რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№2

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 22.01, 2021 წელი

40 + სიყვარული
დაკოპირებულია

გაგრძელება. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #51-1(1045).

კაცი ლაპარაკობდა, ქალი უსმენდა თავდახრილი, ყავის ფინჯანს ჩაშტერებული. თვალები აუცრემლდა და გარკვევით ვეღარაფერს ხედავდა. სამაგიეროდ ხმა ესმოდა, ხავერდოვანი, რბილი, გულში ჩამწვდომი და ამაფორიაქებელი. ნუცას ფიქნებში ისეთი არეულობა სუფევდა, როგორც ფუტკრებთან, სკაში. ვერ ხვდებოდა, მოსწონდა ეს ყველაფერი თუ არა. სინდისის ქენჯნა და გაურკვეველი მომავლის განცდა აწუხებდა. არც ვახტანგი იმსახურებდა იმას, რომ მის ცოლს ათი წლით უმცროს მამაკაცთან გაება რომანი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად აცნობიერებდა რეალობის მთელ სიმძიმეს, არც ფეხები ემორჩილებოდა ასადგომად, ვერც იმის თქმას ახერხებდა, დროა, დავასრულოთ სახიფათო ურთიერთობაო.
– ახლა, ალბათ, ფიქრობ, რომ საშინელ დანაშაულს სჩადიხარ, – თქვა უცებ დიმამ.
ქალი შეკრთა.
– ჩემს ფიქრებს კითხულობ? გულთმისანიც ყოფილხარ.
– დიდი გულთმისნობა და განსაკუთრებული უნარი არ სჭირდება ამის მიხვედრას. შენი მესმის და თავს დამშანავედ მეც ვგრძნობ. არ მოვიქეცი კარგად, ჩემი გრძნობის შესახებ რომ გითხარი, მაგრამ სჯობდა, თავიდანვე გულახდილი ვყოფილიყავი. რა აზრი ჰქონდა თამაშს.
– მე ახლა რა უნდა ვქნა? – ჩაილაპარაკა ნუცამ.
– არაფერი. ჩემი აღსარება არაფერში გავალდებულებს, უბრალოდ, რომ არ მეთქვა, გავგიჟდებოდი.
– როგორი აბსურდია ეს ყველაფერი. არც მჯერა, რომ ჩემს თავს ხდება. იაფფასიანი მელოდრამის უნიჭო სცენარს ჰგავს.
კაცი გაფითრდა.
– როგორი სასტიკი ხარ. ან, შეიძლება, თავდაცვის ინსტინქტი ჩაგერთო. თუ ასეა, მაშინ გპატიობ.
– თავდაცვის ინსტინქტი? – ყასიდად გაიოცა ნუცამ, – რისგან თავის დაცვის?
– სიყვარულისგან, ჩემო ძვირფასო, – სერიოზულად თქვა კაცმა და სევდიანად გაიღიმა – გაქცევა გამოსავალი არ არის. მაგრამ არც ამაზე გეტყვი რამეს. ჩემი ნომერი გაქვს. მომწერე, როცა ჩემი ნახვა მოგინდება. დავიცდი. გთხოვ, შეთავაზებაზე უარი არ თქვა. სამუშაო ჩემთან არ გააიგივო. ეს თანამდებობა შენთვის არის. ვიცი, საქმიანი ადამიანი ხარ და პრიორიტეტების გამიჯვნას შეძლებ. წავიდეთ. მანქანამდე მიგიყვან.
– იყოს, ტაქსის გამოვიძახებ.
– როგორც გინდა, – მხრები აიჩეჩა დიმამ. ნუცას მოეჩვენა, რომ რაღაცით კაცი გააბრაზა.

⚜⚜⚜

... სახლის რბილი ფეხსაცმლით, ფაქტობრივად, უხმაუროდ მოძრაობდა ოთახში. დარწმუნებული იყო, რომ ყველას ეძინა. ამიტომ შეცბა, როცა ქმრის სილუეტი დალანდა და მიხვდა, რომ ქმარი ელოდებოდა.
– არ გძინავს? – ჰკითხა ნაძალადევი სიმშვიდით.
– შენ ახლა სულ ასე გვიან უნდა დაბრუნდე ხოლმე სახლში? იცი, რომელი საათია?
– თორმეტი დაიწყო. ცოტა გზაში შევფერხდი, – თავი იმართლა ნუცამ.
– ოღონდ არ მითხრა, რომ საცობებმა შეგიშალა ხელი, – ღვარძლიანად ჩაიცინა ვახტანგმა და ხელი ჩაიქნია, – მაოცებ, ნუცა, როდემდე აპირებ ასე გაგრძელებას?
– ვახტანგ, ძალიან დავიღალე. საყვედურების მოსასმენად მზად არ ვარ. იქნებ სხვა დროისთვის გადაგვედო, ეს საუბარი?
– „სხვა დრო“... – ჩაილაპარაკა ვახტანგმა, – საინტერესოა, როდის იქნება ეს „სხვა დრო“. ჩაი ხომ არ გაგიკეთო.
ნუცამ სინდისის ქენჯნა იგრძნო. ვახტანგი აშკარად ხვდებოდა ცოლში მომხდარ ცვლილებას და განიცდიდა, მაგრამ რა უნდა ეთქვა მისთვის, როცა სათქმელი არაფერი ჰქონდა. ჯერ თავადაც ვერ გაერკვია, რა უნდოდა – ჩვეულ რიტმში ცხოვრების გაგრძელება თუ რადიკალური ცვლილება, გაურკვეველი მომავლით.
ვახტანგმა ჩაით სავსე ფინჯანი წინ დაუდგა და თავადაც იქვე ჩამოჯდა.
– რაღაც ხდება, ნუცა... იცი შენ, არ ვარ მე ეჭვიანი კაცი, მაგრამ... – კაცს ენა დაება, თითქოს ფიქრობდა, ბოლომდე ეთქვა სათქმელი თუ არა. ნუცამ თავი ასწია და ქმარს თვალებში შეხედა.
– ვახტანგ, ჩემში ეჭვი გეპარება? თქვი, ნუ გერიდება. ისედაც ვგრძნობ, რომ მოუსვენრად ხარ.
– ჰო, შეიძლება, ასეც ითქვას, – მოუსვენრად ვარ. ბოლო დროს სხვანაირად საქმიანი გახდი. ოჯახისთვის, ჩემთვის დრო საერთოდ აღარ გაქვს. და ესეც არ არის ყველაფერი.
ნუცამ ნაძალადევად გაიღიმა.
– ჰო? კიდევ რა არის?
– სხვანაირი ხარ. არ ვიცი, ეს როგორ ავხსნა... თითქოს ვერ გცნობ. იდუმალი ღიმილი გიჩნდება სახეზე ან დაფიქრებული და მოღუშული ხარ, საერთოდ ვერ ამჩნევ შენ გარშემო რა ხდება.
– ვახტანგ, ცოტა სასაცილოა თინეიჯერი შეყვარებულივით ეჭვიანობის სცენას რომ მიწყობ ამდენი წლის შემდეგ.
– ჰო, ამდენი წლის შემდეგ. მეც, სწორედ, ამის თქმა მინდოდა. იქნებ, რაღაც ხდება ისეთი, რაც უნდა ვიცოდე?
– სისულელეა. უბრალოდ, ბევრი მუშაობა მიწევს. ახალი სამსახურია. საქმე ცოტა არ არის. თან ვეცნობი, თან მინდა, შთაბეჭდილება მოვახდინო. ძალიან პერსპექტიული სამსახურია, მაინტერესებს.
– ისე გაინტერესებს, რომ ოჯახის ინტერესებზე მაღლა აყენებ?
– ვახტანგ, შენც გაქვს სამსახური. არც შენ ზიხარ სახლში. ასე იყო სულ და არასდროს მიწუწუნია. არც მიეჭვიანია, იმიტომ რომ ზრდასრული ადამიანი ვარ.
– ხომ არ მეჩვენება, რომ ასე ცდილობ, საუბარს თავი აარიდო.
– რა საუბარს. ძალიან არასერიოზულია, ვახტანგ, ეს ყველაფერი. მეგონა, ერთად მშვიდად დავლევდით ჩაის, ცოტას დავისვენებდი, ბავშვების პრობლემებს განვიხილავდით.
– ბავშვებს არა აქვთ პრობლემები. პრობლემები გვაქვს ჩვენ და ეს უკვე ძალიან აშკარაა. კარგი, მე დაგელოდები, – კაცი ადგა და სამზარეულოდან გავიდა. ნუცამ ორივე ხელი ჯერ ისევ თბილ ფინჯანს შემოხვია და ამოიოხრა.

⚜⚜⚜

მარიამმა გარშემო მიმოიხედა და მაგიდასთან თიკო დაინახა, რომელიც მოულოდნელად ცქმუტავდა სკამზე, რაღაცით გაღიზიანებული და აფორიაქებული ჩანდა. მარიამს არ გაკვირვებია. იცოდა, მეგობრის არასტაბილური ხასიათი. თიკომ ღამე დაურეკა – რაც შეიძლება მალე უნდა გნახოო. შუაღამისას ვერ გაიქცეოდა მასთან. ან ვინ გაუშვებდა სახლიდან. თუ ასე გეჩქარება, მოდიო. თიკომ იუარა. ისეთი რაღაც უნდა გითხრა, მანდ ამას ვერ გავაკეთებ. მაშინ, დილით ჩვენს კაფეში შევხვდეთო.
მარიამმა ორმაგი შავი ყავა შეუკვეთა და მაგიდას მიუჯდა.
– აბა, მოყევი, რა გააფუჭე.
თიკომ უცნაურად შეხედა, თითქოს რაღაცაში ადანაშაულებდა.
– რა მოხდა?
– არც კი ვიცი, საიდან დავიწყო... მოკლედ, ძალიან ცუდი რაღაც მოხდა. უფრო სწორად, ხდება და... მარი, დიმამ მითხრა, ხომ სხვა ქალი უყვარს, რომ მე შანსი არ მაქვს.
– ღმერთო, ამისთვის მომიყვანე აქ დილაუთენია? ეგ ხომ უკვე მითხარი.
დამაცადე... მე ვიცი, ვინ არის ეს ქალი....
მარიამმა ყავა მოსვა და გაიცინა.
– ოჰ, თიკო, დიდი უცნაური ვინმე ხარ. კაცმა გასაგებად გითხრა, რომ შანსი არ გაქვს. ეს ისეთი დამამცირებელია, ვერც ვუშვებ, რომ კიდევ მასზე ფიქრობ. რომ იძახი, ვიცი, ის ქალი ვინც არისო, ამას რაიმე მნიშვნელობა აქვს? არ უნდიხარ. მოეშვი მასზე ფიქრს და რაც კიდევ უფრო უარესია – მის კუდში დევნას.
თიკომ ბოროტად ჩაიცინა.
– საერთოდ არაფერი გესმის. შენ აქ იმიტომ მოგიყვანე და ამ ყველაფერზე იმიტომ გელაპარაკები, რომ ის ქალი დედაშენია.
მარიამმა მაშინვე ვერ გააცნობიერა ნათქვამის შინაარსი. ისევ იღიმოდა და ისე უყურებდა თიკოს.
– ვერ გაიგე, რა გითხარი? ის ქალი დედაშენია-მეთქი.
– რა? რომელი ქალი?
– შოკში ხარ, ხომ? შენ არ იცი, მე რა გადავიტანე. სანამ არ დავრწმუნდი, არც არაფერი გითხარი. მაგრამ ახლა... მოკლედ, დიმას დედაშენი უყვარს.
– გაგიჟდი? თიკო, რას ამბობ? შეუძლებელია!
– ჰო, შეუძლებელია, მაგრამ ასეა. დედაშენს უყვარს თუ არა, ამაში დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ ერთმანეთს ხვდებიან.
– თიკო, ეჭვიანობისგან ჰალუცინაციები თუ დაგეწყო, ამას გავიგებ, მაგრამ დედაჩემს რას ერჩი? რატომ ხვევ ამ საზიზღარ ისტორიაში.
– მარიამ, შეიძლება, სულელი, ქარაფშუტა, უთავმოყვარო და უპასუხისმგებლო გგონივარ, მაგრამ ცუდი ადამიანი ნამდვილად არ ვარ. შენც ძალიან გაფასებ და მიყვარხარ. ნუცასაც დიდ პატივს ვცემდი, სამაგალითოდ მიმაჩნდა. მეც შოკში ვარ. ეს ამბავი ისეთივე თავზარდამცემი იყო ჩემთვის, როგორც შენთვისაა.
– საიდან მოიტანე, თიკო, ეს ამბავი, ვინ გითხრა?
– დიმაზე ინფორმაციის შეგროვება დავიწყე. ვეჭვიანობდი. ვერაფრით შევძელი, მოვრეოდი ამ საშინელ გრძნობას. რომ მითხრა, სხვა მიყვარსო, გადავირიე. ბოღმამ, შეურაცხყოფამ ლამის ჭკუიდან შემშალა. ფეხდაფეხ დავუწყე დევნა... ჰოდა... – თიკომ სიგარეტს მოუკიდა, – მითხარი, რა გავაკეთო ახლა.
– მე არ მჯერა, რომ დედაჩემს რაიმე საერთო აქვს მაგ კაცთან.
– დამიჯერე, ნუცას ვიცნობ, – ჩაიცინა თიკომ, – არც ჩემთვის იყო ადვილი იმის დაჯერება, რაც ვნახე. მაგრამ საკუთარ თვალებს როგორ არ დავუჯერო?
– თუ ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, ეს არ ნიშნავს, რომ მათ ერთმანეთი უყვართ.
– არც მაშინ, თუ ერთმანეთს თვალებში შესცქერიან და ერთს მეორის ხელი უჭირავს, თან, ნაზად ეფერება?
– თიკო, არ მინდა ამის მოსმენა! – იფეთქა მარიამმა, – მე არ მჯერა. შენი მდიდარი ფანტაზიის ნაყოფია ეს ყველაფერი.
– კარგი. მხოლოდ გამიხარდება, თუ ტყუილი აღმოჩნდება. დაელაპარაკე დედაშენს.
– თიკო, ძალიან გთხოვ, დედაჩემი საკმაოდ ბევრ ადამიანს ხვდება. საქმიანი შეხვედრებიც საკმარისზე მეტი აქვს. სულ ასეა და, შეიძლება დიმაც არის მათ შორის.
– დაელაპარაკე დედაშენს, – ჯიუტად გაიმეორა თიკომ, – მე ვერ გავაკეთებ ამას. თუმცა, იმას გპირდები, რომ თვალს არ მოვაცილებ არც ერთს და არც მეორეს.

⚜⚜⚜


ქმართან საუბრის შემდეგ ნუცა თავს მშვიდად ვეღარ გრძნობდა. საკუთარ სახლში ისე იყო, როგორც ჩასაფრებული მტრებით გარშემორტყმულ ადგილას... სიფრთხილეს იჩენდა. მობილური ტელეფონი სულ თან ჰქონდა. წუთითაც არსად ტოვებდა. ცდილობდა, სახლში ადრე დაბრუნებულიყო, რომ ვახტანგისთვის დამატებითი ეჭვიანობის საბაბი არ მიეცა. რამდენჯერმე ვახშამიც თავად მოამზადა და ქმარს სუფრა გაშლილი დაახვედრა. თუმცა ეს ყველაფერი ძალიან ნაძალადევი და ხელოვნური იყო. სიტუაცია ასაფეთქებლად გამზადებულ ნაღმს ჰგავდა. შინაგანად გახლეჩილი აზრებს თავს ვერ უყრიდა. დიმაზე ფიქრობდა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას არ აძალებდა. არც აჩქარებდა, მაგრამ ყოველდღიური ქმედებებით აგრძნობინებდა, რომ მის ხელიდან გაშვებას არ აპირებდა. ნუცასთვის ყველაზე მძიმე ის ფაქტი აღმოჩნდა, რომლის აღიარებაც არაფრით უნდოდა საკუთარ თავთან – სიყვარულის განცდა.
– დედა, სახლში ხარ? – შვილის ხმამ შეაკრთო, თავი ასწია და ოთახში შემოსულ მარიამს ნაძალადევად გაუღიმა.
– დიდი ხანია, მოხვედი? – ერთ კითხვას მეორე მოაყოლა მარიამმა და დედა გამომცდელი მზერით თავიდან ფეხებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა.
– ნახევარი საათი იქნება. რატომ მეკითხები?
– ორი საათის წინ გირეკავდი. ვიფიქრე, თუ სახლისკენ მოდიოდი, გამოგყვებოდი. ვერ ვიტან ამ იდიოტ ტაქსისტებს, მაგრამ არ მიპასუხე.
ნუცა შეკრთა.
– ალბათ, შეხვედრაზე ვიყავი. ზარის ხმა არ გამიგონია.
– შეხვედრაზე? იქნებ, პაემანზე?
– ნუცა გაშრა, გაფითრდა და თითები აუკანკალდა. ამით თავი გაყიდა. მარიამმა სპეციალურად მიახალა მოურიდებლად და პირდაპირ. „ვაბანკზე“ წავიდა და დედის რეაქციას დააკვირდა. როცა ქალის სახეზე შიში შენიშნა, მიხვდა, მისი სტრატეგია სწორი იყო. მაგრამ ამან არ გაახარა.
– ანუ, ყველაფერი მართალია... – თქვა და გაფითრდა.
– რა არის მართალი? რას გულისხმობ? – ჩაეკითხა ნუცა შვილს.
– დედა, მე ვიცი, ყველაფერი ვიცი, – დამარცვლით გაიმეორა გოგონამ და ქალს ისე მიაშტერდა, ნუცას შეაჟრჟოლა. მაგრამ წარბი შეიკრა, ხმა გაიმკაცრა და იქით შეუტია.
– არ მასმის, რას ითხოვ ჩემგან და საერთოდ რაზე მელაპარაკები. ვერც ასეთ ტონს ავიტან ჩემ მიმართ. დაღლილი ვარ, უნდა დავისვენო.
– დედა, ვერსად წახვალ, სანამ ბოლომდე არ მომისმენ, ჯერ ყველაფერი არ მითქვამს და იქნებ დაჯდე. მირჩევნია, ეს მანამდე გავაკეთო, სანამ მამა დაბრუნდება ან იქნებ, შენთვის პირიქით ჯობია?
ნუცა გაფითრდა და დაჯდა.
– თიკოს ჰქონდა რომანი მაგ ტიპთან. ახლაც უყვარს, მაგრამ აღარ იკარებს, იმიტომ რომ თურმე... – მარიამმა ხმას დაუწია, – თურმე, შენ უყვარხარ.
ქალმა ამოიოხრა და თვალები დახუჭა.
– შენ ეს თიკომ გითხრა?
– ჰო. ფეხდაფეხ დაჰყვება მაგ ტიპს. ეს რომ სულელია, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ შენ... შენ... დედა, როგორ შეგიძლია, მამას უღალატო, საყვარელი გყავდეს...
– არა, არა, არა! – ხელები გაასავსავა ქალმა. ერთიანად გაწითლდა და ტუჩები აუკანკალდა, – არავის ვღალატობ. არც არავის საყვარელი ვარ.
– მაშინ, რა ხდება, ერთმანეთს ხომ ხვდებით. ამას ხომ ვერ უარყოფ. თიკომ გნახათ, თანაც, ერთხელ არა.
– ჰო, იყო რაღაც ასეთი. კაფეში ლანჩზე გავედით, – ყავაც დავლიეთ. მე მასთან ვმუშაობ, მარიამ და ეს ნორმალურია.
– ჰო? ხელებზე მოფერებაც ნორმალურია? – წამოენთო მარიამი, – დედა, მე შევეცდები, გაგიგო. გეფიცები. ოღონდ, ნუ მომატყუებ.
– შენს მეგობარს მდიდარი ფანტაზია აქვს, რაც შეყვარებული და იმედგაცრუებული გოგონებისთვის დამახასიათებელია. მაგრამ ეს იმის უფლებას არ აძლევს, მე გადმომწვდეს და სახელი ლაფში ამომისვაროს. თიკოს მე დაველაპარაკები. დაურეკე და უთხარი, მოვიდეს. თუმცა, არა. მე თავად დავურეკაევ. ყავაზე შევხვდები და ავუხსნი, ცოტა ჭკუასაც დავარიგებ.
– თიკოს შენი ჭკუის დარიგება არ სჭირდება. დარწმუნებულია, რომ ქალი, რომელზეც დიმაა შეყვარებული, შენ ხარ. სხვათა შორის, მეც დარწმუნებული ვარ
– მარიამ... შენგან ამას არ ვიმსახურებ.
– არც მამა იმსახურებს ღალატს.
– არ მიღალატია-მეთქი, – სასოწარკვეთით ჩაილაპარაკა ნუცამ და თითქოს დანებდაო, თავი ჩაღუნა.
– დედა, მე დიდი ხანია, ვგრძნობ, რომ შენს თავს რაღაც ხდება. მგონი, მამაც გრძნობს. სახლში ატმოსფეროც ისეთი დაძაბულია... შეიძლება, პრობლემები გაქვთ. შეიძლება, ერთმანეთი ისე აღარ გიყვართ, როგორც ადრე, მაგრამ რატომ გგონია, რომ შენს გაბედნიერებას ის მამაკაცი შეძლებს, რომელსაც ასაკით შვილის ტოლ გოგოსთან ჰქონდა რომანი.
– არა, არ მგონია ასე, – ნუცამ შვილს შეხედა და სახე ხელებში ჩამალა.
დასასრული შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი