რომანი და დეტექტივი

40+ სიყვარული

№53

ავტორი: ნინო წულუკიძე 20:00 10.01, 2021 წელი

40 + სიყვარილი
დაკოპირებულია

გაგრძელება. (დასაწყისი იხ. „თბილისელები“ #51-52(1043).

ნუცა ცდილობდა, გაეხსენებინა, როდის იყო ბოლოს ასეთი თავისუფალი, მშვიდი და ბედნიერი. სეირნობა თბილ, ლამის ჯადოსნურ ღამეში ისეთ სიამოვნებას გვრიდა, რომ ნომერში ასვლა აღარ უნდოდა. თანამგზავრი დიდად არ ურღვევდა მყუდროებას. სახეზე მსუბუქი ღიმილით ჩუმად მიჰყვებოდა გვერდით და დროდადრო ისეთ სახალისო ისტორიებს ყვებოდა, ქალი ხმამაღლა კისკისებდა. კაცი ერთბაშად შედგა. სევდიანად შეხედა ნუცას და ამოიოხრა.
– რა მოხდა? – ჰკითხა ნუცამ.
– შეიძლება, ის ვთქვა, რასაც ამ წუთას ვგრძნობ?
– თქვი... – ნუცა ვერ მიხვდა, ისე გადავიდა მიმართვის შინაურულ ფორმაზე.
– ქმარი რომ არ გყავდეს, შენს ცდუნებას შევეცდებოდი.
– როგორ მიხვდი, რომ ქმარი მყავს? შენ ხომ არც გიკითხავს, თუმცა, მე ხომ საქორწინო ბეჭედი მიკეთია.
– რომც არ გკეთებოდა, მაინც მივხვდებოდი. ჯერ ერთი, რომ შეუძლებელია შენნაირი ქალი მარტო იყოს და მეორეც, გათხოვილი ქალის მზერა გაქვს.
– მართლა? გასათხოვარ ქალებს სხვანაირი მზერა აქვთ?
– რა თქმა უნდა. ბევრად უფრო ქარაფშუტული და „ცარიელი“.
– დიმიტრი, მარტო ის არაა, რომ გათხოვილი ვარ. შენზე უფროსიც ვარ.
– რა უცნაურები ხართ ქალები. მე ხომ არ მიკითხავს, რამდენი წლის ხარ-მეთქი. თან „დიმიტრიო“ – ანუ მე ახლა შენი მასწავლებლის როლში ვარ და თუ ჭკვიანად არ იქნები, შემიძლია, კუთხეშიც დაგაყენოო.
ნუცა გაწითლდა. კაცის სიტყვებმა უხერხულობაში ჩააგდო. მართლაც და, რა საჭირო იყო მეტიჩრობა და ასაკზე აქცენტის გაკეთება. დიმას ხომ არაფერი უკითხავს. მერე ეს მენტორული ტონი... ზოგჯერ ქმართან და შვილებთანაც ვერ იკავებდა ხოლმე თავს ამ ტონისგან, სამსახურმა რომ შეაჩვია.
დიმამ ფრთხილად მოჰკიდა ხელი და გაუღიმა.
– ცუდად გამომივიდა. არ უნდა მეთქვა.
– არა, ეს მე გამომივიდა ცუდად. უკაცრავად, მგონი, დროა, ნომერში ავიდე, დაგემშვიდობებით.
კაცმა მისი თითები სახესთან ახლოს მიიტანა და ნაზად შეეხო ტუჩებით. ნუცამ ისე გამოსტაცა ხელი, თითქოს დაეწვაო და უკანმოუხედავად გაიქცა სასტუმროსკენ.

🔻🔻🔻


მირიამმა ვახტანგი გააცილა და ოთახში შებრუნდა. თიკო უკვე დივანზე იყო წამოგორებული.
– აუ, რა მაგარია, როცა ხელის შემშლელი არავინ არის და შეგიძლია, თავისუფლებით დატკბე.
– მე სულაც ვტკბები თავისუფლებით, მაშინაც, როცა ჩემი მშობლები სახლში არიან.
– ჰმ, წეღარ არ მეუბნებოდი, მე რომ ცხრამეტი წლით უფროსი კაცი შემყვარებოდა, ოჯახში სკანდალი არ ამცდებოდაო? – ნიშნის მოგებით ჩაიცინა თიკომ.
– ჰო. მამაჩემს ამ საკითხზე საკუთარი შეხედულება აქვს. ვფიქრობ, არ მოეწონება ასაკით თანასწორი სიძე.
– ოჰ, არ მოეწონება... მამას რატომ უნდა ჰკითხო ან დედას. რამდენი წლის ხარ. სრულწლოვნება ის უპირატესობაა, რომელიც შენს სასარგებლოდ უნდა გამოიყენო.
მარიამმა თავი გადააქნია.
– თიკო, მართლა რისთვის გჭირდება ის კაცი? ათი წლის შემდეგ ბებერი იქნება. იმდენ ბიჭს მოსწონხარ...
გოგომ გადაიკისკისა.
– შენ ისევ ბავშვი ხარ, ხო? ჯერ ერთი, საიდან მოიტანე, რომ ათი წლით ვაპირებ მასთან ცხოვრებას. წარმოუდგენელი სისულელეა. არ მჯერა ზღაპრების – ცხოვრობდნენ ერთად, ტკბილად და ბედნიერად. გარდაიცვალნენ ერთ დღეს.
თიკომ მარიამს დამცინავად შეხედა და განაგრძო:
– შენ გგონია, ის ტიპი მიყვარს? სულაც არა. მაგრამ მე უნდა მიმეტოვებინა, როცა მომინდებოდა, მაშინ. როგორ გაბედა და ასე მომექცა? ჰმ, მადლობელი უნდა ყოფილიყო, რომ საერთოდ მივაქციე ყურადღება.
– სულ მინდოდა, მეკითხა – რატომ მიაქციე ყურადღება. რა მოგეწონა მისი, რით მიგიზიდა. მე, ალბათ, ვერც კი შევამჩნევდი.
– იმიტომ ვერ შეამჩნევდი, რომ არ იცი, რას ნიშნავს ნამდვილი მამაკაცი.
– როგორ უცნაურად ლაპარაკობ? – მარიამს გაეცინა, – ანუ, ფული რადგან აქვს და მაგარი მანქანა ჰყავს, მაგით მიგიზიდა? ისე, მაგრად მაინტერესებს, როგორ გამოიყურება. სიმპათიურია?
– შენ, შეიძლება, არც მოგეწონოს. სიმპათიურია და მაგარი გემოვნებაც აქვს.
– ცოლი რომ არ ჰყავს მაგ ასაკში, ცოტა უცნაურად არ გეჩვენება?
– აუ, მარიამ! ბებიაშენის ტექსტებით რატომ მელაპარაკები? ცოლის ყოლა რამეს ნიშნავს? იმ კატეგორიის არის, ცოლები რომ არ უნდათ ხოლმე. იმიტომაც გამიძვრა ხელიდან. იმიტომ მომექცა ასე. ახლა ვხვდები ამას.
– ანუ, რას ხვდები?
– რატომ მომიშორა თავიდან. შეეშინდა, გესმის? შეეშინდა, იმიტომ რომ შევუყვარდი. ჰოდა, სანამ უფრო მეტად შეტოპავდა და ვეღარ მომიცილებდა, დამშორდა. შეეშინდა ტიპს, რომ ცოლად შემირთავდა.
– რაღაც არ მჯერა მაგის, – ეჭვით გადააქნია თავი მარიამმა. შეყვარებული კაცები სხვანაირად იქცევიან.
თიკომ ჩაიცინა და მხრები აიჩეჩა.
– შენ როგორ უნდა დაგიჯეროს ადამიანმა, ერთი შეყვარებულიც კი არ გყოლია.
– ეგ რა შუაშია? – შეეკამათა მარიამი, – უამრავი მაგალითია. ჩემზე შეყვარებული თუ არა, სხვაზე შეყვარებული ხომ მინახავს. კარგი. დავუშვათ, დაგეთანხმე, რის გაკეთებას აპირებ?
თიკომ თვალები მოჭუტა.
– ცოტა ხანს დავიცდი, დაველოდები. აი, მერე კი... შემიძლია კისერი მოვუგრიხო. ნახავ, როგორ გავაკეთებ ამას.
მარიამმა ეჭვით შეხედა, გულის სიღრმეში არ ეთანხმებოდა მეგობარს. საერთოდაც, ძალიან განსხვავდებოდა მისგან. მარიამს ნაკლებად აინტერესებდა ბიჭები, მით უმეტეს, მამაკაცები. დარწმუნებული იყო, რომ ცხოვრებაში ბევრი ჰქონდა გასაკეთებელი და სიყვარული ძალიან შეუშლიდა ხელს. მაგრამ თიკოსთან ურთიერთობა ართობდა, მოსწონდა მასზე დაკვირვება. თუმცა მის მოსაზრებებს არ იზიარებდა და არც მის მსოფლმხედველობას ეთანხმებოდა.

🔻🔻🔻


კარზე ფრთხილი კაკუნი გაისმა. აბაზანიდან გამოვიდა და ფეხაკრებით გაემართა შემოსასვლელისკენ. მერე გაჩერდა და მიაყურადა. შეიძლება, მოეჩვენა, მაგრამ კარს იქით ვიღაც მძიმედ სუნთქავდა. ერთხანს იდგა, ელოდა. კაკუნი აღარ განმეორებულა. გარკვევით გაიგონა დერეფანში მიმავალი ადამიანის ფეხის ხმა. მერე სიჩუმემ დაისადგურა. ამოიოხრა და შემობრუნდა. სველი თმიდან პირსახოცი მოიხსნა და ფენი ჩართო. ხელით ეხებოდა თმას, თითებს შუა მოაქცევდა და ცხელ ჰაერს მიუშვერდა. ამან ცოტათი დაამშვიდა აფორიაქებული. ფიქრობდა, რატომ გამითამამდა ისე ერთი დღის გაცნობილი მამაკაცი, რომ გაბედა და ნომერში მომადგაო. გულის სიღრმეში ესიამოვნა კიდეც ასეთი სითამამე. ფენი გამორთო და ახლა გაიგონა, ვიღაც ისევ აკაკუნებდა კარზე, თანაც უფრო ჯიუტად და ძლიერად. თან, ტელეფონიც გაუჩერებლად რეკავდა. შეშფოთებულმა ჯერ ტელეფონთან მიირბინა. გაუკვირდა. ქმარი ურეკავდა.
– ღმერთო ჩემო, გღვიძავს? კარგად ხარ? უკვე ქვემოთ ვაპირებდი ჩასვლას და სათადარიგო გასაღების ამოტანას.
ნუცა გაშრა.
– მოიცა, შენ აქ ხარ? სასტუმროში?
– რა თქმა უნდა. აბა, როგორ ფიქრობ, კარზე ვინ გიკაკუნებდა. იქნებ გამიღო?
ნუცა კართან მივიდა და გამოაღო. ზღურბლზე ქმარი იდგა, გაღიზიანებული და უკმაყოფილო უმზერდა.
– რატომ არ მიღებდი კარს?
– აბაზანაში ვიყავი, ფენი მქონდა ჩართული და არ მესმოდა. კი მაგრამ, რატომ ჩამოხვედი. რამე მოხდა?
– ვიფიქრე, სიურპრიზს მოგიწყობდი და გაგახარებდი. ხუთი საათია, გზაში ვარ.
ნუცამ გაიღიმა და მხრები აიჩეჩა.
– ვაფასებ შენს თავგანწირვას.
– დამცინი? – გაბრაზდა კაცი და ცოლი უკმაყოფილოდ შეათვალიერა, – რა უცნაურად მიყურებ, არ გაგიხარდა ჩემი დანახვა?
– როგორ არა, – შეიშმუშნა ქალი, – ძალიან გამიხარდა. უბრალოდ, არ გელოდი და ცოტა დავიბენი. ხვალ ხომ ისედაც ჩამოვიდოდი. ყველაფერი რიგზეა? ბავშვები კარგად არიან?
– ძალიან კარგად არიან. ჰო, ჩამოხვიდოდი, მაგრამ უცებ გადავწყვიტე, რამდენიმე დღე შენთან გამეტარებინა. გადაწყვეტილებაც უცბად მივიღე, ჩავჯექი მანქანაში და წამოვედი. ორი დღე სრულიად თავისუფალი მაქვს. შეგვიძლია, ერთად ვიყოთ. დიდი ხანია, ასეთი მშვიდი დღეები არ გვქონია, ვისარგებლოთ და დავისვენოთ. კაცმა პატარა ჩანთა იატაკზე მიაგდო და ცოლს წელზე მოჰხვია ხელი. თმა გადაუწია და კისერზე აკოცა.
– დავიღალე და მომშივდა. გზაზე არსად გავჩერებულვარ. როგორ გგონია, რესტორანში ვერაფერს მომიმზადებენ?
– უკვე გვიანია, ძვირფასო. სამზარეულო დაკეტილი იქნება.
– ბარი? ბარი ხომ იქნება ღია. სწრაფად გადაიცვი რამე და ჩავიდეთ. მოიცა, ახლავე დავრეკავ და პიცას მაინც შევუკვეთავ.
– თუ უკვეთავ, ნომერში მოგვიტანონ. მშვენიერი აივანი გვაქვს. აქ მშვიდად ვივახშმოთ.
ვახტანგმა ცოლს თმაზე გადაუსვა ხელი.
– არავითარ შემთხვევაში. ჩავალთ ბარში. იქ ცოტას კიდეც დავლევთ, მუსიკას მოვუსმენთ... ძალიან რომანტიკულ განწყობაზე ვარ.
– ვახტანგ... – ნუცა ქმარს ცნობისმოყვარედ მიაშტერდა.
– ჰო, ვხვდები, რისი თქმა გინდა. ასეთი ბოლოს როდის ვიყავი, აღარც მახსოვს. დიახ, ეს ჩემი შეცდომაა. ძალიან გადამყლაპა საქმემ, ვიცი, ორი დღე ბევრი არ არის, მაგრამ ვეცდები, ხშირად მოგიწყო პატარა დღესასწაულები. ალბათ, როგორ მოიწყინე აქ მარტო.
– ჰო, მოვიწყინე, – ჩაილაპარაკა ნუცამ და ქმარს მხარზე მიეხუტა.
... შფოთვა დილით დაეწყო, როცა საუზმეზე ჩასასვლელად ემზადებოდნენ. ცდილობდა, თავი დაერწმუნებინა იმაში, რომ არაფერი მომხდარა. უბრალოდ, ადამიანი გაიცნო. სულ ეს იყო და, როგორ მოიქცეოდა, თუ რესტორანში შეხვდებოდნენ. გააცნობდა ვახტანგს თავის ახალ ნაცნობს თუ საერთოდ არ შეიმჩნევდა.
– ნუცა, მალე ჩავიდეთ, რა, მომშივდა, – დაუძახა ქმარმა.
ქალი შეცბა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა. მოეჩვენა, რომ ცოტათი გაფითრებული იყო.
– ახლავე, მოვდივარ!
ვახტანგმა სააბაზანოდან გამოსული ცოლი შეათვალიერა.
– გუშინ კოქტეილი ბევრი ხომ არ მოგივიდა? დაღლილი სახე გაქვს.
– არა. ყველაფერი კარგადაა. მიხარია, რომ ჩამოხვედი.
– კაცმა გაუღიმა.
– ვისაუზმოთ და მერე გავცუროთ. ამ დროს ზღვა უჩვეულოდ თბილია ხოლმე. აღარც მახსოვს, ბოლოს როდის ვიყავით ასე. ბავშვებისა და პრობლემების გარეშე.
– ჰო, ბაშვებისა და პრობლემების გარეშე, – მექანიკურად გაიმეორა ნუცამ.

🔻🔻🔻


კაცი ისევ იმ მაგიდასთან იჯდა, სადაც წინა საღამოს ერთად ივახშმეს. წინ ყვავილებიანი დეკორატიული ლარნაკი ედგა და ორი, წვენით სავსე ჭიქა. თითებს მოუთმენლად ათამაშებდა მაგიდის გაპრიალებულ ზედაპირზე. ქალის დანახვაზე სახე შეეცვალა, სიხარულის სხივმა გაუნათა, მაგრამ მაშინვე „ჩაქრა“, როცა მის გვერდით მამაკაცი შენიშნა. ვახტანგმა დარბაზი მოათვალიერა და ის მაგიდა ამოირჩია, რომელიც ტერასასთან ახლოს, თითქმის გამოღებულ კართან იდგა და ცოლს მიმართა.
– ნუცი, აქ დავსხდეთ, შენ ხომ არ შეგცივდება.
– არა, – წყნარად უთხრა ცოლმა და დიმასკენ გააპარა მზერა. კაცმა გამამხნევებლად და სევდიანად გაუღიმა. ნუცა მისგან ზურგშექცევით დაჯდა. მთელი ის დრო, სანამ საუზმობდნენ, ქალს ზურგს „უწვავდა“ მამაკაცის მზერა და როცა ერთხელ უკან გაიხედა, აღმოაჩინა, რომ დიმა მაგიდასთან აღარ იჯდა.
– რაზე ფიქრობ? – გარკვევით გაიგონა ქმრის ხმა და შეკრთა.
– რა ვიცი... არაფერი სერიოზული. უფრო სწორად, ცოტ-ცოტა ყველაფერზე.
– მიყვარს ამათი საუზმე, ყოველთვის გემრიელია. მოდი, სანაპიროზე ჩავიდეთ. საცურაო კოსტიუმი ხომ გაცვია? პირდაპირ გავიდეთ.
– დამავიწყდა, მაგრამ ჩადი შენ და მეც მოვალ. ათი წუთი დამჭირდება, სწრაფად გადავიცვამ.
– რადგან ნომერში ადიხარ, ჩემი მობილურიც ჩამომიტანე. დამტენზე შეერთებული დავტოვე.
... ლიფტიდან გამოსული თავდახრილი გაუყვა დერეფანს თავისი ნომრისკენ. სქელი ხალიჩა ნაბიჯების ხმას ახშობდა და მაშინვე ვერ მიხვდა, უკან ვიღაც რომ მოჰყვებოდა. ამიტომ ძალიან შეეშინდა, როცა კაცმა ხელი წაავლო, წამოიკივლა კიდეც და თავდაცვისთვის მოემზადა.
– ნუ გეშინია, მე ვარ... იმედი არ მქონდა, რომ ამოხვიდოდი, მაგრამ თითქოს ინტუიციამ მიკარნახა. უნდა მენახე... მარტო.
ქალმა სული მოითქვა.
– შენ ხარ? ძალიან დამაფეთე. რომ მეყვირა, სად მიდიოდი.
– ახლა ეს არ არის მთავარი. ქმარი ჩამოგივიდა? ის კაცი შენი ქმარია?
– სწორად მიხვდი. ალბათ, იმის ახსნაც არ დამჭირდება, რომ ჩვენი ურთიერთობა ამ „წერტილზე“ უნდა შეწყდეს.
– რატომ? ჩვენ არაფერი დაგვიშავებია.
– ძალიან გთხოვ, არ მინდა, პრობლემები შევიქმნა... ან შენ შეგიქმნა.
– რა პრობლემები, ნუცა? მეგობრობამ რა უნდა გააფუჭოს. ასეთი ეჭვიანია შენი მეუღლე?
– ეგ საერთოდ არაფერ შუაშია. უბრალოდ, არ მინდა, არ მინდა... – ქალს ხმა აუთართოლდა. კაცმა ამოიოხრა და თავი დაუქნია.
– კარგი. ყველაფერი გასაგებია. დაგემშვიდობები. ნამდვილად არ მინდა, ჩემ გამო აფორიაქდე. რომანტიკულ უიქენდს არ ჩაგიშლი. მარტო იმას გეტყვი, რომ შენ ჩემი კარანტინის საუკეთესო დასასრული ხარ.
ნუცამ თვალები დახუჭა და ხელი მკერდზე დაიდო, – გთხოვ, – ჩაილაპარაკა გაცრეცილი ტუჩებით.
კაცი შებრუნდა და უსიტყვოდ გაუყვა დერეფანს. მისი ფეხის ხმა სქელმა ხალიჩამ კიდევ ერთხელ შთანთქა.

🔻🔻🔻


ნუცა სულ ეძებდა თვალებით, რესტორანში, ეზოში, აუზთან და სანაპიროზე, მაგრამ ის აღარ გამოჩენილა. ვერც ის გაიგო, სასტუმროში იყო ისევ თუ არა. რომანტიკული უიქენდი აღარ გამოვიდა. დასვენება ჩაშხამდა. მოეჩვენა, რომ ქმარი ზედმეტად ბევრს და ხელოვნური ენთუზიაზმით ლაპარაკობდა, თითქოს ნაძალადევად ან, შეიძლება, მხოლოდ ეჩვენებოდა ეს. ვახტანგი მართლა ცდილობდა, ძალიან ცდილობდა და ამის არდანახვა შეუძლებელი იყო. რამდენჯერ უნატრია და წარმოუდგენია, როგორ ისეირნებდა ქმართან ხელჩაკიდებული უკაცრიელ სანაპროზე, ღამით. თბილი ზღვის ტალღები შიშველ კოჭებზე მოელამუნებოდა. ვახოს ხელისგულიც თბილი იქნებოდა, ცა კი მათ თავს ზემოთ – ვარსკვლავებით მოჭედილი. აღარ გამოვიდა. ახალი ნაცნობის აჩრდილი ჩადგა მასა და ქმარს შორის, ჩადგა და ფეხი აღარ მოიცვალა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი