რომანი და დეტექტივი

ბ ა ნ დ ა

№13

ავტორი: ნიკა ლაშაური 20:00 10.04, 2021 წელი

ბანდა
დაკოპირებულია

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ #12(1056)

სახენაიარევმა ღრმად ამოისუნთქა და უცნობს უთხრა:

– გისმენ. რას მოითხოვ ჩემგან?

– რასაც მოვითხოვ, ყველაფერი იმ წერილში წერია, რომელიც ცისფერ კონვერტშია მოთავსებული. კონვერტი კი კომოდის უჯრაში ჩაგიდე და ყურადღებით გაეცანი. გაწყობს იმის გაკეთება, რაც იქ წერია, – ხომ კარგი, არა და რაც დაგემართება შენს თავს დააბრალე. ახლა კი დროებით! პაკა, პაკა! მე თვითონ შეგეხმიანები, – თქვა უცნობმა და ტელეფონი გათიშა.

სახენაიარევი მძიმედ წამოდგა იატაკიდან და ჯერ სეიფის უკანა კარი დაკეტა, შემდეგ კი – მოძრავი კედელი. მერე გაჩერდა, ღრმად ამოისუნთქა და კომოდთან მივიდა, უჯრიდან წერილი ამოიღო, წაიკითხა და ადგილზე გაქვავდა.

▪️▪️▪️

პროფესორ გელა ჯიბუტის გაძარცვიდან ხუთი დღე იყო გასული. დეტექტივ-გამომძიებელი ბორის მენაბდე თავის ოთახში იმყოფებოდა და მოუხელთებელი, ფანტომი მძარცველების საქმეებზე ფიქროდა. ამ დროს მობილურზე დაურეკეს. ბორისმა ეკრანს დახედა – ექსპერტ-კრიმინალისტი ზურაბ კახიანი რეკავდა და მენაბდემ უპასუხა:

– ჰო, ზურა, გისმენ.

– ჯერ გამარჯობა, დეტექტივო, – ჩვეეულ სტილში თქვა კახიანმა და გაჩუმდა.

– გაგიმარჯოს, ზურა! გეტყობა, სიახლე გაქვს, – უთხრა მენაბდემ.

– სიახლე, თანაც როგორი, – საზეიმო ხმით თქვა კახიანმა და დაამატა, – ახლა სად ხარ?

– ჩემს ოთახში, – მიუგო ბორისმა, თან, გული ისე აუჩქარდა, რომ ლამის ბუდიდან ამოუვარდა.

– ჰო და ძალიან კარგი. მეც აქვე ვარ და რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნაც ხელთ მაქვს. ამოგიტან, წაიკითხე და გარწმუნებ, ძალიან საგულისხმო დასკვნებს გააკეთებ, – თქვა კახიანმა.

რადგან ბორის მენაბდე მხოლოდ სერიული ძარცვების საქმეს იძიებდა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიხვდა, რომ გაყინული საქმე შესაძლოა, მკვდარი წერტილიდან დაძრულიყო. ამიტომ, მას ისედაც აჩქარებული გული კიდევ უფრო აუჩქარდა და სულს ძლივს ითქვამდა. სავარძლიდან წამოდგა და გააბოლა. თან ოთახში ბოლთას სცემდა და კახიანს მოუთმენლად ელოდა. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში ზურაბ კახიანი შევიდა, რომელსაც ხელში სქელი ფაილი ეკავა. მან ჯერ მენაბდეს ჩამოართვა ხელი, შემდეგ ფაილი გაუწოდა და უთხრა:

– აი, ძმაო, გაეცანი. მე მგონი, საინტერესო რამ მოგიტანე.

მენაბდემ ხელით ანიშნა კახიანს – დაჯექიო. შემდეგ თავადაც სავარძელში მოკალათდა, ფაილი გადაშალა და კითხვას შეუდგა. კახიანი უხმოდ აკვირდებოდა მენაბდეს, რომელსაც უფრო და უფრო მეტი გაოცება ეხატებოდა სახეზე. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ კი მან კითხვა დაასრულა. ფაილი მაგიდაზე დადო და კახიანს უთხრა:

– შეცდომას გამორიცხავ?

– გინდა, მაწყენინო? – ნახევრად ხუმრობით თქვა კახიანმა და სერიოზულად დაამატა, – აბსოლუტურად გამორიცხულია. ექსპერტიზა ჩაუტარდა იმ მასალებს, რაც პირველადი მოკვლევის დროს მოვიპოვეთ და დავლუქეთ. ამიტომ, რაც მანდ წერია, აბსოლუტური სიმართლეა.

– ვაჰ, ბიჭო, ნუთუ მართლა? – ჩაილაპარაკა მენაბდემ. მეორე სიგარეტი გააბოლა და გაიმეორა, ნუთუ მართლა?

– მართლა, მართლა, ჩემო ბორის. როგორც გეტყობა, წაკითხულიდან სწორი დასკვნა გამოიტანე და ამიტომ გიკვირს. სიმართლე გითხრა, თავიდან მეც შოკირებული ვიყავი, მაგრამ ფაქტებს ვერსად გაექცევი და ვფიქრობ, ამ კვალს რომ გაჰყვები, წარმატებაც არ დააყოვნებს, – თქვა კახიანმა. წამოდგა და სანამ კარისკენ დაიძრებოდა, დაამატა, – წარმატებას გისურვებ, ბორის!

– მადლობა, ზურა. შენთან ერთი თხოვნა მაქვს, – თქვა მენაბდემ. კახიანმა კი ღიმილით უთხრა:

– ვიცი, ბორის, ვიცი. გინდა თქვა, რომ ამ ექსპერტიზის პასუხის შინაარსი არავისთან გავამჟღავნო. როდის იყო, რომ ენას კბილს ვერ ვაჭერდი. არავისთან არაფერს ვიტყვი. ახლა კი წავედი. საქმე მაქვს.

მენაბდემ კახიანი დერეფნამდე გააცილა და ოთახში შებრუნდა. შემდეგ ექსპერტიზის დასკვნები ხელახლა გადაიკითხა. ბოლოს შიდა ტელეფონით დეპარტამენტის უფროსს დაურეკა და მიღება სთხოვა. დასტური რომ მიიღო, ფაილს ხელი დასტაცა და ერთი სართულით ზევით ავიდა. ექსპერტიზის პასუხებს რომ გაეცნო, დეპარტამენტის უფროსმა გაოცება ვერ დამალა და მენაბდეს უთხრა:

– შეცდომას ხომ არ აქვს ადგილი, ბორის?

– არა, ბატონო პოლკოვნიკო. ყველაფერი, სწორედ, ასეა, როგორც წერია. თავიდან მეც ასე ვიფიქრე, მაგრამ ჩემი ეჭვები ზურა კახიანმა გააქარწყლა, – თქვა მენაბდემ.

– თუ ასეა, მაშინ ძალიან სკანდალური საქმის გასაღები გვქონია ხელში და, რომ იტყვიან, ძალიან „ტონკად“ უნდა ვიმოქმედოთ. უტყუარი სამხილები გვჭირდება და ოპერატიულმა განყოფილებამ უნდა იმუშაოს. მე ახლა უფროსს დავურეკავ და ვეტყვი, რომ საუკეთესო თანამშრომლები შეკრიბოს და სათვალთვალო ღონისძიებები შეიმუშაონ, თან, ენასაც დააჭირონ კბილი, – თქვა დეპარტამენტის უფროსმა და ტელეფონის ყურმილს დასწვდა. მენაბდემ კი დაამატა:

– ენაზე კბილის დაჭერა აუცილებელია. თუ ინფორმაცია გაჟონავს, მაშინ ბოროტმოქმედების მხილება ძალიან გართულდება.

დეპარტამეტის უფროსმა მენაბდეს ხელით ანიშნა, – გაჩუმდიო და ოპერატიული განყოფილების უფროსს უთხრა:

– შენთან ახლა ბორია მენაბდე მოვა და გეტყვის, რაც უნდა. ძალიან სერიოზული საქმეა და საუკეთესო კადრები გამოყავი. იცოდე, პატარა იაღლიშიც კი დაუშვებელია.

დეპარტამენტის უფროსმა ყურმილი აპარატზე დადო და მენაბდეს უთხრა:

– მიდი, გელოდები! აბა, შენ იცი. გეგმას რომ შეიმუშავებთ, ეგრევე გამაცანი.

მენაბდემ დეპარტამენტის უფროსს თავი დაუქნია და კაბინეტიდან გავიდა.

▪️▪️▪️

გელა ჯიბუტმა უზარმაზარი კაბინეტის ზღურბლს გადააბიჯა და ოთახში შევიდა. გაიოზ ბერიანიძე მას კაბინეტის შუაგულში შეეგება. თავი დაუკრა, ხელი ჩამოართვა და მოსულს სავარძლისკენ მიუთითა, თვითონაც დაჯდა და ჰკითხა:

– როგორ ბრძანდებით, ბატონო გელა, ხომ კარგად ხართ?

– გმადლობთ, ბატონო გაიოზ. არა მიშავს. თავად როგორ გიკითხოთ? – ჰკითხა პროფესორმა კაბინეტის მასპინძელს, რომელიც ცდილობდა, სტუმართან სოლიდური გამოჩენილიყო და ის დახვეწილი მანერებით მოეხიბლა. თუმცა ეს ყოველივე ძალიან სასაცილოდ ჩანდა და ჯიბუტს გუნებაში ეცინებოდა კიდეც.

გაიოზ ბერიანიძე, ეგრეთ წოდებული, „რელიგიური პარტიის“ თავმჯდომარე იყო და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში აპირებდა კენჭისყრას. ჯიბუტი კი იმიტომ მიიწვია თავისთან, რომ იქნებ ეს სახელოვანი მეცნიერი თავის ორგანიზაციაში გაეწევრიანებინა, უკიდურეს შემთხვევაში კი წინასაარჩევნოდ მისი ირიბი მხარდაჭერა მაინც მიეღო. ჯიბუტს ეჭვი ჰქონდა, რომ ბერიანიძე მას პოლიტიკაში ჩაბმას შესთავაზებდა, პროფესორი კი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. თუმცა, პარტიის თავმჯდომარის დაჟინებულ თხოვნას მაინც დათანხმდა და მას ოფისში ესტუმრა. ბერიანიძემ სტუმარს სერიოზული მზერა მიაპყრო, რაც პროფესორს ძალიან სასაცილოდ მოეჩვენა, მაგრამ თავი შეიკავა და არაფერი შეიმჩნია. მასპინძელმა კი სტუმარს უთხრა:

– ბატონო გელა, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ორგანიზაციას „რელიგიური პარტია“ ეწოდება და მას ასეთი სახელი შემთხვევით არ დავარქვით. საქართველოს მოსახლეობის ოთხმოცდაათ პროცენტზე მეტი რელიგიურობითაა გამორჩეული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა, რა თქმა უნდა, ქრისტიანია, მაგრამ, რა დააშავეს სხვა კონფესიების წარმომადგენლებმა? ჩვენი მიზანია ყველა მორწმუნის, რელიგიური პიროვნების ერთი დროშის ქვეშ დარაზმვა და მთავრობაში მოსვლა. ჩვენ – მე და ჩემს თანამოაზრეებს – ღრმად გვწამს, რომ ამ იდეოლოგიით ჩვენ სამშობლოს ავაღორძინებთ და მასში შეხმატკბილებულად იცხოვრებს ყველა ადამიანი, განურჩევლად რელიგიისა. რას იტყვით, როგორი აზრია?

– შესანიშნავი, ჩემო კარგო, ძალიან მშვენიერი, – ირონიანარევი სერიოზულობით მიუგო ბერიანიძეს ჯიბუტმა და დაამატა, – მე რატომ მთხოვეთ თქვენთან შეხვედრა?

– იმიტომ, რომ ჩემი მთავარი თხოვნა პირისპირ გადმოგცეთ. იმედია, რომ უარს არ გვეტყვით, – უთხრა სტუმარს მასპინძელმა და გაღიმებულმა ყელი ისე მოიღერა, რომ ინდაურს დაემსგავსა.

ამის შემხედვარე პროფესორმა სიცილი შეიკავა, მაგრამ სახეზე ღიმილი მაინც აღებეჭდა და მასპინძელს მიუგო:

– ბრძანეთ, ბატონო, რა თხოვნა გაქვთ ჩემთან. დიდი გულისყურით გისმენთ.

– ბატონო პროფესორო, ჩვენი პარტიისა და ჩემი პირადი თხოვნაა, რომ ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანდეთ და ჩემი მოადგილის პოსტი ჩაიბაროთ, – უფრო მოიღერა ყელი ბერიანიძემ და კიდევ უფრო მეტად დაემსგავსა ინდაურს.

პროფესორმა ამჯერად უკვე ვეღარ შეიკავა სიცილი და გულიანად გადაიხარხარა. შემდეგ თავი გააქნია და ბერიანიძეს უთხრა:

– არა, ბატონო გაიოზ, მე ამ საქმის არაფერი გამეგება და პოლიტიკოსად არ გამოვდგები. მე მეცნიერი ვარ და პოლიტიკოსობა რომც მოვინდომო, უბრალოდ, ამის დრო არ მექნება. ასე რომ, დიდ ბოდიშს გიხდით, მაგრამ ჩემგან – მყარი არა!..

– ბატონო გელა, ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. სულ მალე ქაოსი პიკს მიაღწევს, – თქვა ბერიანიძემ. ჯიბუტმა კი მას სიტყვა გააწყვეტინა:

– ბოდიში, ბატონო გაიოზ, მაგრამ ნამდვილად არ მსურს, ამ ქაოსის ერთ-ერთი შემოქმედი გავხდე. ამიტომ, – პროფესორმა საათს დახედა, – თქვენის ნებართვით გამოგემშვიდობებით. ჩემს კოლეგებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს ნახევარ საათში და უნდა წავიდე.

– ჩვენი პარტიის წევრობა თუ არ გსურთ, იქნებ მხარდამჭერი მაინც გახდეთ? ახლა ჩვენ წინასაარჩევნო კლიპს ვიღებთ და იქნებ, თქვენც გამოჩნდეთ მასში? – თქვა ბერიანიძემ.

– არა, ბატონო გაიოზ, არა. მსახიობად არ ვვარგივარ. თანაც, ხომ გითხარით, რომ დრო არ მაქვს და არც ფოტოგენური ვარ. ამიტომ კარგად ბრძანდებოდეთ, უნდა დაგტოვოთ, – უთხრა ჯიბუტმა მასპინძელს. ხელი ჩამოართვა და კაბინეტიდან სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

გაიოზ ბერიანიძემ მზერა გააყოლა ჯიბუტს და კარი რომ დაიხურა, მისი მისამართით ძალიან უწმაწურად შეიგინა. შემდეგ შეტრიალდა და თავის სავარძელში მოკალათდა, სიგარას მოუკიდა და გააბოლა. გვერდით ოთახიდან კი, რომელსაც დასასვენებელ-სასადილოს დანიშნულება ჰქონდა, ოცდათხუთმეტიოდე წლის საშუალოზე მაღალი, წვერიანი მამაკაცი გამოვიდა და ბერიანიძეს უთხრა:

– ხომ გეუბნებოდი, უარს იტყვის-მეთქი. შენ კი არ გჯეროდა. დაიკიდე, უკეთესს ვიპოვით.

– მაგაზე უკეთესი ვინ გეგულება, კოტე?! – სულ მალე საარჩევნო კამპანია უნდა დავიწყოთ და ხალხი გვჭირდება.

– ვიშოვით, მთავარია, „მაყუთი“ არ მოგვაკლდეს. დამფინანსებლები კი კარგები გვყავს. ამიტომ, მშვიდად იყავი და ყველაფერი კარგად იქნება. ვერ ხედავ, რა დღეშია ხალხი? ტომარა კარტოფილზე ყიდიან თავიანთ ხმებს. ჩვენ კი მათ ტომარა-ნახევარს მივცემთ და ხმებსაც კარგა ბლომად ავიღებთ, – უთხრა ბერიანიძეს კოტე ორჯონიკიძემ. წვერზე ხელები ჩამოისვა და სიგარეტი გააბოლა.

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი