მედიცინა

როგორ დავიცვათ ყურის აპკი დაზიანებისგან

№29

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 30.07, 2021 წელი

ყურის აპკი
დაკოპირებულია

ყურის ყველაზე მძიმე დაზიანება პერფორაციაა – დაფის აპკის გახვრეტა, მასში ხვრელის წარმოქმნა, რისი ყველაზე ხშირი მიზეზიც შუა ყურის ინფექციაა.

პერფორაცია შესაძლოა, სხვა მიზეზებმაც გამოიწვიოს, წნევის დაქვეითებამ, მაგალითად, თვითმფრინავით მგზავრობისას, აპკის დამწვრობამ ან მასზე ქიმიურმა ზემოქმედებამ, უცხო სხეულის მოხვედრამ ყურში – ხის ტოტმა, ნასროლმა ფანქარმა, თუნდაც ბამბის ჩხირმა. გარდა ამისა, აპკი შეიძლება გაიხვრიტოს წნევის უეცარი მომატების გამო, მაგალითად, აფეთქების, დარტყმის, წყალში ჩაყვინთვის შედეგად.

პერფორაცია - სიმპტომები:

დაფის აპკის პერფორაცია იწვევს უეცარ ძლიერ ტკივილს, რომელსაც ზოგჯერ სისხლდენა, სმენის დაქვეითება და ყურებში ხმაური ახლავს.

სმენის დაქვეითება ძლიერდება, თუ მცირე ზომის ძვლები დამტვრეულია ან შიდა ყური დაზიანდა. შიდა ყურის ტრავმამ შესაძლოა, თავბრუ გამოიწვიოს. 24–48 საათის შემდეგ, ასევე, არ არის გამორიცხული ჩირქის დენა, განსაკუთრებით მაშინ, თუ შუა ყურში წყალი ან სხვა უცხო ნივთიერება მოხვდა.

ყურების წმენდის ჩვევამ შესაძლოა, ძალიან უსიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბამბის ჩხირებს ვიყენებთ. მაგრამ უმჯობესია, თუ ბამბის ჩხირებზე უარს იტყვით, რადგან ამით ძალიან დიდ საფრთხეს უქმნით ყურებს. ჩვეულებრივ, ყურის გოგირდი გამომუშავდება მხოლოდ ყურის არხის გარე მესამედში, მაგრამ თუ მას უფრო ღრმად ვუბიძგებთ, ის დააწვება დაფის აპკს. ბამბის ჩხირი კი, იმის ნაცვლად, რომ გოგირდი გარეთ გამოიტანოს, ის უფრო ღრმად, დაფის აპკთან შეაქვს. ამან კი შესაძლოა, სმენის დაკარგვა გამოიწვიოს. ამ დროს გოგირდი ყურის არხის ბლოკირებას იწვევს და ვეღარაფერს გავიგონებთ. ამის შემდეგ კი დიდხანს მოგვიწევს მკურნალობა.

გარდა ამისა, ბამბის ჩხირების გამოყენებისას ადვილად ხდება ყურის არხის კანის დაზიანება. ჭრილობის ადგილზე კი გროვდება ბაქტერიები და ოტიტის გამოწვევის დიდი ალბათობა ჩნდება. ასევე, შესაძლოა სხვა უსიამოვნო შედეგებიც: ხმაური ყურებში, ქავილი, გაღიზიანება და ანთება. ოტორინოლარინგოლოგების პრაქტიკაში ძალიან ბევრი პაციენტია, სწორედ, ბამბის ჩხირების გამო ყურის პრობლემებით მოხვედრილი.

ყველაზე ხშირი გართულებებია: გოგირდის საცობი, ოტომიკოზი, გარე ოტიტი, ფურუნკულა, დაფის აპკის პერფორაცია და ყურიდან სისხლდენა.

საქმე ის არის, რომ გოგირდი არის არა ჭუჭყი, არამედ ყურის დამცავი. ის ხელს უშლის მწერებს ჩვენს ყურში შეღწევაში; მოქმედებს, როგორც ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალება და ხელს უშლის ყურის ინფექციების განვითარებას; სასმენი არხიდან გამოდევნის მტვერს, თმის ღერებს, მკვდარ უჯრედებს. ბამბის ჩხირებით კი შეიძლება დავარღვიოთ კანის ნაზი დამცავი ფენა და შიდა ყურისკენ გზა გავუხსნათ ინფექციებს, სოკოებსა და ბაქტერიებს, რომლებიც დიდი რაოდენობით არის გარე სასმენ არხში. შედეგად მივიღებთ ანთებას - ოტიტს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი