მედიცინა

როგორ უნდა დავეხმაროთ ადამიანს კრუნჩხვის დროს

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 09.09, 2022 წელი

კრუნჩხვა
დაკოპირებულია

კრუნჩხვები არის შედეგი ნერვული უჯრედებიდან არანორმალური, არარეგულირებადი იმპულსების გადაცემისა თავის ტვინში ან მის რომელიმე ნაწილში. ამ დროს შეიძლება, განვითარდეს ცნობიერების დათრგუნვა ან არაბუნებრივი შეგრძნებები, უნებლიე მოძრაობები და კონვულსიები. კონვულსიები კუნთების რიტმული შეკუმშვებით გამოიხატება. ახალშობილებში კრუნჩხვების ამოცნობა შეიძლება, რთული იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალშობილებს ბუნებრივად ახასიათებთ ტუჩების უნებლიე მოძრაობები და, ასევე, უნებლიე ღეჭვითი მოძრაობები. მათი თვალები შეიძლება, სხვადასხვა მიმართულებით იყოს მიშტერებული. შედარებით მოზრდილ ჩვილებს და ადრეული ასაკის ბავშვებს ახასიათებთ დაჟინებით ცქერა ფართოდ გახელილი თვალებით და დაბნეულობა. შეიძლება, მათი სხეულის მხოლოდ ერთი მხარე კანკალებდეს ან მკვეთრად მოძრაობდეს. ქვედა კიდურები კი – არაგამიზნულად.

ბავშვებში კრუნჩხვა, ძირითადად, მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდება და იხსნება თავისით, ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ის ძალზე იშვიათად არის სიცოცხლისთვის საშიში, თუმცა მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს.

👉 პირველ რიგში ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე;

👉 სთხოვეთ ოჯახის სხვა წევრებს გამოიძახონ სასწრაფო დახმარება;

👉 მოათავსეთ ბავშვი ისე, რომ კრუნჩხვის დროს ახლომდებარე საგნებთან შეჯახებით არ დაზიანდეს;

👉დააწვინეთ ბავშვი მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. ასეთ პოზიციაში ნერწყვი ან ნაღებინები მასები არ გადასცდება;

👉 გაათავისუფლეთ სხეული მოჭერილი ტანსაცმლისგან;

👉ნუ შებოჭავთ ბავშვს კრუნჩხვის დროს, ამით კრუნჩხვას ვერ შეაჩერებთ და შეიძლება მეტ დაზიანებას შეუწყოთ ხელი;

👉ნუ ეცდებით, გაუხსნათ პირი ძალის გამოყენებით ან გამოუწიოთ ენა, ვინაიდან ის „არ იყლაპება“. ასეთი ქმედებით ბავშვს შეიძლება, უფრო მეტი ზიანი მიაყენოთ;

👉არ დაალევინოთ სითხე ან მედიკამენტი, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ბავშვი ბოლომდე გამოფხიზლებულია;

👉კრუნჩხვის დასრულების შემდეგ კუნთები დუნდება, ამიტომ მნიშვენელოვანია, რომ ბავშვი სრულ გამოფხიზლებამდე გვერდზე იწვეს. ასეთ პოზიციაში თავიდან იქნება აცილებული ნერწყვის ან ნაღებინები მასების გადაცდენა. გარდა ამისა სუნთქვა მაქსიმალურად გაადვილებულია;

👉 დარჩით ბავშვის გვერდით სრულ გამოფხიზლებამდე ან სასწრაფო დახმარების მოსვლამდე;

👉 ეცადეთ ჩაინიშნოთ კრუნჩხვის ხანგრძლივობა. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია ექიმისთვის.

გულყრების მიზეზები შეიძლება იყოს სხვადასხვა მწვავე და ქრონიკული დაავადება და თავის ტვინის დაზიანებები (ნეიროინფექცია, ტრავმები, სისხლჩაქცევა, ჰიდროცეფალია, თავის ტვინის დისგინეზია, სიმსივნეები), გენეტიკური დაავადებები, თავის ტვინის სხვადასხვა ტოქსიკური დაზიანება. გულყრები შეიძლება, განვითარდეს ენდოკრინული და ელექტროლიტური დარღვევების დროს. ხშირია გულყრები სხეულის მაღალი ტემპერატურის ფონზე. ცალკე ჯგუფს შეადგენს გულყრები ეპილეფსიის დროს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი