მედიცინა

სურდოს მიზეზები და პროფილაქტიკა

№39

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.10, 2021 წელი

სურდო
დაკოპირებულია

არსებობს მოსაზრება, რომ სურდო რამდენიმე დღეში თავისთავად გაივლის, მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ის გახანგრძლივდა? ქრონიკული სურდოს მიზეზად შესაძლოა, იქცეს ინფექცია. ბანალური ინფექცია, თუ მას არახელსაყრელი ფაქტორები დაერთო, შესაძლოა, გაჭიანურდეს. ასეთი ფაქტორებია:

• ცივი ან მეტისმეტად მშრალი ჰაერით სუნთქვა;

• ატმოსფეროს დამტვერიანება, აირებით დაბინძურება, თამბაქოს კვამლი;

• ცხვირის ძგიდის გამრუდება;

• სისხლის მიმოქცევის დარღვევით მიმდინარე ქრონიკული დაავადებები.

გამოყოფენ ქრონიკული ინფექციური რინიტის სამ ძირითად ფორმას:

1. კატარულს;

2. ჰიპერტროფიულს;

3. ატროფიულს.

კატარული ქრონიკული რინიტის სიმპტომებია:

• ცხვირის პერიოდული გაჭედილობა, განსაკუთრებით ზურგზე წოლისას. გვერდზე გადაბრუნებისას გაჭედილი რჩება ქვევით არსებული ნესტო;

• ცხვირიდან უფერული ან მომწვანო ფერის ჭარბი გამონაყოფი.

ასეთ დროს სუნთქვას ეფექტურად აღადგენს სისხლძარღვების შემავიწროებელი წვეთები.

ქრონიკული ჰიპერტროფიული რინიტის სიმპტომები:

* ცხვირი მუდმივად გაჭედილია;

* სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები პრაქტიკულად არ შველის;

* ადამიანი ვეღარ აღიქვამს სუნს;

* უჩივის თავის ტკივილს;

* სმენის გაუარესებას;

* ხმა დუდღუნა უხდება.

ქრონიკული ატროფიული რინიტის სიმპტომები:

* მუდმივი სიმშრალის შეგრძნება ცხვირში;

* ცხვირიდან ხშირი სისხლდენა;

* ყნოსვის გაუარესება;

* ცხვირში მშრალი, ძნელად მოსაცილებელი ქერქების დაგროვება.

მშრალი ქერქების არსებობისას კარგია ცხვირის გამორეცხვა ტუტე ხსნარებით. რეკომენდებულია ზეთოვანი ხსნარების ცხვირში ჩაწვეთებაც. თუ თაფლის ნაწარმზე არ გაქვთ ალერგია, ქრონიკული სურდოს მკურნალობა პროპოლისით შეიძლება. სიმშრალის შესამცირებლად და გაღიზიანების მოსახსნელად გამოიყენება ალოეს ან კალანჰოეს წვენი.

ქრონიკული სურდოს მიზეზი არა მარტო ინფექცია, შეიძლება ალერგიაც იყოს. სეზონური ალერგიული სურდო ადვილი ამოსაცნობია – ის ემთხვევა სარეველებისა და ხეების ყვავილობას. ცრემლდენა, ცემინება და ჭარბი რინორეა მთელი სეზონის განმავლობაში გრძელდება და ყვავილობის დასრულების შემდეგ უკვალოდ ქრება.

არსებობს საყოფაცხოვრებო ალერგენებთან დაკავშირებული ალერგიული რინიტიც, რომელიც მთელი წელი გასტანს.

პროფილაქტიკა

ალერგიული სურდოს მაპროვოცირებელი ფაქტორის დადგენა ზოგჯერ საერთოდ ვერ ხერხდება, ამიტომ პროფილაქტიკის ყველაზე საიმედო საშუალებაა სახლში ჰიპოალერგენული გარემოს შექმნა: შალის პლედების, ბუმბულის ბალიშების, რბილი სათამაშოების მოშორება, რეგულარული დალაგება სველი წესით.

ზოგჯერ სურდოს იწვევს ჰორმონული დისბალანსი ორსულობის ან ჰიპოთირეოზის დროს. მკურნალობის მიზანია ნერვული სისტემის მუშაობის მოწესრიგება: სრულფასოვანი ძილი, ყოველდღიური სეირნობა სუფთა ჰაერზე, რაციონალური კვება, რაც ორგანიზმის რეაქტიულობას დააქვეითებს. მნიშვნელოვანია თამბაქოზე უარის თქმა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი