მედიცინა

რჩევები ბრტყელტერფიანობის დროს

№6

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.02, 2021 წელი

პრტყელტერფიანობა
დაკოპირებულია

ბრტყელი ტერფი ჩვეულებრივი მოვლენაა ჩვილ ბავშვებში, მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშინოს, რადგან ასაკის მატებასთან ერთად, ტერფის თაღიც გამოიკვეთება. თუკი ასაკთან ერთად თაღი არ გამოიკვეთა, ამ მდგომარეობას ბრტყელი ტერფი ეწოდება. თუმცა, გაითვალისწინეთ ისიც, რომ თაღი შესაძლოა, ჩამოყალიბების შემდეგაც გაბრტყელდეს.

ბრტყელი ტერფი იმ შემთხვევაშია საყურადღებო, თუკი გარკვეულ სიმპტომებს იწვევს. მისთვის დამახასიათებელია: სიმძიმე ტერფის არეში, ტკივილი – განსაკუთებით, ქუსლისა და თაღის არეში. ეს ტკივილი ფიზიკური დატვირთვის დროს მატულობს. შეიძლება, ამ პროცესს თან ახლდეს შეშუპება ტერფის შიდა მხარეს და ფეხის წვერებზე დგომის გაძნელება. ასევე, მოსალოდნელია მთლიანი ფეხისა და წელის არეში ტკივილიც.

რეკომენდაცია:

* ბავშვმა უნდა ატაროს კარგად მორგებული ფეხსაცმელი, რომელიც კარგად დააფიქსირებს კოჭ-წვივის სახსარსა და ქუსლის ძვალს;
* რაც უფრო ადრეულ ასაკში გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დროულად დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ადვილად მოხერხდება პროგრესირების შეჩერება და პრობლემის კორექტირება;
* სასარგებლოა ზაფხულობით ფეხშიშველი სიარული არათანაბარ ზედაპირზე, როგორიცაა ქვიშა, ბალახი... სიარული თითის წვერებზე;
* ძალიან კარგია, თუ საბავშვო ბაღებისა და სკოლების სპორტულ მეცადინეობებში ჩართული იქნება სპეციალური ვარჯიშები ბრტყელი ტერფის გამოსასწორებლად;
სასარგებლო ვარჯიში:
* ხელები მაღლა ასწიეთ და იარეთ თითის წვერებზე;
* ხელები წელზე შემოიწყვეთ და იარეთ ქუსლებზე;
* ფეხის თითები მოხარეთ ფეხისგულისკენ, ხელები წელზე შემოიწყვეთ და იარეთ ტერფის გარეთა კიდეებზე.
მჯდომარე მდგომარეობაში შესასრულებელი ვარჯიშები:
* მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები;
* ფეხის თითებით აიღეთ ფანქარი;
* ფეხის თითებით აიღეთ პატარა ბურთი;
* ტერფები წრიულად ამოძრავეთ ჯერ ერთი, მერე მეორე მიმართულებით.
გახსოვდეთ:
* ერიდეთ სიმძიმეების აწევას,
* დიდხანს დგომას ან სიარულს,
* ხანგრძლივი დატვირთვის შემდეგ მიიღეთ ზღვის მარილის ან წიწვების ექსტრაქტის თბილი აბაზანები – ეს მოგიხსნით დაღლილობასა და ფეხების ტკივილს;
* ტერფების კონტრასტული შხაპი ზრდის კუნთოვან ტონუსს, აკაჟებს მათ და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას;
* ატარეთ სუპინატორები.

თუ ბრტყელტერფიანობას დროულად არ უმკურნალებთ, მას შესაძლოა, წელის დისკის თიაქარი, რადიკულიტი და ოსტეოქონდროზიც დაერთოს.

როგორ გავიგოთ – ვართ თუ არა ბრტყელტერფიანი?

ამისთვის დაისველეთ ტერფები და ქაღალდის ფურცელზე დადგით. ეს ტესტი აუცილებლად ფეხზე მდგომმა უნდა ჩაიტაროთ – ასეთ მდგომარეობაში ტერფი მაქსიმალურად იტვირთება. შეამოწმეთ ანაბეჭდი. მისი გარეთა კონტური უწყვეტი უნდა იყოს, შიგნითას კი ნაჭდევი უნდა ჰქონდეს. იდეალურ ვარიანტში თითის წვერებსა და ქუსლს მხოლოდ წვრილი ხაზი აერთებს. თუკი ეს ხაზი ტერფის ანაბეჭდის ნახევარზე მეტია, მაშ ბრტყელი ტერფი გქონიათ. უფრო ზუსტი დიაგნოზის დასმა ექიმის კომპეტენციაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი