მედიცინა

სისხლდენის შესაჩერებლად

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.03, 2023 წელი

სისხლდენა
დაკოპირებულია

ვენის ან არტერიის დაზიანებისას ჭრილობა არ უნდა ჩამოვიბანოთ, მასზე პირდაპირი ზეწოლაა საჭირო, მერე კი ცირკულარული ანუ დამწოლი ნახვევის დადება. ჯობს ზეწოლის დროს ჭრილობას უშუალოდ არ შევეხოთ, რათა თავიდან ავიცილოთ მძიმე ინფექციური დაავადებით ინფიცირების რისკი. სასურველია, გვეცვას ხელთათმანი. თუ არ გვაქვს, შეიძლება სტერილური საფენის, სუფთა ქსოვილისა და პოლიეთილენის პარკის გამოყენება. თუ ჭრილობა დიდია, მას მთელი ხელით ვაწვებით, თუ შედარებით მცირე ზომისაა – თითებით.

ცირკულარული ნახვევის დადება

ცირკულარული ნახვევის დასდებად უნდა გვქონდეს ბინტი. თუ ნახვევი არასაკმარისად მჭიდროდ დავადეთ, ის მოძვრება და სისხლდენა არ შეჩერდება, ხოლო თუ მეტისმეტად მჭიდროდ – არტერიასა და ვენას ჩავკეტავთ და ლახტის ეფექტს გამოვიწვევთ, რის გამოც შეიძლება, კიდური მოსაჭრელი გახდეს, ამიტომ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ შეხვევის სწორი ტექნიკა:

შეხვევა უნდა დავიწყოთ ჭრილობის ქვემოთ მდებარე სახსრიდან. უფრო მოხერხებულია შიგნიდან გარეთ, ბინტიც ისე გვეჭიროს ხელში, რომ გორგალი ზემოთ იყოს მოქცეული. ბინტს სახსარზე ორჯერ ვახვევთ, შემდეგ თვალზომით სამად ვყოფთ და ერთი მესამედით ვინაცვლებთ ზემოთ. ნახვევი უნდა იყოს მჭიდრო და სიმეტრიული. ვაგრძელებთ შეხვევას ქვემოდან ზემოთ, დავფარავთ ჭრილობას, გავცდებით, მის ზემოთ ორჯერ გადავახვევთ, შევკრავთ ბინტს და დავაფიქსირებთ. თუ სისხლდენა არ შეჩერდა, ანუ ბინტი ისევ გაიჟღინთა სისხლით, მას არ ვხსნით და დავადებთ მეორე ნახვევს. მეტი ეფექტისთვის ავიღებთ ბინტის მთელ ხვეულას, დავადებთ სისხლმდენ ადგილს და გადავახვევთ.

ლახტის დადება

ლახტის დადების წინ საჭიროა კიდურის მაღლა აწევა და ოდნავ შერხევა სისხლისგან დასაცლელად. კანის ან ნერვის მიჭყლეტის თავიდან ასაცილებლად ლახტის შიშველ კანზე დადება არ შეიძლება – მის ქვეშ პირსახოცი ან რაიმე ქსოვილი უნდა ამოიდოს. ლახტის დადების შემდეგ სისხლდენა, წესით, უნდა შეწყდეს. თუ ის გაგრძელდა, ლახტი უნდა მოიხსნას და ხელახლა დაედოს ოდნავ უფრო მაღლა. თუ დაშავებულს საავადმყოფოში ვერ გაჰყვებით, ლახტზე უნდა მიმაგრდეს წერილი, რომელზედაც მითითებული იქნება ლახტის დადების დრო და პირველი დახმარების აღმომჩენის გვარი და ტელეფონი.

სამედიცინო ლახტის უქონლობისას შეიძლება მის ნაცვლად რეზინის მილის, ჰალსტუხის, ქამრის, შარფის, ბინტის გამოყენება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ბაწრის ან მავთულის. იმპროვიზებული ლახტის კიდურზე მოჭერისა და გაკვანძვის შემდეგ მასში ჩხირი უნდა გავუყაროთ და მისი საშუალებით გადავგრიხოთ სისხლდენის შეჩერებამდე, შემდეგ კი ჩხირი სხვა ბინტით დავაფიქსიროთ. ლახტის დადება შეიძლება მხარზე, წინამხარზე, მტევანზე, ბარძაყზე, წვივსა და ტერფზე. ზეწოლა საკმარისი უნდა იყოს სისხლდენის შესაჩერებლად, მაგრამ კიდურს სისხლის მიწოდებას არ უწყვეტდეს.

ზერელედ დადებული ლახტი გაცილებით საშიშია, ვინაიდან აბრკოლებს მხოლოდ ვენებიდან გულისკენ სისხლის უკუდენას, არტერიული სისხლი კი უფრო ძლიერად იღვრება ჭრილობიდან. ლახტის სწორად დადების შემდეგ პერიფერიაზე პულსი ქრება და სისხლის დენა წყდება. ლახტის დადება კიდურზე შეიძლება მხოლოდ 1,5-2 საათით, ზამთარში კი მისი 1 საათზე მეტხანს დატოვებაც საშიშია. პერიოდულად, 30 წუთში ერთხელ, ლახტი რამდენიმე წუთით უნდა მოვუშვათ. ამ დროს, სისხლდენა რომ არ განახლდეს, ჭრილობას ხელით უნდა დავაწვეთ, ლახტის გადაჭერის ადგილი კი მსუბუქად დავზილოთ და შემდეგ კვლავ ლახტი დავადოთ.

ლახტის ნაკლი ის არის, რომ იწვევს ძლიერ ტკივილს, ყველა რბილ ქსოვილზე, მათ შორის, ნერვულ ღეროზე ზეწოლას, ზოგჯერ – პარეზსა და დამბლას, არღვევს სისხლის მიმოქცევას, იწვევს ქსოვილის უჟანგბადობას. ამიტომ ლახტის დადება უნდა მოხდეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ძლიერი არტერიული სისხლდენისას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი