მედიცინა

საკვებით ინტოქსიკაცია - ნიშნები და პროფილაქტიკა

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 04.02, 2023 წელი

ინტოქსიკაცია
დაკოპირებულია

საკვებით მოწამვლას (ინტოქსიკაციას) დაბინძურებული საჭმლის მიღება განაპირობებს. ეს ძირითადად, უმნიშვნელოა და უმეტესად, რამდენიმე დღეში მკურნალობის გარეშეც თავისით გაივლის.

საკვებით მოწამვლის შემთხვევათა უმეტესობაში საჭმელი დაბინძურებულია ბაქტერიებით, როგორებიცაა: სალმონელა ან ეშერიხია კოლი, ასევე, ვირუსით - ნოროვირუსით.

თუმცა, ზოგჯერ, შეიძლება ამან რთულ მდგომარეობამდეც მიგვიყვანოს, რის თავიდან ასაცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები.

ფაღარათისა და ღებინების დროს მთავარია, ორგანიზმი გაუწყლოებას გადავარჩინოთ. სვით, რაც შეიძლება მეტი სითხე: წყალი, ბაცი ჩაი (უმჯობესია, მწვანე ან გვირილის), უგაზო ბორჯომი ან ნაბეღლავი, კომპოტი. უკეთესი იქნება, თუ სპეციალურ რეჰიდრატაციულ ხსნარს მიიღებთ. მისი მოსამზადებელი ფხვნილები: რეჰიდრონი, ჰუმანა ელექტროლიტი, – აფთიაქში იყიდება. ისინი ორგანიზმს წყლის გარდა დაკარგული მინერალების მარაგსაც შეუვსებს.

თვითნებურად ნუ მიიღებთ ანტიბიოტიკებს. ერთმა ან ორმა აბმა შესაძლოა დიარეისგან გიხსნათ, სამაგიეროდ, ნაწლავთა მიკროფლორას შემადგენლობას შეუცვლის. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ: ანტიბაქტერიული საშუალებები მხოლოდ ექიმის რჩევით და მითითებული კურსის სრული დაცვით უნდა მიიღოთ.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ ამ სიმპტომებს დაერთო:

მაღალი (38.5°c და მეტი) სიცხე; სისხლი განავალში; დიარეა სამ დღეზე მეტ ხანს; ძლიერი ღებინება; გაუწყლოების ნიშნები: პირის სიმშრალე, შარდვის შემცირება, ჩაცვენილი თვალები, გამომშრალი კანი; შოკის ნიშნები: წნევის დაქვეითება, სუსტი გახშირებული პულსი ან ზედაპირული გახშირებული სუნთქვა;

აბნეული ან შეცვლილი ცნობიერება.

ხელების ხშირი და სრულყოფილი ბანა მრავალ დაავადებას აგაცილებთ თავიდან. ოღონდ ფართოდ რეკლამირებული ბაქტერიოციდული საპნების ყოველდღიურ მოხმარებას არ გირჩევთ – ის მავნეებთან ერთად სასარგებლო ბაქტერიებსაც ავლებს მუსრს. მავნებლებს ჩვეულებრივი საპონიც მშვენივრად მორევა, თუ, რა თქმა უნდა, საქმეს გულდასმით მოეკიდებით და არა ზედაპირულად. ექიმებმა სპეციალური გამოკვლევებიც ჩაატარეს. გვარწმუნებენ, რომ საპნის ორჯერ წასმა ბაქტერიების რაოდენობას 90%-ით ამცირებს. ანტიბაქტერიული საპონი კი მხოლოდ მაშინ გამოიყენეთ, როცა კანი გაქვთ დაზიანებული - გაკაწრული ან გაჭრილი.

- ბაქტერიების უმრავლესობა ყველაზე უკეთესად 5-იდან 60°c-მდე ტემპერატურაზე მრავლდება, ამიტომ საკვები მაქსიმალურად მოარიდეთ ამ დიაპაზონს: ცხელი კერძები ცხლად შეინახეთ, ცივი კი ცივად.

- ოთახის ტემპერატურაზე 2 საათზე მეტხანს გაჩერებულმა მზა კერძმა შესაძლოა გაწყინოთ.

- ხილი და ბოსტნეული დიდხანს და გულდასმით რეცხეთ გამდინარე წყალში. მაგარქერქიანი პროდუქტების (კიტრისა და ნესვის) რეცხვისას სასურველია, ბოსტნეულის სუფთა ჯაგრისიც გამოიყენოთ. გარეცხვის შემდეგ ხილისა და ბოსტნეულის ქაღალდის ხელსახოცით შემშრალება ბაქტერიების რაოდენობას კიდევ უფრო შეამცირებს.

- მწვანილი, ხილი და კენკრა ჯერ 10-15 წუთით ჩააწყვეთ წყლიან ჭურჭელში, შემდეგ კი გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყლით, კომბოსტოს კი სასურველია, გარეთა სამი ფურცელი შემოაცალოთ.

- სალათა მაიონეზითა და არაჟნით უშუალოდ სუფრაზე გატანის წინ შეკაზმეთ.

- უმი ხორცი, თევზი და მათი წვენი არამცდაარამც არ უნდა შეეხოს მზა კერძს, ამიტომ მაცივარში მზა და უმ სურსათს ცალ-ცალკე მიუჩინეთ ადგილი, თანაც მზა პროდუქტები აუცილებლად თავდახურული ჭურჭლით შეინახეთ.

- არასოდეს გაალღოთ გაყინული პროდუქტი სამზარეულოს მაგიდაზე. გამოიყენეთ მაცივარი, ცივი გამდინარე წყალი ან მიკროტალღური ღუმელი.

- ნუ გამოტენით მაცივარს. საკვებმა სისაღე რომ შეინარჩუნოს, გრილი ჰაერი თავისუფლად უნდა მოძრაობდეს.

- უმი და მოხარშული სურსათისთვის სხვადასხვა დასამუშავებელი დაფა, ანდა ერთის სხვადასხვა მხარე გამოიყენეთ. უმ ხორცთან შეხების შემდეგ დაფები, დანები და მაგიდის ზედაპირი ცხელი, საპნიანი წყლით გარეცხეთ.

- ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი კვირაში ერთხელ გამოცვალეთ. ხშირად რეცხეთ მაგიდისა და ჭურჭლის საწმენდი ტილოები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი