მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ შაკიკს

№12

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 01.04, 2023 წელი

შაკიკი
დაკოპირებულია

ტვინში ქიმიურ ნივთიერებათა ოდენობის ცვლილება ნეიროპეპტიდებს ააქტიურებს, რომლებიც ტვინის გარსებს უტევენ და სისხლის მოწოლას და ანთებას იწვევენ, შედეგი კი თავის გამჭოლი, მოპულსირე ტკივილია, რომელმაც შესაძლოა რამდენიმე საათი ან რამდენიმე დღე გასტანოს.

ეცადეთ, შეტევა ტკივილგამაყუჩებლით შეაჩეროთ. ამავე დროს, უნდა დაისვენოთ. მას, ვისაც შაკიკი აწუხებს, უფრო ადვილად აგზნებადი ტვინი აქვს, ამიტომაც მათ თავის ტკივილი სტრესის გამო ეწყებათ. ტკივილს ხშირად ბნელ ოთახში წამოწოლა და კეფაზე 10-15 წუთით ყინულის მიდებაც ასუსტებს.

თუ ტკივილის შეტევები ძლიერი და ხშირია, ექიმს მიმართეთ შაკიკის საწინააღმდეგო სპეციალური წამლების – ტრიპტანების დასანიშნავად. ჰარვარდელ მეცნიერთა მტკიცებით, თუ დოზა სწორად შეარჩიეს, ეს წამლები ძალიან ეფექტურია. აწარმოვეთ შაკიკის დღიური. დააკვირდით საკუთარ თავს და აღნუსხეთ, რას აკეთებდით, როცა ტკივილი დაგეწყოთ, ხომ არ უკავშირდება ის რომელიმე საკვებს, რამდენ ხანს გაგრძელდა და რამ მოგგვარათ შვება. ასე უფრო ადვილად მიაგნებთ ტკივილის გამომწვევ მიზეზებს და მოერიდებით.

შაკიკის სხვა სიმპტომებია:

👉მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერებისადმი;

👉პირღებინება;

👉 გულისრევა;

👉 ნერწყვდენა;

👉 ზოგადი სისუსტე;

👉 მამოძრავებელი ფუნქციების დარღვევა;

👉მხედველობის გაუარესება (სინათლის ზიგზაგისებრი, სპირალისებური და მოციმციმე სვეტების არსებობა).

ეს არის აურის სიმპტომები, რომლებიც შაკიკის წინა ეტაპად მიიჩნევა. შაკიკის დადგომის დროს სინათლე და ბგერები ხდება გამაღიზიანებელი, მოძრაობა დაკავშირებულია ტკივილთან. შაკიკი დგება უეცრად. ამ დროს პაციენტი გრძნობს დაღლას, დეპრესიას, შაქრისადმი დაუკმაყოფილებელ მოთხოვნილებას. ამავე დროს თავის ტკივილი შეიძლება, იყოს სხვა დაავადების სიმპტომიც, ამიტომ უნდა მივმართოთ ექიმს, თუკი ის არ გაივლის 24 საათის განმავლობაში, მით უმეტეს, თუ კი დაემატება ტემპერატურული რეაქცია და ლოყის კუნთთა რიგიდულობა. ასევე, უნდა მივმართოთ ექიმს, თუკი თავის ტკივილი მიმდინარეობს უცნაური სიმპტომებით.

შაკიკის პროფილაქტიკა

შაკიკის განვითარებას სხვადასხვა ფაქტორი იწვევს, ამიტომ რეკომენდებულია მათგან თავდაცვა. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება, როგორც უკვე ვთქვით, სტრესი და დეპრესია; უჭმელობა და შიმშილი; მოწევა; საკვები პროდუქტები (ყველი, შოკოლადი, მიწის თხილი, თევზი, ჩინური საკვები და ბანანი), ალკოჰოლი (ლუდი, წითელი ღვინო, შამპანური), ჰორმონული დარღვევები (მენსტრუალური ციკლი, ორსულობა), კონტრაცეპტივების გამოყენება, ძილის უკმარისობა, მოგზაურობა – გადაფრენები, რაც ცვლის ადამიანის ბიორითმს, კლიმატის ცვლილებები.

ზოგჯერ რთულია განვსაზღვროთ შაკიკის გამომწვევი მიზეზები, რომლებიც საკმაოდ მრავალფეროვანია. ამასთან, რისკ-ფაქტორები ინდივიდუალურია, რაც ერთისთვის სახიფათოა, მეორისთვის აბსოლუტურად უვნებელია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი