მედიცინა

რას ვუმკურნალოთ ბაბუაწვერათი

№19

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 19.05, 2023 წელი

ბაბუაწვერა
დაკოპირებულია

დღეს ბაბუაწვერა მწვანე აფთიაქის საპატიო წევრია. სამკურნალოდ უმთავრესად მის ფესვს იყენებენ. თუ ფესვს გადატეხთ, იქიდან რძისებრი სითხე გამოჟონავს. ყველაზე დიდი რაოდენობით სწორედ მასშია თავმოყრილი ის სასარგებლო ნივთიერებები, რომლებიც ბაბუაწვერას სამკურნალო თვისებებს ანიჭებს: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, კალიუმი, A, B, C, E ვიტამინები, პროტეინები, პოლისაქარიდები.

ბაბუაწვერას ფესვის ნაყენი და ნახარში აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოქმედებას, მადას, ახშირებს ნაწლავთა მოქმედებას. ბაბუაწვერა კარგი საფაღარათო საშუალებაა.

გარდა ამისა, ეფექტურია ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების, მაგალითად, ნაღველკენჭოვანი პათოლოგიის, გასტრიტისა და კოლიტის დროს. ბაბუაწვერის ფესვების ნაყენის როგორც საფაღარათო საშუალების მიღება რეკომენდებულია ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. თუკი დიარეისკენ ხართ მიდრეკილი, ამ ნაყენის დალევას არ გირჩევთ.

ბაბუაწვერას ფესვი გამოგადგებათ ანემიის, მეტისმეტი სიგამხდრის, ნიკრისის ქარის დროსაც.

ბაბუაწვერას შესაგროვებლად ფესვები პატარა ნიჩბით ფრთხილად ამოთხარეთ, მოაჭერით ღერო და ფესურები, ცივი წყლით გარეცხეთ, დასერეთ, რამდენიმე დღით ჩრდილში დააწყვეთ და დაელოდეთ, ვიდრე რძისფერი სითხე მთლიანად გამოჟონავს, შემდეგ ისე გაშალეთ, რომ ერთმანეთზე არ ეწყოს და გამოსაშრობად ერთხანს კიდევ დატოვეთ. კარგად გამომშრალი ფესვი იოლად უნდა ტყდებოდეს. მზა ნედლეული ქაღალდის პაკეტსა და მინის ქილაში 5 წლის განმავლობაში ინახება.

ბაბუაწვერას ფესვების ნაყენი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით ერთი ჭიქა ცივი წყალი და 8 საათის განმავლობაში დააყენეთ, შემდეგ 5-10 წუთით ცეცხლზე გააცხელეთ, გაფილტრეთ და დღის განმავლობაში ყლუპობით სვით.

სასარგებლოა ბაბუაწვერას „თაფლი“. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 200 გრამი ყვავილი, რომელსაც წინასწარ მოაცილებთ ყვავილსაჯდომს. გარეცხეთ, დაასხით 1,5 ლიტრი მდუღარე წყალი, თავდახურულ ჭურჭელში რამდენიმე დღე-ღამით დატოვეთ. შემდეგ გაწურეთ, დაამატეთ 1,5 კილოგრამი შაქარი, 2 ლიმონის წვენი, შეიძლება კუბებად დაჭრილი ლიმონის ჩაყრაც და ხარშეთ, სანამ არ შესქელდება. დროდადრო ურიეთ. ბაბუაწვერას თბილი სიროფი ჩაასხით ქილებში, დაახურეთ სარქველი და შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას.

დიაბეტი

1 ჩაის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 20 წუთი. გადმოდგით ცეცხლიდან და გააცივეთ. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ მეოთხედი ჩაის ჭიქა 4-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

შარდკენჭოვანი დაავადება

1 სადილის კოვზ მშრალ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი. ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ გააჩერეთ 1 საათი და დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი თაფლი. მიიღეთ თბილი – 200 მილილიტრი 4-ჯერ დღეში.

ჰეპატიტი

1 სადილის კოვზ მშრალ, დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 200 მილილიტრი ცივი, ანადუღარი წყალი. დადგით მდუღარე წყლის აბაზანაზე 1 საათი. გადმოდგით და გააჩერეთ 30 წუთი. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ 1 სადილის კოვზი. 3-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი