მედიცინა

სვიის სამკურნალო თვისებები

№25

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.07, 2022 წელი

სვია
დაკოპირებულია

სვიის გირჩებს სამკურნალოდ ზაფხულის ბოლოს, სრულ დამწიფებამდე აგროვებენ, როდესაც მათ უკვე მომწვანო-ყვითელი შეფერილობა აქვთ. მწიფე გირჩების სამკურნალოდ გამოყენება დაუშვებელია.

გირჩებში არსებული ლიპულინი დამამშვიდებელ გავლენას ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. ფლავონოიდები და ვიტამინები განაპირობებენ მის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას, კარგად მოქმედებენ წყლულოვან დაავადებებზე, ამაგრებენ კაპილარებს. მათ გააჩნიათ, აგრეთვე, ჰიპოსენსიბილური და ტკივილგამაყუჩებელი თვისება.

გირჩებისაგან დამზადებული ექსტრაქტები ფართოდ გამოიყენება კოსმეტიკასა და დერმატოლოგიურ პრაქტიკაში ქერტლის საწინააღმდეგოდ, თმის ძირების გასამაგრებლად, დერმატიტებისა და ფერისმჭამელების სამკურნალოდ.

გირჩების წყლიანი ნაყენი გამოიყენება მადის მომგვრელ საშუალებად, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოსაწესრიგებლად, კატარის, გასტროენტერიტების სამკურნალოდ. იყენებენ როგორც შარდმდენ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებას შარდის ბუშტისა და თირკმელების ანთების, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადების დროს – 1 სუფრის კოვზს 3-ჯერ დღეში.

მის ნაყენს იყენებენ ნერვული აგზნების, უძილობის დროს. ამ შემთხვევაში ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩას ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, გააჩერებენ 20-30 წუთი, სვამენ თბილს საღამოს, ძილის წინ.

ნაყენების და ნახარშების საფენები გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება დაჟეჟილობის, ნიკრისის ქარების რევმატული ტკივილების, წყლულების, ეგზემის, კანის ანთების დროს.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გირჩები შხამიანია და მისი ნაყენების დიდი დოზებით მიღებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, თავის ტკივილი, დამტვრეულობისა და საერთო სისუსტის შეგრძნება.

ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული გირჩები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაასხით 200 მილილიტრი, ანუ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააცხელეთ წყლის აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში. გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე, გადაწურეთ, შეავსეთ საწყის მოცულობამდე. მიიღეთ 1/4 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. გარეგანი საფენებისთვის ამ ნაყენებით ასველებენ დოლბანდს და იფენენ მტკივან ადგილებზე.

სვიის ნაყენის მომზადება ცივი სახითაც შეიძლება. ამისთვის 1-2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ გირჩებს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, გააჩერეთ 12-42 სთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყლუპებით საღამოს, ძილის წინ.

რადიკულიტმა თუ შეგაწუხათ, შემდეგი მალამო დაგეხმარებათ: 1 სადილის კოვზ სვიის გირჩებს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, დადგით ნელ ცეცხლზე და ხარშეთ მანამ, სანამ სითხის რაოდენობა არ განახევრდება. შემდეგ 1 სადილის კოვზი ნახარში დაამატეთ 4 სადილის კოვზ ვაზელინს. კარგად აურიეთ და შეიზილეთ დღეში 2-ჯერ მტკივნეულ ადგილებში. მალამო, ასევე, ეფექტურია დაჟეჟილობის, ნაღრძობის და სილურჯის დროს.

გაღიზიანების, სტრესისა და უძილობის დროს დაგეხმარებათ სვიის გირჩების ჩაი.

1 სადილის კოვზ სვიის ნაყოფს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ 15-20 წუთის განმავლობაში. მიიღეთ 70-100 მილილიტრი დღეში 2-ჯერ. მეორე მიღება აუცილებლად უნდა იყოს ძილის წინ. ამის გარდა, შეიძლება, ბალიშის ქვეშ დადოთ ცოტაოდენი სვია ან გაიკეთოთ სვიის ბალიში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი