მედიცინა

როგორ დავაღწიოთ თავი პირის ღრუს წვის სინდრომს

№3

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 28.01, 2023 წელი

პირის ღრუს წვის სინდრომი
დაკოპირებულია

პირის ღრუს წვის სინდრომის დროს პაციენტი უჩივის პირის ღრუს წვის მუდმივ ან პერიოდულ შეგრძნებას. წვამ შესაძლოა მოიცვას ენა, ღრძილები, ტუჩები, ლოყების შიგნითა მხარე, სასა. სინდრომი, წესისამებრ, ერთბაშად ვითარდება, თუმცა არც თანდათანობითი განვითარებაა გამორიცხული.

პირის წვის სინდრომი შეიძლება გამოიხატოს:

👉წვის შეგრძნებით, რომელიც თითქმის ყოველთვის მოიცავს ენას, შედარებით იშვიათად – ტუჩებს, ღრძილებს ან მთელ პირის ღრუს;

👉პირის სიმშრალის შეგრძნებით და ძლიერი წყურვილით;

👉გემოს შეგრძნების ცვლილებით, მწარე ან ლითონისმაგვარი გემოს შეგრძნებით;

👉 გემოს შეგრძნების დაკარგვით.

პირის წვის სინდრომით გამოწვეულ დისკომფორტს რამდენიმე ფორმა აქვს:

👉გაღვიძებისას ტკივილი შესაძლოა სუსტი იყოს, მაგრამ დღის განმავლობაში მოიმატოს;

👉შესაძლოა, ტკივილმა გაღვიძებისთანავე შეგაწუხოთ და მთელი დღე გაგრძელდეს;

👉ტკივილმა შესაძლოა დროგამოშვებით იჩინოს თავი.

პირის წვის სინდრომი, განურჩევლად ფორმისა, შესაძლოა თვეობით, წლობით გაგრძელდეს. ხანდახან სიმპტომები თავისთავად ქრება ან იშვიათდება.

გარკვეულმა სამედიცინო პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს პირის ღრუს წვის სინდრომი, როგორც მეორადი, თანმხლები მდგომარეობა. ესენია:

👉ჰორმონული ცვლილებები (მაგალითად, დიაბეტი ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება).

👉ალერგია სტომატოლოგიურ პროდუქტებზე, მასალებზე (ხშირად ლითონზე), ან საკვებზე.

👉პირის სიმშრალე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ზოგიერთი დაავადებით (მაგალითად, შოგრენის სინდრომი) ან მედიკამენტით (მაგალითად, ჰიპერტონიის სამკურნალო), ან რადიოთერაპიით.

👉კვების დეფიციტი (მაგალითად B ჯგუფის ვიტამინებისა და რკინის ნაკლებობა საკვებში)

👉პირის ღრუს ინფექციები, მაგალითად, სოკოვანი ინფექცია.

👉მჟავური რეფლუქსი.

რა შეგიძლიათ იღონოთ

👉სითხის უხვი მიღება, ყინულის ნატეხების წუწნა;

👉მჟავე და ცხარე საკვებსა და სასმელზე (მათ შორის – პომიდორზე, ფორთოხალზე), დარიჩინიან ან მენთოლიან პროდუქტებზე, ყავაზე უარის თქმა;

👉ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება;

👉სიგარეტისთვის თავის დანებება;

👉მგრძნობიარე კბილებისთვის განკუთვნილი კბილის პასტის გამოყენება (რა თქმა უნდა, მენთოლისა და სხვა არომატული დანამატების გარეშე);

👉სტრესისთვის თავის არიდება.

კარგია სარელაქსაციო ვარჯიშები, მაგალითად, იოგა და, ზოგადად, ფიზიკური აქტიურობა, მეტადრე მაშინ, თუ ამჩნევთ, რომ დეპრესიული განწყობა გიპყრობთ. ეცადეთ, იყოთ სოციალურად აქტიური და რეგულარული ურთიერთობა გქონდეთ ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი