როგორ შევამციროთ ქოლესტერინის დონე
ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.07

ქოლესტერინი მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის, მაგრამ მისი ზედმეტი რაოდენობა ზრდის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს. ქოლესტერინის დონის შემცირება შესაძლებელია ცხოვრების სტილის ცვლილებით, სწორი კვებით, ფიზიკური აქტივობითა და საჭიროების შემთხვევაში – მედიკამენტებით.
შეცვალეთ კვება – რაციონი მოარგეთ გულსა და სისხლძარღვებს.
რა უნდა მიირთვათ:
• ბოჭკოები (უჯრედისი): შვრია, ქატო, ლობიო, ჩიას და სელის მარცვლები;
• ხილი და ბოსტნეული: განსაკუთრებით ვაშლი, სტაფილო, ბროკოლი, ისპანახი;
• თხილეული და თესლები: ნუში, კაკალი, სელის მარცვალი;
• ცხიმიანი თევზი (2-ჯერ კვირაში): ორაგული, სკუმბრია, სარდინი (შეიცავს ომეგა-3-ს).
რა უნდა შეამციროთ ან გამორიცხოთ:
• ტრანსცხიმები (მარგარინი, მზა ნამცხვრები, ჩიფსები);
• ცხიმიანი ხორცი და ძეხვეულობა;
• შემწვარი საკვები;
• მაღალი ცხიმის რძის პროდუქტები;
• ტკბილეული და გაზიანი სასმელები.
ფიზიკური აქტივობა – დღეში, მინიმუმ, 30 წუთი სიარული ან სირბილი, ველოსიპედით სეირნობა, ცურვა. აქტიური ცხოვრება ხელს უწყობს „კარგი“ ქოლესტერინის გაზრდას და „ცუდის“ შემცირებას.
არ მოწიოთ სიგარეტი – მოწევა აზიანებს არტერიებს. მოწევაზე უარის თქმით უკვე რამდენიმე კვირაში უმჯობესდება სისხლძარღვების მდგომარეობა.
იზრუნეთ წონაზე და მოერიდეთ სტრესს – ჭარბი წონა ხელს უწყობს ქოლესტერინის დისბალანსს. სტრესი აძლიერებს ანთებით პროცესებს და ზეგავლენას ახდენს ცხიმების მეტაბოლიზმზე.
გამოიყენეთ მედიტაცია, სუნთქვითი ვარჯიშები ან იოგა.
საჭიროების შემთხვევაში – მედიკამენტები. თვითნებურად არ მიიღოთ წამლები – ქოლესტერინის ზუსტი ანალიზი და ექიმის შეფასება აუცილებელია.
ხალხური დამხმარე საშუალებები: სელის მარცვლები და ზეთი, ნიორი (უმად – ყოველდღე 1 კბილი), ჭარხლის წვენი, მწვანე ჩაი, დილაობით – წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან