მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მეტყველების დარღვევების შესახებ

№38

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 29.09, 2022 წელი

მეტყველების დარღვევა
დაკოპირებულია

მეტყველების დარღვევები საკმაოდ რთული პრობლემაა, რომელსაც უპირველესად, დროულად გაანალიზება და შემდეგ გამოსწორებაზე სწორი ზრუნვა სჭირდება.

ჩვენ ხშირად გვსმენია, რომ 2-3 წლის ასაკამდე შეგვიძლია, მშვიდად ველოდოთ ბავშვის ამეტყველებას, მით უფრო, თუ მისი მამა, დედა ან ახლო ნათესავიც გვიან ალაპარაკდა. სინამდვილეში, დამღუპველია 3 წლამდე ლოდინი. თუ ბავშვი 2 წლის ასაკში თავისი ასაკის შესაბამისად არ ლაპარაკობს, როგორი გენეტიკური წინასწარგანწყობაც უნდა არსებობდეს, ის აუცილებლად უნდა აჩვენოთ სპეციალისტს.

გაგვიგია ისიც, რომ ენის ბორძიკი დაავადება არ არის და გარდატეხის ასაკში თავისით გაივლის. რეალურად, ენის ბორძიკი დაავადება ნამდვილად არ არის, მაგრამ სიმპტომია, რომელმაც შესაძლოა, თავი იჩინოს მეტყველების ფორმირების პერიოდში, 2-5 წლამდე ასაკში და მოგვიანებით პერიოდში – თავის ტვინის ტრავმული დაზიანების ან პათოლოგიის შედეგად. ენის ბორძიკის თავისთავადი განკურნება შესაძლებელია შემთხვევათა საკმაოდ მცირე, 12-15 პროცენტში, დანარჩენ შემთხვევაში, თუ შესაბამისად არ ჩავერევით, პრობლემა პრობლემად რჩება.

ბავშვების 50-80 პროცენტი სპეციალური თერაპიის შემდეგ სრულად იკურნება, მხოლოდ 13-15 პროცენტი არ ემორჩილება თერაპიას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შესაძლებელია, სპეციალური მეტყველების ავტოკონტროლის სისტემის ათვისება, რაც მებორძიკე ადამიანს თავისუფლად და ლაღად საუბრის საშუალებას აძლევს და პრობლემა თანამოსაუბრისთვის შესამჩნევი აღარ არის.

ალბათ, ხშირად გსმენიათ – ენის ბორძიკის მიზეზი ის არის, რომ აზრები უსწრებენ მეტყველებას და ენა ვეღარ ასწრებს მათ გამოთქმას. ენა და თავის ტვინში აზრის ფორმირება არაფერ შუაშია, ენის ბორძიკის მიზეზი თავის ტვინში არსებულ სამ მოტორულ ქერქქვეშა სამეტყველო ცენტრს შორის წარმოქმნილი დესინქრონია, რომელიც შესაძლოა, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული. ხშირად შეუძლებელიც კია ენის დაბმის მიზეზის გარკვევა. სავარაუდოდ, ის რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობით გამოწვეული პათოლოგიაა, რომელთა შორისაც მნიშვნელოვანია: მემკვიდრეობა, სოციალური გარემო, სტრესი, შიში, ფსიქიკური ტრავმა, ნერვული სისტემის დაავადებები.

თანამედროვე დედბისგან ხშირად მოისმენთ: „ჩემმა შვილმა მულტფილმებიდან თავისით ისწავლა უცხო ენა და ქართულად ლაპარაკი აღარ სურს“. ეს პრობლემაა. მშობელმა, სიამაყის ნაცვლად, ბავშვი მეტყველების თერაპევტს, ფსიქოლოგს ან ფსიქონევროლოგს უნდა აჩვენოს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვი გარკვეული ფსიქოემოციური დარღვევების გამო გაურბის მშობლიურ ენას, რომელზე საუბარიც მოეთხოვება. ასეთი, „უცხო ენაზე მოლაპარაკე” ბავშვი დაუხმარებლად ვერც მშობლიურ და ვერც უცხო ენაზე ვერ შეძლებს სრულყოფილად საუბარს.

ხშირად ხდება, რომ ბავშვი საუბრობს, ოღონდ „თავის ენაზე“. „თავის ენაზე” მოლაპარაკე ბავშვი არაკონვენციურად, ანუ ჟარგონზე მოლაპარაკე ბავშვია. თუ მისი ინტონაცია და ემოცია მოთხოვნის ადეკვატურია, კიდევ კარგია, მაგრამ თუ არაბუნებრივი ხმით, გაუჩერებლად ჟარგონულად საუბრობს, რომელსაც მშობლიურთან არაფერი აქვს საერთო, დაუყოვნებლივ უნდა აჩვენოთ მეტყველების თერაპევტს, ფსიქოლოგს ან ფსიქონევროლოგს, რადგან აღნიშნული ტიპის მოვლენები ხშირად საკმაოდ სერიოზული დარღვევების ნიშანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი