მედიცინა

როგორ ვუშველოთ ცხვირიდან სისხლდენას

№37

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.09, 2021 წელი

ცხვირიდან სისხლდენა
დაკოპირებულია

ცხვირიდან სისხლდენა არც ისე იშვიათი მოვლენაა. ეს პრობლემა უხშირესად ცხვირის ანატომიურ აგებულებას უკავშირდება. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი უწვრილესი კაპილარული ქსელით არის მოფენილი. აღნიშნული კაპილარები შესაძლოა, ადვილად დაზიანდეს გარემოში მიმდინარე უმნიშვნელო ცვლილებებისა და ფიზიკური დატვირთვებისას. ამ დროს სისხლი ცხვირიდან წვეთების სახით ან ნაკადურად მოდის. უნდა ვიცოდეთ, რომ ინტენსიურმა სისხლდენამ შეიძლება ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას.

ცხვირიდან სისხლდენის მიზეზებს შორის აღსანიშნავია:

✔️ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ტრავმა მექანიკური დაზიანების შედეგად;

✔️ცხვირის ღრუს ანთებითი პათოლოგიები;

✔️სიმსივნური დაავადების აღმოცენება;

✔️ჰიპერთერმია (სხეულის მომატებული ტემპერატურა) ინფექციის ზემოქმედებით ან მზეზე ხანგრძლივად ყოფნის გამო;

✔️არტერიული წნევის მკვეთრი მატება;

✔️ჰორმონული ფონის დარღვევა;

✔️ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიღება;

✔️ სისხლძარღვთა გაფართოება ალკოჰოლის მოხმარების შედეგად;

✔️სისხლმბადი და გულ-სისხლძარღვთა სისტემების პათოლოგიები.

ცხვირიდან სისხლდენას ხშირად თან ერთვის:

✔️სისუსტე, გულისრევა და თავბრუ;

✔️თავის ტკივილი და ყურების დაგუბება;

✔️გულისცემის აჩქარება;

✔️ არტერიული წნევის დაქვეითება;

✔️სახისა და კიდურების გაფერმკრთალება.

პირველი დახმარება ცხვირიდან სისხლდენის დროს:

✔️აუცილებელია სისხლდენის გამაძლიერებელი მიზეზების ლიკვიდაცია. პაციენტი უნდა მოერიდოს ლაპარაკს, მოძრაობას, ნერვიულობასა და დაძაბვას; შეძლებისდაგვარად თავი შეიკავოს ხველისგან;

✔️ საჭიროა წყნარად დაჯდომა, საყელოს, ქამრის შეხსნა და თავის წინ დახრა. ცხვირიდან სისხლდენის დროს ხშირად თავის უკან გადაწევას მიმართავენ, რაც არასწორია, ისევე როგორც დაწოლა, რადგან ამ მდგომარეობების დროს სისხლი ხახაში ხვდება, რამაც შესაძლოა, ხველა და გულისრევა გამოიწვიოს;

✔️ ცხვირზე საჭიროა ცივის დადება (ცივი დოლბანდის, უმჯობესია ყინულის);

✔️შენობაში, სადაც დაზარალებულია, სასურველია გრილი გარემოს შექმნა, ამისათვის უნდა გამოაღოთ ფანჯარა და უზრუნველყოთ სუფთა ჰაერის მიწოდება. თუ დაზარალებული ქუჩაშია, უნდა გადაიყვანოთ ჩრდილში. თუ ცხვირიდან სისხლდენა ადამიანს სიცხეში დაეწყო, სასურველია შუბლისა და მკერდის არეში ცივი კომპრესები დაადოთ;

✔️თუ ცხვირიდან სისხლდენა გაგრძელდა, აუცილებელია ცხვირის ორივე ფრთის მაგრად მიჭერა ძგიდესთან, პირით ღრმად სუნთქვა, პროცედურა უნდა გაგრძელდეს 5-10 წუთს. არ უნდა შეუშინდეთ სისხლის პირის ღრუში მოხვედრას, ის, უბრალოდ, უნდა მოიშოროთ (გადააფურთხოთ), შეიძლება ცხვირის ტამპონსაც მიმართოთ. ამისათვის ბამბის ბურთულები დაასველეთ წყალბადის ზეჟანგის ხსნარში და მოათავსეთ ცხვირის ორივე ნესტოში, სისხლი ამ დროს დედდება და სისხლდენა წყდება. დაუშვებელია ცხვირის ღრუში მშრალი ბამბის ბურთულების მოთავსება, რადგან მშრალი ბამბა შესაძლოა ცხვირის კედელს მიეწებოს და მოცილებისას განმეორებითი სისხლდენის მიზეზი გახდეს.

ჩვეულებრივ, სისხლდენა 10 წუთზე მეტხანს არ გრძელდება. თუ ის 20 წუთზე მეტხანს გაგრძელდა ან კიდევ ძალიან ინტენსიურია ცხვირის ორივე ნესტოდან, საჭიროა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება და დაზარალებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

თუ ადამიანს სისხლდენა პირველი დახმარების აღმოჩენის შემდეგ შეუჩერდა, კარგი იქნება, დაალევინოთ რამე გრილი სასმელი. ჩაის და ყავის მიღება არასასურველია, რადგან ეს ორივე სასმელი იწვევს სისხლძარღვთა გაფართოებას და შესაძლოა, სისხლდენა ისევ განმეორდეს. საკვების მიღებისგან კი გარკვეული ხნით თავშეკავებაა საჭირო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი