მედიცინა

წარმატებული ოტორინოლარინგოლოგი ვლადიმერ კვაჭანტირაძე - ყელ-ყურ-ცხვირის გავრცელებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების მეთოდებზე

№30

ავტორი: მაკა ჯიქია 13:00 02.08, 2021 წელი

ვლადიმერ კვაჭანტირაძე
დაკოპირებულია

ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის წამყვანი ქირურგი ლარინგოლოგი ვლადიმერ კვაჭანტირაძე, გამორჩეული პროფესიონალია, კარგი განათლებითა და პრაქტიკული გამოცდილებით. პაციენტებისთვის გამორჩეულად საყვარელმა ექიმმა დაძაბული სამუშაო დღის შემდეგ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო და აქტუალურ რამდენიმე კითხვას უპასუხა.

ვლადიმერ კვაჭანტირაძე: ექიმობა ბავშვობიდან მინდოდა, 16 წლის ვიყავი, როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე და 22 წლის ასაკში რეზიდენტი გავხდი. ბატონმა შოთა ჯაფარიძემ მეცხრე საავადმყოფოში გადამამისამართა, რომელსაც შემდეგ სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დაერქვა, იქაურ ექიმებთან ერთად 6 წელი ვმუშაობდი. მაშინ ყელ-ყურის მიმართულებით სულ რამდენიმე კლინიკა იყო და ამ კლინიკას ძალიან აქტიური დატვირთვა ჰქონდა – 24 საათის განმავლობაში ვიღებდით პაციენტებს, რამაც ძალიან კარგი გამოცდილება მომცა. 2010 წლიდან ვმოღვაწეობ ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში, გარდა ამისა, ბავშვებში ვმუშაობ იაშვილის კლინიკაში და ოპერაციებს ვაკეთებ კავკასიის მედიცინის ცენტრშიც.

– გახსოვთ პირველი დამოუკიდებელი ოპერაცია?

– სწორედ, რეზიდენტურის პერიოდში, ბატონი მერაბ ადამიას მეთვალყურეობით, გავაკეთე ტონზილექტომიების ოპერაციები და შემდეგ გადავედი ცხვირის ძგიდის ოპერაციებზე. იმ პერიოდში მეცხრე საავადმყოფოში ძალიან დიდი მეგობრული გუნდი იყო, ბევრი ძლიერი პროფესიონალის გვერდით მომიწია მუშაობა, რომელთა ნაწილი, სამწუხაროდ, დღეს ცოცხალი აღარ არის. 2009 წლიდან უკვე დავიწყე აქტიური დამოუკიდებელი მოღვაწეობა. ამ წლების განმავლობაში ვიღებ და ვეცნობი ყველა სიახლეს ჩვენს პროფესიაში, რაც მეხმარება, ფეხი ავუწყო თანამედროვე მსოფლიო მედიცინაში მიმდინარე პროცესებს. ბევრი რამ შეიცვალა და დაიხვეწა, თუ ადრე ტონზილექტომიები ადგილობრივი გაყუჩებით კეთდებოდა, ახლა ნარკოზზე, ლაზერზე, სხვადასხვა ნაკლებად მტკივნეულ და სტრესულ მეთოდებზე გადავედით, რასაც პოსტოპერაციული გართულებებიც ნაკლები აქვს. კეთდება რინოპლასტიკები ღია მეთოდით, აქტიურად გამოიყენება ენდოსკოპიური მეთოდი.

– ბავშვებში ხშირია სმენის პრობლემები, რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება?

– სმენის პრობლემები შეიძლება, ორ ჯგუფად დავყოთ – სასმენი ნერვის დაზიანება, რასაც ჯერ კიდევ ორსულობის პერიოდში უნდა მიაქციონ დედებმა ყურადღება, არ მიიღონ ოტოტოქსიკური პრეპარატები და უნდა მოერიდონ ხმაურიან და სტრესულ გარემოს. დღევანდელი გაიდლაინების მიხედვით ბავშვის დაბადებიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს მისი სმენის შემოწმება – ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში გვაქვს სკრინინგი სმენის ნორმის შესამოწმებლად. საყურადღებოა შემდგომი პერიოდიც, არის დაავადებები, რასაც ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები სჭირდება. საყურადღებოა, რომ მიზანმიმართულად არ მოხდეს ოტოტოქსიკური პრეპარატის ფართოდ და ხანგრძლივად გამოყენება, ამან შესაძლოა, სასმენი ნერვის შეუქცევადი დაზიანება გამოიწვიოს, რის შემდეგაც სასმენი აპარატის გაკეთების საკითხი დგება. რაც შეეხება მეორე პრობლემას – ეს არის დარფის ღრუში სითხის, ანუ ექსუდაკის არსებობა, რაც ბავშვებში, ძირითადად, განპირობებულია ცხვირით არასწორი სუნთქვით. არის ადენოიდებისა და გლანდების ჰიპერტროფია, რაც ზღუდავს ცხვირით იდეალურად სუნთქვას, ასეთ დროს ბავშვებს პირღია სძინავთ, ხმაურიანად სუნთქავენ და აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება. ჰიპერტროფიის აქტიური ფაზების პერიოდია 2-3 წლიდან 8-9 წლამდე. ასეთ დროს ყალიბდება ეგზუტაციური ოტიტი, რაც დაფის ღრუს იმ დონეზე აზიანებს, რომ საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. კეთდება ადენოიდების რენდგენოგრაფია, რაც გვაჩვენებს რა ხარისხისა ადენოიდები, თუ მეორე და მესამე ხარისხზეა საუბარი, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ადენოტომია.

– რა იწვევს ხვრინვის პრობლემებს მოზარდებში?

– ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს ცხვირის ძგიდის გამრუდებით, რინიტით ან ცხვირის ღრუს პოლიპოზით – ეს ყველაფერი იწვევს ცხვირით სუნთქვის დარღვევას, შესაბამისად, ჰაერის ცხვირის დანამატ წიაღებში არასტაბილურად შესვლას, თავის ტვინში ჟანგბადის არასტაბილურ მიწოდებასა და რიგ პრობლემებს რაც დროთა განმავლობაში ილექება და ვლინდება. ხშირად პაციენტები ცხვირის წვეთებით ცდილობენ სუნთქვის პრობლემების მოგვარებას, ამ გამხსნელების გამოყენება ხანგრძლივად არ შეიძლება, მაქსიმუმ, ერთი კვირის განმავლობაშია ნებადართული, ისიც სურდოს ან სინუსიტების დროს. ეს გამხსნელები იწვევს დამოკიდებულებას და რიგ გართულებებს. სუნთქვის გაძნელების შემთვევაში აუცილებელია ვიზიტი ოტორინოლარინგოლოგთან.

– რამდენად რთულია რინოპლასტიკა?

– ძალიან მარტივად, ღია მეთოდით კეთდება ცხვირის რეკონსტრუქციები და პლასტიკები, ძგიდის ოპერაციებთან ერთად, იდება ძალიან მოკლე ზომის თაბაშირი და შესაბამისად, რეაბილიტაციის კურსიც ბევრად გამარტივებულია. ეს ოპერაციები ფართოდ კეთდება ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში. ყელ-ყურ-ცხვირის მიმართულებით, 0 წლიდან მაქსიმალურ ასაკამდე, ნებისმიერი პრობლემის თანამედროვე მეთოდებით გადაწყვეტა ხდება.

– რინოპლასტიკის მიმართულებით დღეს საკმაოდ ბევრი მუშაობს, როგორია საერთო შედეგები?

– ხშირად პლასტიკური ქირურგები ძალიან ლამაზ ცხვირს აკეთებენ, მაგრამ რჩება სუნთქვითი პრობლემები, ჩვენ, ოტორინოლარინგოლოგები რეკონსტრუქციას ვაკეთებთ არა მარტო ფორმაზე, არამედ სუნთქვის პრობლემის მოსაგვარებლადაც. ეს ოპერაციები იდეალურად კეთდება და შესაბამისად, ფორმასთან ერთად, თითქმის ასპროცენტიან სუნთქვას ვუნარჩუნებთ.

– ოჯახი გაგვაცანით.

– მრავალშვილიანი ოჯახი გვაქვს, მე და ჩემი მეუღლე, თამთა ზვიადაძე ოთხ ვაჟკაცს – თომას, თედოს, ილიას და იონას ვუზრდით ჩვენს ქვეყანას, იმედი გვაქვს, ისეთი სახელოვნები და საამაყოები იქნებიან, როგორიც ყველა ქართულ ოჯახს გაუხარდება.

– გინდათ, რომ შვილები თქვენს პროფესიულ კვალს გაჰყვნენ?

– მათ პროფესიულ არჩევანში ჩარევას არ ვაპირებთ, თუ მედიცინას აირჩევენ, ორმაგად გამიხარდება, თუმცა, რომელ სფეროშიც უნდა იყვნენ, ყველგან მათი მხარდამჭერები ვიქნებით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი