რომანი და დეტექტივი

ბოსი

№12

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 01.04, 2023 წელი

ბოსი
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #11 (1159)

***

მიუხედავად იმისა, რომ სოსო მდივანი თბილისშივე დარწმუნდა კურატორის სიკვდილში, მას მცირე იმედი მაინც ჰქონდა, რომ ეს საქმე ასე არ დამთავრდებოდა, მეკავშირე გამოჩნდებოდა და ოპერაცია გაგრძელდებოდა. ეს იმედი მას ხუთი წლის განმავლობაში არ ტოვებდა. მაშინაც კი, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. თუმცა, 1994 წელს, ანუ პატიმრობის მეხუთე წლის თავზე, სოსო მდივანს დახმარების იმედი საბოლოოდ გადაეწურა და გადაწყვიტა, რეალურად მოერგო ის იმიჯი, რაც მას ბადრი კოშაძემ ოპერატიულ ლეგენდაში მიანიჭა, მით უმეტეს, რომ 29 წლის ახალგაზრდამ უკვე „დიდი რუსეთის“ „შავ სამყაროშიც“ მნიშვნელოვანი ავტორიტეტი მოიპოვა და მეტსახელად მას „ბოსი“ უწოდეს. იმ დღიდან მოყოლებული, სოსომ გააორმაგა თავისი კრიმინალური საქმიანობა და კიდევ უფრო აიმაღლა ავტორიტეტი. მომდევნო ათი წელიწადი მან რუსეთის ყველაზე საშინელ საპყრობილეებში გაატარა; არაერთ ცნობილ ავტორიტეტს შეხვდა და მათი ნდობა მოიპოვა. სოსოს ბევრჯერ შესთავაზეს, რომ კანონიერი ქურდი გამხდარიყო, მაგრამ ის ყოველთვის ასე პასუხობდა – ჯერ ადრეა. არ ვარ ამის ღირსი და არც შესაბამისი გამოცდილება გამაჩნია. „ხალხის“ რიგებში რომ ჩავდგე, უფრო მეტი წლები მჭირდება და არ ვიჩქარებო. „ხალხი“, „ადამიანი“ ქურდულად ქურდებსა და ქურდს ნიშნავს. „ბოსი“ ციხიდან რომ გამოვიდა, უკვე 38 წლის იყო და მას ვეებერთელა ავტორიტეტი ჰქონდა, თუმცა ქურდის ტიტულს ჯერ კიდევ არ ატარებდა.

2004 წლის 2 მარტი იყო. ციმბირის ზონიდან სოსო მდივანი როსტოვში მატარებლიდან ჩავიდა და პირდაპირ „პახანს“ მიადგა. ეს კაცი არა მარტო როსტოვის კრიმინალური სამყაროს მეფე, უხუცესი კანონიერი ქურდი და ქურდების პაპა იყო, არამედ რუსეთის სამხრეთის მაყურებელი და უმაღლესი ავტორიტეტის ქურდი. მან წინასწარ იცოდა, რომ „ბოსი“ უნდა სწვეოდა და ახალმოსულს უთხრა:

– კეთილი იყოს შენი ფეხი აქ, როსტოვში. შენზე კარგის მეტი არაფერი გამიგია. ხალხი ძალიან გაფასებს და მიკვირს, რატომ არ გინდა ჩვენს რიგებში ტიტულით ჩადგომა.

– ძვირფასო პახან, ვფიქრობ, ადრეა ჩემთვის გვირგვინი და ისეთი არაფერი გამიკეთებია, რომ ასეთი პატივი მერგოს. ვიცხოვრებ კიდევ ამქვეყნად და ვნახოთ მერე. ხალხი თუ ჩამთვლის ამის ღირსად, მაშინ უკვე აღარ ვიტყვი უარს.

– კარგი, კარგი. იყოს შენებურად. თუმცა, ხალხი უკვე დიდი ხანია, გთვლის ღირსეულ წევრად. მოდი, მიიხედ-მოიხედე. დამკვიდრდი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ, – უთხრა „პახანმა“ „ბოსს“ და ახალმოსულს გადაეხვია.

სოსომ მალევე მოიგო როსტოვისა და როსტოვის ოლქის ქურდული სამყაროს გული. „ბოსს“ ყველგან პატივს სცემდნენ. სოსო, ეგრეთ წოდებული, „ნეპმანელი ქურდების“ ტრადიციებით ცხოვრობდა და მომპარავებთან ერთად საქმეზე დადიოდა, რაც მთავარია, უარს ამბობდა პასპორტის აღებაზე. მაგრამ, „პახანმა“ მას უთხრა, რომ საბუთის გარეშე „გასროკავდნენ“ და „ტუფტაზე“ ციხეში ჩაჯდომა არ იყო საკადრისი. ამიტომ, სოსომ რუსეთის მოქალაქის პასპორტი აიღო და ჯიბეში წითელი „ქსივა“ რომ არ ჩაედო, „იჩალიჩა“ და ლურჯყდიანი საბუთი გააკეთებინა. ამასობაში ექვსი თვე გავიდა. „პახანის“ დავალებით, „ბოსი“ სოჭში გაემგზავრა და ადგილობრივ მაყურებელს „ობშჩიაკის“ თანხა გამოართვა, რომელიც როსტოვში უნდა ჩაეტანა. სოსო სასტუმრო „მოსკოვში“ იყო გაჩერებული. ერთ საღამოს მის კარზე კაკუნი გაისმა. „ბოსმა“ კარი გააღო და ზღურბლზე მდგომმა ორმოციოდე წლის მამაკაცმა მას შესვლის ნებართვა სთხოვა. სოსომ ის ოთახში შეიპატიჟა, სავარძელი შესთავაზა და უთხრა:

– გისმენთ.

– თქვენ სოსო მდივანი ბრძანდებით, ხომ არ მეშლება? – იკითხა ახალმოსულმა და უკითხავად გააბოლა სიგარეტი.

– არ გეშლებათ. ვისთან მაქვს პატივი? – მიუგო სოსომ.

– კურატორი დამიძახეთ, – თქვა ახალმოსულმა და წვრილი კვამლი გამოუშვა.

„ბოსს“ უსიამოვნო გრძნობა დაეუფლა. თავი მოთოკა და თქვა:

– გისმენთ, ბატონო კურატორო, ჩემგან რა გნებავთ?

– უჩვეულო არაფერი, ბოს! – ირონიით თქვა კურატორმა და დააყოლა, – მოვედი, გაცნობოთ, რომ ოპერაცია გრძელდება. აი, სულ ესაა და მეტი არაფერი.

სოსოს ოფლმა დაასხა. მაგრამ თავს მოერია და რაც შეეძლო, დინჯად იკითხა.

– რა ოპერაცია, რაზეა საუბარი?

კურატორმა ირონიით აათვალიერ–ჩაათვალიერა „ბოსი“ და უთხრა:

– პრინციპში, ოპერაცია არც არასოდეს შეწყვეტილა, მაგრამ თქვენ არ იცოდით ამის შესახებ. უნდა გითხრათ, რომ თქვენ სანიმუშოდ გაართვით თავი ყველაფერს და პირველი ეტაპი უმაღლეს დონეზე განვლეთ. ახლა უკვე მეორე ეტაპზე ხართ და ახალი ამოცანების გადაწყვეტა მოგიწევთ.

სოსოსთვის ყველაფერი ნათელი გახდა და მხოლოდ ზოგიერთი დეტალის დაზუსტება იყო საჭირო. „ბოსს“ თვალწინ გაურბინა მთელმა განვლილმა ცხოვრებამ და კურატორს მგლური მზერა მიაპყრო. ზუსტად ისეთი, როგორი მზერითაც მას მამა-შვილი ლომიძეები უმზერდნენ სასამართლოზე. ამ გახსენებამ კიდევ უფრო მეტად გაამწარა სოსო და სახეწამოჭარხლებული კურატორისკენ დაიძრა. კურატორმა კი მოულოდნელად პისტოლეტი დააძრო, სოსოს მიუშვირა და ირონიით უთხრა:

– აბა, სდექ! პოდპოლკოვნიკო მდივანო? რა, არ იცოდი, წოდებები რომ გემატებოდა? შენ რომ საგანგებო-საიდუმლო დავალებას ასრულებდი და ახლაც ასრულებ, პაგონებზე ვარსკვლავები გემატება. ნუ მაიძულებ, რომ სასხლეტს თითი გამოვკრა. დაჯექი და მომისმინე.

სოსო კურატორის წინ, სავარძელში ჩაჯდა და უთხრა:

– რა გინდა?

– მოკლედ ასე, სულ მალე კანონიერ ქურდობას შემოგთავაზებენ და ამჯერად უარი აღარ უნდა თქვა. ესაა შენი უახლოესი ამოცანა. დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ ახლა კი ერთმანეთს უნდა დავშორდეთ, – თქვა კურატორმა და წამოდგომა დააპირა. სოსომ კი ის ხელით გააჩერა და უთხრა:

– მოიცა, რამდენიმე კითხვა მაქვს შენთან.

– ალბათ, გაინტერესებს, თუ ვინ ვარ მე, ხომ? – კითხვითვე უპასუხა კურატორმა და დააყოლა, – მაიორის თანაშემწე ვიყავი, ახლა კი მე მიმყავს ეს ოპერაცია და შენი კურატორი ვარ.

– კოშაძე ცოცხალია? – იკითხა სოსომ.

– რა მოკლავს? პენსიაზეა, უკვე ხუთი წელია.

– ესე იგი, ეს ყველაფერი დამიდგით, ხომ, რომ უფრო ღრმად შევსულიყავი როლში?

– კი. მასეა. მაგრამ, ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. კოშაძემ გადაწყვიტა მაშინ.

– ერთი ეს მითხარი, საბჭოთა კავშირი დიდი ხანია, დაიშალა და ოპერაციას ახლა ვინ ატარებს?

– რუსეთი.

– ჩემ შესახებ კიდევ ვინ იცის?

– იციან, იციან, ნუ გეშინია. ასე რომ, ჩემი მოკვლით ვერაფერს გახდები და ეს აზრი თავიდან ამოიგდე. მე რომ რაიმე დამემართოს, შენი ნამდვილი ვინაობა მალევე გაბაზრდება და თუ რა მოჰყვება ამას, ჩემზე კარგად იცი.

– ნაძირლები ხართ! იმ ქალის მკვლელობის გარეშე არ შეიძლებოდა, რომ გემოქმედათ?

სოსოს სიტყვებზე კურატორი შეცბა. შემდეგ მხრები აიჩეჩა და მიუგო:

– მე რა შუაში ვარ? მე მხოლოდ თანაშემწე ვიყავი და მეტი არაფერი. მთელი კომბინაცია კოშაძემ დაგეგმა და ვინ შეასრულა, წარმოდგენა არ მაქვს.

– წადი, თქვენი დედაც... – შეიგინა სოსომ და დააყოლა, – აქედან გამეცალე, თორემ ისეთ ხასიათზე ვარ, რომ შეიძლება, ყველაფერი ფეხებზე დავიკიდო.

–კარგი, კარგი. მივდივარ. დამშვიდდი და ყურადღებით იყავი. შენ ისევ სპეცაგენტი ხარ და განსაკუთრებულ დავალებას ასრულებ. წავედი! – თქვა კურატორმა და სასტუმროს ოთახიდან გავიდა.

„ბოსმა“ გააბოლა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა.

***

როგორც კურატორმა თქვა, სოსოს ისევ შესთავაზეს კანონიერი ქურდობა და ეს თავად „პახანმა“ გააკეთა. ამჯერად სოსო დაეთანხმა. კმაყოფილმა „პახანმა“ მას უთხრა:

– გამოგიტყდები, რომ დარწმუნებული ვიყავი, უარს არ იტყოდი და ქსივები წინასწარ დავგზავნე. ორ კვირაში აქ, ჩვენთან ხალხი შეიკრიბება და სხოდკაზე გადავწყვეტთ შენს ამბავს.

– ძვლიან კარგი, პახანო. ხალხის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დავემორჩილები, – მიუგო ქურდთა ქურდს „ბოსმა“.

ამ საუბრიდან სამი დღის შემდეგ, „ბოსი“ კრასნოდარში გაემგზავრა მანქანით. „პახანის“ დავალებით, მას ადგილობრივი მაყურებლისთვის „ობშჩიაკის“ ფული უნდა გამოერთმია და როსტოვში ჩაეტანა. „ბოსს“ მხოლოდ მძღოლი ახლდა თან. სოსო მანქანის უკანა სავარძელზე მოკალათდა და ისინი გზას გაუდგნენ. როსტოვს რომ კარგა მანძილით გასცდნენ, ერთ-ერთ ხუტორთან მანქანა გაჩერდა. მძღოლმა თავი გააქნია. უხმოდ გადავიდა სალონიდან, კაპოტი ახადა და ძრავას ათვალიერებდა. მანქანიდან გადავიდა სოსოც და მძღოლს ჰკითხა:

– რა დაემართა?

მძღოლმა მხრები აიჩეჩა. შემდეგ მკვეთრად შეტრიალდა, „ბოსს“ კისერში რკინის ჯოხი ჩაარტყა და გონება დააკარგვინა....

სოსომ რომ თვალი გაახილა, იგრძნო, რომ რკინის ძელზე იყო მიბმული და სარდაფში იმყოფებოდა. აქვე იდგა მძღოლი და მდივანს სასტიკი მზერით მისჩერებოდა. სოსო ჯერ კიდევ ბოლომდე არ იყო გონებაზე და ვერ გაეგო, საიდან ეცნობოდა ეს „ვზგლიადი“.

– რაო, შე ნაბოზარო, ჯერ კიდევ ვერ მიცანი? – სოსოსთვის მოულოდნელად ქართულ ენაზე თქვა მძღოლმა.

– მე მგონი, ვხვდები. სალაროში მოკლული ქალის შვილი უნდა იყო, – მიუგო სოსომ.

– კი. მე ვარ და აქ იმიტომ მოგათრიე, რომ დედაჩემის გამო შური ვიძიო და წამებით ამოგხადო სული. და არა მარტო დედაჩემის, არამედ მამაჩემის გამოც. მამაჩემი დედაჩემის სიკვდილს გადაჰყვა, – კბილებში გამოცრა გურამ ლომიძემ და ალესილი სამართებელი გახსნა.

სოსოს ირონიულად ჩაეცინა და თქვა:

– შენს ადგილზე მეც მასე მოვიქცეოდი და შურს ვიძიებდი, მაგრამ მკვლელზე და არა უდანაშაულო ადამიანზე. მე კი მკვლელი არ ვარ.

გურამ ლომიძეს სასაცილოდ არ ეყო სოსოს სიტყვები. სოსომ კი მას ყველაფერი დამაჯერებლად მოუყვა, თავისი აგენტობის ამბის ჩათვლით და ბოლოს უთხრა:

– მეც ძალიან მაინტერესებს სრული სიმართლე და გთავაზობ, რომ ერთად გავარკვიოთ ყველაფერი.

შურსმაძიებელი ჯერ უარზე იყო, ეგონა, რომ „ბოსი“ მას „აბოლებდა“. სოსომ კი მას უთხრა:

– მიდი, მაშინ, რაღას უცდი? მომკალი და დაასრულე, მაგრამ იცოდე, რომ მე არ ვარ დედაშენის მკვლელი.

– არ მჯერა, – თავი გააქნია გურამმა.

– ერთსაც გეტყვი და თუ გაიგებ, ხომ კარგი, თუ არა და რაც გინდა, ქენი, – თქვა ბოსმა და დაამატა, – მე რომ მომკლა და გაიქცე, ძებნას დაგიწყებენ და დიდი შანსია, რომ გიპოვონ და გაგანადგურონ. მოდი, აქ დამტოვე, დაბმული. შენ კი თბილისში ჩადი, ბადრი კოშაძე მოძებნე და სიმართლეს ის გეტყვის. გაწყობს?

გურამმა ორიოდე წუთი უხმოდ უცქირა დაბმულ „ბოსს“ და ბოლოს უთხრა:

– სასამართლოდან დაწყებული შენი სასტიკად წამებისა და მოკვლის სურვილი არ მასვენებდა. შავ სამყაროში გავერიე, რომ მომეძებნე, მოგახლოებულიყავი და ჩემი სურვილი ამესრულებინა. თუ ამქვეყნად სამართალი არსებობს, მაშინ არ უნდა მოვტყუვდე. ხოლო თუ შენი სიტყვები სიცრუეა, ახიც იყოს ჩემზე.

– არსებობს სამართალი. დამტოვე აქ და წადი თბილისში და ყველაფერი გაარკვიე, – მიუგო „ბოსმა“.

– სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს, – თქვა გურამმა. სოსო ახსნა და დაამატა, – წავიდეთ, სადაც მივდიოდით და თუ ვერაგობას არ აქვს ადგილი, მაშინ თბილისში გამგზავრება არ ამცდება.

***

გურამ ლომიძე ორი დღის მერე თბილისში გაემგზავრა და ოთხი დღის შემდეგ უკან დაბრუნდა. მომენტი რომ იპოვა, „ბოსი“ დაიმარტოხელა და უთხრა:

– მართალი ყოფილხარ. კოშაძეს სანამ მოვკლავდი, ყველაფერი ვათქმევინე. დედაჩემი შენ არ მოგიკლავს და შემსრულებელი ბულიაშვილია. ეგ ახლა რუსეთში მუშაობს და იმედია, რომ მასაც მივწვდები. ცოტა დრო მჭირდება, რომ ვიპოვო.

– ნაპოვნია უკვე, – ჩაეცინა სოსოს და დაამატა, – ისაა ახლა ჩემი კურატორი და სხოდკამდე ორი დღით ადრე უნდა შევხვდე. მე შენ კონსპირაციული ბინის მისამართს გეტყვი და შეგიძლია, მიხვიდე და იმოქმედო.

– მერე შენ? – იკითხა გურამმა.

– რა მე? – მიუგო „ბოსმა“.

– რა და რომ დავბრიდავ, ხომ გაიგებენ, რომ შენი ნახელავია, – მხრები აიჩეჩა გურამმა.

– შენთვის სულერთი არაა? – გაეცინა სოსოს და დაამატა, – შეიძლება, უბრალოდ, ჩემი გამოყენება სურს, მატყუებს და მაყუთის შოვნა უნდა. შეიძლება, მართლაც ჩემი კურატორია, მაგრამ რა, მერე? ძაღლები, რა, სხვას ვერ გამოგზავნიან?

– ესე იგი, დავბრიდო?

– იმოქმედე! – თვალი ჩაუკრა სოსომ გურამს და ანიშნა, წადიო.

***

„სხოდკამდე“ გურამ ლომიძე არ გამოჩენილა, ხოლო როცა სოსოს ქურდის გვირგვინი დაადგეს და ამ ფაქტს დახურულ რესტორანში აღნიშნავდნენ, სუფრასთან გურამიც გამოჩნდა. სოსოს მიულოცა, გადაეხვია და ქართულად ჩასჩურჩულა, – ყველაფერი რიგზეა. ის ბოზი აფიორას აგორებდა და შენ შესახებ არავინ არაფერი იცის. დონის ფსკერზე გდია გირებმიბმული. გილოცავ კიდევ ერთხელ, ბოს!..

დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი