რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№4

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 05.02, 2021 წელი

40 + სიყვარული
დაკოპირებულია

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #51-3(1047) 

ნუცა გაღიზიანებული დაბრუნდა სახლში. სამსახურში საქმეს თავი ვერ მოაბა, რაც მისთვის უჩვეულო იყო, თავის ხელში აყვანა ძლივს მოახერხა. ხვდებოდა, რომ ამ რეჟიმში ცხოვრებას ვეღარ გააგრძელებდა, დიდხანს ვეღარ შეძლებდა დანის პირზე სიარულს. ბედისწერის „ბეწვზე“ დაკიდებულს უკვე ადრენალინიც არ ანიჭებდა სიამოვნებას. ფეხსაცმელები შემოსასვლელში მიყარა. ჩვეულებრივ, არც ამას აკეთებდა ხოლმე, მაშინვე წმენდდა და კარადაში, სპეციალურ უჯრებში ალაგებდა. პირადი ცხოვრებაც ასე „უჯრებად“ და „თაროებად“ ჰქონდა დალაგებული, რაც ერთგვარ კომფორტს უქმნიდა. ახლა კი, თითქოს ვიღაცამ თავის უხეში ხელი ჩაყო ამ იდეალურ წესრიგში და ყველაფერი ამოაქოთა, ერთმანეთში კარგად აურია და ძირს დაყარა.

სამზარეულოში გავიდა. კარადაში დამალული ორი ღერი სიგარეტი გამოიღო, მაგიდას მიუჯდა, წინ საფერფლე დაიდგა და მოუკიდა. ნელა ეწეოდა, მდუმარედ, მზერა ერთ წერტილზე ჰქონდა მიშტერებული. ფიქრობდა თუ ელოდა რაღაცას, ვერ მიხვდებოდი. კარის ხმა გაიგონა, მაგრამ არ განძრეულა.
გოგონების ხმა ჯერ შემოსასვლელში გაისმა, მერე მისაღებში.
– დედა, აქ ხარ? მოვედით, – სამზარეულოში ჯერ მარიამი შემოვიდა, თიკო უკან მოჰყვებოდა, თამამი ღიმილით და თავდაჯერებული გამოხედვით.
– მარიამ, დედაშენი ჩაიზე არ დამპატიჟებს? – თიკო წინ დაუჯდა ნუცას და მიაშტერდა.
– მარიამ, მე არ მითქვამს, რომ მინდოდა შენს მეგობართან საუბარი, – ქალი შვილს მიუბრუნდა.
– რომ მოგწერე და არ მიპასუხე, ვიფიქრე... – მარიამი დაიბნა, თიკომ ხმამაღლა გაიცინა.
– ქალბატონო ნუცა, თქვენ, ალბათ, იმის სურვილი უფრო გაქვთ, ახალ საყვარელთან ერთად ყავას სვამდეთ სადმე, კომფორტულ სასტუმროში.
– რამდენს ბედავ, გოგონი, – ნუცამ მშვიდად, აუღელვებლად ჩასრისა საფერფლეში სიგარეტის ნამწვი და თიკოს შეხედა, – რა მოხდა, შენს მეტოქედ მიგაჩნივარ? სასაცილოა, ეს ყველაფერი...
– სულაც არ მეცინება და ალბათ, არც თქვენი მეუღლე იქნება სიცილის გუნებაზე, როცა მოვუყვები, როგორ ატყუებს ცოლი.
– ჰმ, როგორი თამამი და პირდაპირი ხარ. თუმცა, მესმის... შეყვარებული ქალისთვის, თან შენს ასაკში, ეს ნორმალურია, მაგრამ შენი მრისხანების სამიზნე არასწორად შეარჩიე. საერთოდ არაფერ შუაში ვარ. ურთიერთობას აქ ჩემთან კი არა, იმასთან უნდა არკვევდე. ასე რომ, მისამართი შეგეშალა. მარიამ, შეგიძლია, ჩაი მოუმზადო მეგობარს, დაამშვიდებს.
– ქალბატონო ნუცა, თქვენით მე აღფრთოვანებული ვარ. ამიტომ სულაც არ მიკვირს, იმ სულელ დიმას რომ შეუყვარდით. მაგრამ, აი, თქვენ რაში გჭირდებათ კაცი, რომელმაც ვერაფრით გადაწყვიტა, რა ასაკის ქალი შეეფერება და საერთოდ რა უნდა.
– მარიამ, ჩაი მოამზადე, – ნუცამ ყურადღება არ მიაქცია თიკოს გესლით სავსე სიტყვებს, – მე საქმე მაქვს. ჩემს ოთახში შევალ და არ შემაწუხოთ, ძალიან გთხოვთ.
– ანუ, უფლებას მაძლევთ, აქ დავრჩე? თქვენს მეუღლეს დაველოდო და ვუთხრა ის, რაც ვიცი?
ნუცა ადგა, წარბი ირონიულად დასწია და თიკოს ენის მოჩლექით ჰკითხა.
– ლაო, ასეთი მაინც ლა ვიციო?
– ის ვიცი, რომ დღესაც შეხვდით ჩემს შეყვარებულს, რომელიც თქვენი საყვარელია.
– თიკო, არ გირჩევ დასკვნების ნაჩქარევად გაკეთებას, ვინ ვისი საყვარელია და ვინ ვისი შეყვარებული. ამას შენ ნუ გადაწყვეტ შენი პაწაწინა ტვინით, რომელიც შეიძლება, არც კი გაქვს მაგ „საკალელ“ თავში.
თიკო გაშრა და მარიამს გაფითრებულმა გადახედა. შეწუხებულმა მარიამმა დედას მუდარით გაუღიმა.
– გთხოვ, ნუ იჩხუბებთ. თიკოს შენი წყენინება არც უფიქრია. ასე არ არის, თიკო?
– რა თქმა უნდა, არათუ წყენინება არ მიფიქრია, ისიც არ მინდა, თქვენი ოჯახის ბედნიერებას რამე დაემუქროს.
ნუცამ ამოიოხრა და შვილს მიმართა.
– მარიამ, უთხარი შენს მეგობარს, რომ არაფერში მჭირდება მისი „განძი“, მაგრამ ვერ დავეხმარები, რომ თავი შეაყვაროს. ეს ჩემს კომპეტენციას სცდება. შეიძლება, სწორედ, ის მთავარი აკლია, რაც კაცის გულს გააღებს.
– თქვენ არ იჯავროთ მაგაზე, – ორაზროვნად ჩაიცინა თიკომ, – მე უკვე მაქვს ის „მთავარი“, რაც გულის კარსაც და სახლის კარსაც დაუბრკოლებლად გააღებინებს.
– ნუცა შეიჭმუხნა.
– მოკლედ, ეგ მე არ მეხება. ამით მოვრჩეთ და იმედია, თემა სამუდამოდ დაიხურება.
თიკო წამოენთო.
– დაიხურება, თუ დამპირდებით, რომ დიმას აღარ შეხვდებით.
– ბატონო? თიკო, შვილო, შენთვის ზრდილობა არავის უსწავლებია? როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს! – ნუცამ ღრმად ჩაისუნთქა და თვალები ისე გაუფართოვდა, მარიამმა, რომელმაც კარგად იცოდა დედის ხასიათი, სწრაფად გადაწყვიტა ემოქმედა.
– სხვათა შორის, მეც ვფიქრობ, რომ იმ ტიპს აღარ უნდა შეხვდე...
– მორჩა! ამის მოსმენას და მით უმეტეს, მოთმენას აღარ ვაპირებ. თიკო, მე შენთან საუბარიც და ურთიერთობაც დავასრულე. გირჩევ, ჩემი ქალიშვილისგანაც შორს დაიჭირო თავი. აშკარაა შენი ცუდი გავლენა მასზე. მარიამ, ამას აღარ გავიმეორებ.
ნუცა სამზარეულოდან გავიდა და კარი გაიჯახუნა. მარიამმა სახეზე აიფარა ხელები.
– ღმერთო, ასეთი გაბრაზებული დიდი ხანია, არ მინახავს.
– ჰმ, შენ ჯერ არც ჩემი გაბრაზება გინახავს. არ დამაცადა, მთავარი ამბავი მეთქვა მისთვის. დარწმუნდებოდა, რომ დიმაზე მე მეტი უფლებები მაქვს. გაცილებით მეტი და საფუძვლიანი.
– დამიჯერე, დედაჩემი არასოდეს უღალატებს მამაჩემს, გამორიცხულია. სულ ტყუილად ნერვიულობ.
– ვინ ნერვიულობს ჩემი და ჩემი ცოლის ურთიერთობაზე?! – სამზარეულოს კარში ვახტანგი იდგა და დაუფარავი ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდა გოგონებს – ხან ერთს, ხან მეორეს. მარიამი დაფრთხა.
– მამა? როდის მოხვედი? ვერ შეგამჩნიეთ, – უთხრა ენის ბორძიკით.
ვახტანგმა არ უპასუხა. უცნაური ყურადღებით შეხედა ჯერ თიკოს, მერე ისევ მარიამზე გადაიტანა მზერა.
– დედაშენი სად არის? – იკითხა მშვიდი, აუღელვებელი ხმით.
– ოთახში, თავისთან.
ვახტანგი უკანმოუხედავად გავიდა. მარიამი ატირდა.
– ნახე, რა გააკეთე? ყველაფერი გაიგონა. ახლა რა იქნება?
თიკომ მხრები აიჩეჩა.
– სიმართლე რომ გითხრა, ყველაზე ნაკლებად სწორედ, ეს ამბავი მადარდებს. წავედი. იმედი მაქვს, თემა ნამდვილად და საბოლოოდ დაიხურება.

⚜⚜⚜

კაცი იდგა და ქალს დაჟინებულ მზერას არ არიდებდა. დუმდა და მძიმედ სუნთქავდა, ნუცა მიხვდა, რომ საუბარს უკვე ვეღარ აარიდებდა თავს.
– კარგი, მოდი, ვილაპარაკოთ.
– ჰო, უნდა ვილაპარაკოთ, – თავი დაუქნია ვახტანგმა, – თუმცა გაფრთხილებ, არანაირი მინიშნებები. გულახდილი იქნები და სიმართლეს, როგორიც უნდა იყოს, არ დამიმალავ.
– ვახტანგ, არაფრის დამალვას ვაპირებ და არც არაფერი მაქვს დასამალი. სიმართლე ეს არის.
– ჩვენ პრობლემები გვაქვს. დიდი ხანია, ამას ვგრძნობ, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ... – კაცი კედელს ზურგით მიეყრდნო და გულხელდაკრეფილი ცოლს მიაჩერდა.
– მოდი, დაჯექი, – სავარძელზე მიუთითა ქალმა, – რას არ გამორიცხავ, ვახტანგ, რომ საყვარელი მყავს? ასე რატომ მიყურებ? ხომ გინდოდა, გველაპარაკა. ჰოდა, ახლა მზად ვარ. იფიქრე, გულახდილობის ან ამ სიტყვის წარმოთქმის შემეშინდებოდა? მაშინ, ცუდად მიცნობ.
კაცი გამოერკვა. ცოლთან მივიდა და ხელი ნაზად შეახო ხელზე.
– ეჭვმა ლამის გამაგიჟოს, ნუცა. იმის გაცნობიერება მკლავს, რომ შეიძლება, დაგკარგო. რომ ჩვენ შორის ვიღაც სხვა ჩადგა და ის მთლიანობა დაგვირღვია, რომლითაც სულ ვამაყობდით.
– ვახტანგ, ეგ საერთოდ მეორეხარისხოვანია. მთავარი სხვა რამეა, – ამოიოხრა ნუცამ.
– რა არის მეორეხარისხოვანი, ჩვენი მთლიანობა?
– არა. რითი ვიამაყებთ. დიდად არასდროს მაინტერესებდა სხვისი აზრი. ვცხოვრობდი ისე, როგორც მინდოდა, რომ მეცხოვრა. ამისგან სიამოვნებასაც ვიღებდი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა.
კაცმა შეშფოთებით შეხედა.
– ანუ, შენ ახლა არ იცი, რა გინდა?
ნუცა გაჩუმდა. მხოლოდ მხრები აიჩეჩა და ამოიოხრა. ვახტანგი გვერდით მიუჯდა.
– ესე იგი, ჩემი ეჭვები საფუძველს მოკლებული არ არის?
– გააჩნია, რას ეჭვობდი, საყვარელი არ მყავს, თუ ეს გაინტერესებს.
ვახტანგი გაფითრდა, ცოლის პასუხმა აშკარად არ დააკმაყოფილა.
– საყვარელი არ გყავს, მაგრამ არსებობს ვიღაც, ხომ ასეა?
– ჰო, ასეა... ფიქრებში გაჩნდა ვიღაც, ვახტანგ, იმიტომ რომ იქ ვაკანტური სივრცე გამოჩნდა, ჩვენმა ურთიერთობამ კრიზისი განიცადა და თვალი დავხუჭეთ, ეს შეცდომა იყო.
– მე ვცდილობდი, სიტუაცია გამომესწორებინა, – ვახტანგს თავის მართლებასავით გამოუვიდა. ცოლს დამნაშავედ გაუღიმა. მერე ბრაზით შეიკრა წარბი, – იცი, ნუცა, მე მგონი, შენ არ გააკეთე არაფერი. იმიტომ რომ ყურადღება ვიღაცაზე გადაიტანე. სხვა შეგიყვარდა? თვალებში შემომხედე, გთხოვ.
– ვახტანგ, მშვიდად, რა გემართება? სხვა რომ შემყვარებოდა და მასთან რამე მქონოდა, ახლა აქ არ ვიქნებოდი.
კაცმა თავი გადააქნია.
– ეს ვერ მამშვიდებს, მგონი, საქმე იმაზე სერიოზულად არის, ვიდრე წარმომედგინა.
– ტრაგედიას ნუ შექმნი, ხვალიდან ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება.
– წარმოდგენაც კი არ გაქვს, რას ნიშნავს ჩემთვის შენი სიტყვები. უკვე ეჭვი მეპარება, რომ ჩემთან ბედნიერი იყავი.
– ეს ასე არ არის. მიყვარდი და... უკვე დავრწმუნდი, რომ ახლაც მიყვარხარ. გთხოვ, დავასრულოთ ეს საუბარი. ხვალიდან მართლა ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება.
– ნუცა, იქნებ ჩემს თავმოყვარეობაზეც იფიქრო, – სევდიანად გაიღიმა კაცმა, – იცი, ხელის ერთი მოსმით ვერ გავანადგურებ ყველაფერს, ბარგს ვერ შევკრავ და ვერ წავალ. პასუხისმგებლობა მაქვს ჩვენი შვილების წინაშე, ცუდია, რომ შენ საერთოდ არ იფიქრე ამაზე.
– ვიფიქრე, ვახტანგ, ვიფიქრე. ძალიან, ძალიან ბევრი ვიფიქრე. არაფერი ყოფილა. ამიტომ, საბოდიშოც არაფერი მაქვს.
– კარგი, – ვახტანგმა სახეზე მოისვა ხელები, – მაშინ ერთ ასეთ კითხვაზე მიპასუხე – მე რომ ვყოფილიყავი შენს ადგილას, ანუ, მთელი ეს ისტორია მე რომ გადამხდენოდა, შენ დამიჯერებდი? ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყების შანსს მომცემდი?
– ეს შანსი ორივესთვის არის, ვახტანგ. სასწორი შენს მხარეს, შენ სასარგებლოდ გადმოიხარა.
– ნუცა, როცა ვფიქრობ, მთელი ეს პერიოდი როგორ ცდილობდი ჩემი შეკითხვებისთვის თავი აგერიდებინა, როგორ მარიდებდი თვალს და აიგნორებდი ჩემს ეჭვებს, ძალიან ცუდად ვხდები... ყველაფერი ძველებურად ვეღარ იქნება, ფიქრში რომ დაუშვი ღალატი, ესეც საკმარისია, რომ... – კაცი გაჩუმდა, ნუცამ ქმარს შეხედა და მის სახეზე ისეთი ტანჯვა ამოიკითხა, რომ გული ეტკინა.
– კარგი, მეტს აღარაფერს გეტყვი. მოდი, უბრალოდ, გავჩუმდეთ. თუ ისევ საჭირო გახდება ლაპარაკი, ვილაპარაკოთ, იქნებ დალაგდეს, უნდა ვცადოთ.
– რატომ? იმიტომ რომ შვილები გვყავს?
– არა, იმიტომ, რომ მიყვარხარ.
ვახტანგი მოიღუშა, ნუცამ ამოიოხრა.
– ანუ, მაინც წახვალ?
– არა, დავრჩები, ყოველ შემთხვევაში, ახლა არ წავალ. ჰო, მინდა, იცოდე, რომ შენს უკან დევნას არ ვაპირებ. ჭირივით მძულს თვალთვალი. თუ ნდობა ისევ დამიბრუნდება, ყველაფერს დავივიწყებ.
– ნდობა დაგიბრუნდება... – ჩაილაპარაკა ნუცამ, – ძალიან მძიმე სიტყვებია, შენ ფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია?
– არ ვიცი, უნდა ვსინჯოთ. მარტო შენ არ ხარ დამნაშავე. ეს უნდა მეთქვა. რამდენიმე დღე კაბინეტში დავიძინებ.

⚜⚜⚜

დიმამ მობილური აიღო და რამდენჯერმე წაიკითხა ერთადერთი სიტყვა – „დამივიწყე“. მერე სავარძელში მოკალათებულ გოგოს გახედა ამრეზით.
– შენი ხელი ხომ არ ურევია ამაში?
თიკომ მხრები აიჩეჩა.
– ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– კარგი. აზრი არ აქვს შენთან რამის გარკვევას. შემომხედე, ქორწინებასთან დაკავშირებით დიდ გეგმებს ნუ დააწყობ. მხოლოდ ბავშვის გამო აგიტან. ყველაფერი გექნება, შენც და... ბავშვს, მით უმეტეს.
– მე მინდა, ჩემს შვილს კანონიერი მამა ჰყავდეს, – პრეტენზიული ტონით წარმოთქვა თიკომ.
– ეყოლება-მეთქი და ტვინს ნუღარ გამიბურღავ! საერთოდაც, ეცადე, ნაკლებად იჭირვეულო და ნაკლები სისულელეები ილაპარაკო.
– რა თქმა უნდა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ რაც შეიძლება, მალე შემიყვარო და ის ქალი საერთოდ დაგავიწყდეს.
– ჰმ, ამ წუთში რა გითხარი, ნაკლები ილაპარაკე-მეთქი, უკვე არღვევ პირობას? – დიმამ უკმაყოფილოდ გადააქნია თავი და მობილური დივანზე მიაგდო. ჩაფიქრებული იჯდა და შუბლშეჭმუხნული საკუთარ ხელებს ათვალიერებდა. მერე თიკოსკენ შებრუნდა და გაიღიმა.
– ბავშვი თუ მე დამემსგავსება, ძალიან გამიხარდება, – ყოველთვის მინდოდა, შვილი მყოლოდა, მას მაინც ხომ ვეყვარები.
– მეც მიყვარხარ! – წამოიძახა თიკომ.
დიმამ ხელი ჩაიქნია.
დასასრული

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი