მედიცინა

როგორ გავუმკლავდეთ კვებით ინტოქსიკაციას

№11

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 25.03, 2023 წელი

კვებითი ინტოქსიკაცია
დაკოპირებულია

კვებითი მოწამვლის პირველი ნიშნები, უმეტეს შემთხვევაში, ჭამიდან 48 საათის განმავლობაში იჩენს თავს.

კვებითი მოწამვლა ისეთი მოწამვლაა, როდესაც ორგანიზმში შხამი საკვებთან ერთად ხვდება. მისი ბუნება მრავალფეროვანია.

კვებით ინტოქსიკაციას სხვადასხვა ბაქტერიები იწვევს. ეს ბაქტერიებია: სტაფილოკოკი, პროტეუსი, ფევდომონასი, B ჯგუფის სტრეპტოენტეროკოკი და ასე შემდეგ. ეს მიკრობები პარაზიტებად ევლინებიან როგორც ადამიანის, ისე ცხოველის ორგანიზმს, გამოიმუშავებენ ძლიერ შხამს, ახასიათებთ ძლიერი გამძლეობა და სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ინფექციის წყაროდ შეიძლება იყოს დაავადებული, ბაქტერიამატარებელი ადამიანი ან ცხოველი. როგორც წესი, ძირითად შემთხვევაში, ბაქტერიები ნაწლავიდან განავალთან ერთად გამოიყოფა. ასევე მათი გამოდევნა შესაძლოა მოხდეს კანისა და ცხვირ-ხახის მეშვეობით. ინფექციის გადაცემა დაბინძურებული წყლითა და საკვები პროდუქტებით ხდება.

დაავადების სიმპტომები

ინტოქსიკაციას ბავშვებში ახასიათებს მწვავე და მძიმე დასაწყისი: ღებინება, ფაღარათი, ტკივილი კუჭ-ნაწლავის არეში. სირთულის შესაბამისად, შესაძლოა, გამოხატული იყოს ტემპერატურის მატება, ძლიერი სისუსტე, თავბრუ, გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემები და ასე შემდეგ. მიუხედავად მრავალმხრივი სირთულეებისა პრობლემა, ძირითადად, 1-2 დღეში გაივლის ხოლმე.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილი სიმპტომები გამოუვლინდა წლამდე ბავშვს; სხეულის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნებულია ორი დღე-ღამის განმავლობაში და ის უფიქსირდება ოჯახის სხვა წევრებსაც.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ:

👉მოწამვლის წყარო არის სოკო;

👉ღებინების გამო ბავშვი წყალს ვერ სვამს;

👉 გაორება აქვს თვალებში;

👉არეული აქვს მეტყველება;

👉 გართულებულია ყლაპვა;

👉მოდუნებული აქვს კუნთები;

👉გაყვითლებული აქვს კანი ან ლორწოვანი გარსი;

👉 უშუპდება სახსრები;

👉 კანზე ჩნდება გამონაყარი;

👉 შარდის გამოყოფა 6 საათზე მეტხანს არ ხდება ან შარდი არის ძალიან მუქი ფერის;

👉 ნაღებინებ მასაში ან განავალში არის სისხლი.

თუ სიმპტომები ჭამიდან 30 წუთში გაჩნდა, მაგრამ ბავშვს გული არ ერევა, ხელოვნურად გამოიწვიეთ პირღებინება – დაალევინეთ ბავშვს 1-2 ჭიქა წყალი ან რძე, შემდეგ ცალი ხელით მაგრად დაიჭირეთ, მეორე ხელის ორი თითი კი ღრმად ჩაუყავით ყელში და აამოძრავეთ.

თითების მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ კოვზი, რომელიც ენის ძირს უნდა დააჭიროთ. შემდეგ კი:

👉 არაფერი აჭამოთ ბავშვს;

👉 დაალევინეთ ბევრი სითხე, რომლის ტემპერატურაც დაახლოებით სხეულის ტემპერატურისა უნდა იყოს;

👉ასვით ხშირ-ხშირად და თითო ჯერზე მხოლოდ რამდენიმე ყლუპი;

👉ოპტიმალური სითხე დასალევად არის რეჰიდრონი და მისი მსგავსი ხსნარები, ასევე მინერალური წყალი, ჩაი, კომპოტი;

👉არ დაატკბოთ სითხეები;

👉 თუ ბავშვი უარს ამბობს თქვენ მიერ შეთავაზებულ სასმელზე, მიეცით მას ის, რისი დალევაც თავად უნდა, ოღონდ შეეცადეთ, რომ ეს გამჭვირვალე, უფერო სითხე იყოს. მუქი ფერის კომპოტები და წვენები კი მაქსიმალურად გააზავეთ წყალში;

👉 მიეცით ბავშვს გააქტიურებული ნახშირი სხეულის წონის გათვალისწინებით: 1 მგ/1 კგ-ზე;

👉 თუ სხეულის ტემპერატურა იმატებს, მიეცით ბავშვს სიცხის დამწევი საშუალებები.

პროფილაქტიკა

👉მიაჩვიეთ ბავშვი ელემენტარულ ჰიგიენას — ჭამის წინ, საპირფარეშოდან გამოსვლის, ქუჩიდან დაბრუნების შემდეგ და ასე შემდეგ, ხელების დაბანას;

👉 ხშირად შეცვალეთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი ახლით; გახსოვდეთ! ის შეიძლება ბაქტერიების წყაროდ იქცეს;

👉თუ ხელებზე რაიმე ჭრილობა გაქვთ, სადილის მომზადებისას აუცილებლად დაიკარით ზედ ლეიკოპლასტირი ან ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები;

👉 აღარ გაყინოთ ხელმეორედ ერთხელ უკვე გალღობილი ხორცეული;

👉მიაქციეთ ყურადღება პროდუქტის ვარგისიანობის ვადას.

ბაქტერიების უმრავლესობა ყველაზე უკეთესად 5-დან 60°C-მდე ტემპერატურაზე მრავლდება, ამიტომ საკვები მაქსიმალურად მოარიდეთ ამ დიაპაზონს: ცხელი კერძები ცხლად შეინახეთ, ცივი კი – ცივად.

მწვანილი, ხილი და კენკრა ჯერ 10-15 წუთით ჩააწყვეთ წყლიან ჭურჭელში, შემდეგ კი გულდასმით გარეცხეთ გამდინარე წყლით, კომბოსტოს კი სასურველია, გარეთა სამი ფურცელი შემოაცალოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი