რომანი და დეტექტივი

ბედნიერების ფორმულა

№6

ავტორი: ბაია თაბაგარი 20:00 19.02, 2021 წელი

ბედნიერების ფორმულა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #5(1049) 

– და არც სილამაზით მოვჭრი თვალს მამაკაცს, – მშვიდად გაახმოვანა მეგობრის ფიქრი მელანომ და ასევე მშვიდად გაიღიმა, – ჩემისთანა ქალის დაკარგვის კაცს არ ეშინია, რადგან, როცა თვითონ მოუნდება, მაშინ დაუბრუნდება და ისიც ეგრევე მიიღებს.
– შენ სიმპათიური, ინტელექტუალური, კეთილშობილი ქალი და უწესიერესი პიროვნება ხარ. შესაბამისად, ყველა წესისა და ლოგიკის მიხედვით, ბედნიერება მუდმივად შენი ცხოვრების თანმდევი უნდა იყოს, – დაასკვნა თათულიმ.
– წესებისა და ლოგიკის რა მოგახსენო, მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის, როცა პირად ცხოვრებას ეხება საქმე, ბედნიერების მეორე ნაპირზე აღმოვჩნდები ხოლმე. რაღაც არ ეწყობა ჩემს ბედში. ჩემს მშობლებს კი ჰგონიათ, მათი აქ ცხოვრება მიშლიდა ხელს და მცხეთაში გადაბარგდნენ. მაგრამ მე თქვენ ჩემს საქებრად ან საკუთარი ქმრების საძაგებლად კი არ დაგიძახეთ, რჩევა მჭირდება: რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ვგრძნობ, რომ ამჯერად არც ისე მარტივადაა საქმე და, თანაც, სიმართლე გითხრათ, აღარც მე ვარ მორიგი პატიების ხასიათზე. არადა, ვიცი, ძალიან გამიჭირდება, ვეღარ გავუძლებ ამდენ ბრძოლას სხვასთანაც და საკუთარ თავთანაც.
– შენ ძალიან ძლიერი გოგო ხარ და ამასაც გაუძლებ. თეთრი შურით მშურს შენი, – უცბად დაიწყო ლაპარაკი თეკლამ, რომელიც ამდენ ხანს ჩუმად იჯდა, – იმიტომ მშურს, რომ ის, ვისაც უნდა აპატიო ან არ უნდა აპატიო, ცოცხალია, სუნთქავს, დადის, ლაპარაკობს... თქვენიც მშურს, გოგოებო, – მიმართა თათულის და ნატალის.
– ნუ გშურს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, ეს რა საშინელებაა, – თქვა მელანომ ცრემლიანი ხმით.
– წარმოვიდგენ, იმიტომ, რომ ეგ ყველაფერი მეც მაქვს გამოვლილი. უბედურება ის კი არ არის, რომ სახლში მამაკაცი იგინება, ინდეფერენტულია ან ღალატობს ქალს; უბედურება ისაა, როცა აღარ არსებობს მამაკაცი, რომელიც დაგიბრუნდება და პატიებას გთხოვს; რომელიც ან შეიგინება, ან ხანდახან არც კი შემოგხედავს; რომელსაც უნდა აპატიო, იმიტომ, რომ მაინც გიყვარს, ან, უბრალოდ, მიეჩვიე პატიებას. არიან ქმრები, რომლებიც საკუთარ ოჯახში მონსტრები და გობსეკები არიან, გარეთ კი ხელგაშლილები, მზრუნველები, ყურადღებიანები. თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი კაცის ყოლაც კი ბედნიერებაა ქვრივად დარჩენასთან შედარებით. ჩემი ქმარი ნამდვილად არ იყო თათულის იდეალი ჟოფრეი, მაგრამ მე ის მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო, ყველა თავისი პლუსითა და მინუსით. მასაც ისეთი ვუყვარდი, როგორიც ვარ და ისე ვუყვარდი, როგორც შეეძლო. მეტს არც ვითხოვდი მისგან და იმიტომაც ვცხოვრობდით მშვიდად და ბედნიერად. ახლა კი რა? ახლა მარტო ვარ და წინ მხოლოდ სიცარიელეა. შვილი მაინც გვყოლოდა...
– ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ... – ნატალი რაღაც ნუგეშის მაგვარის თქმას შეეცადა, მაგრამ თეკლამ ხელის აწევით გააჩუმა:
– ეგ გამორიცხულია. მე თქვენთან ვცოცხლდები და მეტ-ნაკლებად ვიმხიარულებ თავს, თორემ ისე, სინამდვილეში, აღარ ვარსებობ არჩილის გარეშე. დედაჩემი რომ არ მყავდეს მოსავლელი, ან გავგიჟდებოდი, ან თავს მოვიკლავდი. მე ქალური შურით, ოღონდ, ხაზს ვუსვამ – თეთრი შურით მშურს ყველა ქალის, ვისაც საპატიებელი ან არსაპატიებელი მამაკაცი ცოცხალი ჰყავს და გვერდით ჰყავს, რადგან კაცის გარეშე ქალიც ცარიელია და ოჯახიც. ამიტომ, ღმერთს ნუ სცოდავთ.
ნათქვამია: უთხარი შენს ბედს „დიახ“ და ყველაფერი თავისთავად დალაგდება თავ-თავის ადგილზეო. მე ეს გამოთქმა გაგონილიც არ მქონდა, ისე, ინსტინქტურად ვუთხარი ჩემს ბედს „დიახ“, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში დღემდე არაფერი დალაგებულა თავ-თავის ადგილზე. თუმცა, რა ვიცი, შესაძლოა, რა ცხოვრებაც მქონდა, რაც გამოვიარე, სწორედ, ეს იყო თავის ადგილზე დალაგება. როგორც ჩანს, ეს იყო ჩემი ბედისწერა. თქვენ არ იცით, სინამდვილეში როგორი საცოდავია საყვარელი ადამიანის გარეშე, მარტოდ დარჩენილი ახალგაზრდა ქალი, რომელიც იძულებულია, თავისი უმწეობა, უძლურება და სიმარტოვე გამოგონილი ძლიერებით გადაფაროს, რომ ან თავი არ მოიკლას, ან ბილწი ჭორების მსხვერპლი არ გახდეს. გამიგეთ, რასაც ვამბობ?
გოგოებმა თავი დაუქნიეს.
– ჰოდა, ამიტომაც მშურს თქვენი, ოღონდ, არ გეწყინოთ. სინამდვილეში, მხოლოდ სიკეთე და ბედნიერება მინდა სამივესთვის. ისე კი, იცოდეთ, ეს ცხოვრება ძლიერი ქალებისაა და არა სუსტების.
მელანო მიხვდა, რომ თეკლას მონლოგი სხვა მიმართულებას აძლევდა მათ საუბარს და თემის შეცვლა გადაწყვიტა:
– ცდები, ჩემო კარგო, ეს ცხოვრება არც ძლიერი ქალებისაა და, მით უმეტეს, არც სუსტების. ეს ცხოვრება ბოზი ქალებისაა. და, კიდევ, ბოზი კაცების. უფრო სწორად, ბოზობით „გასვეცკებულ“-გამდიდრებული ქალების და „წაკუზული“ კაცების.
– გეების?
– არა, მენტალურად და კარიერისა და ფულის გასაკეთებლად „წაკუზულების“, ესე იგი, ნამუს- და სულგაყიდულების.
– ანუ, შოუ-ბიზნესის უნიჭო გამონაბოლქვისა და პოლიტიკოსების?
– არა, ყველა სფეროს ამბიციური უნიჭოების, ამბიციური გოიმებისა და ფულიტიკოსების და არა პოლიტიკოსების – მე მათ ფულიტიკოსები შევარქვი და ასეც არის. რაც შეეხება შენს შურს, თეთრი შური იგივე საღვთო შურია, ანუ როცა მიბაძვის, მიმსგავსების სურვილი გიჩნდება და არა იმის განცდა – ეს ჩემზე უკეთესი რატომ უნდა იყოს, ჩემზე უკეთ რატომ უნდა ცხოვრობდესო და მას ათას უბედურებას უსურვებ თუნდაც გულში, ანუ შენზე უკეთ მყოფის განადგურების სურვილი რომ დაგწვავს... – მელანო ისე მშვიდად ლაპარაკობდა, ეს სიმშვიდე ყველას გადაედო და გულაჩუყებული თეკლაც კი დამშვიდდა.
– ჰო, მაგრამ, ზოგადად, შური მაინც ცუდი რამეა, – თემა განაგრძო თათულიმ. სულხან-საბამ რომ დაგვიბარა, შური სხვისი სიკეთის გამო წუხილიაო, ერთმა მსოფლიო მნიშვნელობის ექიმმა კი...
– თანამედროვემ? – შეაწყვეტინა ნატალიმ.
– ჰო, მაგრამ, გვარი დამავიწყდა. მოკლედ, ეს ექიმი სულ სხვა მხრიდან მიუდგა შურის თემას და არაჩვეულებრივად ახსნა, რითი ვნებს ადამიანის ეს ერთ-ერთი ყველაზე ცოდვილი გრძნობა თავად მას, ვისაც შურს. თქვენი აზრით, რით უნდა ავნოს?
– ალბათ, შურისგან იგრუზება და იტანჯება.
– კიდევ?
– მეტი არ ვიცით. შენ გვითხარი.
– თურმე, როცა ადამიანს სხვისი წარმატების, ქონების, ნიჭის, მიღწევების, ანუ სხვისი კარგი ბედის შურს, გამოდის, რომ თავისი ბედი არ მოსწონს და უარყოფს იმას, რაც მას უზენაესმა არგუნა. მერე კი იმით ისჯება, რომ ვერც სხვის ბედს აქცევს თავისად და საკუთარსაც კარგავს. ამიტომ არის, რომ ასეთ ადამიანებს, საბოლოო ჯამში, არაფერში უმართლებთ, თუმცა, ვერ ხვდებიან, რატომ ხდება ასე.
– გამოსავალი რა არის?
– გამოსავალი ის არის, რომ თვითონვე უნდა სცადონ საკუთარი ცხოვრების გალამაზება, საკუთარი პიროვნების გაკეთილშობილება და სხვისი ბედნიერებით აღარ უნდა დაიტანჯონ თავი.
– ეგ ცარიელი სიტყვებია, ცხოვრებაში ასე არ ხდება, – თქვა თეკლამ.
– ჰო, სამწუხაროდ, მართალი ხარ, მაგრამ მაინც ეს არის ერთადერთი, თუმცა თეორიული გამოსავალი, – თათულიმ საათზე დაიხედა და მორიდებით იკითხა:
– ამაზე სალაპარაკოდ შევიკრიბეთ?
– არა, თქვენი რჩევა მჭირდება-მეთქი, ხომ გითხარით, – საწყის პოზიციას დაუბრუნდა მელანო, – მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ისევ ვაპატიო?
– სამივემ რომ გითხრათ, არაო, დაგვიჯერებ? – უცებ გაბრაზდა თეკლა, – არც მაშინ დაგვიჯერებ, სამივემ რომ გითხრათ, აპატიეო, იმიტომ, რომ მაინც ისე მოიქცევი, როგორც ბოლო წამს გადაწყვეტ. მე კი მხოლოდ ერთს გეტყვი: ეგ ბიჭი შენი ბედი არ არის. შენ მისთვის მხოლოდ თავშესაფარი ხარ – შენთან უზრუნველად და კომფორტში ცხოვრობს, მეტი არაფერი. ის კი შენთვის მუხრუჭია, ცხოვრების მუხრუჭი. ისე დაგაკომპლექსა, რომ არც საკუთარ მომავალზე ფიქრობ, არც კარიერაზე, აღარც თავმოყვარეობა გიღიტინებს.
– თეკლა მართალია, – სიტყვა აიტაცა თათულიმ, – შენ ვერც კი ხვდები, რომ, რაც ეგ გიორგი გაიცანი, ყველა საკითხში ბუქსაობ – სიყვარულშიც, ადამიანებთან ურთიერთობებშიც (ჩვენს თავს არ ვგულისხმობ), კარიერაშიც და, წინ წახვიდე კი არა, უკან გორდები, უსასრულო დაღმართზე.
– ესე იგი, რა უნდა ვქნა? – მელანო მიხვდა, რომ გოგოები სიმართლეს ეუბნებოდნენ.
– ერთ მაგარ სიბრძნეს გეტყვი, ოღონდ, არ ვიცი, ვინ თქვა, – თეკლამ ისეთი დაფიქრებით თქვა ეს სიბრძნე, აშკარად საკუთარ თავსაც მიმართავდა: – იმისათვის, რომ ადგილზე იდგე და უკან არ დაჩოჩდე, ძალიან სწრაფად უნდა ირბინო, მაგრამ იმისთვის, რომ რამეს მიაღწიო, უნდა ირბინო ათჯერ უფრო სწრაფად.
– ყველაფერი გავიგე და გავიაზრე. სამივეს დიდი მადლობა. ახლა ყველაფრისთვის მზად ვარ, მათ შორის, ახალი ცხოვრების დასაწყებადაც, – მელანომ მორცხვად გაიღიმა, მაგრამ გოგოებმა იგრძნეს, რომ სიმართლეს ამბობდა.
მელანო მიხვდა, რომ გიორგის ვეღარ აპატიებდა და თავისავე გასაკვირად, მაშინვე დამშვიდდა.
თქვა და შეასრულა კიდეც: არც კი დაურეკა, მხოლოდ მისწერა, სულ კარგად ბრძანდებოდე, მაგრამ უჩემოდო და მეორე დღესვე მთლიანად ამოშალა ნაშებში მოფარფატე უთავმოყვარეო გიორგი თავისი გულიდანაც, გონებიდანაც და მოგონებებიდანაც. მერე კი გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვისაც მიეხედა. ბოლოს და ბოლოს, მთელი 30 წლის კი არა, სულ რაღაც 30 წლის იყო და წინ ძალიან ბევრი ბედნიერება და სიხარული ელოდა.

⚜⚜⚜

იმ საღამოს შემდეგ მელანომ ორმაგი ფერისცვალება განიცადა: შინაგანი და გარეგანი. ორიოდე კვირის შემდეგ კი იმიჯშეცვლილ მელანოს ვეღარც დაქალები ცნობდნენ, ვეღარც თანამშრომლები და ვეღარც საკუთარი თავი. ის კი არა, მცხეთაში რომ ჩააკითხა მშობლებს, სახლისკენ მიმავალს ეზოში დედა შეხვდა და ჰკითხა, გოგონა, ვის ეძებთო, მერე კი, როცა იცნო გალამაზებული და შინაგანი თავისუფლებით თვალებგაცისკროვნებული შვილი, ქმარს გადაუჩურჩულა – ჩვენი გოგო პატიმრობიდან გათავისუფლდაო.
– თუ ტყვეობიდან? – ჰკითხა მეუღლემ და პასუხს აღარ დაელოდა, მელანოს მხარზე ხელი მოჰხვია და გულზე მიხუტებული შეიყვანა სახლში.

⚜⚜⚜

დიდხანს, ლამის მთელი ცხოვრება ეძებდა გოგოს, რომელიც დანახვისთანავე შეუყვარდებოდა – ასეთი სიყვარული უფრო ნაღდ გრძნობად მიაჩნდა; ასეთი, ანუ, როცა არ იცი მისი არც წარმოშობა, არც ხასიათი, არც განათლება, არც ეროვნება, არც აღმსარებლობა, არც წრე და არც ხუშტურები, ანუ საერთოდ არაფერი, უბრალოდ, დაინახე, გულმა თუ გულის გულმა მაშინვე იგრძნო, რომ ის შენია, შენთვის გააჩინა ღმერთმა და იმწამსვე შეგიყვარდა ისეთი, როგორიც დაინახე და აღიქვი.
საერთოდ, სჯეროდა სასწაულის და ერთი ნახვით შეყვარებაც ერთ-ერთ სასწაულად მიაჩნდა, თანაც ისეთ სასწაულად, რომელიც არ ძველდება, ანუ ყავლი არ გასდის და, შესაბამისად, მოსაბეზრებელი არ ხდება, რადგან ასე, დანახვისთანავე შეყვარებულ ქალთან თანაცხოვრების განმავლობაში ყოველწუთს, ყოველდღე ხდება უაღრესად საინტერესო მოვლენები, რაც ერთფეროვნებას გამორიცხავს და მოწყენის საშუალებას არ გაძლევს. მაგალითად, დღეს აღმოაჩენ, რომ შენი ცხოვრების თანამგზავრს ძალიან უხდება ხმამაღალი სიცილი; ხვალ შეამჩნევ, რომ მის შავსა და ხვეულ თმას ჩამავალი მზის სხივებზე ოქროსფერი ზოლები ეფინება; ზეგ იგრძნობ, რომ შენი რჩეულის ლურჯი თვალები ამავე სხივების წყალობით მწვანე ელვარებას იძენს, ისევე, როგორც ჩამავალი მზის დისკოსთან ჩნდება მწვანე შუქი და მხოლოდ ბედნიერ ადამიანს შეუძლია მისი დანახვა; მერე აღმოაჩენ, რომ ის თავის გარშემო მუდმივად დადებით ენერგიას ასხივებს და ყველას ბედნიერს ხდის და ასე გაგრძელდება უსასრულოდ, სიცოცხლის ბოლომდე...
დემნამ იცოდა, რომ მისი ახლობლების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას სხვა მოსაზრება ჰქონდა ერთი ნახვით შეყვარებასთან და, საერთოდ, სიყვარულთან დაკავშირებით, მაგრამ მას არ აინტერესებდა, ვინ რას ფიქრობდა და ვინ რის მიხედვით ირჩევდა გულის სწორსა თუ ცხოვრების თანამგზავრს. ამიტომ განუწყვეტლად ეძებდა, მაგრამ ვერა და ვერ მიაგნო ასეთ გოგოს.
გაგრძელება შემდეგ ნომერში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი