მედიცინა

რის მკურნალობაში დაგვეხმარება ომბალო და როდის უნდა გამოვიჩინოთ მასთან სიფრთხილე

№24

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 23.06, 2022 წელი

ომბალო
დაკოპირებულია

ომბალოს შესახებ ვიცით, რომ ეს მწვანილი–სანელებელი ტყემალს უხდება, გამოიყენება სხვადასხვა კერძშიც.

მისი მეორე სახელი ჭაობის პიტნაა.

ომბალო უძველესი დროიდან გამოიყენება ჰომეოპათიასა და ხალხურ მედიცინაში, როგორც ჭრილობის შემახორცებელი და ანტისეპტიკური, აგრეთვე, ბრონქული ასთმის, ყივანახველის, ბრონქიტის, ისტერიისა და ნერვული აშლილობის სამკურნალო საშუალება. ომბალო ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, შარდმდენი, ანტიბაქტერიული და მადეზინფიცირებელი თვისებებით.

ომბალოში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხსნის საჭმლის მომნელებელი ორგანოების სპაზმებს და აუმჯობესებს ფერმენტების სეკრეციას. გამოიყენება მეტეორიზმის, პოდაგრის, ნაწლავების, კუჭისა და ნაღველ-კენჭოვანი დაავადებების დროს. ამშვიდებს ნერვულ სისტემას, აუმჯობესებს მადას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. აწესრიგებს ძილს, ხსნის თავის ტკივილებსა და შაკიკს. ამკვრივებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს გულის მოქმედებას, აუმჯობესებს მეხსიერებას. გარეგანი მოხმარებისთვის გამოიყენება ღრძილების ანთების, კანისა და პირის ღრუს დაავადებების დროს.

ამ მცენარეს ნამდვილად ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. როცა ომბალოთი მომზადებულ ტყემალს მივირთმევთ, მასში შემავალი ნივთიერებები აწესრიგებს ძილს, ამკვრივებს სისხლძარღვებს, ასტიმულირებს გულის მოქმედებას და აუმჯობესებს მეხსიერებას.

ომბალოს ეთერზეთები შუა საუკუნეებიდან შეუცვლელი საშუალება იყო ბუზების, კოღოების, რწყილების, ტილებისა და ჩრჩილის მოსაგერიებლად. ძველ რუსეთსა და სლავურ ქვეყნებში ზაფხულის ცხელ დღეებში იატაკზე ომბალოს ახალდაკრეფილ ფოთლებს ფენდნენ, არა მარტო ბინაში სასიამოვნო არომატისთვის, არამედ პარაზიტი მწერებისგან თავის დასაცავად.

ასე, რომ, მიირთვით ომბალოთი შეზავებული უგემრიელესი ტყემალი და გამოიყენეთ მცენარის ყლორტები მომაბეზრებელი მწერების დასაფრთხობად, მისი ნახარში ან ნაყენი – გარედან კანის სხვადასხვა დაავადების დროს.

ომბალოს გამოყენება საფრთხილოა ორსულობის დროს, რადგან შეიცავს ტოქსიკურ ნივთიერება პულეგონს, რასაც აბორტის გამოწვევა შეუძლია, ასევე, აქვს ნეირო და ჰეპატოტოქსიკური თვისებები. ამ მცენარის დიდი რაოდენობით მიღება იწვევს ღვიძლის ქსოვილის ნეკროზს, სისხლდენას საშვილოსნოდან. არ შეიძლება მისი მიცემა 2 წლამდე ბავშვებისთვისაც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი