მედიცინა

რა ზომებს მივმართოთ სასუნთქი გზების დახშობისას

№10

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 17.03, 2023 წელი

სასუნთქი გზების დახშობა
დაკოპირებულია

სასუნთქი გზების უცხო სხეულით დახშობა ძალიან მალე იწვევს სიკვდილს. ასეთი რამ უმთავრესად პატარა ბავშვებს ემუქრებათ, თუმცა არც მოზრდილია დაზღვეული უბედური შემთხვევისგან, თუნდაც ლუკმის გადაცდენისგან.

უცხო სხეულით სასუნთქი გზების ობსტრუქცია შეიძლება იყოს ნაწილობრივიც (მსუბუქი) და სრულიც (მძიმე).

მსუბუქი ობსტრუქციის დროს, როდესაც სასუნთქი გზები ნაწილობრივ არის დახშული, ადამიანს შეუძლია სუნთქვა, ხველა და ლაპარაკი. სრული, მძიმე ობსტრუქციისთვის კი დამახასიათებელია ჩუმი ხველა ან ხველის შეუძლებლობა, ლორწოვანი გარსისა და კანის გალურჯება, სუნთქვისა და ლაპარაკის შეუძლებლობა. ამ დროს ადამიანი ხელებს ყელზე იდებს და სახეზე შიში გამოეხატება. თუ ნიშნები გვაფიქრებინებს, რომ სრულ ობსტრუქციასთან გვაქვს საქმე, უმჯობესია, ვინმეს ვთხოვოთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გამოძახება, თავად კი დახმარება დავიწყოთ.

ჰეიმლიკის მანევრი

ჰეიმლიკის მანევრი ტარდება ერთ წელს გადაცილებულ ბავშვებსა და მოზრდილებთან. დაზარალებულს ამოვუდგებით უკან და ოდნავ წინ გადავწევთ; ფეხს მოვათავსებთ მის ფეხებს შორის; ცალი ხელით შევკრავთ მუშტს (ცერა თითს მუშტში ჩავაყოლებთ) და ცერა თითის მხრიდან ჭიპის ოდნავ ზემოთ მივადებთ დაზარალებულს; მუშტს მეორე ხელსაც ჩავჭიდებთ, რათა ზეწოლა უფრო ძლიერი იყოს და ვიწყებთ 45 გრადუსით შიგნით და ზემოთ მიმართულ ინტენსიურ ძლიერ ბიძგებს. ეს ბიძგები გულმკერდის ღრუში წნევას ზრდის, რაც ზედა სასუნთქ გზებში მოხვედრილ უცხო სხეულს ამოაგდებს. ბიძგებს მანამდე განვაგრძობთ, სანამ ობსტრუქცია არ მოიხსნება ან დაზარალებული სუნთქვის გაჩერების გამო გონს არ დაკარგავს.

ჰეიმლიკის მანევრის ჩატარებისას ფეხს იმიტომ ვათავსებთ დაზარალებულის ფეხებს შუა, რომ დაზარალებული გონების დაკარგვისას არ დაეცეს და ტრავმა არ მიიღოს. როგორც კი გონებას დაკარგავს, მას ჩვენს ფეხზე ჩამოვაცურებთ, ზურგზე დავაწვენთ და დახმარებას ვაგრძელებთ, ანუ ვიწყებთ გულ-ფილტვის რეანიმაციას.

გულ-ფილტვის რეანიმაცია

გულმკერდზე 30 ზეწოლის შემდეგ, სანამ ჩაბერვას დავიწყებთ, პირის ღრუ აუცილებლად უნდა დავათვალიეროთ. თუ დავინახეთ, რომ უცხო სხეული პირშია, ვიყენებთ კაუჭისებურ მეთოდს – ტუჩის კუთხიდან ენის ძირამდე ვყოფთ საჩვენებელ თითს, კაუჭისებურად მოვდებთ უცხო სხეულს და ამოვიღებთ.

თუ პირის ღრუში უცხო სხეული არ ჩანს, თითის ჩაყოფა ზედმეტია, ამიტომ ორჯერ ჩავბერავთ – შესაძლოა, ჩაბერვისას სასუნთქ გზებში გაჭედილმა სხეულმა მდგომარეობა შეიცვალოს, შებრუნდეს, ან ცალ ბრონქში გადავიდეს, რაც ნაწილობრივ გაათავისუფლებს სასუნთქ გზებს და ჰაერს ფილტვებამდე მიღწევის საშუალებას მისცემს.

რამდენი დრო გვაქვს

სასუნთქი გზების ობსტრუქციის შემთხვევაში ჩვენს განკარგულებაში მხოლოდ ორი წუთია. ამ ხნის განმავლობაში ვასწრებთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ხუთი ციკლის ჩატარებას ანუ ხუთჯერ 30 ზეწოლას, პირის ღრუს რევიზიას და ორ ჩაბერვას.

ამ ღონისძიებებს მხოლოდ მაშინ ვწყვეტთ, თუ:

👉პირის ღრუში გამოჩნდა უცხო სხეული და‘ან სასუნთქ გზებში გაიარა ჰაერმა – დაზარალებულმა სუნთქვა დაიწყო;

👉ან ამ ორი წუთის განმავლობაში უცხო სხეულის ვერც პირის ღრუში ამოგდება მოხერხდა და ვერც ბრონქში გადატანა ან მდებარეობის შეცვლა. უკანასკნელ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ქირურგიული ჩარევაღა გვრჩება, რაც უკვე სამედიცინო პერსონალის საქმეა. ამიტომაც არის აუცილებელი სასწრაფოს დროული გამოძახება.

თუ უცხო სხეული პირის ღრუში გამოჩნდა, მისი ამოღების შემდეგ ვამოწმებთ სუნთქვას. თუ დაზარალებული არ სუნთქავს, ორი ჩაბერვით ვადგენთ, გამტარია თუ არა სასუნთქი გზები. თუ გულმკერდის მოძრაობა კვლავ ვერ დავინახეთ, მეორე უცხო სხეულის არსებობას ვვარაუდობთ და დახმარებას იმივე პრინციპით ვაგრძელებთ. თუ სასუნთქი გზები გამტარია – ჩაბერვის დროს გულმკერდი მოძრაობს, მაგრამ ადამიანი არ სუნთქავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვიდრე სასუნთქი გზებიდან უცხო სხეულს ამოვაგდებდით, გულის მუშაობა და სუნთქვა სხვა (ცენტრალური) მიზეზით შეწყდა, ამიტომ, ვითარების შესაბამისად, გულ-ფილტვის რეანიმაციას უკვე 30-45 წუთის განმავლობაში ვაგრძელებთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი