო, რომ ლაიმ-ჰაუზში იყო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი პირსონს ხელს აძლევდა. იფიქრა, რომ დეტექტივი გააცურა და სახლში საოცრად კმაყოფილი დაბრუნდა. დილით კი დეტექტივმა გახსნილი საქმე დაუდო წინ.. დოკუმენტები პოლიციამ მის სახლში იპოვა...

„ბირმის საბადოების“ დირექციამ დეტექტივს, ჰონორარის სახით, 14 ათასი აქცია გადასცა.

თარგმნა ნინო წულუკიძემ

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი