რომანი და დეტექტივი

ალისფერი ბეჭედი

№39

ავტორი: „თბილისელები“ 20:00 10.10, 2021 წელი

დეტექტივი
დაკოპირებულია
  • არტურ კონან დოილი

(იბეჭდება შემოკლებით)

– თქვენ ამბობთ, რომ ის კაცი თქვენთან ათი დღის წინ მოვიდა და ორი კვირის ქირაც და კვების საფასურიც წინასწარ გადაიხადა? – ჰკითხა ჰოლმსმა დიასახლისს.

– მკითხა, როგორი პირობები იქნებაო. ვუპასუხე, კვირაში ორმოცდაათი შილინგი უნდა გადაიხადოთ-მეთქი. ზედა სართულზე ერთი სასტუმრო და პატარა საძინებელია... ძალიან მეშინია, მისტერ ჰოლმს, ღამეები არ მძინავს. უსმინო, როგორ დადის დილიდან საღამომდე წინ და უკან. რატომ გვემალება? რა აქვს ჩადენილი? ნერვები დამაწყდა, მეტს ვეღარ ავიტან. თუ დამატებით რამე დასჭირდა, კართან ქაღალდის ნაგლეჯს გვიტოვებს. აგერ, პირველ დილას ეს ნაწერები დაგვიტოვა. გაზეთს ყოველ დილით საუზმესთან ერთად სკამზე ვახვედრებ.

ჰოლმსმა ყურადღებით გადაათვალიერა მისის უორენის მოტანილი ქაღალდის ნაგლეჯები.

– დაწერილია ცუდად გათლილი სრულიად ჩვეულებრივი იისფერი ფანქრით. ყურადღება მიაქციეთ, ბარათისთვის პატარა ნაწილი სიტყვის დაწერის შემდეგაც მოუხევიათ. სიტყვა „საპონს“ „ს“ აკლია. ეს დამაფიქრებელი ამბავია, რაღაცის ეშინია. რამდენი წლის იქნება?

– ახალგაზრდაა, სერ, ოცდაათზე მეტის არ იქნება. ნამდვილი ჯენტლმენია. შავი პიჯაკი აცვია, სხვა ისეთი არაფერი აქვს, რომ თვალში მოგხვდეს.

– უნდა დავიცადოთ, ვიდრე დამატებითი მასალები გამოგვიჩნდება. სადავიდარაბო არაფერი გაქვთ. ბინის ქირა მიგიღიათ, მდგმური წყნარი კაცია, მართალია, უცნაური – გამოჩენა არ სურს, მაგრამ ეს, თქვენ არც გეხებათ. არანაირი მიზეზი არ გაგაჩნიათ, სიმშვიდე დაურღვიოთ, ვიდრე არ არსებობს საბუთი, რომ კანონს ემალება. თუ რამე ახალი მოხდა, შემატყობინეთ. დიდი ლოდინი არ დაგჭირდებათ, ვითარებას მალე მოეფინება ნათელი.

ერთ დილით ჰოლმსი ბუხართან დამხვდა, სახეზე კმაყოფილების ღიმილი უთამაშებდა.

– აბა, ახლა რას იტყვით, უოტსონ? – შემომძახა და მაგიდიდან გაზეთი აიღო. „მაღალი, წითელი სახლი თეთრი ქვის ლავგარდნებით. მეოთხე სართული, მეორე ფანჯარა მარცხნიდან. როცა შებინდდება. ჯ“. ეს უკვე სრულიად გარკვეულია. საუზმის შემდეგ პატარა დაზვერვას ჩავატარებთ მისის უორენის სახლის შემოგარენში... აჰა, მისის უორენიც ჩვენკენ მორბის. მისის უორენ, რა იცით ახალი?

– ჩემგან მოთმინება კმარა, მისტერ ჰოლმს! – შესძახა გამწარებულმა, – პოლიციას უნდა შევატყობინოთ! ჩაალაგოს ჩემოდანში თავისი ბარგი-ბარხანა და მომწყდეს თავიდან! საქმე იქამდე მივიდა, რომ მოხუცი ქმარი გამილახეს. ამ დილით ქუჩაში ათი ნაბიჯიც არ გაევლო, რომ წინ ორი უცნობი გადაუდგა, თავზე პალტო ჩამოაცვეს და იქვე მდგარ კებში ძალით ჩასვეს. მთელი საათი უტარებიათ აღმა-დაღმა, მერე კების კარი გაუღიათ და ძირს გადაუგდიათ. ტახტზე მიწოლილი დავტოვე და აქეთ გამოვეშურე, რომ რაც მოხდა, თქვენთვის შემეტყობინებინა.

– ქმარზე თავდასხმას მდგმურს უკავშირებთ?

– აბა, ვის დავუკავშირო? ფული ხომ ყველაფერი არ არის? დღესვე გავაგდებ ბინიდან.

– მისის უორენ. არ აჩქარდეთ. მე მგონი, შემთხვევა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. თქვენი ქმარი მდგმური ეგონათ. შეცდომას რომ მიმხვდარან, კებიდან გადმოუგდიათ.

– ძალიან მაინტერესებს თქვენი მდგმურის ნახვა, მისის უორენ.

დიასახლისი ჩაფიქრდა.

– თუ კარის უკან დაიმალებით.. საუზმის დროს, პირველ საათზე, სერ.

ქალმა ყველაფერი ძალიან მოხერხებულად მოაწყო. კარის უკან მიკუნჭულები მივაშტერდით მოპირდაპირე კარს. დიასახლისის ფეხის ხმა მიწყდა თუ არა, კარის სახელური ჩამოიწია და ორმა ნაზმა ხელმა სკამზე დატოვებული ლანგარი აიღო. ჩვენ თვალწინ ქალის მშვენიერმა შავგვრემანმა სახემ გაიელვა. ჰოლმსმა ხელი სახელოში ჩამავლო და სწრაფად დავეშვით კიბეზე.

– ამრიგად, ჩემი ვარაუდი დადასტურდა, – თქვა ჰოლმსმა და სავარძელში მოხერხებულად გადაწვა, – მხოლოდ ის ვერ განვჭვრიტე, რომ ქალს ვნახავდით, თანაც შესანიშნავ ქალს. საქმის ვითარება საკმაოდ ნათელია, წყვილი ლონდონში ცდილობს, დაემალოს საშინელ საფრთხეს, რომელიც თავს დასტრიალებთ. სახლში ქალის ყოფნა თვით დიასახლისმაც არ იცის, რომელიც მას კვებავს. მასთან შეხვედრა კაცს არ შეუძლია – ამით მტრებს კვალზე დააყენებს. და რაკი ქალის ნახვა არ შეუძლია, თავის ამბებს გაზეთის მეშვეობით ატყობინებს. ჯერჯერობით ყველაფერი გასაგებია. აუცილებლობა, რომ საიდუმლო მკაცრად შეინახონ, იმაზე მეტყველებს, რომ საქმე სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება.

როცა მისის უორენის სახლში კვლავ მივედით, ლონდონში დაისის მწუხრი ჩამოწვა.

– იმ ოთახში ვიღაც დადის, – ჩურჩულით თქვა ჰოლმსმა და თავისი გრძელი, დაძაბული სახე მინას მიუახლოვა. იგი ნიშანს იძლევა. მორჩა. ნუთუ სულ ეს იყო. ატტენტა უაზრობაა. არც მაშინ აქვს აზრი, თუ სამ სიტყვად გავშლით – ატ ტენ, ტა. ისევ დაიწყო! ეს რაღაა? უოტსონ. ეს ხომ იტალიურია! „ა“ – ბოლოში ნიშნავს, რომ მიმართავენ ქალს: „ფრთხილად! ფრთხილად! ფრთხილად!“

უცებ შუქი ჩაქრა, მოციმციმე კვადრატი გაუჩინარდა და მეოთხე სართული შავ ბაფთასავით შემოევლო მოელვარე ფანჯრების სარტყელს მაღალი სახლის თავზე. უკანასკნელი გამაფრთხილებელი სიგნალი უეცრად გაწყდა.

– ეს ხუმრობა არ არის, უოტსონ! შეიძლება იქ რაღაც ჯოჯოხეთი ტრიალებს. რატომ შეწყდა სიგნალები ასე უეცრად? დრო არ ითმენს, „სკოტლანდ იარდს“ უნდა დავუკავშირდეთ.

ინსპექტორმა გრეგსონმა ძლიერად დაჰკრა თავისი ტროსტი ტროტუარს, რის შემდეგაც ქუჩის ბოლოში მდგარი მათრახმომარჯვებული კარეტის მეეტლე ჩვენკენ გამოეშურა.

– ნება მიბოძეთ, წარმოგიდგინოთ მისტერ ჰოლმსი, – უთხრა გრეგსონმა. – ეს მისტერ ლივერტონია, ამერიკულ სააგენტო პინკერტონიდან.

– ლონგ-აილენდის გამოქვაბულის საიდუმლოს გმირი! – შესძახა ჰოლმსმა.

მკვეთრნაკვთებიანი, სუფთად გაპარსული, მოგრძო სახის საქმიანი ახალგაზრდა ამერიკელი გაწითლდა, როცა ინსპექტორის საქებარი სიტყვები მოისმინა.

– ის, რაც ახლა ჩვენ მოგველის, მთელი ჩემი ცხოვრების საქმეა, მისტერ ჰოლმს. თუ ჯორჯიანოს შეპყრობა მოვახერხე...

– რაო? ჯორჯიანო, „ალისფერი ბეჭდის“ ლიგიდან?

– ო, მას ევროპაშიც იცნობენ? ამერიკაში მის სინდისზე ორმოცდაათამდე მკვლელობაა. ფეხდაფეხ მოვდევ ამერიკიდან, ნიუ-ორკიდან მოვყვები. ერთი კვირაა, ლონდონში ვუთვალთვალებ, შემთხვევას ვეძებ, რომ ხელი ჩავავლო. მე და მისტერ გრეგსონმა მის კვალს ამ დიდ სახლში მივაგენით, სხვა სადარბაზო კარი აქ არაა და ხელიდან ვეღარ დაგვისხლტება. ლონდონში მისი ბანდის რამდენიმე წევრია. მერე, როგორც თქვენ გვაცნობეთ, სიგნალები უეცრად შეწყდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს, თუ არა იმას, რომ დაგვინახა ან როგორღაც მიხვდა, რომ აქ ვართ და საფრთხე ემუქრება.

– ის კაცი ცარიელ ბინაში საეჭვო ვითარებაში იმყოფება, – თქვა გრეგსონმა, – დაპატიმრების პირველ მიზეზად ესეც კმარა. ნიუ-იორკიდან დაგვეხმარებიან. დაპატიმრებისთვის პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ.

მეოთხე სართულზე, მარცხენა მხარეს მდებარე ბინის კარი ოდნავ გამოღებული დაგვხვდა.. ასანთი გავკარი და როცა იქაურობა განათდა, იატაკზე სისხლის ახალი კვალი გამოჩნდა. ცარიელი ოთახის შუაგულში ჰერკულესის აღნაგობის კაცი გაშხლართულიყო, შავგვრემანი, სუფთად გაპარსული სახის ნაკვთები საშინლად დამახინჯებოდა. ალისფერი სისხლით მოთხვრილი თავი ღია ფერის პარკეტზე სისხლის გუბეში ეგდო. მუხლებაწეულსა და ხელებგაშლილს ძლიერ, ყავისფერ კისერში დიდი დანა ჰქონდა გაყრილი.

– ღმერთო ჩემო, სწორედ ეს არის შავი ჯორჯიანო! – შეჰყვირა ამერიკელმა მაძებარმა – ვიღაცამ დაგვასწრო.

ჰოლმსი ფანჯარასთან მივიდა, სანთელი აანთო და საიდუმლო ნიშნების გადაცემას მოჰყვა. შემდეგ სიბნელეში გაიხედა, სანთელი ჩააქრო და იატაკზე დააგდო. ამან შედეგი გამოიღო. მალე ზღურბლთან მაღალი, ლამაზი ქალი გამოჩნდა. ის გახლდათ მისის უორენის საიდუმლოებით მოცული მდგმური, რომელიც შეშინებული მზერით დასჩერებოდა იატაკზე გაშხლართულ გვამს.

– თქვენ მოკალით ის! – ჩაიბუტბუტა ქალმა და ოთახის ბნელ კუთხეებს დააკვირდა, – ჯენარო სადღაა? ჯენარო ლუკა, ჩემი ქმარი? ეს-ეს არის, ამ ფანჯრიდან მანიშნა, რომ მასთან მოვსულიყავი და მეც აქეთ გამოვეშურე.

– ეს მე გიხმეთ, – თქვა ჰოლმსმა.

– თქვენ? მერედა, რა იცოდით, როგორ გენიშნებინათ ჩემთვის აქ მოსვლა?

– თქვენი შიფრი არც ისე რთულია, ქალბატონო. თქვენი აქ ყოფნა კი აუცილებელი იყო.

თარგმნა

ნინო წულუკიძემ

დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი