მედიცინა

რა უნდა ვიცოდეთ მელანომას შესახებ

№4

ავტორი: ქეთი კაპანაძე 14:00 02.02, 2023 წელი

მელანომა
დაკოპირებულია

მელანომა ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი სიმსივნეა, რომელსაც მეტასტაზების ადრეული წარმოქმნა და ხშირად აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს. ბოლო ხანს ის შესამჩნევად გახშირდა.

მელანომა პიგმენტური უჯრედების, მელანოციტების გადაგვარების შედეგად განვითარებული ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც უმეტესად კანზე წარმოიქმნება, ძალიან იშვიათად – ლორწოვან გარსზე, ნაწლავებში, თავის ტვინში და სხვაგან.

არსებობს მოსაზრება, რომ მელანომა მხოლოდ ხალის გადაგვარების შედეგია, თუმცა შემთხვევათა თითქმის ნახევარში ის კანზე პირველადად აღმოცენდება. შესაძლოა, წარმონაქმნი ადამიანს ხალი ეგონოს, სინამდვილეში კი ეს მელანომა იყოს.

კანის სხვა სიმსივნეებისგან განსხვავებით, მელანომის დროს შესაძლოა, კანზე მეტად უმნიშვნელო ცვლილებების ფონზე უკვე მეტასტაზები იყოს განვითარებული, ამიტომ კანის ნებისმიერი ცვლილება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მელანომა ხშირად კანის ტანსაცმლით დაფარულ ადგილებზე ჩნდება, მაშინ როდესაც კანის სხვა სიმსივნეები ღია, მზისგან დაუცველ ადგილებზე წარმოიქმნება.

ადამიანმა შეუიარაღებელი თვალით საეჭვო ცვლილებები რომ შეამჩნიოს, მელანომა ექვსი მილიმეტრი ზომისა მაინც უნდა იყოს. თუ ხალს რამე უჩვეულო ცვლილებას ამჩნევთ, ექიმს უნდა მიმართოთ.

საყურადღებოა, თუ წარმონაქმნი:

👉ასიმეტრიულია;

👉აქვს უსწორმასწორო კიდეები;

👉სხვადასხვა ფერისაა;

👉 ზომით აღემატება ექვს მილიმეტრს;

👉დროთა განმავლობაში იცვლება.

სამწუხაროდ, მელანომას ადრეული მეტასტაზები ახასიათებს. სიმსივნე უმეტესად ლიმფური გზით ვრცელდება, ამიტომ მეტასტაზი ხშირად შესაბამის ლიმფურ კვანძებში აღმოჩნდება ხოლმე. ის ასევე შესაძლოა, განვითარდეს ღვიძლში, თავის ტვინში, ძვლებში. დამახასიათებელია ეგრეთ წდებული სატელიტური მეტასტაზები – კანქვეშა მეტასტაზები პირველადი სიმსივნის არეალში.

გაითვალისწინეთ:

თუ თქვენ მიეკუთვნებით რისკ-ჯგუფს (კანის ტიპზე დაფუძნებულს, დიდი რაოდენობით ლაქები, გენეტიკური მიდრეკილება: პაციენტთა 10 პროცენტში მელანომას აქვს დაავადების ოჯახური ისტორია), რეგულარულად მიაკითხეთ ონკოდერმატოლოგს, დაივიწყეთ ონკოლოგებისადმი ფობია.

თუ გაქვთ თანდაყოლილი ლაქა ან ისეთი ხალი, რომელსაც ხშირად ეხებით და იღიზიანებთ, მიაკითხეთ ონკოლოგს და შემდეგ მოიცილეთ აღნიშნული ხალი.

მოიცილეთ ლაქა მხოლოდ ონკოლოგთან კონსულტაციის და ქსოვილის ჰისტომორფოლოგიური კვლევის შემდეგ, სანდო სამედიცინო დაწესებულებაში.

რეგულარულად (კვირაში ერთხელ) ჩაიტარეთ თვითდათვალიერება - კარგად განათებულ ოთახში, დიდი სარკის წინ - რთული ადგილების შესასწავლად. დააკვირდით ნებისმიერი სახის ცვლილებას, რომელიც ეხება ხალს, პიგმენტურ ლაქას.

არ გახვიდეთ მზეზე 11-დან 16 საათამდე შუალედში. მოერიდეთ მზეს იმ შემთხვევაში, თუ ხართ ფეხმძიმედ.

დაიფარეთ ტანსაცმლით. მის ფერსა და ხარისხზე ბევრია დამოკიდებული. ნატურალური ქსოვილი არ უშვებს გამოსხივების 1%-ზე მეტს, როცა სინთეტიკა 20-25%ს შთანთქავს. ღია ფერის ტანსაცმელი ირიდებს სხივებს, როცა მუქი მაქსიმალურად მიიზიდავს ულტრაიისფერ სხივებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი