მედიცინა

როგორ ვუშველოთ წელის ტკივილს

№40

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 15.10, 2021 წელი

წელის ტკივილი
დაკოპირებულია

ტკივილები ზურგისა და წელის არეში ადამიანთა თითქმის 80 პროცენტს აწუხებს. ძირითად შემთხვევებში, ტკივილის გამომწვევი მიზეზი ხერხემლის დაზიანებებით მიმდინარე დაავადებებია, თუმცა, ის შეიძლება, გამოიწვიოს შარდ-სასქესო, გულ-სისხლძარღვთა, კუჭ-ნაწლავისა და სიმსივნურმა დაავადებებმა. ასევე, ორსულობის დროს ხერხემლის პოზის დისბალანსმა.

ტკივილის მიზეზის დასადგენად დიდი მნიშვნელობა აქვს მის დასაწყისს, ლოკალიზაციას, გავრცელებას, მის დამოკიდებულებას ფიზიკურ აქტივობასთან. ტკივილი შეიძლება, იყოს მწვავე და ქრონიკული, მუდმივი და პერიოდული, ლოკალიზებული იყოს ზურგში, ხერხემლის გასწვრივ ან ვრცელდებოდეს ქვემოთ, ორივე ფეხში. ტკივილი შეიძლება, გაძლიერდეს ფიზიკური აქტივობისას და შემსუბუქდეს მოსვენების მდგომარეობაში. ზოგჯერ კი ფიზიკური აქტივობა ტკივილზე გავლენას არ ახდენს.

მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების სპაზმი, ნერვის ფესვის გაღიზიანება, მოტეხილობა ან ამ მიზეზების კომბინაცია. ტკივილი, უმეტესად, ლოკალიზებულია ზურგის ქვედა ნაწილში ან გავა-წელის არეში. ზურგის ტკივილი შეიძლება გადაეცემოდეს მუცლიდან ან ფერდიდან, მიუთითებდეს სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებებზე, როგორიცაა: წყლულის პერფორაცია, მწვავე პანკრეატიტი, განშრევებადი ან მუცლის აორტის ანევრიზმა. გთავაზობთ ვარჯიშებს, რომლებიც შეგიმსუბუქებთ დისკომფორტს და თავიდან აგაცილებთ წელის შემდგომ დაზიანებას ზურგში ქრონიკული ტკივილების დროს.

რეკომენდაციები👇

✔️ისუნთქეთ ცხვირით ნელა და თანაბრად;

✔️დაიწყეთ თანდათანობით, ერთიდან ათამდე, ივარჯიშეთ დღეში ერთხელ;

✔️ივარჯიშეთ ზომიერად; დასძლიეთ მცირე დისკომფორტი; ვარჯიში შეწყვიტეთ მხოლოდ ძლიერი ტკივილის შემთხვევაში.

ვარჯიში პირველი – დაწექით ზურგზე, მოხრილი მუხლებით, გადაიჯვარედინეთ ხელები გულმკერდზე, წამოსწიეთ თავი და მხრები იატაკიდან, გააჩერეთ ორ დათვლამდე. ეს ვარჯიში შეასრულეთ, სულ მცირე, ოცდაათჯერ, საჭიროების შემთხვევაში, მცირე შესვენებებით.

ვარჯიში მეორე – დაწექით ზურგზე, ხელები დაიწყვეთ გულმკერდზე ან მუცელზე, მუხლები მოხარეთ, მიაწექით თქვენი ზურგის ქვედა ნაწილით იატაკს მუცლისა და დუნდულოს კუნთების დაჭიმვის მეშვეობით. დაითვალეთ ათამდე, შემდეგ თანდათან მოდუნდით.

ვარჯიში მესამე – დაწექით ზურგზე მოხრილი მუხლებით. მოიზიდეთ ერთი მუხლი თქვენს გულმკერდთან და მიიჭირეთ ორივე ხელით, შემდეგ დაუშვით, გაიმეორეთ მეორე მუხლით, შემდეგ ორივეთი.

ვარჯიში მეოთხე – დადექით და ხელებით დაეყრდენით სკამის ზურგს, იყავით გამართული, ნელ-ნელა მოხარეთ მუხლები და ჩაჯექით ბოლომდე, შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას.

რეგულარულ ვარჯიშთან ერთად გაწელვები კარგი ვარიანტია, რადგან წელის კუნთების გაძლიერება ძალიან სასარგებლოა პრობლემის განვითარების თავიდან ასარიდებლად. სცადეთ, ვარჯიშის განრიგში 15-წუთიანი გაწელვები ჩაამატოთ; გამოიყენეთ ისეთი ვარჯიშები, როგორიც არის მუხლიდან მკერდამდე გაწელვა. ხიდის ვარჯიშები და იოგას პოზები ზურგის გაძლიერებაში დაგეხმარებათ.

წელის ტკივილის სწრაფად გასაყუჩებლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ გათბობის ბალიში, რომელიც გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას წელის არეში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი