მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ თვალების შესახებ

№6

ავტორი: „თბილისელები“ 17:00 15.02, 2021 წელი

ანა დვალიშვილი
დაკოპირებულია

თვალის ბევრი დაავადება საწყის ეტაპზე უსიმპტომოდ ან მინიმალური სიმპტომებით მიმდინარეობს, რასაც პაციენტთა უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს, სანამ მხედველობის სერიოზულ დაქვეითებას არ გამოიწვევს.
საუკეთესო საშუალება, იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხედველობა, არის, წელიწადში ერთხელ მაინც, თვალის ექიმთან ვიზიტი. ეს აუცილებელია განსაკუთრებით 40 წლიდან და იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ თანმხლები ქრონიკული დაავადებები (შაქრიანი დიაბეტი, თირკმლის ქრონიკული დაავადება, აუტოიმუნური დაავადებები). 
აღნიშნული საკითხი განსაკუთრებით საყურადღებო გახდა პანდემიის პირობებში, როცა ვრცელდება ცნობები, რომ კორონავირუსით ადამიანის დაინფიცირება შეიძლება, თვალიდანაც მოხდეს.
რამდენად არის ეს შესაძლებელი, არის თუ არა მსგავსი ფაქტები ცნობილი, ასევე, როგორ უნდა მოვუაროთ თვალს მაშინ, როცა ონლაინრეჟიმში მუშაობის გამო ხშირად გვიწევს ეკრანთან ურთიერთობა –  ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ანა დვალიშვილი, ოფთალმოქირურგი, ასისტენტ-პროფესორი, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიური დეპარტამენტის  ხელმძღვანელი.

– ქვეყნდება კვლევები, რომ ცხვირისა და პირის ღრუს პარალელურად, კორონავირუსი ორგანიზმში შეიძლება, თვალის საშუალებითაც მოხვდეს. რას გვეტყვით ამაზე, ეს შესაძლებელია?
ანა დვალიშვილი:კორონავირუსით თვალიდან დაინფიცირების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ გზით დაინფიცირების შესაძლებლობა ნაკლებია. უმეტეს შემთხვევაში, დაინფიცირება ხდება პირის ან ცხვირის ღრუს საშუალებით.
აქტუალურია კოვიდის შემდგომი გამოვლინებები თვალის მხრივ. ხშირად მოგვმართავენ პაციენტები თვალების წვის, სიწითლის, უცხო სხეულის შეგრძნების, ქავილისა და ცრემლდენის ჩივილებით კოვიდინფექციის შემდგომ პერიოდში.
უმეტესად ეს არის თვალის წინა ზედაპირის ანთებითი პროცესები, რაც მარტივად ექვემდებარება მკურნალობას.
არის შემთხვევები, როდესაც უკვე გამოვლენილ და გართულებულ პაციენტებში უფრო ღრმა შრეების ანთება ვითარდება.
კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი სამსახური ონლაინმუშაობაზეა გადასული, ეს იწვევს კომპიუტერთან ან ტელეფონთან დიდხანს ყოფნას. რა სახის პრობლემები შეიძლება, გამოიწვიოს ეკრანთან ხანგრძლივმა ურთიერთობამ?
– ნებისმიერ ეკრანთან ხანგრძლივი ურთიერთობა იწვევს მშრალი თვალის სინდრომს, ხდება თვალის ხამხამის გაიშვიათება და ვითარდება სიმშრალე.
მშრალი თვალის სინდრომი იწვევს თვალის წინა ზედაპირის გაღიზიანებას, ხოლო შორს წასულ და არანამკურნალებ შემთხვევაში – მნიშვნელოვან ანთებით და ნაწიბუროვან ცვლილებებსაც კი. მშრალი თვალის სინდრომი ძალიან გავრცელებული დაავადებაა. გავრცელებულია ახალგაზრდებშიც, ხოლო 50 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში მშრალი თვალის სინდრომი კლინიკურად გაცილებით მნიშვნელოვანადაა გამოხატული. მშრალი თვალის სინდრომს ყველაზე ხშირად თან ახლავს თვალების ტკივილი, წვა, ქავილი, ზოგ შემთხვევაში, მხედველობის გარდამავალი დაბინდვა, ეგრეთ წოდებული „რეფლექსური ცრემლდენა“.
განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო ბავშვებთან – პატარები დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, ტელეფონთან და ტელევიზორთან. თუკი ვამჩნევთ, რომ ბავშვები ახლოს მიდიან ტელევიზორთან, უწითლდებათ თვალები და ხშირად ისრესენ, ასეთ დროს აუცილებელია ოფთალმოლოგის კონსულტაცია.
– რა არის შეუქცევადი სიბრმავის მიზეზი?
– შეუქცევადი სიბრმავის ძირითადი მიზეზი გლაუკომაა. გლაუკომა – ეს არის თვალის ქრონიკული, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ხდება მხედველობის ნერვის შეუქცევადი დაზიანება, პერიფერიული მხედველობის დაქვეითება და სრული დაკარგვაც. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 40 წლის შემდეგ მისი განვითარების რისკი უფრო დიდია, თუმცა შესაძლოა, ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. გლაუკომის ყველაზე ხშირი ფორმა, რომელიცაა პირველადი ღია კუთხოვანი გლაუკომა, უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალშიდა წნევის წელიწადში ერთხელ მაინც გაზომვა. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში მხედველობის შენარჩუნება შესაძლებელია.
გლაუკომის პროფილაქტიკა მის პრევენციას გულისხმობს. მხედველობის ნერვის დაზიანების პროგრესირების შეჩერებისა და სრული სიბრმავის განვითარების თავიდან ასაცილებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გლაუკომის ადრეულ გამოვლენას და შესაბამისი ინდივიდუალური მკურნალობის დროულ დაწყებას. სამწუხაროდ, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში პაციენტები უკვე შორსწასულ და ტერმინალურ სტადიაში მოგვმართავენ, მაშინ, როდესაც მხედველობის აღდგენა ან არსებულის შენარჩუნება დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული ან თითქმის შეუძლებელია.
სწორედ ამიტომ, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკა იწყებს მოსახლეობის საქველმოქმედო ოფთალმოლოგიურ სკრინინგპროგრამას.
პროექტი უზრუნველყოფს საპენსიო ასაკის საქართველოს მოქალაქეების უფასო, პირველად, სრულ ოფთალმოლოგიურ გამოკვლევას, რომელიც მოიცავს:
მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია), სათვალის შერჩევას;
თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია), ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკას (ბიომიკროსკოპია), თვალის ფსკერის დათვალიერებას და დიაგნოსტიკას, ოფთალმოლოგის კონსულტაციას და მკურნალობის დანიშვნას.
პაციენტთა მიღება განხორციელდება წინასწარი ჩაწერით! ტელ: 032-205-05-00.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი