მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ მუნს

№35

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 16.09, 2022 წელი

მუნი
დაკოპირებულია

მუნი – ადამიანის კონტაგიოზური პარაზიტული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ძლიერი ინტენსიური ქავილით.

დასნებოვნება ხდება დაავადებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტით, თეთრეულით, ტანსაცმლით და პირადი მოხმარების საგნებით.

დაავადების ყველაზე ხშირი წყაროა ოჯახის წევრები, მეზობლები და კონტაქტში მყოფი სხვა პირები.

მისი გადაცემა ასევე შესაძლებელია სქესობრივი კავშირით.

ინკუბაციური პერიოდი, დაახლოებით, 1-2 კვირა გრძელდება. გამოვლინებები განპირობებულია განაყოფიერებული მდედრობითი ტკიპის ჩანერგვით ეპიდერმისის რქოვან შრეში, სადაც ის განათავსებს კვერცხებს. დაახლოებით, 2 კვირაში კვერცხებიდან წარმოიქმნება პარაზიტის მომწიფებული ფორმები, რომლებიც ვრცელდებიან კანის ახალ უბნებში.

მუნის ძირითადი სიმპტომია ღამის ქავილი, რაც განპირობებულია ტკიპების აქტიურობით ამ პერიოდში. გარდა განაკაწრებისა, აღინიშნება წვრილი, ხაზოვნად დალაგებული ბუშტუკები და კვანძები. დაავადებისათვის დამახასიათებელია „მუნის გასავლები“ – მცირე ზომის სწორი ან დაკლაკნილი ხაზები, ბოლოში ბუშტუკით, სადაც იმყოფება მდედრობითი ტკიპა. ხვრელები ერთმანეთისგან 0,5-1 სანტიმეტრით არიან დაშორებულები. გამონაყრის დამახასიათებელი ლოკალიზაციაა კანის თხელი, ნაზი უბნები: თითებშუა არეები, სხივ–მაჯის მომხრელი არე, მუცელი, სასქესო ასო, ბარძაყების შიდა ზედაპირი, სარძევე ჯირკვლები. მუნის დროს არ ზიანდება სახის კანი და თავის თმიანი ნაწილი.

დაავადება განკურნებადია, მაგრამ მკურნალობის პროცესი საჭიროებს დიდ ძალისხმევას. მკურნალობის შერჩევა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ. პროფილაქტიკის მიზნით, სამედიცინო შემოწმებას ექვემდებარება ოჯახის ყველა წევრი და ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირი, განსაკუთრებით საბავშვო დაწესებულებებში.

განკურნება მიიღწევა 3 პირობის დაცვით:

👉ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის სქემის ზუსტი შესრულება;

👉ავადმყოფთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის პროფილაქტიკური დამუშავება;

👉ჰიგიენური პირობების დაცვა. პირადი მოხმარების საგნებისა და საცხოვრებელი ადგილის დეზინფექცია.

მუნის პრევენციის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს ჰიგიენური პირობების დაცვა და სხვა პიროვნების პირადი მოხმარების ნივთების გამოყენებისგან თავის შეკავება.

დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში, აუცილებელია მუნის კერების აღმოფხვრა, ინფექციის წყაროს სრული მკურნალობა, საკონტაქტო პირზე დაკვირვება და სადეზინფექციო ზომების განხორციელება.

მკურნალობა ხალხური მეთოდებით:

სააღამოობით საჭიროა ღვიის ნახარშის აბაზანების მიღება. 100 გრამი ღვიის ნაყოფი და ტოტები ჩაყარეთ 1 ვედრო მდუღარე წყალში, ადუეთ 15 წუთი. მიღებული ნაყენი ჩაასხით აბაზანაში და დაამატეთ სასურველი რაოდენობის წყალი.

კარგია ხეჭრელას ქერქის ნახარში – 4 ჩაის კოვზ ხეჭრელას დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში, გააჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ სხეული დღეში 1-2-ჯერ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი